აჰა თქვენ ცინცხალი მასალა და დაჭამეთ ერთმანეთი
Presa.ge
მტრის გვამის მოლოდინში[გურამ სანადირაძე]
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა დღეს ჩიხშია შესული. ვითარება გაურკვეველია. ერთის მხრივ გაწყვეტილია დიპლომატიური ურთიერთობა, მეორეს მხრივ კი, გრძელდება საქართველოს სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების რუსეთისათვის გადაცემა (ენგურჰესი, რკინიგზა). ასეთი ორჭოფული მდგომარეობა დიდხანს ვერ გაგრძელდება. საკითხი მოითხოვს რადიკალურ გადაწყვეტას. ეს კი არც ისე იოლია, როგორც ზოგიერთ პოლიტიკოსს წარმოუდგენია.
ურთიერთობის აღდგენა
რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა მხოლოდ რამოდენიმე შემთხვევაშია შესაძლებელი. თუ: (1) კრემლი უკან წაიღებს აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” დამოუკიდებლობის ცნობას; (2) თბილისი ცნობს აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” დამოუკიდებლობას, ან (3) აღადგენს რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობას აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” სტატუსის განსაზღვრის გარეშე, რაც პრაქტიკულად მათი არაპირდაპირი აღიარების ტოლფასი იქნება.
მოსკოვი უკან ვერ წაიღებს აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” ცნობას. იგი საკუთარი გადაწყვეტილების მძევალი გახდა და ეს კარგად უნდა გავაცნობიეროთ. ერთადერთი, რაც რუსეთს შეუძლია გააკეთოს, თანაც ჩვენი მხრიდან პოლიტიკური ვექტორის გადამისამართების სანაცვლოდ, ეს არის ერთგვარი კონფედერაციის შექმნა აფხაზეთის, “სამხრეთ ოსეთის”, აჭარის და დანარჩენი საქართველოს მონაწილეობით (მოსკოვის სურვილია, კიდევ რამდენიმე რეგიონი აღმოჩნდეს “დანარჩენი” საქართველოს მიღმა).
გასაგებია, რომ მსგავს ამორფულ გაერთიანებაში საქართველოს სუვერენიტეტი ნულამდე იქნება დაყვანილი, ვინაიდან მაშინ თბილისს მოუწევს სეპარატისტთა დამოუკიდებლობის აღიარება (სხვაგვარად აფხაზეთი არ დათანხმდება კონფედერაციაში გაერთიანებას). ხოლო თუ საქართველოს მაინც უწერია ეთნოტერიტორიათა დამოუკიდებლობის აღიარება, მაშინ უმჯობესია ეს რუსეთის გარეშე გაკეთდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება აღმოჩნდება თეიმურაზ ხევისთავის როლში.
კავკასიის რეგიონი
საქართველოს რუსეთთან ურთიერთობა კავკასიასთან არის დაკავშირებული. სანამ არ გავარკვევთ კავკასიასთან დამოკიდებულებას, არ შევიმუშავებთ კავკასიურ პოლიტიკას, მანამ რუსეთთან ურთიერთობა მოუგვარებელი გვექნება. ასეთ ვითარებაში საქართველოს არ გააჩნდეს კავკასიური პოლიტიკა დაუშვებელია. მის გარეშე ჩვენი რეგიონით დაინტერესებულ მოთამაშეებთან ურთიერთობის გარკვევა შეუძლებელი იქნება. მითუმეტეს, რომ ისტორიულად საქართველოს გააჩნდა საკმაოდ აქტიური კავკასიური პოლიტიკა.
მე-11 საუკუნეში მოღვაწე რუისის ეპისკოპოსმა ლეონტი მროველმა თავის თხზულებაში “ცხოვრება ქართველთა მეფეთა” შეიტანა თქმულება კავკასიელ ხალხთა ძმობის შესახებ, რომელიც, როგორც ირკვევა, უხსოვარი დროიდან ცოცხლობდა კავკასიაში.
მოგვიანებით, როცა საქართველო დაიშალა სამეფო-სამთავროებად და მოექცა ირანისა და ოსმალეთის ბატონობის ქვეშ, ხოლო იმიერკავკასიაში ფეხი მოიკიდა ისლამმა, მეგობრობა შეიცვალა მტრობით. განსაკუთრებით მწვავე ხასიათი მიიღო დაპირისპირებამ 17-19-ე საუკუნეებში.
კავკასიური ერთობის იდეა, როგორც კულტუროლოგიური დოქტრინა, აღორძინდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ (ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი), განსაკუთრებით კი, “პერესტროიკის” დროს (კავკასიური სახლი, მწვანეთა პარტიის პროექტი).
1991 წლის მეორე ნახევარში, მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტმა ბუშმა (მამამ) არ დაუჭირა მხარი საქართველოს დამოუკიდებლობას, ზვიად გამსახურდიამ კავკასიური ერთობის იდეა სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აიყვანა და ღიად დაუპირისპირდა “დემოკრატიულ” რუსეთს (საარჩევნო შეთანხმება აფხაზეთთან, ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის მხარდაჭერა, ინგუშების ინტერესების დაცვა).
სამწუხაროდ, გამსახურდიას კავკასიურ პოლიტიკას იმ დროს არ ჰქონდა წარმატება დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში. ბალკანეთის პრობლემა მოუგვარებელი იყო და კავკასიით თავის ატკივება არავის ეწადა. შედეგად, კავკასიური ერთობის პოლიტიკა ამჯერადაც იმავე მიზეზით შეწყდა, როგორც შუა საუკუნეებში - შინააშლილობის გამო.
გამსახურდიას პოლიტიკამ მაინც გვახეირა. დამოუკიდებელმა ჩეჩნეთმა (1991-2001) შეაკავა რუსეთი და ამით დაიცვა საქართველო. ამას ადასტურებს პუტინის ყოფილი მრჩევლის ილარიონოვის ინფორმაცია, რომ საქართველოსთან ომის მზადება პუტინმა ჩეჩნეთის ომის დასრულებისთანავე დაიწყო.
კავკასიის დანაწილება
რუსეთთან გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერით (1783) დაიწყო ახალი ეტაპი საქართველოს კავკასიურ პოლიტიკაში. მართალია რუსეთმა დაარღვია ტრაქტატი, გააუქმა მეფობა და ქვეყნის ანექსია მოახდინა, მაგრამ, სტალინის ფორმულას თუ ვიხმართ, ეს ნაკლები ბოროტება იყო, ვინაიდან ქართველმა ერმა მოიპოვა ნანატრი მშვიდობა და ეზიარა ევროპულ კულტურას. ეს არ იყო უბრალო საქმე, თუმცა ამით ასიმილაციის საფრთხე გაიზარდა.
ტრაქტატის ღირებულება არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ საქართველოს რუსთ ხელმწიფისადმი ქვეშევრდომობით. ამ ხელშეკრულებით ქართულმა მხარემ რუსეთს შესთავაზა კავკასიის გაყოფა. რუსეთი დაეხმარებოდა მას დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაში, სამაგიეროდ ქართული მხარე ხელს შეუწყობდა რუსეთის დამკვიდრებას კავკასიაში. ფაქტიურად, გეორგიევსკის ტრაქტატით კავკასიური ერთობის პარადიგმა იცვლებოდა კავკასიის დანაწილებით.
ქართულმა მხარემ პირნათლად შეასრულა ტრაქტატით დაკისრებული ვალდებულებები და ხელი შეუწყო რუსეთის კავკასიაში დამკვიდრებას. რუსეთის ხელისუფლებას კი არასდროს უფიქრია ვალდებულების შესრულება და ქართულ მხარეს სახელმწიფოებრიობის ნატამალიც არ დაუტოვა.
რაც შეეხება საქართველოს დღევანდელ საზღვრებს იგი არის კაიზერის გერმანიის დამსახურება. ბრესტის ზავით საქართველოს ტერიტორია გერმანიას ერგო და კაიზერის ადმინისტრაციამ იძულებით გამოაცხადებინა ქართველ მენშევიკებს ქვეყნის დამოუკიდებლობა. სწორედ ამ საზღვრებში სცნო საბჭოთა რუსეთმა საქართველო 1920 წელს და დაახლოებით ამ საზღვრებშივე არსებობდა საბჭოთა საქართველო 1921 წლის ანექსიის შემდეგ.
მოსკოვს საბჭოთა საქართველოც ეჩხირებოდა ყელში. ამიტომაც ჩადო ნაღმები ეთნოავტონომიების სახით და მხოლოდ მომენტს ელოდებოდა ამ ნაღმების ასამოქმედებლად. ასეთი მომენტიც დადგა პერესტროიკის დროს. ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულებით საქართველო ავტონომიების გარეშე უნდა გაწევრიანებულიყო განახლებულ კავშირში. მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლამ, გადაარჩინა იმ დროს საქართველო დეზინტეგრაციისაგან.
საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიამ მკვეთრად იმატა დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ და გარკვეულ წარმატებასაც მიაღწია: საქართველო დღემდე ვერშემდგარი სახელმწიფოა. თუმცა მთავარი მიზანი - ქვეყანაზე სრული კონტროლის დაწესება - ვერ განახორციელა.
დამოუკიდებლობა ან რუსეთი
რუსეთ-საქართველოს 200 წლიანი ურთიერთობა ადასტურებს ერთ ჭეშმარიტებას - რუსეთი არის საქართველოს სახელმწიფოს მტერი. ფაქტი მეტად სამწუხაროა. მით უფრო, რომ რუს და ქართველ ხალხებს სანაქებო ეთნოფსიქოლოგიური ურთიერთშეთავსებადობა აღმოაჩნდათ. ქართველ ერს მრავალ ხალხთან და კულტურასთან ჰქონია ურთიერთობა, მაგრამ ასეთი ეთნოკულტურული თანხვედრა, როგორიც მოხდა რუსებთან, ნამდვილად უპრეცედენტოა.
რუსეთი არ შეიცვლება. “კუდი ძაღლისა არ განემართების, არცა კირჩხიბი მართლად ვალს”. სანამ რუსეთი კავკასიაშია, იგი ვერ მოითმენს დამოუკიდებელ საქართველოს. მხოლოდ კავკასიიდან წასვლის შემდეგ დამყარდება ჩვენს შორის თანასწორი პარტნიორული ურთიერთობა. მანამდე, როგორც ოთარ იოსელიანმა ბრძანა: “ჩვენ და რუსეთი ვერასოდეს მოვრიგდებით”.
კავკასიის პრობლემებს ვერ გავექცევით. დასავლური კურსი ჩვენს გადაადგილებას კი არ ნიშნავს, არამედ დასავლეთის შემოსვლას კავკასიაში. ამიტომ ჩვენი ამოცანაა რუსეთის ანტიქართულ პოლიტიკას ადეკვატური პოლიტიკა დავახვედროთ.
მოგვიწევს პოლიტიკური პარადიგმის შეცვლა. იმიერკავკასიელთა ენერგია მთლიანად რუსეთისაკენ უნდა მივმართოთ. რუსეთი ჩვენით დამკვიდრდა კავკასიაში და ჩვენთან მტრობით დაკარგავს მას. ახალმა კავკასიურმა პოლიტიკამ უნდა: (1) ხელი შეუწყოს რუსეთის წასვლას კავკასიიდან და (2) შექმნას უსაფრთხო გარემო ჩვენს საზღვრებთან.
ახალი პარადიგმა
ვითარება ისეთი შეიქმნა, რომ გვინდა თუ არა, მოგვიწევს “კავკასიური ერთობის” პარადიგმასთან მიბრუნება. ოღონდ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩრდილოეთ კავკასია არ არის ისეთი, როგორიც იყო ლეონტი მროველის დროს და, არც ისეთია, გამსახურდიას დროს რომ იყო.
იმიერკავკასიელებს დღეს ნაკლებად აინტერესებთ ეროვნული სახელმწიფო. მათი უმეტესობა იბრძვის ჩრდილო კავკასიაში ერთიანი ისლამური მულტიეთნიკური იმარატის შექმნისათვის (ჩეჩნები, ინგუშები, ლეკები, ბალყარები). ადიღეებში და ოსებში ჯერ ვერ მოიკიდა ფეხი ისლამური ინტერნაციონალის იდეებმა. ადიღეთა ამჟამინდელი ამოცანაა ერთ რეგიონში თავმოყრა და მაჰაჯირთა რეპატრიაცია, ხოლო ოსები ცდილობენ მაქსიმალურად გაფართოვდნენ რუსეთის ფრთებს ქვეშ.
დუდაევ-მასხადოვის ეროვნული სახელმწიფოს პროექტის შეცვლამ ბასაევ-უმაროვის ისლამური იმარატის პროექტით ძირეულად შეცვალა კავკასიის ომის ხასიათი. თავისუფლებისათვის მებრძოლი კავკასიელები ფუნდამენტალისტ-ტერორისტებად იქცნენ. ამის შედეგად, ჩრდილოეთ კავკასია დასავლეთისაგან იზოლირებული აღმოჩნდა - თუ ადრე პრეზიდენტი კლინტონი იღებდა ჩეჩენ ლიდერებს, ეხლა ანდრე გლუკსმანიც კი (ჩეჩენთა ყველაზე თავგამოდებული მხარდამჭერი ევროპაში) გაურბის ტერორისტებს.
იმიერკავკასიელების მიერ ეროვნულ სახელმწიფოზე უარის თქმა (რამოდენიმე ეთნიკურ ჯგუფს დღეს ნამდვილად გააჩნია სახელმწიფოს შექმნის რესურსი), როდესაც მთელი ისტორიის მანძილზე მათ ვერ მოახერხეს სახელმწიფოდ ჩამოყალიბება და ვერ განავითარეს ინტენსიური ეკონომიკა, როდესაც ასე მაღალია უმუშევრობისა და, შესაბამისად, კრიმინალიზაციის დონე, უთუოდ დაასვამს დაღს რეგიონს რუსეთის გაძევების შემდეგ. კახა კაციტაძის აზრით (იხ:http://presa.ge/index.php?text=news&i=9463), მივიღებთ ერთდროულად ავღანეთს, ღაზას სექტორს, პალესტინას და სომალის.
დღეს რუსეთის ფაქტორი გვაერთიანებს ქართველებსა და იმიერკავკასიელებს (ოსების გარდა). ამიტომ საწყის ეტაპზე წინ კავკასიური ერთიანობა უნდა წამოვწიოთ. ოღონდ ერთიანობაც არის და ერთიანობაც. ჩვენ პრინციპულად უნდა გავემიჯნოთ ისლამისტ-ფუნდამენტალისტებსა და ტერორისტებს. ვერ დავუჭერთ მხარს კავკასიის იმარატის შექმნის იდეას და ვერ დავაყენებთ ჩვენი ქვეყნის მომავალს საფრთხის ქვეშ.
სამაგიეროდ მაქსიმალურად უნდა წავახალისოთ იმიერკავკასიელთა ბრძოლა თვითგამორკვევისათვის, რათა აღორძინდეს ეროვნული სახელმწიფოს პროექტი. წახალისებას უნდა ჰქონდეს ე.წ. ჰუმანიტარული ზეწოლის სახე - არ უნდა სცილდებოდეს საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს: ეროვნული თვითგამორკვევის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვის და ა.შ.
კავკასიიდან რუსეთის წასვლის შემდეგ ვითარება ძირეულად შეიცვლება (მათ შორის ოსეთშიც). დაიწყება ეთნოტერიტორიული დავები და ერთიანობიდან აღარაფერი დარჩება. შესაბამისად, შემდეგ ეტაპზე ჩვენი დამოკიდებულება იმიერკავკასიელებთან დიფერენცირებული უნდა გახდეს. ჩვენთვის უფრო მისაღებია დუდაევ-მასხადოვის ჩეჩნეთი, ვიდრე ისლამური იმარატი. კადიროვიც კი გამოგვადგება, რომელიც ჩეჩნეთის სახელმწიფოს აშენებს (აკი ზაკაევიც ამიტომ დაუახლოვდა).
ჩრდილოეთ კავკასიაში სახელმწიფოების ფორმირების პროცესი არ იქნება მშვიდობიანი. ამიტომ, რეგიონის პატრონაჟზე (რაზედაც ოცნებობენ “კავკასიური სახლის” მომხრეები), ახლავე უნდა განვაცხადოთ უარი. ჩვენ ვერ გამოვდგებით მედიატორად, ზიანი კი დიდი მოგვადგება. უმჯობესი იქნება, თუ ხელს შევუწყობთ დასავლეთის შეღწევას ჩრდილოეთ კავკასიაში და ევროატლანტიკურმა სტრუქტურებმა დაამყარონ მშვიდობა.
ახალი კავკასიური პოლიტიკის გატარება არ იქნება იოლი საქმე. მოგვიწევს მრავალ სცილასა და ქარიბდას შორის გავლა. ეს კი მოითხოვს უაღრესად დახვეწილი და გამჭრიახი (სმარტ) პოლიტიკის წარმოებას, რაც დღევანდელ საქართველოში ძნელი წარმოსადგენია. ჩვენს ამ უბედურებაზე აქ ნამყოფი უცხოელი პოლიტიკოსებიც ჩივიან – მათ ჭკვიანი და გამჭრიახი პოლიტიკოსი ვერც ხელისუფლებაში ნახეს და ვერც ოპოზიციაში (იხ. მაგ. რეიფილდის წერილი: (www.polit.ru/institutes/2009/08/26/rayfield )
მოკლედ, რუსეთთან და კავკასიასთან ურთიერთობის მოგვარება ქვეყნის სათავეში გამჭრიახი და გონიერი პოლიტიკოსის მოსვლაზეა დამოკიდებული.
http://presa.ge/index.php?text=news&i=9757 17:24 14.09.2009
მე იმ აზრის ვარ, რომ ჩვენ მოგვიწევს კავკასიაში ერთიანი სახელმწიფო თუ არა, ევროკავშირის მსგავსი ასოციაცია მაინც შევკრათ.
ერთ რამეში მართალია ავტორი. ჩვენ ჯიუტად თავს ვარიდებთ იმარატთან ურთიერთობის გარკვევას. გვინდა კი ფუნდამენტალისტების სახელმწიფო ჩრდილოეთით? რისი საფასური იქნება ეს? ღორ-მონღოლეთის?
დღითიდღე მწვავედ დგება კავკასიური პოლიტიკის განსაზღვრის საკითხი. ამის საჭიროება ასე მწვავედ არ იგრძნობოდა თუნდაც 2007 წელს. ახლა კი ჩვენ ვხედავთ რომ ეს პრობლემა გეომეტრიული პროგრესიის ტემპით მწვავდება.