Written by Gevision.Tv
Sunday, 18 October 2009 13:14
ხუთშაბათია... საღამოხანი... წამყვანი ტელეკომპანიის ეთერიდან წამყვანი ისე გვემშვიდობება, როგორც მოგვესალმა, ხელისქნევითა და თვალის ხამხამით...
ამ ტელეკომპანიის ეთერში დღეს აშკარად აღარ იქნება საუბარი მნიშვნელოვან საკითხზე - სომხებისა და თურქების „დაძმობილებაზე“... ჩვენ ვიცით, რომ, თურქეთი ამით ევროკავშირის გზას გაუდგება... სომხეთი კი ეცდება, კავკასიის სატრანზიტო დერეფანში შემოაბიჯოს... ისიც ვიცით, რომ აზერბაიჯანი ყაბულს არაა - მთიანი ყარაბაღის პრობლემაა მოსაგვარებელი...
პარასკევია... საღამოხანი... თუ წინდღის გადაცემის ფორმატით პოლიტიკაზე საუბარი არ შეიძლებოდა, დღეს მაინც უნდა
მოვისმინოთ თურქეთ-სომხეთის დაახლოებაზე კომპეტენტური ანალიზი... რას გვიქადის ეს „მშვიდობა“... თან, გადაცემა პოლიტიკურია, სტუმარი - საგარეო მინისტრი...
ამავე მინისტრმა უნდა ისაუბროს აშშ-სა და რუსეთის შეთანხმებაზე ბირთვული იარაღის შემცირების თაობაზე, რომელიც, პრაქტიკულად უკვე მიღწეულია და წერტილდასმული დეკემბრის დასაწყისისთვის იქნება...
ამ საკითხებით წამყვანი არ ინტერესდება... შეიძლება ვერც... დრო არ ყოფნის ჩანს...
სხვა სტუმრებსაც ხომ უნდა დაეთმოთ ასპარეზი... ლეიბორისტი... საქართველოს დამცველი...
სხვა არხებზეც არაფერს ამბობენ ამ ახალ ამბებზე... ერთი-ორჯერ კი გადმოსცეს საინფორმაციოებში, მაგრამ, მერე მიყუჩდნენ... აი, ისე გადმოსცეს, სუიციდებზე ან სიდედრის მჭრელებზე რომ გადმოსცემენ ხოლმე ნიუსებს... კადრი + სინქრონი (კომენტარი).
შაბათ-კვირა ამ მხრივ „ჩუმია“... P.S. ერთადერთი გადაცემაა, რომელმაც, შესაძლოა, ყურადღება დაუთმოს ამ თემებს, მაგრამ... მაგრამ, ამ ბოლო ხანს, ამ გადაცემაშიც ძირითადად მანქანებს აჩვენებენ... ავტოგამოფენებიდან... ვის სცალია თემისთვის - რატომ ამბობს აშშ უარს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის ევროპაში განთავსებაზე...
ორშაბათი... საღამოხანი... ფედერალურ არხებზე ნამდვილად ვერ ისაუბრებენ თემაზე: რამდენად შესაძლებელია ჩრდილო კავკასია გადაიქცეს ერთ დიდ წინააღმდეგობის ფრონტად... ვერ ისაუბრებენ, რადგან, საღამოხანი მუსიკალურია...
არადა, ჩრდილო კავკასიის ფრონტის ხაზად გადაქცევა კარგიცაა და ცუდიც... თუ რუსეთი დასუსტდა და ჩვენს შორის ბუფერული, მოსკოვისაგან უკონტროლო რეგიონები წარმოიშვა, ჩვენც შედარებით იოლად მოგვაგვარებინებს შიდა პრობლემებს; მეორე მხრივ, გამოცდილება გვეუბნება - სუსტი რუსეთი, როგორც წესი, გამწარებულია - მას შეუძლია სისხლში ჩაახშოს ჩრდილოკავკასიელთა თავისუფლება და თავისუფლების სურვილის კი... შემდეგ მოღონიერდეს და სამხრეთკავკასიელებსაც მოუქნიოს მუშტი.
სამშაბათია... ფედერალურ არხებზე კვლავ არაფერია ახალი... ხოლო „ოპოზიციურ“ არხებზე ან იგინებიან და ანაც - სძინავთ... მედია არც სამშაბათს აანალიზებს საკითხს - რა ხდება ჩვენგან სამხრეთით, არც თუ შორს, ირანში... თუმცა თემა „სატოპნიუსეა“ - ჰუსეინის ერაყისაგან განსხვავებით, თეირანი ბირთვულ იარაღზე მართლაც მუშაობს... ამდენად, აშშ-ს უფრო სერიოზული, საფუძვლიანი მიზეზი აქვს მისაჯოს ეს სახელმწიფო... მოსკოვიც აღარ იცავს თავგამოდებით თეირანს...
ოთხშაბათია... „პრაიმ ტაიმი“... საინფორმაციოებში ვრცლად გადმოსცეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ „ნატოს“ გენერალურმა მდივანმა განაცხადა: „საქართველო აუცილებლად გახდება „ნატოს“ წევრი... განცხადებაც კარგია და მისი უყურადღებოდ არ დატოვებაც... თუმცა, ეს რასმუნსენის მე-11 სიტყვაა ამ საკითხზე, ხოლო მანამდე სჰეფერს ამგვარი დაახლოებით 80-ჯერ აქვს ნათქვამი...
ფედერალურ არხებზე მხოლოდ ვრცელი „ნიუსით“ დაკმაყოფილდნენ... არ არის გარდა პარასკევისა არანაირი ტოკ-შოუ და რა ქნან?
ხოლო „ოპოზიციურ“ მედიას კი რასმუნსენის განცხადება კვლავ გამოეპარა, უკვე მეთერთმეტედ... შესაბამისად, ვერავინ მიმოიხილავს საკითხს - რატომ ღელავს მოსკოვი ამგვარ განცხადებებზე? შეიცვალა თუ არა რამე ბრიუსელსა და ვაშინგტონში მას შემდეგ, რაც ბუში და სჰეფერი პოლიტიკაში „აღარ არიან“?
მედია, მათ შორის, სახელისუფლებო, ამ თემაზე დუმს... შესაბამისად, ვერ ქარწყლდება ხმა, საზოგადოებაში ახალი სოციოლოგიური კვლევის შესახებ, რომლის თანახმადაც ქვეყნის გაჩრდილოატლანტიკელობას მოსახლეობის ოდენ 30-35 % ემხრობა... აქვე ვთქვათ, თუ ეს ასეა - სამწუხაროდ!
ეს ამბავი მხოლოდ მათ არ ამწუხრებთ, ვინც ჩვენს გაჩრდილოატლანტიკელობას სიტყვითაც და საქმითაც ეწინააღმდეგება...მოსკოვში ამგვარი პოლიტიკოსთა 100 %-ია, საქართველოში.... ფაქტია, ქართველ ანტინატოელებს საკმაოდ რეიტინგი აქვთ - ერთს - მუდმივი 6-7 %, მეორეს - მოთამაშე 8-9%, ხოლო მესამეს, არც თუ შორეულ წარსულში, ხელისუფლებიდან რომ თავმომწონებდა - 3-4, მაგრამ - მზარდი, აღმავალი... ხოლო ამ ტრიოს თუ ასე იმ 6-7 პოლიტიკოსს (და მათ რეიტინგებს) დავუმატებთ, რომლებიც „ნატოს“ სიტყვით ემხრობიან, ხოლო საქმით - ვერა... აღმოვაჩენთ, რომ პოლიტიკური სპექტრის 50 % -ზე მეტი, რეალურად, ანტიდასავლელი, შესაბამისად - ჩრდილოელია...
ხუთშაბათია... ცნობილი წამყვანი კვლავ გვესალმება თვალების ხამხამით... ჩვენ იმედიც არ გვაქვს, რომ გარდა მიტოვებულ ქალთა პრობლემებისა, ამ გადაცემაში სხვა თემასაც მიმოიხილავენ... სხვა ფედერალურ არხებზე კი, გავმეორდებით, ერთი კინკილა ტოკ-შოუ რაა, ისიც კი აღარაა... გადაცემა სრულდება... ტრადიციულად ხელისგულისქნევით...
აქტუალურია კვლავ ნატოს თემა.... რასმუსენმა მეთორმეტედ თქვა - საქართველო ნატოს წევრი გახდებაო... ეს სამოცდარვაჯერ გაიმეორეს ცენტრალურ არხებზე, ხოლო ოპოზიციურ არხებს... კვლავ გამორჩათ... ახლაღა ვხვდები „ნატოს“ რეიტინგის ვარდნა მხოლოდ ნახსენები ლუსტრირებული და ჯერვერლუსტრირებული ქართველი პოლიტიკოსების ბრალი როდია - დასავლელები, მეტადრე კი ევროპელებიც „სცოდავენ“ ამ მიმართებით. მუდმივი - „საქართველო აუცილებლად გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი“ გარკვეულწილად მართლაც მომაბეზრებელია. – „რა ვეღარ გახდა“ - ეს სიტყვები მათაც აღმოხდებათ ხოლმე, ვისაც ხსნა მართლაც ალიანსში ეგულებათ.
პარასკევია... ტალიავინის დასკვნაზე არავინ საუბრობს... ერთხელ თქვეს არაკი ხელისუფლებიდან - კარგიაო... მერე ოპოზიციიდან - ცუდიაო და ... მორჩა... მგონია, რომ წაკითხვა დაეზარათ უბრალოდ. არადა, კომისიის დასკვნაზე აუგი მართლაც არ გვეთქმის - პროფესიონალურად ასახა და შეაფასა ის, რაც გასული წლის აგვისტოში და აგვისტომდე ხდებოდა... ეგაა მხოლოდ, ნატომდე გზა ვიწრო ბილიკად იქცა, ჯერჯერობით...
კატეგორიები - დასკვნა კარგია; დასკვნა ცუდია... ტენდენციურია, ობიექტურია... ამ შემთხვევაში არამართებულია... დასკვნა - დასკვნაა... ხედვა, როგორ უყურებს მოვლენებს კომისია და, შესაბამისად, ევროპა.
... და თუ მაინც შევაფასებთ, უნდა ვთქვათ, რომ, დოკუმენტის მიხედვით, რუსეთის ბოსტანში გაცილებით მეტი ქვაა ჩავარდნილი, ვიდრე ჩვენსაში... თუმცა, რასაკვირველია, იდეალური იქნებოდა, ევროპელები, მათ შორის არც კონიუნქტურისა და დიპლომატიური ენის შენარჩუნების აუცილებლობის გამო, ჩვენ საერთოდ თუ არ დაგვადანაშაულებდნენ არაფერში.
მაგალითად, არ იტყოდნენ, რომ 7 აგვისტოს, ცხინვალის მიმართულებით, პირველებმა ცეცხლი სწორედ ჩვენ გავხსენით... კი, ცეცხლის ამ გახსნასაც აქვს „გამართლება“, მაგრამ, მაინც... იდეალური იქნებოდა... და ის, ნახსენები ვიწრო ბილიკიც ევროპამდე იქნებ გზატკეცილად გადაქცეულიყო...
და თუ მაინც, იძულებულები ვიყავით, გაგვეხსნა ცეცხლი... კარგი იქნებოდა, ეს ფაქტი ტალიავინის დასკვნამდე ეღიარებინა ხელისუფლებას... მეტი დროც იქნებოდა აუცილებლობის დასაბუთებისათვის და ევროპელებისთვისაც იქნებ ერთ ხმაში გვეთქვა - „აბა, რა უნდა გვექნა?!...“
მოკლედ, პარასკევია... იმედი, რომ ევროპელთა კომისიის დასკვნაზე კომპეტენტურად ვისაუბრებთ, ჯერ კიდევ არის... ანდა გულახდილად ვიტყვით
ტალიავინის დასკვნის არასაჩვენო დეტალების ამბავსაც... ან კვლავ „მივაწვებით“ რიტორიკას - „ვინც არ ისროლა - დამარცხდა“... ბოლო ბოლო, ხომ უნდა ვთქვათ, რომ ზოგიერთი შეფასება, რომელიც დასკვნის ავტორებზე და მათი ქვეყნების ხელისუფლებებზე გავაკეთეთ (მაგალითად ვალტერ შტაინმაიერის „გაზპრომის“ აგენტობის შესახებ...), უბრალოდ, არ უნდა გაგვეკეთებინა...
წამყვანი ამ საკითხებზე დუმს... ჩუმად არინ რესპოდენტებიც... მე კი მახსენდება, რომ სიუჟეტი შტაინმაიერის „აგენტობაზე“ იმ ტელეკომპანიაში გავიდა, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ექს-ხელმძღვანელი თავკაცობს...
პარასკევია... პარასკევი...
ვალტერ შტაინმაიერი ხვალ-ზეგ გერმანიის კანცლერი გახდეს... შაბათს უთუოდ იქნება სიუჟეტი ამ თემაზე... ვრცელი... ტელეჟურნალში პორტრეტების გაკეთება კარგიცაა...
კვლავ დუმილი... კვლავ ორშაბათი... კვლავ სამშაბათი...
აი, ოპოზიციურ არხზე გაჰკრთა ამბავი შტაინმაიერის შესახებ... არავინ ამბობს მხოლოდ, რომ, შტაინმაიერი კანცლერი თუ მართლაც გახდა... ეს საჩვენო ამბავი იქნება - რამდენადაც ცნობილია, ქ-ნი მერკელისაგან განსხვავებით, ეს პოლიტიკოსი ჩვენი და უკრაინელების გაევროპელებას ყოველთვის ცდილობდა...
გერმანელთა მეტი აქტიურობა საქართველოს ევროპეიზაციის გზაზე მნიშვნელოვნად გააფართოვებს იმ ბილიკსაც, ახლა რომ ვდგავართ... შესაბამისად, „გზა უვალი, ჩვენგან თელილი“ შედარებით იოლი გასავლელი იქნება სხვათათვის... ჩვენს შემდეგ ევროპისაკენ რომ უნდა აიღონ გეზი... წესით!
ეს სხვები კი... ეს სხვები, მათ შორის, ალბათ სომხებიც იქნებიან... ჩვენი მეზობებლები, რომლებიც, პირველ სიტყვას მივუბრუნდებით და, მეზობელ თურქეთთან ურთიერთობას მართლაც აწესრიგებენ.
ეს „დამეგობრება“, ჩრდილოეთ კავკასიაში ცეცხლის კერის გაჩენის არ იყოს, კარგიცაა და ცუდიც - „ევროკავშირელი“ თურქეთი ჩვენთან საზღვარს, ავტომატურად ჩაკეტავს, რაც ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორისგან მოწყვეტას და ბრუნვების შემცირებას გამოიწვევს... მეორე მხრივ, უშუალო მეზობლად ევროკავშირელის ყოლა, ჩვენთვისაც ერთგვარი ხიდი იქნება... თუმცა, ამასობაში, თუ სომხეთმა სატრანზიტო დერეფნის ნაწილი „მიითვისა“, ჩვენი დაცულობის ხარისხი შეუდარებლად დადაბლდება... აქვე ვთქვათ, რომ, ევროპელებთან დაახლოებულ სომხეთში ავტომატურად გაჩნდება ლოზუნგი - ДОЛОЙ ОКУПАНТОВ, ხოლო ლოზუნგიდან მის შესრულებამდე კი, ისტორია ცხადყოფს, არც თუ დიდი მანძილია!
ამ მანძილის გავლა ადრე თუ გვიან მოუწევთ აფხაზებსაც და ოსებსაც... თუმცა, უდავოა, ДОЛОЙ ОКУПАНТОВ პოპულარული ამ რეგიონებში მაშინ უფრო გახდება, თუ თბილისიდან მათ დაარწმუნებენ - საშიში საქართველოსთან და ევროპაში - არაფერია!
აფხაზები ამ ლოზუნგს, წლები და დრო როგორ დავასახელო და... ალბათ მალე გამოფენენ, მაგრამ, პარალელურად, ამ ხნის განმავლობაში უნდა შენარჩუნდეს მათი არაღიარების პოლიტიკა... სხვაგვარად რომ ვთქვათ მედვედევ-ჩავეს-ორტეგას ტრიოს არც ძმები კასტროები უნდა მიუერთდნენ და არც სხვა ის არადემოკრატიული რეჟიმები, ასე უხვად რომ არიან თურმე.
მათ შორის ბევრმა, რამდენიმე ხნის წინ, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოსთვის სასარგებლო რეზოლუციას, მხარი, უბრალოდ, არ დაუჭირა... ეს იოლად ასახსნელია - რუსეთს მათზე დიდი გავლენა აქვს... აუხსნელია მეორე - რატომ არ დაგვიჭირეს მხარი მეზობელმა „დემოკრატიებმა“ - თურქეთმა და აზერბაიჯანმა?... ეს, პასუხგასაცემი კითხვებია...
პარასკევია... ქართულ ტელესივრცეში ერთადერთი ტოკ-შოუ ამ საკითხებს არ მიმოიხილავს... მერე იტყვიან, მედია თავისუფალიაო... და თუ მართლაც თავისუფალია... მით უარესი... თავისუფლება, პროფესიონალიზმისა და კომპეტენტურობის გარეშე... ნაკლებად მიუღებელი როდია!
ირაკლი ტაბლიაშვილი
http://gevision.tv/index.php?option=com_co...emid=23&lang=en