http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1მერაბ ბერძენიშვილის კულტურის ცენტრ "მუზაში" დღეს საღამოს ჟურნალისტ ლალი მოროშკინას წიგნის "მე, პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი" პრეზენტაცია გაიმართა.
როგორც წიგნის ავტორმა ლალი მოროშკინამ აღნიშნა, წიგნი მიუძღვნა მისი თაობის ადამიანებს, რომლებიც თავის დროზე საქართველოში ძმათა მკვლელ ომებში დაიღუპნენ. მოროშკინას თქმით, ეს არის რომანი, რომელშიც არის ავტობიოგრაფიული, ისტორიული ელემენტები, ასევე იუმორი.
ლალი მოროშკინას განცხადებით, მას ძალიან უნდოდა, რომ საქართველოში ბოლო 35 წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენების შესახებ წაეკითხა როგორც ქართველ, ასევე, რუს მკითხველს და რუსეთის საზოგადოებას გაეგო საქართველოში მიმდინარე მოვლენები არა ინფორმაციული ვაკუუმის პირობებში, არამედ უშუალოდ პირველწყაროებიდან.
მას იმედი აქვს, რომ წიგნი საინტერესო იქნება როგორც უფროსი თაობისთვის, ასევე ახალგაზრდებისთვისაც, რადგან, მისი თქმით, მასში მოთხრობილია როგორც კომუნისტური პერიოდის, ასევე, საქართველოს თანამედროვე ცხოვრების საინტერესო დეტალები.
მოროშკინას თქმით, წიგნში ყველა პერსონაჟი არის რეალური, მხოლოდ ერთი პერსონაჟის სახელი და გვარია შეცვლილი. ის არის ქალბატონი, რომელიც, მისივე თქმით, დაკავშირებულია პრეზიდენტთან და აქედან გამომდინარე მან საჭიროდ ჩათვალა, მისი სახელი და გვარი შეეცვალა.
ჟურნალისტის განცხადებით, წიგნის პრეზენტაციაზე მიწვეულნი იყვნენ როგორც ოპოზიციის, ასევე, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, თუმცა, არც ერთი და არც მეორე მხარე არ მივიდა. "ნაციონალურ მოძრაობას" ჰგონია, რომ წიგნი არის ოპოზიციური, ხოლო ოპოზიცია ფიქრობს, რომ ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" პიარი. აქედან გამომდინარე, არც ერთი მხარე არ მოვიდა წვეულებაზე. თუმცა, დღევანდელი საღამო არის აბსოლუტურად აპოლიტიკური და ეს არის ძალიან კარგი",-აღნიშნა მოროშკინამ.
წიგნს უძღვის რუსეთში მოღვაწე ცნობილი ჟურნალისტის თინა კანდელაკის რეცენზია, რომელშიც აღნიშნულია, რომ ეს წიგნი "განწირულია" წარმატებისათვის, რადგან ასეთი წიგნის გამოცემა საქართველოს ბაზრისთვის სენსაციაა.
ლალი მოროშკინას განცხადებით, მან თავისი წიგნი გუშინ გადასცა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს. მათ გაცვალეს ერთმანეთის მემუარები. ასევე მან წიგნი გაუგზავნა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილ. ავტორმა იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტი მის ნამუშევარს აუცილებლად გაეცნობა.
წიგნი გამოიცა გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მიერ. მისი გასაყიდი ფასია 10 ლარი. წიგნი დღეიდან უკვე გავიდა გაყიდვაში, ხოლო ერთ კვირაში გამოჩნდება რუსულ ენაზე გამოცემული წიგნიც. ქართულენოვანი ვერსიის ტირაჟი 5000 ცალია.