2010 წლის ადგილობრივ არჩევნებში ირაკლი ალასანიას `ალიანსი საქართველოსთვის~ მონაწილეობის შესახებ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, პოლიტიკური ბრძოლის რა გზა შეიძლება აირჩიოს დანარჩენმა ოპოზიციამ, რა შანსები აქვს ალასანია-სუბარს მომავალ ადგილობრივ არჩევნებში, `ინტერპრესნიუსი~ პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
- ბატონო რამაზ, შეიძლება ითქვას, რომ ალასანიას `ალიანსმა~ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გაკეთებული განცხადებით პოლიტიკური სეზონი გახსნა. ამას წინათ, თქვენ საუბრობდით, რომ ოპოზიციას მოქმედების ახალი პარადიგმის მოძებნა მოუწევსო. ოპოზიციის ერთმა ჯგუფმა ამგვარი პარადიგმა რომ გამოკვეთა, ცხადია, მაგრამ ამ გადაწყვეტილების შემდეგ რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ ოპოზიციურ სპექტრში?
- ალასანიას ჯგუფის აქტიურობა გამოიკვეთა. ამ ჯგუფისათვის ყველაზე ნაკლებად მიმზიდველია საპროტესტო აქციები, მათ, პოლიტიკურად ყველაზე მეტად ლეგიტიმური, პირობების წაყენების გარეშე ბრძოლის გზა აირჩიეს. ასე რომ, ეს ნიშა მათ მიერ დაკავებულია, თუმცა ამ ნიშაში ბევრნი არიან, იგივე “ქრისტიან-დემოკრატები”, დასი და ასე შემდეგ, ანუ, ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც პროტესტს ხელისუფლებისათვის მისაღებ ფორმებში გამოხატავენ. პოლიტიკაში მნიშვნელოვანია, საკუთარი სახის გამოკვეთა, როგორც კი ვინმეს შეუერთდები, იქ შენ შეიძლება დაკარგო, შენი პოლიტიკური სახე, ამის მაგალითია `მემარჯვენეები~ და `რესპუბლიკელები~.
ალასანიას `ალიანსის~ სწრაფმა და მკაფიო ნაბიჯებმა დანარჩენი ოპოზიციური პარტიების თავისუფლების ხარისხი შეზღუდა, ვინაიდან მათ პოლიტიკური აქტიურობისათვის და საკუთარი სახის შენარჩუნებისათვის საპროტესტო აქციებიღა დარჩათ. თუმცა, დიდი კითხვის ნიშანია იმაში, აჰყვება თუ არა ხალხი ოპოზიციის ერთი ნაწილის მიერ საპროტესო აქციების მოწყობას. თუკი საპროტესტო აქციებს მოსახლეობა არ აჰყვება, ეს დანარჩენი ოპოზიციური სპექტრის მარცხი იქნება. ალასანიას არჩევანის გამო დანარჩენ ოპოზიციურ სპექტრს პოლიტიკური არჩევანი შეუმცირდათ და ახალი პარადიგმის ძიებაში ეს არჩევანი გაურთულდათ კიდეც.
- ცხადია, რომ მოქმედების ახალი პარადიგმის შერჩევის თვალსაზრისით ახლა ჯერი დანარჩენ ოპოზიციაზეა. იმის გათვალისწინებით, თუ რა კომენტარები გააკეთეს ალასანიას გადაწყვეტილებაზე მისმა ყოფილმა თანამებრძოლებმა, ოპოზიციის რადიკალურმა ფრთამ რა შეიძლება შესთავაზოს საზოგადოებას?
- ყველაზე მნიშვნელოვანი, ვინც უნდა თქვას თავისი სიტყვა, არის მოსახლეობა, მან უნდა გადაწყვიტოს რომელი პარადიგმა იქნება შედეგიანი, რომელს ექნება მომავალი. ალიანსის მოქმედებაზე ოპოზიციის ლიდერთა შეფასებები კიდევ ერთ საინტერესო დეტალს ავლენს. ეს ნიშნავს, რომ ალასანიამ პრაქტიკულად ოპოზიციასთან მოთათბირების გარეშე მიიღო ეს გადაწყვეტილება, ეს კი ფაქტიურად ოპოზიციური ფრონტის დაშლას უდრის. როცა გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოილაპარაკებენ ეს ერთია, როცა გადაწყვეტილების მიღებამდე ლაპარაკობენ, ეს ერთობაა. ახლანდელი ვითარება იმას ნიშნავს, რომ ყველას თავისი გზა აქვს. ამგვარ ოპოზიციას რამდენად დაუჭერს მხარს ხალხი, რომელსაც ოპოზიციის ერთიანობის სურვილი აქვს, ეს ალბათ მაინც ხალხის გადასაწყვეტია.
- ხელისუფლებას არ შეიძლება არ სცოდნოდა ნინო ბურჯანაძის უკრაინაში ვოიაჟების შესახებ, მაგრამ მათი გახმოვანება უცნაურად დაემთხვა ალასანიას მიერ გაკეთებულ განცხადებას ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. თქვენი აზრით, რას შეიძლება ნიშნავდეს ამგვარი უცნაური დამთხვევა?
- არ არის გამორიცხული, რომ სწორედ იმ თემატიკის გამო, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, გადადგა ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი. ალიანსის გარეთ დარჩენილმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა თუ დაიწყეს საპროტეტო აქციები, ამ ჯგუფში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფიგურა, რა თქმა უნდა, ბურჯანაძე იქნება. ამიტომ, არ არის გამორიცხული, რომ ეს ნაბიჯი სწორედ მისი ნეიტრალიზაციისა და ბლოკირებისთვის გადაიდგა. ამგვარი ნაბიჯი ბურჯანაძის მიმართ პირველად არ გადადგმულა.
- იმ ვითარებაში, რომელშიც ვიმყოფებით, რა შანსები შეიძლება ჰქონდეს ალასანია-სუბარს და ალიაინსს 2010 წლის მაისისათვის დანიშნულ ადგილობრივ არჩევნებში?
- დღეისათვის ორივე პოლიტიკოსი ძალიან მაღალი რეიტინგის მქონე ადამიანები არიან, მითუმეტეს ქალაქის პირობებში. თუ ქალაქი გახდება ბრძოლის არენა, ბევრი რამ დამოკიდებული იქნება ხელისუფლების მოქმედებაზე. მეჩვენება, რომ ხელისუფლების სტრატეგია მერის ადგილის ისეთი ოპოზიციონერისთვის დათმობა იქნება, როგორიც ალასანიაა, მაგრამ მეეჭვება, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციას საკრებულო დაუთმოს. ხელისუფლება შეეცდება მოიპოვოს ხმების იმდენი რაოდენობა, რომ საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა მათზე იყოს დამოკიდებული. ასე, რომ შეიძლება საკრებულო ძალიან სერიოზული ბრძოლის ასპარეზი გახდეს.
"ინტერპრესნიუსი"
კობა ბენდელიანი
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/110349.html