#15538834 · 16 Sep 2009, 00:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
09:00 / 15-09-2009 ჯოზეფ ქეიმ მარცხი იწვნია... ნათელა პატარკაციშვილის დისშვილმა ჯოზეფ ქეიმ გარდაცვლილი ბიზნესმენის მეუღლესთან, ინა გუდავაძესთან პირველი სერიოზული მარცხი იწვნია. ლიხტენშტეინის სამეფო სასამართლომ ჯოზეფ ქეის პატარკაციშვილის ქონების კონტროლზე უარი უთხრა. როგორც ჩვენთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, ამ გადაწყვეტილებას არსებული დავის გადაჭრის თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. საქმე დიდძალ უძრავ-მოძრავ ქონებას და ფულად რესურსს ეხება. სხვათა შორის, დახურულია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მოცულობის ქონებაზეა დავა. მთავარი სადავო კი გიბრალტარსა და ლინხტენშტეინში არსებულ ბიზნესზე კონტროლის მოპოვება ყოფილა, რომელთა მმართველი კომპანიის დაქვემდებარებაში უამრავი სხვადასხვა პროფილისა და მიმართულების ბიზნესორგანიზაცია შედის. გასარკვევია კიდევ ერთი დიდი მმართველი კომპანიის ბედიც, რომლის ადგილმდებარეობასა და არსებობაზეც კი ოჯახი კრინტს არ ძრავს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ჯოზეფ ქეი ცდილობდა, მის ერთპიროვნულ მფლობელობაში არსებული "ჯიზ გრუპ ინკის" მეშვეობით გადაეყენებინა და გამოეცვალა საქართველოსა და სხვა ქვეყნებში ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების, მათ შორის მაგთიკომის წილის მფლობელი, ლიხტენშტეინის "იორუმ ისტებლიშმენტის" აღმასრულებელი საბჭო. თუმცა, სასამართლო გადაწყვეტილებით ყველა ეს მცდელობა უკანონოდ გამოცხადდა. ჯოზეფ ქეი ამტკიცებდა, რომ მისი კომპანია "ჯიზ გრუპ ინკი" ფლობდა "იორუმ ისტებლიშმენტის" ე.წ. დამფუძნებლის უფლებებს და შესაბამისად, ჰქონდა მესაკუთრის უფლება. ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან მოკლე ხანში, ქეის ინსტრუქციებით მოქმედი "ჯიზ გრუპ ინკი" შეეცადა, შეეცვალა "იორუმ ისტებლიშმენტის" აღმასრულებელი საბჭო და მისი კორპორატიული წარმომადგენელი. ამგვარ ქმედებას "იორუმის" არსებული საბჭო დაუპირისპირდა, რომლის წარმომადგენელმაც ლიხტენშტეინის სასამართლოს მიმართა. საქმეში მესამე მხარედ ჩაერთვნენ ინა გუდავაძე, ია პატარკაციშვილი, ნათელა პატარკაციშვილი, რომელთაც ლიხტენშტეინის სასამართლოში პარალელური სარჩელი შეიტანეს და "იორუმის" არსებულ საბჭოსა და წარმომადგენელს მხარი დაუჭირეს. დოკუმენტურ მტკიცებულებათა წარდგენისა და მოწმეთა ჩვენებების განხილვის შემდეგ, რომელზეც არც ქეი და არც მისი პარტნიორები არ გამოჩენილან, ლიხტენშტეინის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ "იორუმის" დამფუძნებლის უფლებები სწორედ ბადრი პატარკაციშვილს ეკუთვნოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქეი სადავო ბიზნესებზე კონტროლის მოპოვებას ვეღარ შეძლებს. აღსანიშნავია, რომ ინა გუდავაძემ რუსეთშიც მოიგო ერთი სასამართლო პროცესი. დაამტკიცა, რომ ბადრი პატარკაციშვილის კანონიერი მეუღლე თავად არის. ამ სასამართლო გადაწყვეტილებით ოლგა საფონოვამ, რომელსაც ქეი გარდაცვლილი ბიზნესმენის მეუღლედ აცხადებდა, ქონების 25-პროცენტიანი წილი დაკარგა. რაც შეეხება ბადრი პატარკაციშვილის ვაჟიშვილს, დავით პატარკაციშვილს, მას მამის ქონებაზე მემკვიდრის უფლება გააჩნია. გუდავაძემ სარჩელშივე აღნიშნა, რომ არ ეწინააღმდეგება მისთვის 15-პროცენტიანი წილის მიცემას. გარდაცვლილი ბიზნესმენის ქალიშვილებმაც მამის ქონებიდან ამ მოცულობის წილი მიიღეს. მართალია, ქეი აცხადებდა, რომ მას ხელთ ჰქონდა ბადრი პატარკაციშვილის ანდერძი, მაგრამ ის არც ერთ სასამართლო პროცესზე დოკუმენტის სახით წარდგენილი არ ყოფილა. სხვათა შორის, უახლოეს ხანში ევროპის საარბიტრაჟო სასამართლო მთაწმინდის პარკთან და "იმედთან" დაკავშირებულ დავასაც განიხილავს. პატარკაციშვილის ქვრივი მიიჩნევს, რომ "იმედში" მიმდინარე საკადრო ცვლილებები, ტელევიზიისთვის სახელის გადარქმევისა და აპარატურის გატანის მცდელობა (რაზეც მოარული ხმები დადის), "იმედის" დაკარგვის შიშით არის განპირობებული.
კვირის პალიტრა
რას შვება ეს ლიხტენშტეინის სამეფო ჯიბის სასამართლო, არ ცხვენია?!
|