ათასგვარ ჯღანობაზე იხსნება თემები და ეს არ არის ჩვენი ყურადღების ღირსი?
Presa.ge
რუსეთის და ბიზანტიის წინააღმდეგ - კოსმოკრატორი და ქაოსოკრეატორი [კახა კაციტაძე]
გზად ევროპისაკენ - წერილი II
წინა წერილში ხაზი გავუსვით იმას, რომ ქართველი და რუსი ხალხების ერთ სახელმწიფოში, თუგინდ ერთ თანამეგობრობაში ცხოვრება პრაქტიკულად განმორიცხულია, ჩვენს შორის არსებული მენტალური თავისებურებების გამო. სახელდობრ, ქართველსა და რუსს აბსოლუტურად სხვადასხვა დამოკიდებულება აქვს ხელისუფლების არსისადმი და ხელისუფლების, როგორც პოლიტიკური თუ კოსმიური ინსტიტუტისადმი. ამასთან აღვიშნეთ, რომ ხელისუფლებისადმი ქართველების დამოკიდებულება ბევრად უფრო ახლოა ევროპულთან, ვიდრე რუსული.
საზოგადოდ ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება რაღაც მისტიკური ”ეროვნული ხასიათით” არ არის განპირობებული. ერის მიერ ხელისუფლების არსის აღქმა განსხაზღვრულია სხვადასხვა ფაქტორებით. შეგვიძლია ვილაპარაკოთ პოლიტიკურ, ეკონომუიკურ, სოციალურ, კულტურულ და სამხედრო ფაქტორთა ერთობლიობაზე, რომელიც განაპირობებს, რომ დროის მოცემული მომენტისათვის ამა თუ იმ ერს ასეთი ხასიათი აქვს და არა სხვანაირი.
”ეროვნული ხასიათი” არაა რაღაც მისტიკური კონსტანტა. ის მუდმივი ტრანსფორმაციის პროცესში იმყოფება. ბიზანტიელი ისტორიკოსი, პროკოფი კესარიელი აღწერს რომისთვის მიმდინარე ბრძოლას, ძველ გერმანელებს, სახელდობრ გუთების ტომს და ბიზანტიის არმიას შორის (სხვათა შორის ბიზანტიელთა ერთ-ერთი სარდალი ამ ბრძოლაში იბერიელი პრინცი პერანია იყო).
პროკოფი კესარიელი აღნიშნავს, რომ პირველი შეტევა გერმანელებმა წარმარტებით დაიწყეს. შემდეგ ხაზს უსვავს ბრძოლის გერმანული და ბერძნული წესების განსხვავებას. პროკოპი წერს, რომ გერმანელებს არ შეუძლიათ რაიმე ქმედების თანმიმდევრულად და მეთოდურად განხორციელება, საქმის ბოლომდე მიყვანა და საერთოდ ბოლომდე ბრძოლა. ამიტომ პირველივე წარუმატებლობამ გერმანელები ისე დააბნია, რომ კონტრშეტევაზე გადასულ ბერძნებს მათი დამარცხება არ გასჭირვებიათ.
ქართული ცნობიერებისთვის წარმოუდგენელ მონათხრობთან გვაქვს საქმე. გერმანელები, რომლებიც ჩვენს (და არა მხოლოდ ჩვენს) ცნობიერებაში სწორედაც რომ ბოლომდე ბრძოლის (სხვა რომ არაფერი ფეხბურთი გავიხსენოთ), მეთოდურობის და თანმიმდევრულობის განსახიერებები არიან, პროკოპი კესარიელთან სრულიად საპირისპირო თვისებების მატარებლებად გამოდიან.
გერმანელთათვის მისაწერი ღირსებები ბერძნებს მიეწერებათ, რომელთა შესახებ ხშირად ზუსტად საპირისპირო სტერეოტიპები არსებობს. რასაკვირველია პროკოპი ბერძნების სასარგებლოდ არ იტყუება. უბრალოდ 5-6-ე საუკუნეებში გერმანელები მართლაც ასეთები იყვნენ და ის თვისებები, რომელთაც ჩვენ დასაბამისეულად « გერმანულად» ვთვლით, გერმანელებმა თავისი ხანგრძლივი ისტორიის მსვლელობაში, გაცილებით გვიან ჩამოიყალიბეს.
გერმანელები ისტორიულად კიდევ უფრო დაქსაქსულებიც კი იყვნენ ვიდრე ქართველები. 18-ე საუკუნეში სხვადასხვა ძალისა და სუვერენიტეტის მქონე 360-მდე გერმანული სახელმწიფო არსებობდა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ გერმანიის სხვადასხვა კუთხეების (მაგალითად პრუსიის და ბავარიის) წარმომადგენლებს ხელისუფლებისადმი სრულიად სხვადასხვა დამოკიდებულება უყალიბებდობათ, რაც ძალიან აძნელებდა გერმანელთა ერთ სახელმწიფოში გაერთიანებას.
გერმანელთა ცნობილი ჰიმნის ”გერმანია უპირველეს ყოვლისას” პირველის სიტყვები, იმას კი არ გულისხმობდა რომ გერმანია ყველაზე ”მაგარია”, არამედ იმას, რომ გერმანელებმა წინა პლანზე თავიანთი გერმანელობა უნდა წამოსწიონ და გვერდზე გადასდონ კუთხური თუ პარტიკულარული ნიშნები და თავისებურებები.
ყოველივე ზემოთქმული ნათელს ხდის, რომ ხელისუფლების ხასიათი და ხელისუფლების აღქმა უდიდეს გავლენას ახდენს ამა თუ ერის მენტალობაზე. ჰიპერტროფილებულად ცენტრალიზებულ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნებში აღზრდილ ერებს სრულიად სხვა წყობა და ხასიათი აქვთ, ვიდრე შედარებით დეცენტრალიზებულ სახელმწიფოებში გაზრდილ ერებს.
თუ ამ მხრივ ევრაზიას გადავხედავთ, თვალში გვეცემა ორი ისტორიული მოდელის არსებობა. პირველი არის აბსოლუტური ცენტრალიზაციისკენ მიდრეკილი ტიპი, რომელიც ხელისუფალებას იაზრებს როგორც აბსოლუტურს, ხელისუფალს, როგორც მსოფლიოს გამრიგეს, კოსმოკრატორს, ხოლო საკუთარ თავს როგორც კოსმოკრატორის საცოდავ ქვეშევრდომს. ამ ტიპის პოლიტიკური სისტემა და სათანადო მენტალობა დამახასიათებელი იყო ბიზანტიისათვის, რუსეთისათვის (აქ ვგულისხმობ 14-ე საუკუნის შემდგომდროინდელ ე.წ. მოსკოვიტიის რუსეთს) და ჩინეთისათვის.
საპირისპირო მოვლენას წარმოადგენდა დასავლეთევროპული ტიპის ვასალიტეტის ორგანიზაცია (რომლის ანალოგები არსებობდნენ საქართველოსა და რაც არ უნდა უცნაური იყოს, იაპონიაში). ცხადია ამ საზოგადოებებში ხელისუფლების წყაროდ ხალხი ჯერ კიდევ არ იაზრებოდა, მაგრამ ცენტრალური ხელისუფლება არ ატარებდა აბსოლუტურ და ყოვლისმომცველ ხასიათს.
ამ სისტემებში ხელისუფლების ვერტიკალური მდგრადობა განისაზღვრებოდა რთული სისტემით, რომელიც სხვადასხვა დონის სუბიექტების პირად ურთიერთობებზე აგებულ ინსტიტუტებს ემყარებოდა. ამ ურთიერთობებს ვასალიტეტს უწოდებნენ (ეს სიტყვა კელტური სამყაროდან, სახელდობრ უელსურიდან და ძველირლანდიურიდან მოდის, სადაც სიტყვა ჰვას ნიშნავს ”ჭაბუკას”, ”ყრმას”. შესაძლოა ქართული ”ვაჟი” კელტურის მონათესავე სიტყვაცაა).
ვასალიტეტის პირობებში პირველი ხელისუფლის ხელისუფლება აბსოლუტური არ იყო. სხვა რომ არაფერი, ცნობილი აფორიზმის კვალად ”ჩემი ვასალის ვასალი ჩემი ვასალი არ არის”. ბატონს, უფრო ზუსტად პატრონსა და ვასალს შორის ურთიერთობა ფორმდებოდა საჯარო ურთიერთშეფიცვის აქტით. ამ აქტს ევროპაში ”ჰომაჟს” უწოდებდნენ. პატრონყმობის აქტით პატრონიცა და ვასალიც იღებდნენ ვალდებულებებს ერთმანეთის მიმართ. ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში მეორე მხარეს შეეძლო ახალი პატრონის ან ვასალის მოძიება.
ცნობილი ესპანური სარაინდო რომანი ”სიმღერა ჩემს სიდზე” იმით იწყება, რომ მეფე უსამართლოდ მოექცევა კეთილშობილ აზნაურს როდრიგო დე ბივარს. ეს უკანასკნელი ვასალიტეტეტის კანონის თანახმად სხვა პატრონის საძიებლად მიემართება.
აქ არ შევეხებით ამ ფეოდალური კონფლიქტის პერიპეტიებს. მხოლოდ გაკვრით აღვნიშნავთ, პატრონისგან წასულ როდრიგო დე ბივარს პატივი ერგო გადამწყევტი წვლილი შეეტანა იმ სახელმწიფოს შექმნაში, რომელსაც დღეს ესპანეთი ჰქვია. აქ მთავარია ის, რომ ვასალიტეტის შემთხვევაში საქმე ეხებოდა პატრონის და ვასალის ორმხრივ ურთიერთვალდებულებებს, მაშინ როდესაც აბსოლუტური მმართველობის სისტემაში ზემდგომი ხელისუფლების ურთიერთობა ქვემდგომთან მხოლოდ ცალმხრივი დაქვემდებარების სახეს ატარებს.
როგორც უკვე ითქვა, ხელისუფლების აბსოლუტური სისტემა არსებობდა ბიზანტიაში, რუსეთსა და ჩინეთში. ტიპოლოგიურად მსგავსი წყობა შეიძლება მოიძებნოს ძველ აღმოსავლეთში, სასანიდური ირანის ჩათვლით. ხელისუფლების ასეთი ტიპი, კიდევ უფრო სასტიკი სახით გვხვდება ინკებთან და ასტეკებთან. რაც შეეხება ვასალიტეტურ ურთიერთობებს, ის როგორც ვთქვით არსებობდა ევროპაში, საქართველოსა და იაპონიაში.
ჩვენი პუბლიკისათვის სარაინდო ინსტიტუტთან დაკავშირებული ინგლისური, ფრანგული, ესპანური და გერმანული ვასალიტეტებია ცნობილი. მაგრამ ეს სისტემა არსებობდა ბალკანეთის ისეთ მართლმადიდებლურ ქვეყნებშიც, როგორიც იყო ბულგარეთი და სერბეთი, აგრეთვე რუმინეთში (უფრო სწორედ მის წინამორბედ ქვეყანაში, ვალახეთსა და მოლდოვაში, რომლებიც ტრადიციულად რომელიღაც სხვა უფრო დიდი დიდი ფეოდალის: უნგრეთის მეფის ან ოსმალეთის სულთნის ვასალები იყვნენ).
კლასიკური ვასალიტეტის სისტემა არსებობდა ისეთ აღმოსავლეთევროპულ ქვეყანაში, როგორიცაა უნგრეთი. საინტერესო შემთხვევა იყო პოლონეთი. ის მოსახლეობაში თავადაზნაურობის ყველაზე მაღალი წილით გამოირჩეოდა (ამ მხრივ პოლონეთს კონკურენციას მხოლოდ ქართველები ვუწევდით) და რაც მთავარია, პოლონეთში მეფეც კი არჩევითი იყო.
უკანასკნელი გარემოება მოსკოვიტიის მეფეთა აღშფოთებას იწვევდა. ივანე მრისხანე ასე მიმართავდა პოლონეთის ახლადარჩეულ მეფეს შტეფან ბატორის: ”მე ხელმწიფე ღვთის ნებით და არა ადამიანთა განწყობით”. ივანე მრისხანე თავს აღიქვავდა როგორც კოსმოკრატორს (ისე ხსენებული წერილის შეთხზვის მომენტში ივანე მრისხანე ფორმალურად ლიტვის დიდი მთავრის ვასალად ითვლებოდა). ამასთან მოსკოვიტიის გამგებლის აზრით, პოლონეთის მეფე, მხოლოდ მისი არჩევის ფაქტიდან გამომდინარე, უზურპატორი თუ მეამბოხეა.
საყოველთაოდაა ცნობილი როგორ დასრულდა ივანე მრისხანეს კოსმოკრატორობა. შტეფანე ბატორიმ მოსკოვიტებს ბდღვირი ისე ადინა, რომ რუსებს კოსმოკრატორობაზე პრეტენზია პეტრე პირველის გამეფებამდე აღარ გასჩენიათ. მაგრამ ეს არსებითი არაა. მთავარია ისაა ხელისუფალს კოსმოკრატორობის პრეტენზია აქვს, თუ იგი სხვა ორმხრივ ვალდებულებებზე აწყობილ (თუგინდ ვასალიტეტურ) პრინციპს ემყარება.
კანონით შეზღუდული ხელისუფლების იდეა, ძველი საბერძნეთისა და რომის შემდეგ, შუა საუკუნეების ევროპაში ჩნდება. სახელმწიფოებრივ დონეზე იგი ინგლისში, 13-ე საუკუნის დასაწყისში მკვიდრდება. საინტერესოა, რომ მანამდე ცოტა ხნით ადრე, საქართველოში ყუთლუინ არსლანის დასიც იგივეს ცდილობს, ოღონდ წარუმატებლად. მაგრამ მცდელობის ფაქტი თავისთავად ნიშანდობლივია.
ერთიანი სახელმწიფოს დაშლამ და შემდეგ სახელწიფოებრიობის საერთოდ გაუქმებამ რუსების მიერ ბუნებრივი განვითარების რიტმიდან ამოგვაგდო. ახლა არ შევეხები ალტერნატიული ისტორიის ჟანრს: რა მოხდებოდა რომ ყუთლუს გუნდს გაემარჯვა, რა მოხდებოდა რომ მონღოლები არ შემოგვსეოდნენ, რა მოხდებოდა რომ თემურლენგი არ დაბადებულიყო.
ყველა ამ კითხვაზე პასუხი 10-12 საუკუნეების საქართველოს დიდი რეკონკისტის ხანაში გაიცა, როდესაც საქართველოს მოწინააღმდეგედ სხვადასხვა მუსულმან მპყრობელებთან ერთად ერთმორწმუნე ბიზანტია გამოდიოდა. მიზეზი ჩანს დღევანდელის იდენტური იყო: მაშინდელი ქართველებისთვისაც მიუღებელი იყო კოსმოკრატორული სახელმწიფოს იდეა, საიდანაც ლოგიკურად გამომდინარეობდა აგრესიული და ექსპანიური იმპერია.
მაგალითები გნებავთ? ინებეთ: 11-ე საუკუნეში ორი მართლმადიდებელი მეფე: ბულგარეთის მეფე სიმეონი და საქართველოს მეფე გიორგი პირველი ბიზანტიის წინააღმდეგ ქმნიან კოალიციას, რომელსაც ეგვიპტის სულტანი ალ-ჰაქიმიც უერთდება.
სხვათა შორის ეს ალ-ჰაქიმი ფრიად ორიგინალური ვინმე იყო. ისლამის ახალი ვერსია გამოიგონა და თავის ქვეშევრდომებს უმტკიცებდა ახალი მოციქული ვარ, ახალი ჭეშმარიტება მომაქვსო. არ უჯერებდნენ. ერთხელაც გაბრაზდა, ქვეშევრდომები ქაიროს მთავარ მეიდანზე შეჰყარა, განუცხადა : თქვენ ჩემნაირი მმართველის ღირსი არა ხართო. ერთი თეთრი ვირი ყავდა, შეკაზმა, შემოჯდა და სადღაც წავიდა (მოკლედ ოპოზიცა რომ სააკაშვილს სთხოვს, ისე გაააკეთა).
რა დაემართა ალ-ჰაქიმს კაცმა არ იცის. ისე ახლო აღმოსავლეთში დღესაც არსებობს უცნაური სექტა, რომელიც მეორედ მოსვლისას ალ-ჰაქიმის დაბრუნებას ელოდება. ეს ისე, სხვათა შორის. საუბედუროდ ბიზანტიას ძლიერი კეისარი, ბასილი ბულგართმუსვრელი ჰყავდა. მან ბულგარელები საერთოდ გაანადგურა, ქართველები დაგვამარცხა და ტაო წაგვართვა, ხოლო ალ-ჰაქიმი, როგორც ვთქვით, თავისით გაუჩინარდა.
და მაინც მრავლისმთქმელი ფაქტია: მოძლიერების გზაზე მდგომმა ქართულმა სახელმწიფომ პირველი სერიოზული საგარეოპოლიტიკური კომბინაცია ჩვენდაგვარად ვასალიტეტზე აგებულ მართლმადიდებლურ სახელმწიფოსთან და ეკზოტიკურ მუსულმანთან შექმნა და არა ბიზანტიასთან.
არაბთა დაპყრობიდან გიორგი I-მდე საქართველოს არავითარი შეხება სერიოზულ გლობალურ პოლიტიკასთან არ ჰქონია. ქართველთა სამეფოს პოლიტიკა მანამადე ბიზანტიისგან ტიტულების მიღებაში, სომხურ სახელმწიფოებთან ურთიერთობაში, თბილისის და განძის ამირების პერიოდულ დაწიოკებებში გამოიხატებოდა.
მომძლავრებული სამეფოს პირველი სერიოზული საგარეოპოლიტიკური აქცია ანტიბიზანტიური კოალიციის შექმნა იყო. უცნაურია, მაგრამ საქართველო მაშინ კოსმოკრატორის წინააღმდეგ ქაოსოკრატორის როლში გამოვიდა (ეგვიპტის არცთუ დალაგებულ სულთანთან ერთად). ეს ჯერ კიდევ არ იყო სერიოზული პოლიტიკა. თუმცა საფუძვლის ჩაყრა იყო ასეთისათვის. ეს ისევე არ უნდა დავუკარგოთ გიორგი პირველს, როგორც სვეტიცხოვლის ხელახლა აშენება, თუ ხელახლა აშენება.
http://presa.ge/index.php?text=news&i=9725 00:55 12.09.2009