ისრაელის ერთ-ერთი უნივერსიტეტის პროფესორი ივრითულ ენაზე შესრულებული უძველესი წარწერების შესწავლისას სენსაციურ დასკვნამდე მივიდა. როგორც აღმოჩნდა, წერილობითი წყარო, რომელიც აზრობრივად ბიბლიას ეხმაურება, ლეგენდარული მეფე დავითის პერიოდს განეკუთვნება.

ამის მიხედვით ვარაუდობენ იმის შესაძლებლობას, რომ წმინდა წერილი აქამდე მიჩნეულზე 7 ასწლეულით ადრე გაჩენილიყო.
სამეცნიერო აღმოჩენა გააკეთა ხაიფას უნივერსიტეტის პროფესორმა - გერშონ გალილმა, რომელიც ივრითისა და წმინდა წერილის სპეციალისტია. ისტორიკოს-ლინგვისტმა თიხის ფირფიტაზე შესრულებული წარწერის გაშიფრვა შეძლო. ეს ფირფიტა წელიწადნახევრის წინათ კიაფის - იუდეველთა სამეფოს ქალაქის გათხრებისას აღმოაჩინეს.
მკვლევარები დღემდე კამათობდნენ იმაზე, თუ რომელ ენაზე იყო შედგენილი წარწერა, რომელიც გამომწვარი თიხის 15 X 16,5 სანტიმეტრიან ნატეხზე იყო მოცემული და შესრულებულია დაახლოებით ძვ.წ.აღ-ის X საუკუნეში, მიახლოებით იმ დროს, როდესაც დავითი მეფობდა.
პროფესორმა დაამტკიცა, რომ წერილი შედგენილია ძველი ივრითულით. ამის არგუმენტად მან მიუთითა ცალკეული სიტყვების ფუძეებზე, რომლებიც სწორედ ივრითულისთვის არის დამახასიათებელი და რეგიონის სხვა ენებში თითქმის არ გვხვდება. ასე რომ, კიაფის გათხრებისას აღმოჩენილი ივრითული წარწერა გაცილებით ადრეულია, ვიდრე სახელგანთქმული კუმრანული გრაგნილები. იმის გათვალისწინებით, რომ ქალაქი სამეფოს პერიფერიაში მდებარეობდა, ნეტრში დამწერლობა უფრო ძლიერ უნდა ყოფილიყო განვითარებული. ეს ყოველივე კი მიუთითებს იმაზე, რომ წმინდა წერილის პირველი წიგნები 700 წლით ადრე დაიწერა, ვიდრე აქამდე ვვარაუდობდით. მეცნიერები დღემდე ფიქრობდნენ, რომ ივრითი მხოლოდ ძვ.წ.აღ-ის III საუკუნეში წარმოიშვა და ამაზე ადრე წმინდა წერილის წიგნები ვერ შეიქმნებოდა.
ფირფიტაზე საღებავიანი ფუნჯით შესრულებული წარწერის, რომელიც შინაარსით ახლოსაა ძველ აღთქმასთან, მაგრამ მისი იდენტური არ არის, ავტორი ხელისუფალთ მოუწოდებს იზრუნონ ქვრივებზე, ღარიბებსა და არაებრაელებზე, რომლებმაც იუდაიზმი მიიღეს. ამ ფრაგმენტის თანახმად, სახელმწიფო იცავს სამართლიანობას და ზრუნავს იმაზე, რომ ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორიების წარმომადგენლები დაიცვას და მათ არაფერი აწყენინოს.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მასობრივმა საინფორმაციო საშუალებებმა სენსაციური დასკვნების გამოტანისას იჩქარეს, რადგანაც წმინდა წერილის დათარიღებასთან დაკავშირებით სამეცნიერო წრეებში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. თუმცა, ის ფაქტი, რომ აღმოჩენილია ივრითზე შესრულებული უძველესი წარწერა, ეჭვს არ იწვევს. რაც თავისთავად მნიშვნელოვანი სამეცნიერო მონაპოვარია.
http://24saati.ge/index.php/category/cultu...01-12/2611.html