Chapa
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 273
წევრი No.: 13416
რეგისტრ.: 8-October 05
|
#8519988 · 14 Feb 2008, 00:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეს მედია კამპანია მარტო დავწერე. შესაბამისად, ვიცი, რომ სრულყოფილი არ არის, ამიტომ მაინტერესებს თქვენი, ფორუმელები აზრი და რჩევები. განვიხილოთ, დავხვეწოთ, ერთად შევიტანოთ კორექტივები და იქნებ მედია კამპანიის ოპტიმალური ვარიანტი შევქმნათ.
რატომ მედია? ვფიქრობ, არ უნდა იყოს გაუგებარი. მედიას აკისრია უდიდესი როლი საზოგადოების ცნობიერების ფორმირებაში და სწორედ ის უნდა გახდეს ნარკოტიკულ პანდემიასთან ბრძოლაში ერთ-ერთი ბერკეტი. მოკლედ, ვიმსჯელოთ.
ანტინარკოტიკული მედია კამპანია ნუ გახდები მოგონება! ნუ გახდები სტატისტიკა!
შესავალი 3 კომუნიკაციური სტრატეგია 3 პროექტის აღწერა 5 კომუნიკაციის მეთოდი 7 საინფორმაციო აქტივობა 12 მედია საშუალებები 14 6.1 სატელევიზიო და რადიო გადაცემები 14 6.2 საგაზეთო პუბლიკაციები 14 6.3 სატელევიზიო ტიხრები 14 6.4 პოსტერები 15 6.5 საინფორმაციო ბუკლეტები 15 6.6 ვებ-გვერდი 15 სარეკლამო აქტივობა 16 7.1 სატელევიზიო რგოლები 16 7.2 პოსტერები 20 ვადები 22 ბიუჯეტი 22 (ამ ეტაპზე ბოლო ორი არ არის განსაზღვრული)
1. შესავალი
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს ანტინარკოტიკული მედია კამპანიის მართვის საპროექტო წინადადებას, რომელიც მოამზადა ... ... ... .
2. კომუნიკაციური სტრატეგია
ანტინარკოტიკული მედია კამპანიის ფარგლებში განხორციელებული კომუნიკაციური სტრატეგია უზრუნველყოფს როგორც პროექტის საინფორმაციო მხარდაჭერას, ისე სამიზნე აუდიტორიის, მისი ქვე-სეგმენტების - საზოგადოების, ცენტრალური და რეგიონული სახელისუფლებო სტრუქტურების, არასამთავრობო სტრუქტურების ინფორმირებასა და მობილიზებას.
ანტინარკოტიკული მედია კამპანიის თანმიმდევრული განხორციელებისთვის აუცილებელი კვლევისა და, შესაბამისად, ანალიზის არარსებობის გამო ამ ეტაპზე შეუძლებელია სრულფასოვანი / ეფექტური მედია გეგმის შემუშავება; სამიზნე ჯგუფებზე მაქსიმალური ზემოქმედების მიზნით სწორი საინფორმაციო პოლიტიკის ჩამოყალიბება და სპეციფიკური ამოცანების დასახვა. შესაბამისად, წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს ანტინარკოტიკული მედია კამპანიის მონახაზს.
2.1 კომუნიკაციური სტრატეგიის მიზნები და ამოცანები
ანტინარკოტიკული მედია კამპანიის კომუნიკაციური სტრატეგიის ძირითადი დანიშნულებაა საზოგადოებაში, კერძოდ რისკ-ჯგუფებში ნარკოტიკების მოხმარებისგან მიყენებული ზიანის შესახებ ინფორმირებულობის დონის ზრდა და, შესაბამისად, სხვადასხვა სინთეტიკური და ნახევრადსინთეტიკური ნარკოტიკული ნივთიერებისაგან მიღებული ზიანის შემცირება.
2.2 პროგრამის მიზნები
• პროგრამის სამიზნე აუდიტორიის, კერძოდ რისკ-ჯგუფებში ნარკოტიკების მოხმარებისგან მიყენებული ზიანის შესახებ ინფორმირებულობის დონის ზრდა; • სწორი საინფორმაციო პოლიტიკის ჩამოყალიბება და ნარკომანიით დაავადებულთა მიმართ სოციალური უკმაყოფილების შემცირება; • გაიზარდოს ანტინარკოტიკული კამპანიის მნიშვნელობის შესახებ ინფორმირებულობა როგორც სამიზნე ჯგუფებში, ისე საზოგადოებაში; • შესაბამისი აქტივობებით აპრიორი უზრუნველყოფილი იქნას საზოგადოების მიერ კამპანიის დადებითი აღქმა;
2.3 სპეციფიკური ამოცანები
• განისაზღვროს ანტინარკოტიკული მედია კამპანიის სამიზნე აუდიტორია და პროგრამის განხორციელებაში დაინტერესებული პირები; • შეირჩეს სამიზნე ჯგუფებთან ტაქტიკური მიდგომა და შემუშავდეს მათთან კომუნიკაციისათვის აუცილებელი სპეციფიკური შეტყობინებები; • განისაზღვროს კამპანიის საკომუნიკაციო სტრატეგიის ფარგლებში გათვალისწინებული პროგრამების, საინფორმაციო და საგანმანათლებლო აქტივობების ფორმატი / ვადები / ხარჯი; • პროგრამის მართვის პროცესში, მიზნებისა და ამოცანების ცვლილებასთან ერთად მოხდეს საინფორმაციო პოლიტიკის პერმანენტული კორექცია; • საზოგადოებრივი აზრის ფორმირების პროცესში მონაწილე ჯგუფების, სამთავრობო და არასამთავრობო რგოლის, ასევე ე.წ. აზრთა ლიდერების გადაწყვეტილებაზე ზემოქმედების მოხდენის, მეორეს მხრივ კი მათი მხრიდან მხარდაჭერის მოპოვების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების მომზადება / განხორციელება;
3. პროექტის აღწერა
ანტინარკოტიკული მედია კამპანიის მართვის საპროექტო წინადადების შემუშავება რიგ ფაქტორებმა განაპირობა. აღსანიშნავია, რომ როდესაც ვლაპარაკობთ რისკ-ფაქტორებსა და რისკ-ჯგუფებზე, გასათვალისწინებელია საქართველოში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური გარემო და, შესაბამისად, დევნილთა სეგმენტი, რომელზეც ყველაზე მძიმედ აისახება ზემოაღნიშნული ფაქტორები. დევნილთა ის თაობა, რომელიც უკვე აფხაზეთის ფარგლებს გარეთ ომის შემდგომ დაიბადა და აღიზარდა უკიდურესად მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში, სწორედ ერთ-ერთ რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ. მით უმეტეს, რომ საქართველოში სინთეტიკური და ნახევრადსინთეტიკური ნარკოტიკების ბუმის დროს სწორედ ხელმოკლე სოციმუსთვის ხდება ხელმისაწვდომი ისეთი სახის ნარკოტიკები, რომლებიც იაფფასიანი წამლის ექსტრაქტს წარმოადგენენ. ისეთ ნარკოტიკს, როგორიც არის, მაგალითად, პერვინტინი (შემოკლებით ე.წ. ვინტი) ყოველდღიურად სწორედ ღატაკი და ღარიბი მოსახლეობა მოიხმარს. სინთეტიკური ნარკოტიკული ნივთიერების ესა თუ ის სახეობა დღემდე არ არის შეყვანილი სამედიცინო პრეპარატების ნუსხაში და, შესაბამისად, მასზე ამომწურავ ინფორმაციას არც ნარკოლოგები ფლობენ და არც ფსიქოთერაპევტები, რომელთაც ამ ნარკოტიკებით გამოწვეული უკურექციის შესახებ მწირი ინფორმაციის გამო უჭირთ სარეაბილიტაციო პროგრამების ეფექტური მართვა.
პროექტის მიზანია საზოგადოებაში ნარკომანიით დაავადებული სეგმენტის მიმართ უარყოფითი მუხტის ცვლა და ნარკომანის სტატუსის კორექცია, არა როგორც დამნაშავის, არამედ დაავადებულის, რაც საზოგადოებაში ინდიფერენტულობის მუხტის ნეიტრალიზაციასაც გულისხმობს. სტატისტიკის საფუძველზე უნდა აღინიშნოს, რომ ე.წ. ხისტი პოლიტიკის მომხრე ქვეყნებში, ნარკოტიკების მოხმარებასა და გავრცელებაზე დაწესებული მკაცრი კონტროლის მიუხედავად, ყოველწლიურად დანაშაულის რაოდენობა 2-3% იზრდება. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელი ვერ იქნება ნარკომანიის დაძლევის პანაცეა; ზოგადეროვნული იდეა უნდა იყოს ნარკოტიკებთან და არა ნარკომანებთან ბრძოლა. ნარკომანი კი არ უნდა ისჯებოდეს, უნდა ინკურნებოდეს.
ანტინარკოტიკული მედია კამპანიის საკომუნიკაციო სტრატეგია და, შესაბამისად, საინფორმაციო აქტივობა მიზნად ისახავს კამპანიის დიალოგური პრინციპით წარმართვას, რაც ცალსახად გულისხმობს იმას, რომ ნარკოტიკების მომხმარებლები - საზოგადოების განუყოფელი ნაწილია. ამრიგად, ზოგადად საზოგადოების ჯანმრთელობის უსაფრთხოებისათვის პირველ ყოვლისა უნდა ვიზრუნოთ ნარკოტიკების მომხმარებელთა ჯანმრთელობაზეც. მედია კამპანიის ერთ-ერთ სპეციფიკურ ამოცანად მიგვაჩნია საპროექტო შეთავაზებაში აღინიშნოს, რომ ნარკომანია სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია, ვინაიდან მიმდინარეობს ერის თანმიმდევრული ხელუვნური გენოციდი და გენოფონდის განადგურება.
4. კომუნიკაციის მეთოდი საკომუნიკაციო სტრატეგიის ფარგლებში უნდა განისაზღვროს ანტინარკოტიკული კამპანიის სამიზნე აუდიტორია და პროგრამის განხორციელებაში დაინტერესებულ პირებთან კომუნიკაციის ხერხი; ასევე, განისაზღვროს კამპანიის საკომუნიკაციო სტრატეგიის ფარგლებში გათვალისწინებული პროგრამების, საინფორმაციო და საგანმანათლებლო (მათ შორის, სააგიტაციო და პროპაგანდული) აქტივობების ფორმატი.
კამპანიის პრიორიტეტულ სამიზნე ჯგუფებად ამ ეტაპზე მოიაზრებიან შემდეგი სეგმენტები: რისკ-ჯგუფები: • დევნილები; • მზრუნველობას მოკლებული ბავშვები; • სოციალურად დაუცველი ფენა; • სკოლის მოწაფეები; • უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები; ქვე-სეგმენტები • სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგები, რომლებიც ითავებენ საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვას; • არასამთავრობო და სამთავრობო სტრუქტურები: დონორები და სხვა; • მას-მედია;
ზემოხსენებულ სოციალურ ჯგუფებზე ზემოქმედების და მათთან კომუნიკაციის მეთოდი შეიძლება იდენტური იყოს, ვინაიდან უცვლელი რჩება მიზნები და ამოცანა, კერძოდ: • რისკ-ჯგუფებში ნარკოტიკების მოხმარებისგან მიყენებული ზიანის შესახებ ინფორმირებულობის დონის ზრდა; • ანტინარკოტიკული მედია კამპანიის მნიშვნელობის შესახებ ინფორმირებულობის ზრდა, როგორც სამიზნე ჯგუფებში, ისე საზოგადოებაში;
ანტინარკოტიკული მედია კამპანიის ზემოჩამოთვლილ სამიზნე ჯგუფებთან (სეგმენტთან) საკომუნიკაციოდ მიზანშეწონილია პირადი შეხვედრებისა და პროფილაქტიკური-საგანმანათლებლო ღონისძიებების გატარება. თუმცა, იქვე აღსანიშნავია, რომ ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა, რომელიც აპრიორი დევს ანტინარკოტიკული კამპანიების განხორციელების სათავეში, ეფექტურია ზემოქმედების თვალსაზრისით ჯერ კიდევ ამ საკითხში გაუთვითცნობიერებულ სეგმენტში. შესაბამისად, ეს თვისობრივად სხვა აუდიტორიაა და ზემოაღნიშნული აქტივობა არ მოიცავს უკვე დაავადებული პირის დემოტივირებისთვის აუცილებელ არგუმენტს (აბსტრაქტული ხდება ცნება - ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სული). დაავადებული, ან კიდევ ნარკოტიკულ ნივთიერებაზე დამოკიდებული პირის დემოტივირება უნდა მოხდეს დამარწმუნებელი მეთოდით: 1) სპეციფიკური შინაარსისა და ფორმის მქონე მესიჯებით; 2) მედია აქტივობებით; 3) რეკლამებით;
საზოგადოებაში ნარკომანიით დაავადებული სეგმენტის მიმართ დამოკიდებულების კორექცია და ნარკომანის სტატუსის ცვლა (დაავადებული და არა დამნაშავე) ანტინარკოტიკული მედია კამპანიის ერთ-ერთი ამოცანაა. საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ნარკომანია დროთა განმავლობაში შეძენილი ფზიქო-ფიზიკური დეფექტია, ნაკლია და არა თანდაყოლილი მანკი. შესაბამისად, მედიის დახმარებით უნდა მოხდეს თავად დაავადებულში იმ აზრის განმტკიცება, რომ ”შეძენილი” შეიძლება ”დროებითის” სინონიმი იყოს.
საგულისხმოა, რომ როდესაც ვლაპარაკობთ ნარკომანისადმი საზოგადოების ნდობაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ მსგავსი დამოკიდებულების გამო საზოგადოებამაც უნდა მოიპოვოს მისი ნდობა. კერძოდ: საზოგადოებაში უნდა დაიწყოს ტერმინოლოგიის კორექცია – არა ნარკომანი (რისი სინონიმიც ცალსახად ”დამნაშავეა”), არამედ დაავადებული;
ექსპერტების აზრით, დაუშვებელია ნარკოტიკული ნივთიერებების დიფერენცირება მძიმე და მსუბუქ ნარკოტიკებად, რაც, შესაბამისად, იწვევს მოზარდებში ასოციაციას ”საშიში” და ”უსაფრთხო”. ამრიგად, სამიზნე ჯგუფებთან პირდაპირი კომუნიკაციის დროს დამარწმუნებელი მეთოდით უნდა მოხდეს არა მხოლოდ ცნობიერ, არამედ ქვეცნობიერ დონეზე ზემოქმედება და აქსიომის სახით მიწოდება, რომ ნარკოტიკების ან მისი მიღების უსაფრთხო ფორმა არ არსებობს.
ზემოჩამოთვლილ ჯგუფებთან საკომუნიკაციოდ მიზანშეწონილია შემდეგი აქტივობების განხორციელება:
კომუნიკაციის ხერხი პროგრამის ძირითად სამიზნე-ჯგუფებთან
რისკ-ჯგუფები / ნარკომანიით დაავადებული პირები სამაუწყებლო, ბეჭდვითი და ელექტრონული მედია: სოციალური სარეკლამო ტიხრების გადაღება სატელევიზიო პროგრამებისა და სადისკუსიო გადაცემების მომზადება საგანმანათლებლო / შემეცნებითი გადაცემების შექმნა რადიოში საინფორმაციო და სარეკლამო რგოლების განთავსება ბეჭდვით მედიაში საინფორმაციო ხასიათის პუბლიკაციების განთავსება (ჩანართის სახით - ბეჭდვითი მედიის ყველა დონეზე)
ახალგაზრდული სეგმენტის გათვალისწინებით, ასევე ინფორმაციის ოპერატიული მიწოდებისა და მოპოვების თვალსაზრისით მართებულია ვებ-გვერდის მომზადება ბილბორდების მომზადება / საინფორმაციო მასალების მომზადება / საინფორმაციო / სააგიტაციო / პროპაგანდული შინაარსის პოსტერების მომზადება / ანტინარკოტიკული კამპანიის მნიშვნელობის გასანმარტებელი ბროშურის მომზადება
უშუალო კავშირი შეხვედრების მართვა სკოლისა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან ზრუნვამოკლებული ბავშვებისთვის პრევენციული და პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგები საინფორმაციო მასალების მომზადება პროექტის მნიშვნელობისა და მასში საგანმანათლებლო რესურსის სრული ჩართვის აუცილებლობის შესახებ ბუკლეტის მომზადება ნარკოტიკების მიღების შედეგად მიღებული ზიანის შესახებ შექმნილი საინფორმაციო მასალების საგანმანათლებლო სისტემაში დანერგვა
სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები საინფორმაციო მასალების მომზადება პროექტის აღწერა / მოსალოდნელი შედეგების პროგნოზირება საინფორმაციო ხასიათის წერილის მომზადება: პროექტის უშუალოდ, როგორც სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების დაცვის პოზიციონირება სამაუწყებლო მედია (საინფორმაციო კამპანიაში მონაწილეობა) ტელე-დებატებში / დისკუსიებში მონაწილეობა რადიოგადაცემებში მონაწილეობა
ფართო მასები მედია კამპანია სოციალური სარეკლამო ტიხრების გადაღება სატელევიზიო თოქ-შოუების მომზადება საგანმანათლებლო / შემეცნებითი გადაცემების შექმნა რადიოში საინფორმაციო და სარეკლამო რგოლების განთავსება ბეჭდვით მედიაში საინფორმაციო ხასიათის პუბლიკაციების განთავსება სააგიტაციო-პროპაგანდული მიზნით საზოგადოებაში საზოგადო მოღვაწეთა და ავტორიტეტული პირების რესურსის გამოყენება საინფორმაციო აქტივობა პრეს-კონფერენცია პროექტში საზოგადოებრივი რესურსის ჩართვის აუცილებლობის შესახებ საინფორმაციო წერილის მომზადება პრეს-რელიზის გავრცელება
სამედიცინო წრეები სამაუწყებლო და ბეჭდვითი მედია (საინფორმაციო კამპანიაში ჩართვა) სატელევიზიო თოქ-შოუებში, სადისკუსიო შეხვედრებზე მონაწილეობა ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანისა და ამავე ზიანის შემცირების აუცილებლობის შესახებ საინფორმაციო გადაცემის შექმნა უშუალო კავშირი ვორქ-შოფების და სემინარების ორგანიზება ლოკალურ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ნარკოტიკულ პანდემიასთან დაკავშირებით კონფერენციის ჩატარება სამიზნე ჯგუფებთან / რისკ-ჯგუფებთან კითხვა-პასუხის საღამოს მოწყობა საინფორმაციო მასალების მომზადება საზღვარგარეთ განხორციელებული წარმატებული ანტინარკოტიკული კამპანიების ანალიზი და კანონშემოქმედებით ორგანოში განხილვის ინიციატივით შეტანა
ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორები / დონორი ორგანიზაციები საინფორმაციო მასალების მომზადება პროექტის აღწერა / მიზნებისა და ამოცანების განმარტება (ქართულ და ინგლისურ ენაზე) ქვეყანაში ამჟამად არსებული ვითარების ამსახველი საინფორმაციო ხასიათის ბუკლეტების შექმნა (ქართულ და ინგლისურ ენაზე)
კომუნიკაციის დამყარება თავად მას-მედიასთან ორმხრივი ურთიერთობა / მედია-მენეჯმენტი პრეს-კონფერენცია მედია-პარტნიორების მონაცემთა ბაზის შექმნა ანტინარკოტიკული კამპანიის შესახებ სრული საინფორმაციო პაკეტის მიწოდება მედია-სემინარები
პირადი შეხვედრებისა და პროფილაქტიკურ-საგანმანათლებლო ღონისძიებების მართვის მიზანია ნარკოტიკებისა და დამოკიდებულების შესახებ თავად აქციის მონაწილეთა ინფორმირებულობის შეფასება. ასევე, ადრეულ სტადიაში, პრობლემის ჩანასახშივე განსაკუთრებით რისკ-ჯგუფებში მოახდინოს პრობლემის პროეცირება და მისი კორექცია; გამოავლინოს თუ რადმენად ინფორმირებულია მოზარდების წრე ამა თუ იმ საკითხზე, კერძოდ: B. ნარკოტიკების მოხმარების შესახებ ცოდნის კორექცია და პროფილაქტიკა; C. შეიქმნას ნეგატიური საზოგადოებრივი დამოკიდებულება ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით;
სამიზნე ჯგუფებთან საკომუნიკაციოდ მიზანშეწონილია ნარკოტიკების მოხმარების შედეგად მიყენებული ზიანის, ან/და ამავე ზიანის შემცირების მიზნით საგანმანათლებლო პროცესების მართვა, კერძოდ საინფორმაციო მასალების მეშვეობით არაჯანსაღი სტერეოტიპის დამკვიდრება, რომელიც ნაწილობრივ უნდა აქვეითებდეს რისკ-ჯგუფებში ნარკოტიკებისადმი ლტოლვას და ხშირ შემთხვევაში ახდენდეს მათ დისტანცირებასაც კი. ექსპერტებთან ერთობლივად შემუშავებული საინფორმაციო აქტივობა, შეიძლება მოიცავდეს ისეთ თემებს, როგორიც არის, მაგალითად: • ნარკოტიკები და შიდცის საშიშროება; • რატომ არის ნარკოტიკი მიმზიდველი მოზარდ ასაკში და როგორ ყალიბდება ინდივიდი? • სინთეტიკური და ნახევრადსინთეტიკური ნარკოტიკები და მისი მოხმარების შედეგად გამოწვეული ზიანი; • არ არსებობს მძიმე და მსუბუქი, ანუ საშიში და უსაფრთხო ნარკოტიკი და მისი მიღების უსაფრთხო ფორმა; • ფასეულობათა დევალვაცია; • სხვა;
ექსპერტების მოვალეობაა შეიმუშაონ სპეციფიკური მიმართვები, რომლებიც მოახდენენ ნარკოტიკების მომხმარებლის დემოტივაციას და შეამცირებენ მოხმარების შედეგად მიყენებულ ზიანს.
მაგალითად, მიმართვა - ”ნუ გახდები სიკვდილის ვაჭარი!” – ნაკლებად ეფექტურია, რადგან გაცემულია ნარკორეალიზატორების მისამართით, რომელთაც ნარკოტიკების რეალიზაციის უდიდესი (ფინანსური) მოტივაცია აქვთ. ექსპერტების მიერ მაქსიმალურად ეფექტურად უნდა მოხდეს სწორედ იმ სეგმენტის გადარწმუნება, რომელიც ფინანსურად ზარალდება და არა პირიქით.
5. საინფორმაციო აქტივობა
ანტინარკოტიკული მედია კამპანიის დროს საუბარია მედიის ყველა დონის მოცვაზე. ამ შემთხვევაში მედიის ფუნქცია განისაზღვრება არა მხოლოდ როგორც კომუნიკატორის, არამედ მედიატორის. საზოგადოებრივი აზრის ფორმირების თვალსაზრისით მიზანშეწონილია თავად მედიის წარმომადგენლებთან მჭიდრო კონტაქტი, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს სამიზნე ჯგუფებზე ზემოქმედებისთვის აუცილებელი ინფორმაციის უწყვეტ ნაკადს.
ანტინარკოტიკული მედია კამპანია მკვეთრად გამოკვეთილი სააგიტაციო-პროპაგანდული საინფორმაციო პოლიტიკის გატარებას გულისხმობს. სამიზნე ჯგუფების მაქსიმალური მოცვის თვალსაზრისით ინფორმაცია განთავსდება ყველა მაღალრეიტინგულ მედია საშუალებაში:
მას-მედია
სამაუწყებლო მედია ტვ. ”მზე” ტვ. ”იმედი” ტვ. ”ალანია” ტვ. ”რუსთავი 2” ტვ. ”პირველი სტერეო” ტვ. ”საზოგადოებრივი მაუწყებელი” რადიო ”არ დაიდარდო” რადიო ”იმედი” რადიო ”ფორტუნა” რადიო ”უცნობი”
ბეჭდვითი მედია გაზეთი ”24 საათი” გაზეთი ”რეზონანსი” გაზეთი ”ახალი თაობა” გაზეთი ”ალია” გაზეთი ”ახალი ვერსია” გაზეთი ”კვირის პალიტრა” გაზეთი ”სვობოდნაია გრუზია”
ელექტრონული მედია საინ. სააგენტო ”ინტერპრესი” საინ. სააგენტო ”ჯი-ეიჩ-ენი” საინ. სააგენტო ”მედია-ნიუსი” საინ. სააგენტო ”პირველი” საინ. სააგენტო ”ჯორჯია ნიუს”
მედიის როლი საკმაოდ დიდია. საინფორმაციო აქტივობების მიზანია მიაწოდოს სამიზნე ჯგუფებს ანტინარკოტიკული კამპანიის მნიშვნელობის შესახებ მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია და შესაბამისი აქტივობებით უზრუნველყოს საზოგადოების მიერ კამპანიის დადებითი აღქმა; ასევე, მედიის, როგორც კომუნიკატორის ფუნქცია, გულისხმობს საკვანძო მესიჯების გავრცელებას.
ახალგაზრდული სეგმენტის გათვალისწინებით - რისკ-ჯგუფებისა (სკოლის მოწაფეები, ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი) და ნარკომანიით დაავადებული პირების ინტერესების გათვალისწინებით ინფორმაციის გავრცელება / მიწოდება მოხდება მათთვის პრიორიტეტული მედია საშუალებებით და გასაგები ფორმით.
მედია კამპანიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ანტინარკოტიკული სოციალური რეკლამა (ან ანტირეკლამა) და წლის განმავლობაში პირობითად 12 ანტინარკოტიკული აქციის ჩატარება (თვეში 1 აქცია). ზემოხსენებული ღონისძიებებისა და აქტივობის მიზანია: ნარკომანიით გამოწვეული ზიანის შემცირება, რისკ-ჯგუფებში არაჯანსაღი იმიჯის ფორმირებით; საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ზრდა და სტიმულირება; სხვა;
საზოგადოების ინფორმირების მიზნით აუცილებელია ქვეყნის მასშტაბით ყველა სახის ბეჭდვით პროდუქციაზე ერთიანი საიმიჯო ლოგოტიპისა და სარეკლამო სლოგანის განთავსება. განსაკუთრებით ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების ყუთებზე და შეფუთვაზე, რომელსაც ასაკისა და სქესის მიუხედავად საზოგადოების ყველა სეგმენტი მოიხმარს.
შესაბამისად, ნებისმიერი ასეთი კომპანიის პროდუქციაზე განთავსებული სარეკლამო ლოგოტიპი (ან ანტირეკლამა) და სლოგანი პირდაპირპროპორციულად მიანიშნებს ამავე კომპანიის მზაობაზე მოახდინოს საკუთარი მისიის იდენტიფიცირება ზოგადად საზოგადოების მოთხოვნილებებთან და მის მიზნებთან. განთავსებული სლოგანი ზუსტად უნდა ასახავდეს როგორც ნარკომანიის პრობლემას, ისე ნარკომანიით დაავადებულის როლს ქვეყნის აღმშენებლობით პროცესში. მაგალითად: • უარი თქვი ნარკოტიკზე – ხელს ნუ უწყობ ერის გენოციდს! • ნარკომანია გამცირებს! • ნუ გახდები მონა! იყავი დამოუკიდებელი! • ნუ გახდები მოგონება! ნუ გახდები სტატისტიკა! • იყავი უსაფრთხოდ - ნუ გახდები საფრთხობელა! • სხვა;
უნდა მოხდეს ანტინარკოტიკულ კამპანიაში ყველა სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურისა და საზოგადოებრივი მოძრაობის ჩართვა. ასევე, უნდა მოხდეს ე.წ. აზრთა ლიდერების, ცნობადი სახეებისა და დადებითი იმიჯის მქონე პოლიტიკოსების რესურსის გამოყენება, რათა მათი მეშვეობით სამიზნე ჯგუფებში წარმატებით განხორციელდეს ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა და აგიტაცია.
ამ მხრივ მნიშვნელოვანია მას-მედია საშუალებებში ქვეყნის პირველი პირის, საქართველოს პრეზიდენტის პირდაპირი მიმართვის გამოყენება, რომელიც ახალგაზრდებში არა მარტო პოპულარობით, არამედ ავტორიტეტითაც სარგებლობს. ასევე, მედიის მეშვეობით ანტინარკოტიკული კამპანიის მნიშვნელობის შესახებ უნდა გავრცელდეს სხვა ავტორიტეტული პირების: • სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის მიმართვა; • კულტურისა და საზოგადო მოღვაწეთა მიმართვა;
6. მედია საშუალებები
როგორც ზემოთ აღინიშნა, მას-მედია უზრუნველყოფს სამიზნე ჯგუფებისთვის ანტინარკოტიკული კამპანიის მნიშვნელობის, მისი მიზნებისა და ამოცანების ლაკონური გზით მიწოდებას.
6.1 სატელევიზიო და რადიო გადაცემები
სამაუწყებლო მედიაში ანტინარკოტიკული კამპანიის შესახებ დისკუსიის მართვა ფართო საზოგადოების ოპერატიულად ინფორმირების ერთ-ერთი ეფექტური ხერხია. ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ ეს სწორედ ის მედია საშუალებებია, რომელიც მოიცავს რისკ-ჯგუფებსა და ზოგადად ახალგაზრდულ სეგმენტს.
აუცილებელია მოსამზადებელ პერიოდში, ჩანასახშივე მოეწყოს ინტერაქტიული ტელე და რადიო გადაცემები, რომლებიც საწყის ეტაპზევე გამოავლენენ საზოგადოების მზაობას, ან პირიქით მის უარყოფით დამოკიდებულებას არსებული პრობლემის ამა თუ იმ გზით გადაჭრასთან დაკავშირებით. უდნა შეიქმნას როგორც საინფორმაციო, ისე ანალიტიკური შინაარსის გადაცემები, რომელშიც ექსპერტები იმსჯელებენ ნარკომანიის პრობლემაზე და მისი შემცირების ალტერნატიულ გზებზე.
6.2 საგაზეთო პუბლიკაციები
ბეჭდვითი მედია პროექტის შესახებ მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაციის განთავსების და, შესაბამისად, თემის განვრცობის, ან განხილვის საშუალებას იძლევა. ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში მისაღებია როგორც ანალიტიკური, ისე სადისკუსიო (მაგალითად, ე.წ. მრგვალი მაგიდა) პუბლიკაციების გამოქვეყნება.
ამასთანავე, ბეჭდვით მედიაში შესაძლებელია არა მხოლოდ საინფორმაციო ნაკადის, არამედ მისი შინაარსობრივი კუთხის კონტროლი (ფასიანი პუბლიკაციები).
6.3 სატელევიზიო ტიხრები
აუცილებელია კამპანიის შესახებ ინფორმაციული სატელევიზიო რგოლების მომზადება. გარდა ამისა, სატელევიზიო ტიხრების ფუნქციონალური მხარე განისაზღვრება სამიზნე ჯგუფებთან კომუნიკაციით. სახე-ხატისა და სპეციფიკური შეტყობინებების მეშვეობით უნდა მოხდეს რისკ-ჯგუფების დისტანცირება, ხოლო დაავადებული სეგმენტის დემოტივირება. ამრიგად, ტიხარს საიმიჯო მახასიათებლებიც ექნება.
6.4 პოსტერები პოსტერების გავრცელება უნდა მოხდეს სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში. ასევე, ყველა საზოგადოებრივ ადგილებში, მათ შორის საზოგადოებრივ ტრანსპორტში. პოსტერის ღირებულება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც წარმოადგენს კომუნიკაციის კომბინაციურ მეთოდს (ვიზუალური და ტექსტუალური), რომელიც სამიზნე ჯგუფებზე ახდენენ ზემოქმედებას სახე-ხატით და სლოგანით.
6.5 საინფორმაციო ბუკლეტები
საინფორმაციო ხასიათის ბუკლეტები მეტწილად სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ლოკალური და საერთაშორისო დონორების ინფორმირების მიზნით შეიქმნება. საგულისხმოა, რომ ამა თუ იმ ორგანიზაციის მიერ ფინანსდება ერთჯერადი ანტინარკოტიკული აქციები, რომელიც უფრო შიდა ფიარის როლს ასრულებენ და არ ახდენენ ნარკომანიის პრობლემაზე ჯეროვან აქცენტირებას.
ვინაიდან საინფორმაციო ბუკლეტები გავრცელდება სხვა სამიზნე ჯგუფებშიც (სკოლები, სასწავლებლები), მიზანშეწონილია მათთვის კონცეფტუალურად განსხვავებული შინაარსის მქონე (მაგ. საგანმანათლებლო) საინფორმაციო მასალების შექმნა, რომლის ჩართვა შესაძლებელი იქნება ზოგადად საგანმანათლებლო სისტემაში.
6.6 ვებ-გვერდი
რისკ-ჯგუფებში სხვადასხვა ინტერნეტ ფორუმის პოპულარობის ფაქტორი გვაფიქრებინებს, რომ ინფორმაციის გავრცელების, ან მისი მიმოცვლის მიზნით ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება იქნება კამპანიის ვებ-გვერდის შექმნა და მასზე ყველა სახის საინფორმაციო მასალების განთავსება (პუბლიკაციები, პრეს-რელიზები, ინტერნეტ-ბმულები, ვიდეო-რგოლები, ანოტაციები და სხვა).
ინტერნეტ რესურსის გამოყენება მით უფრო მართებულია, რომ მისი მეშვეობით კომუნიკაცია მყარდება არა მხოლოდ ადგილობრივ, ქართულენოვან სეგმენტთან, არამედ უცხოენოვან პარტნიორებსა და ორგანიზაციებთან. მთავარია, რომ ელექტრონული მედია უზრუნველყოფს საინფორმაციო სააგენტოებთან უწყვეტ კავშირს. ვებ-გვერდი ეფექტურია ინტერაქტიული გამოკითხვის ჩატარების თვალსაზრისითაც.
7. სარეკლამო აქტივობა
ანტინარკოტიკული მედია კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი სარეკლამო აქტივობა გულისხმობს პირობითად 12 სატელევიზიო რგოლისა და ამდენივე პოსტერის დამზადებას, რომელთა ტესტირება მოხდება ტენდერის საფუძველზე შერჩეული კვლევითი ცენტრის ფოკუს-ჯგუფებში; იმავე ჯგუფებში მოხდება ლოგოტიპისა და სლოგანის აღქმის (ეფექტურობის / ადეკვატურობის) შესწავლა.
--------------------
КРИТИК - Мы страшные, потому что работаем над этим...
kalatozishvili.wordpress.com
|