“ოქრუაშვილს მიეცა შანსი ევროპის ყველაზე დემოკრატიული ტრიბუნიდან დაამტკიცოს ის, რისი დამტკიცებაც ქართულ სასამართლოში შეუძლებელია”
“გერმანიის სასამართლო საქართველოს სასამართლო არ არის და ბუნებრივია, დასვამს კითხვებს”
ირაკლი ოქრუაშვილი უკვე მეორედ დააპატიმრეს, თუმცა ამჯერად საპატიმრო ადგილია შეცვლილი. ყოფილი თავდაცვის მინისტრი გერმანიაში მას შემდეგ დააკავეს, რაც საქართველოს მთავრობამ მასზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოაცხადა. მართალია ოქრუაშვილის ექსტრადიციას საქართველოს ხელისუფლება კატეგორიულად მოითხოვს, მაგრამ გერმანიის სასამართლო წინააღმდეგია, ეს მოთხოვნა უპირობოდ დააკმაყოფილოს. გერმანიის მთავრობა ოქრუაშვილს მანამდე არ გადმოსცემს, ვიდრე მის დამნაშავეობაში არ დარწმუნდება.ვიდრე ოქრუაშვილზე საქართველოს მთავრობა ძებნას გამოაცხადებდა, ოქრუაშვილმა გერმანიის მთავრობას პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა. ასეთ ვითარებაში კი არაპროგნოზირებადმა ექსმინისტრმა შესაძლოა მეტად უსიამოვნო სიურპრიზი მოუწყოს საქართველოს ხელისუფლებას. მას ხომ თავის დაცვა გერმანიის დემოკრატიულ სასამართლოში მოუწევს და ისიც დაძაბული საპრეზიდენტო მარათონის პერიოდში... ალბათ არ ღირს იმის დავიწყება, რომ ოქრუაშვილი დიდი ხანია მამხილებელი დოკუმენტების გამოქვეყნებით იმუქრება... წინასაარჩევნოდ კი უკეთეს ტრიბუნას და უკეთეს ადგილს ვერც ინატრებდა.
ეკა ბესელია (ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი): - გერმანიის სასამართლოში გასაგზავნად უკვე გავამზადეთ ირაკლი ოქრუაშვილის ყველა სატელევიზიო გამოსვლის ჩანაწერი თარგმანით; ინტერვიუები, რომელიც მან პრესას დაკავებამდე ორი დღით ადრე მისცა. არა მგონია, გერმანულ სასამართლოს ჩვენი სასამართლოსგან განსხვავებით, გაუჭირდეს იმის დანახვა, როდის და რა მიზეზებით დაიწყო ბრძოლა ოქრუაშვილის წინააღმდეგ. ეს არის ის მასალა, რომელიც პირდაპირ ამტკიცებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკური დევნის მსხვერპლი გახდა.
კიდევ გავაგზავნით მასალებს, რომლებიც ადასტურებს, რომ გამოძიება თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებზე უფრო ადრე იყო დაწყებული, ვიდრე ოქრუაშვილი განცხადებებს გააკეთებდა. სხვათა შორის, ამ სისხლის სამართლის საქმეში ოქრუაშვილის გვარი მხოლოდ 25 ოქტომბრის შემდეგ გამოჩნდა. ძალზე მნიშვნელოვანი იქნება გერმანიის სასამართლოსთვის საქართველოს გენერალური პროკურორის წერილი, რომლითაც ირაკლი ოქრუაშვილს ქვეყნის დატოვების საშუალება მისცეს სამკურნალოდ წასვლის საბაბით. ასევე ვგზავნით 13 ნოემბრის შეტყობინებას, სადაც ოქრუაშვილს იბარებენ საგამოძიებო ორგანოებში. 1-ელ ნოემბერს უცხოეთში წასულ პირს უწყება 13 ნოემბერს სახლში გაუგზავნეს და მოსთხოვეს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებულიყო. 13-ში საღამოს კი სასამართლოში შეიტანეს განცხადება მისი დაპატიმრების მოთხოვნით. სასამართლომ დაპატიმრების ბრძანება 14 ნოემბერს გასცა. ეს ადასტურებს, რომ ოქრუაშვილი ფორმალურად იყო დაბარებული საგამოძიებო ორგანოში. გერმანიაში მყოფი რომ ორ საათში ვერ ჩამოვიდოდა საქართველოში, ხომ ნათელი იყო ყველასთვის. ვიმეორებ, გერმანიის სასამართლო საქართველოს სასამართლო არ არის და ბუნებრივია, დასვამს კითხვებს, რატომ არ გაარკვია გამოძიებამ, ჩაბარდა თუ არა უწყება ირაკლი ოქრუაშვილს, შეძლებდა თუ არა ოქრუაშვილი უწყების გაგზავნიდან ორ საათში საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას. რატომ გასცეს დაპატიმრების ბრძანება საქმის არსებითად განხილვის დაწყებიდან ორი დღით ადრე. 16 ნოემბერს სასამართლო პროცესი უნდა დაწყებულიყო და 14-ში მისი დაპატიმრების ბრძანება გასცეს. ხომ ცხადია, რომ ოქრუაშვილს აღარ მისცეს შესაძლებლობა ქვეყანაში დაბრუნების და პროცესზე გამოსვლისა. 14 ნოემბერს დაპატიმრების ბრძანების გაცემა ნიშნავს, რომ საქართველოს მართლმსაჯულებამ მიიღო დავალება, ოქრუაშვილის პროცესი მის გარეშე ჩაეტარებინა.
- რაში სჭირდებოდა ეს საქართველოს მთავრობას?- ირაკლი ოქრუაშვილი ამბობდა, რომ იგი ყოველთვის შეძლებდა საკუთარი სიმართლის დამტკიცებას. მთავრობას სწორედ ამ სიმართლისა შეეშინდა. სხვა საკითხია, ქართული სასამართლო შეისმენდა თუ არა ამ სიმართლეს, მაგრამ ხალხისთვის ხომ ყველა დეტალი და ნიუანსი გახდებოდა ცნობილი? ოქრუაშვილის მიერ 5 ნოემბერს მიუნხენიდან გაკეთებულმა განცხადებებმა დაანახვა ხელისუფლებას, რომ ოქრუაშვილს არაადამიანური ზეწოლის მიუხედავად, ვერ გააჩუმებდნენ. ოქრუაშვილზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებით ხელისუფლებამ კიდევ ერთი გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა. ირაკლი ოქრუაშვილს მიეცა შანსი ევროპის ყველაზე დემოკრატიული ტრიბუნიდან ილაპარაკოს და დაამტკიცოს ის, რისი დამტკიცებაც ქართულ სასამართლოში შეუძლებელია.
- მხოლოდ განცხადებები გერმანიის სასამართლოს დააკმაყოფილებს?- ოქრუაშვილს კონკრეტული ფაქტებიც საკმარისად აქვს. არც იმაში მეპარება ეჭვი, რომ ამ ფაქტებს იგი გერმანიის სასამართლოში წარადგენს. მერწმუნეთ, ძალზე მძიმე იქნება ქვეყნის ხელისუფლებისთვის ირაკლი ოქრუაშვილის გერმანულ სასამართლოში გამოსვლა. მთელი ევროპა გაიგებს იმასაც, თუ რა ქმედებებს ჰქონდა ადგილი საქართველოს ხელისუფლებაში მთელი ამ ხნის მანძილზე. გერმანულმა სასამართლომ 40 დღეში უნდა განიხილოს ირაკლი ოქრუაშვილის ექსტრადიციის საკითხი. ეს დრო საქართველოში საპრეზიდენტო მარათონის ერთთვიან წინა პერიოდს ემთხვევა. ოქრუაშვილის მიერ გერმანიის სასამართლოდან გაკეთებული განცხადებები კი არა მგონია, უყურადღებოდ დარჩეს.
- ირაკლი ოქრუაშვილი მამხილებელი დოკუმენტების გამოქვეყნებით დიდი ხანია იმუქრება, მაგრამ რატომღაც ამ დოკუმენტებმა დღემდე ვერ მოაღწია ქართველ ჟურნალისტებამდე...- ეს დოკუმენტები ქართველ ჟურნალისტებამდე ერთი მიზეზის გამო არ მისულა: ირაკლის ძალზე ბევრი საინტერესო დოკუმენტი აქვს, რომელთა ფაქსით გამოგზავნა შეუძლებელი აღმოჩნდა მათი მოცულობის გამო. იგი საქართველოში სანდო პირს უნდა ჩამოეტანა, მაგრამ რამდენიმე მცდელობის შემდეგ შეიქმნა საფრთხე, რომ დოკუმენტები ჟურნალისტებამდე ვერ მიაღწევდა. გპირდებით, მედიას ძალიან მალე მიეცემა საშუალება ამ დოკუმენტების ხილვისა, რაც შესაძლოა ძალზე ძვირი დაუჯდეს საქართველოს ხელისუფლებას.
მიმაგრებული სურათი