ვნახე!..
მიხარია, როცა რაიმე მართლა მომწონს.
City of Life and Death იმ კატეგორიის ფილმებს მიეკუთვნება, რომლის ყურების დროსაც გზადაგზა გიჩნდება გარკვეული დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება და სურვილი იმისა, რომ ზოგიერთი სცენა თუ დეტალი უკეთ იყოს ფილმში მოცემული. გონებაში "წერ მინუსებს" და ფილმის ათბალიანი რეიტინგი ნახევარ-ნახევარი ქულით თანდათან ჩამოგყავს დაბლა... მაგრამ საკმარისია ერთი სცენა ან სულაც ერთი კადრი და შენს მიერ ჩამოწერილი ქულები კვლავ "პლიუსად ეწერება" ფილმის რეიტინგს. დასასრულს კი ენა არ გიბრუნდება, თქვა რაიმე ცუდი... (ალბათ ყველა პროფესიებს შორის რეჟისორებს და მწერლებს ყველაზე მეტად აქვთ ნიჭი _ დაანახო ადამიანს უფრო მეტი კარგი, ვიდრე ცუდი... და არ მისცე მის გონებას გასაქანი ეძებოს ხინჯები შენს ნაწარმოებში)
ფილმის მოქმედება ვითარდება 1937 წელს, ჩინეთის ქალაქ ნანკინში, რომელსაც იაპონელი დამპყრობლები მიადგნენ.
აღწერილია მოვლენები, რომელსაც ვერ მოიუსადაგებ სიტყვებს: დაპყრობა, ოკუპაცია, შეჭრა, მთავრობის დამხობა, ადამიანთა უფლებების დარღვევა... იმიტომ, რომ ფილმის რეალობასთან მიმართებაში ეს სიტყვები სასაცილოდ ჟღერს.
წარმოჩენილია ომის ყოველგვარი საშინელება, რომლის მსგავსიც გინახავს ან არ გინახავს. ფიქრობ,რომ ყოველი მომდევნო სცენა იმდენად აღარ გაგაკვირვებს და შეგძრავს, რადგან უკვე ნანახი გაქვს "შინდლერის სია", "ცხოვრება მშვენიერია", "პიანისტი" და კიდევ ძალიან ბევრი. მაგრამ სწორედაც იმდენად მძაფრია თითოეული სცენა, რამდენადაც თვითონ ეს თემატიკა ნებისმიერ ფილმში, ამიტომ შენი ვარაუდი აქაც გიმრუდდება. ბოლოს კი გბეზრდება სიუჟეტის უშედეგოდ წინასწარმეტყველება ან რეჟისორის ჩანაფიქრზე მსჯელობა და სრულიად მიენდობი მოვლენების დინებას.
ეს არის ფილმი ქალაქზე, სადაც სიკვდილი ისეთივე სანატრელი ხდება, როგორც თავად სიცოცხლე...
ფილმი შავ-თეთრია... და არც აქვს დამატებითი აზრი, რომ ფერადი იყოს, ამიტომ ამაზე აღარ ვისაუბრებ (ომს ფერი არა აქვს).
მთელი ფილმის მანძილზე გხვდება თითქოსდა უსაშველოდ გაჭიანურებული მომენტები და კადრები, რაც კიდევ უფრო მძიმე ფონს აჩენს (ოღონდ, მართალი გითხრათ, ზუსტად არ ვიცი ეს მე მეჩვენება ფილმის სიმძიმის გამო, თუ მართლა ასეა).
ფილმში თითქმის არ ისმის მუსიკა!.. მაგრამ უნდა ნახოთ, რა კარგია, როცა ის ისმის! (მუსიკა ომსაც კი "უხდება")
იკვეთება რამდენიმე მთავარი გმირი, მაგრამ ვერ გამოარჩევ რომელია პირველხარისხოვანი, რომელი მეორე (ომი ყველას ათანაბრებს)...
ჩინელები, იაპონელები... ფილმი საკმაოდ მასშტაბურია და ერთმანეთის მსგავსი სახეები გამუდმებით ირევა ყველა სცენაში, გიჭირს დაიმახსოვრო პერსონაჟები, მაგრამ ალბათ ეს ის ფილმია, რომელშიც პერსონაჟებს სახით კი არა მათი საქციელით და მათ თავს გადამტყდარი უბედურებებით იმახსოვრებ.
ბევრს აღარ გავაგრძელებ...
და ბოლოს, აღფრთოვანებული ვარ ფილმის ქალებით, უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ!





თქვენც ნახეთ
This post has been edited by SCO on 13 Aug 2009, 00:57