http://www.geocatholics.com/index.php?opti...-09-29-17-04-21კართაგენი უნდა დაინგრეს - ეს ცნობილი ფრაზა ამ შემთხვევაში სულ სხვა მნიშვნელობით მინდა გამოვიყენო მკითხველო. ამ შემთხვევაში კართაგენი არა ფიზიკური მოცემულობაა არამედ ერთგვარი იდეოლოგია რაც ბოლო ათეული წლებია საქართველოში წარმატებით მკვიდრდება. იდეოლოგია, რომელიც დღევანდელ საზოგადოებაში აღმავალ გზაზეა შემდგარი და ძირფესვიანად თხრის და ანადგურებს ღირებულ ფასეულობებსა და აზროვნებას.
და მაინც რა არის ეს "კართაგენი", ეს არის ქრისტიანობაზე დაფუძნებული, უფრო სწორედ მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე დაფუძნებული იდეოლოგია, რომელიც თანაბრად მძლავრობს ეკლესიასა და სახელმწიფოში, მის პოლიტიკაში და ა.შ. ამ იდეოლოგიის ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, ქადაგებს რა ქართული მართლმადიდებლობის გამორჩეულობას, ეროვნულობის და მართლმადიდებლობის იდენტურობას, ნაციონალიზმს, ფაქტიურად აღვივებს შუღლს სახელმწიფოში და ძალიან დიდ ზღვარს ავლებს მართლმადიდებელ ქართველობას, დანარჩენ ქართველობასა და სხვა ხალხებს შორის, ვინც არაა ეროვნებით ქართველი, მაგრამ საქართველოს მოქალაქეა.
ეს იდეოლოგია ახალი არაა, არც გუშინ დაწყებულა ან შეუქმნია ვინმეს, ეს რუსეთის წიაღში იშვა და ზუსტად იგივე მისია აკისრია მას რუსეთში, რაც საქართველოში. ამ იდეოლოგიის ამოსავალი წერტილია სიძულვილი დასავლეთისადმი, მართალია ეს ჯერ კარგად არაა საქართველოში გამოვლენილი, მაგრამ უკვე სერიოზულად ფეხი აქვს მოჭიდებული ცენტრსა თუ რეგიონებში, რომ დასავლეთი არის სატანის მსახური, ხოლო რუსეთი ჩვენი ერთმორწმუნე ძმა და მეგობარი, უფროსი მეგობარი რომელიც განაწყენებულია ჩვენს ლტოლვაზე ვიყოთ დასავლეთთან და გვიცავს რომ ეშმაკის ზიარნი არ გავხდეთ დასავლეთთან და ამერიკასთან ურთიერთობებით.
და ყველაზე მთავარი ამ სიტუაციაში, ის ადამიანები ვინც რეალურად ხედავენ ამ საფრთხეს (ჩემი აღმოჩენა არაა ეს), და მართებულად აკრიტიკებენ საქართველოს ეკლესიას ამ იდეოლოგიის გავრცელებისათვის, უმალ ირიცხებიან საქართველოს, მართლმადიდებლობის მტრებად, დასავლეთის მიერ მოსყიდულებათ და ა.შ. იწყება საშინელი ლანძღვა-გინების კორიანტელი მათ მიმართ, დაუნდობელი შეურაცხყოფა და ეს ყველაფერი კეთდება მართლმადიდებლობისა და საქართველოს დაცვის სახელით. სინამდვილეში კი ხდება არა მართლმადიდებლობის შეურაცხყოფა ან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, არამედ იმ პოლიტიკისა და იმ იდეოლოგიის კრიტიკა რასაც საქართველოს ეკლესია ეწევა და ამკვიდრებს ქვეყანაში. ეს ორი სხვადასხვა რამაა ბატონებო, მართლმადიდებლობის მტერი პირველ რიგში რუსეთია, რომელიც დღიდან ამ ქვეყნად მოვლენისა, მუდმივად იყენებს ქრისტიანობას საკუთარი იმპერიის გაძლიერებისათვის, ფაქტიურად ბიზანტიის შემდეგ რუსეთმა კიდევ უფრო წარმატებით გამოიყენა მართლმადიდებლური იდეოლოგია სახელმწიფო იმპერიული ზრახვებისათვის და ეკლესია აქცია პოლიტიკურ იარაღად, ეს ყველაფერი კი ნამდვილად არაა მართლმადიდებლობა, მეტიც, ქრისტიანობა არაა საერთოდ.
ამიტომ, მუდმივი აჟიოტაჟი, მუდმივი ლანძღვა და გულისწასვლამდე ბღავილი, რომ ვინმე ანგრევს მართლმადიდებლობას, რომ ვიღაც ებრძვის ეკლესიას არის სერიოზული პრობლემის მიჩუმათება, ხოლო მათთვის ვინც ნაკლებად ერკვევა ყოველივე ამაში, უკვე გახდა ერთგვარი იდენტობის დამცავი მექანიზმი. თუ ვინმე გაბედავს ეკლესიის კრიტიკას, მაშინვე იწყებს ამოქმედებას იდეოლოგია "კართაგენი" და მართლმადიდებლობის სახელით გამართლება ხდება ყველა სიბინძურისა თუ სისაძაგლისა.
პირდაპირ შემიძლია ვთქვა, ეს იდეოლოგია, რომელიც პირდაპირ ურტყამს საქართველოს სახელმწიფოს განვითარებას და ლტოლვას დასავლეთისაკენ, ეს იდეოლოგია, რომელიც პირდაპირ აძულებს და აშინებს ქართველს თუ საქართველოს მოქალაქეს დასავლურ კულტურას, კათოლიკურ თუ პროტესტანტულ სამყაროს, არის რუსეთის მიერ საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული მსოფლმხედველობა, რომელიც აწ უკვე საქართველოს ეკლესიის მესვეურთა მიერ წარმატებით ინერგება ტაძრებში, ამბიონებიდან, ყოველდღიური წეს-ჩველებებით, მაქსიმალური იზოლაციით სხვა კონფესიებთან ურთიერთობებისას და უკვე იმ დონემდეც კი მივიდნენ რომ პირდაპირ და დაუფარავად ლანძღავენ იმ მართლმადიდებელ ეკლესიებს რომელნიც არიან ახალ კალენდარზე (შესწორებული იულიანური კალენდარი), აქვთ ურთიერთობები კათოლიკებთან თუ სხვა ქრისტიანებთან და ა.შ.
კართაგენი უნდა დაინგრეს - ანუ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში უნდა დაინგრეს ის იდეოლოგია რაც ასე მძიმედ და შავი ღრუბელივით დააწვა ქართული ეკლესიის ცოცხალ ორგანიზმს, სასულიერო პირებსა და მრევლს. ამ სტატიაში არ ღირს საუბარი იმაზედ თუ რა მდგომარეობაა ეკლესიის სასულიერო პირთა განათლების სფეროში, თუმცა აღნიშვნის ღირსია ის გარემოება რომ სასულიერო პირთა, მაღალიერარქთა განათლების დონე დიდად უწყობს ხელს ამ საშინელი იდეოლოგიის გავრცელებას და დამკვიდრებას მრევლში.
პირველი ნაბიჯი მიღწეულია, ხალხს დასავლეთისადმი რწმენა შეურყიეს, გამოიყვანეს რა იგი საქართველოს მტერი და სატანის მსახური, ცუდი ცხოვრების სტილის შემომტანი და ა.შ. მეორე ეტაპი არის ხალხში კიდევ უფრო კარგად დამკვიდრება იმ აზრისა, რომ რუსეთი არის ერთმორწმუნე მეზობელი და ძმა, რომ რუსეთის მესიანისტური მომავალი გადაარჩენს საქართველოს და ეს ყველაფერი ხორციელდება აუარებელი ძალიან მდარე სახის რუსული რელიგიური ლიტერატურის შემოტანით, უმეტესობის ქართულად თარგმნით და ამ წიგნებში მუდამ ერთი ტექსტი ძევს, კათოლიკური ეკლესია არის მთავარი იდეოლოგი დასავლეთისა და სატანის მსახურებისა, რომ დასავლეთი დაიღუპება მოახლებულ ქრისტეს მეორედ მოსვლისას, რომ რუსეთი გადარჩება როგორც მართლმადიდებელი ქვეყანა და ხოლო საქართველო თავის მხრივ იქნება ადგილი სადაც ანტიქრისტე ფეხს ვერ შემოდგავს და ა.შ.
ეკლესიის მრევლი აქციეს იდეოლოგიურ იარაღად, იმის მაგიერ რომ ეკლესიამ მათი რელიგიური განათლების დონეზე იზრუნოს და ღრმა კატეხიზაცია დაიწყოს ტაძრებში, იმის მაგიერ რომ მრევლი იყოს მორწმუნე ქრისტეს მოძღვრებისა და იყოს მართლმადიდებელი სარწმუნოების აღმსარებელი, გადაიქცა ყველა იმ საკითხში სასტიკ მოწინააღმდეგედ რომელიც რაიმე სახით უკავშირდება დასავლეთს, ურთიერთობას დასავლეთთან და ა.შ.
და რეალურად, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის 83% ითვლება ტრადიციით მართლმადიდებლად, სინამდვილეში ტაძრებში მხოლოდ 20-30% არის აქტიური მრევლი, რომელთა დიდი ნაწილის რელიგიური განათლება ძალიან საეჭვოა და არ სცდება ხალხური მართლმადიდებლობის დონეს, ხოლო ის ნაწილი ანუ უმეტესი ნაწილი მოსახლეობისა რომელიც აცხადებს რომ მართლმადიდებელია, მაგრამ რეალურად ამ სიტყვის იქით წარმოდგება აღარ აქვს თუ არის ქრისტიანობა და ქრისტეს ეკლესია, არის საშინლად უარყოფითად განწყობილი ყოველივე დასავლურისადმი და მათი ზომბირებული ტვინი იწყებს მოქმედებას იდეოლოგია "კართაგენის" დასაცავად როგორც კი ვინმე გაბედავს და მცირედით დაიწყებს ეკლესიის პოლიტიკის მიმართ კრიტიკას, ფაქტიურად ეს ეკლესიის გარეთ დარჩენილი ხალხი, რომელთაც მართლმადიდებლობასთან მხოლოდ ტრადიცია აკავშირებთ გადააქციეს შავრაზმულ საზოგადოებად, რომელიც მტკივნეულად აღიქვამს ნებისმიერ შეხებას საქართველოს ეკლესიის მისამართით და მიიჩნევს რომ ამით უგუნებენ ეროვნებას, თავმოყვარეობას, წინაპრების დაღვრილ სისხლს, ქვეყნის გადამრჩენელ მართლმადიდებლობას და ა.შ.
საქმე კი სხვაგვარადაა, ეკლესიამ მოახერხა ეროვნულობაზე მანიპულაციით დროებით შენარჩუნება ამ ადამიანებისა, მაგრამ რას მოუტანს ეს თავად ეკლესიას და ქვეყანას, ამაზე არავინ ფიქრობს. საქართველო იყო და არის ქრისტიანული ქვეყანა, საქართველოში რუსეთის შემოსვლამდე არსებობდა საეკლესიო თემები, რომელთა ნაწილი იყო ბიზანტიური წესის მიმდევარი (შემდგომში მართლმადიდებელი) და ლათინური წესის მიმდევარი (შემდოგმში კათოლიკე), შესაბამისად საუკუნეების მანძილზე ამ ორ ქრისტიანულ წესსა და თემს შორის მუდამ არსებობდა ჰარმონიული ურთიერთობა და ეს აბსოლუტურად ნორმალური პროცესია, თუმცა რუსეთის მოსვლამ კავკასიაში ეს ყველაფერი კარდინალურად შეცვალა.
თუ როგორი იყო საქართველოს ეკლესიის მესვეურთა ცნობიერება და დამოკიდებულება ამ ყველაფრისადმი და რუსული პოლიტიკისადმი, ძალიან ნათლად ჩანს, წმინდანად შერაცხული კათოლიკოს-პატრიარქის კირიონ II-ის ეპისტოლეში, რომელსაც ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ, მანამდე კი დავამატებ, რომ 1917 წელს როდესაც საქართველოს ეკლესიამ გამოაცხადა ავტოკეფალია, ახლად არჩეულმა პატრიარქმა პირველი ნაბიჯები სწორედ დასავლეთთან ურთიერთობების გაღრმავებით დაიწყო და დაუკავშირდა რომის ეკლესიას, ხოლო საქართველოში კირიონ II-ემ და მაშინდელმა მოწინავე სამღვდელოებამ ხელი შეუწყეს საქართველოს კათოლიკური ეკლესიის აღდგენას და კრებას დაესწრნენ, სადაც დიდი სიხარულითა და ტაშისცემით გამოხატეს პატივისცემა კათოლიკური ეკლესიის აღდგენის თაობაზედ. აი ასეთი იყო ვითარება გასული საუკუნის 20-იან წლებში და იმდენად პროგრესული იყო მაშინდელი ქართული ეკლესია, რომ დღეს რაც ხდება ნამდვილად გულისმომკვლელია, თუმცა ადამიანს იმედი არასოდეს უქრება და ჩვენც ამ იმედით და უფლის შეწევნით ვუსურვოთ საქართველოს ჯანსაღი და თითოეული მოქალაქისათვის მისაღები სახელმწიფოს განვითარება, სადაც ნამდვილად იქნება დაცული როგორც ეროვნული ისე რელიგიური უფლებები.
ეპისტოლე სრულიად საქართველოის კათოლიკოზ-პატრიარქის კირიონ მეორისა ჰრომთა პაპის მიმართ
უწმინდესო და უნეტარესო მამაო!
უძველესსა საყდარსა საქართველოისა საკათალიკოზოისასა, რომელსა 1811 წლითგან ვიდრე მოაქომამდე განაგებდეს ექსარხოსნი რუსეთის ეკლესიისანი, ათშვიდმეტსა სეკტენბერსა მიმდინარის წლისასა, აღრჩევითა მორწმუნისა ერისა და სამოღვდელოისა დასისაითა, აღყვანილ იქმნა უღირსებაი ჩემი. აღსრული საყდარსა ამას ზედა "მოვიხსენებ დღეთა პირველთა და ვიწურთი ყოველთა მიმართ საქმეთა" (ფსალ. 14,25) უნეტარესთა მწყემსმთავართა ჰრომისათა.
განგებამან ღმრთისამან არა უცხო ქმნა ეკლესიაი ჩვენი ჰრომისათვის დიდისა. პეტრე და ანდრია, პირველწოდებულთა მათ მოწაფეთა ქრისტესთა, რომელთა თესლი უბიწოი განაბნიეს მართლისა სარწმუნოებისაი ორნატთა ჰრომ-ქართველთა გულისათა, ძმობითა თვისითა წინაისწარ მოასწავეს სიყვარული და თვისობაი ორთა ამათ ეკლესიათაი. ჟამთა მოციქულთა სწორის ნინოისა და მეფისა მირიანისათა წიგნმან წმიდისა სილიბისტრო ჰრომისამან, ვითარცა ვარდი, აღაყვავილა ნაყოფი მართლმორწმუნოებისა ქვეყანასა ქართლისასა, ხოლო წვალებითა უშჯულოისა ნესტორისაითა შეიწრებულმან ახალნერგმან ამან ქრისტესმან ლხინებაი პოვა ეპისტოლესა შინა გრიგოლ დიალოღონისასა, რომელი მან ჰრომით წარმოუძღვანა უწმინდესს და უნეტარესსა სეხნასა ჩემსა, კირიონ მცხეთის კათალიკოსსა. შემდგომითი შემდგომად მოღვაწებამან წმიდისა ილარიონ ქართველისამან, რომელი წელ ორ სხემობდა ქალაქსა შინა შენისა უწმინდესობისასა, კვლავ აუწყა მკვიდრთა ჰრომისათა დიდებაი საქართველოს ეკლესიისა და განამტკიცა ერთობაი ჰრომთა და ქართველთაი.
გარდახდეს წელნი მრავალნი და შურიტა ეშმაკისათა განიხეთა ძოწეული შვენიერი ერთმორწმუნოებისა, რომელი ემოსა უბიწოსა მას სძალსა ქრისტეისსა, ეკლესიასა აღმოსავლეთისა და დასავლისასა.
გარნა საქმითა ამით არა გულარძნილ იქმნა ეკლესიაი ჩვენი: მოციქულნი და ქადაგნი ჰრომის საყდრისანი, რომელნი მეათსამმეტე საუკუნითგან მოევლინნეს ქვეყანასა ჩვენსა, შეუორგულებელად იღვწოდეს საფარველსა ქვეშე ქართველთა მეფეთასა, ვითარცა მწყემსნი კეთილნი, მკურნალნი ხორცთანი და მომფენელნი ჩვენდა სწავლა-განათლებისანი. მათ აღაშენეს ქვეყანასა ჩვენსა ეკლესიანი თვისნი და დაუმოწაფეს საყდარსა შენსა არა მცირედნი ქართველნი, რომელნი მოაქომამდე ადიდებენ ღმერთსა წესისაებრ ჰრომთა ეკლესიისა და პატივსა სცემენ სახელსა შენის უწმინდესობისასა.
დღეს ამას აღდგენისა ქართველთა ეკლესიისა და სიხარულისა მათისასა, გულისხმისმყოფელი წარსულისა ჩვენისა, მოწლედ მოვიკითხავ უნეტარესობასა შენსა და აღთქმასა ვსდებ, ვითარმედ მიმდგომნი შენისა საყდრისანი "არა შეიწრებულ იქმნებიან გულსა შინა" ჩემსა და ქართველთა ერისასა.
ვსასოებ, ვითარმედ უწმინდესობაი შენი არა უგულებელს ჰყოფს ქართველთა კათოლიკეთა და მრავალფერთა მათთა სარწმუნოებრივ-ეროვნულ სახმართა.
"მადლი უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, სიყვარული მამისაი და ზიარებაი სულისა წმიდისაი იყავნ ჩვენ შორის"
უმდაბლესი და უღირსი კირიონ მეორე
მთავარეპისკოპოსი მცხეთისა და
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
თბილისი, 1918 წელი
ამ მცირე ეპისტოლეში გადმოცემული სიბრძნე და დამოკიდებულება ჩვენი წმიდა პატრიარქისა უნდა იყოს მომავალი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ფუნდამენტი და ეკლესია უნდა იქცეს ქვეყანაში პროგრესის ხელმშემწყობ ინსტიტუტად და არა შავბნელი, რუსული ცარისტული შოვინისტური იდელოგიისა და ფანატიზმის გავრცელების ადგილად.
დავით ივერიელი
6 სექტემბერი, 2009 წელი