აფხაზ ხალხს ჩვენ მიმართ ნაკლები აგრესია აქვს
2009-11-11 16:49:13
უკვე დიდი ხანია აფხაზეთიდან დევნილებს საკუთარი კუთხე ენატრებათ, ოცნებობენ ზღვაზე და საკუთარ თბილ კერაზე. კახა ჩიქოვანი კი, სხვებისგან განსხვავებით, სოხუმში სულ რაღაც ოთხი თვეა არ ყოფილა. დადის ყოველ წელიწადს და იმ დღეზე ოცნებობს, როცა აფხაზი და ქართველი ხალხი ერთად იცხოვრებს.
კახა ჩიქოვანი:
– უკვე დიდი ხანია, რაც სოხუმში დავდივარ. მას შემდეგ, რაც სოხუმი დაეცა, სხვებისგან განსხვავებით, მე იქ ჩასვლა არ გამჭირვებია, ესეც იმიტომ, რომ დედა აფხაზი მყავს და იქ გადასვლა არ მიძნელდება. ძალიან მინდა აფხაზმა და ქართველმა ხალხმა ერთად ვიცხოვროთ, ჩვენ ხომ ქართველები ვართ.
– გახსოვთ როგორ დაეცა სოხუმი?
– მაშინ სამი წლის ვიყავი, როცა სოხუმში ომი დაიწყო. სტუმრად ვიყავი დედის სოფელში ჩასული, ისე კი თბილისში ვცხოვრობდით. ყველაფერი ფრაგმენტებად დამამახსოვრდა და ბავშვურ მოგონებებში ჩარჩა. ახლა კი სოხუმი სულ სხვანაირია.
– დასასვენებლად ხშირად დადიხართ?
– მას შემდეგ, რაც ომი ასე თუ ისე მიწყნარდა და სიტუაცია დასტაბილურდა, თითქმის ყოველ წელს ჩავდივარ დასასვენებლად და იქ თვეობით ვრჩები. უფრო ხშირად კი სამი თვით ჩავდივარ და ზაფხულს იქ ვატარებ. იქ ისევ ცხოვრობენ ჩემი ნათესავები: ბებო, ბიძა, მეგობრები და, სხვათა შორის, აფხაზი მეგობრებიც.
– არის თუ არა მშვიდი სიტუაცია?
– ძალიან მშვიდი სიტუაციაა. გუდაუთაში სადაც მე ვცხოვრობ, აკობას ქუჩაზე, ხალხი ისევე ცხოვრობს, როგორც აქამდე. არის სახლები, რომლებიც დამწვარია და იქ არავინ ცხოვრობს, არის ისეთი სახლები, რომლებშიც მაცხოვრებლები ცხოვრობენ და უვლიან იმ სახლს როგორც საკუთარს.
– არ გექმნებათ პრობლემა, თქვენ ხომ ქართველი ხართ?
– არ უნდა დამავიწყდეს ისიც, რომ მე ქართველი ვარ და, რაღა თქმა უნდა, არც მავიწყდება, საქართველოს შვილი ვარ და აქედან გამომდინარე აფხაზიც ვარ. სულაც არ ვმალავ იმას, რომ ქართველი ვარ, ამაზე არანაირი პრობლემა არ მაქვს. პირიქით ძალიან კარგად მხვდებიან და მიღებენ, შეიძლება იმიტომაც, რომ ჩემში აფხაზის სისხლიც ჩქეფს.
– დევნიან თუ არა ქართველებს?
– მართალია, სიტუაცია არც თუ ისე მოსაწონი და კარგია, თუმცა ქართველებს იქ არავინ დევნის. მე ნახევრად აფხაზი ვარ და შეიძლება ზოგმა იფიქროს, რომ ამის გამო არ ამბობენ ჩემზე არაფერს, თუმცა ასე არაა, მათაც სტკივათ და მათაც სწყინთ, როგორც ჩვენ გვაწუხებს ჩვენი ტკივილი.
– ხომ არ დაგიმალავთ თქვენი ეროვნება?
– არა, არასდროს დამიმალავს ჩემი ეროვნება. არასდროს უთქვამთ ქართველი ხარ და აქ რა გინდაო. აფხაზი ხალხი ერთადერთ გამართლებად იმას მიიჩნევს, რომ მათ შვილები დაკარგეს. მართალია, არც რუსს და არც აფხაზს არ ვგავარ, მაგრამ იმ აგრესიას, რასაც ადრე გამოთქვამდნენ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აღარ გამოთქვამენ. ვერ ვიტყვი იმას, რომ ქართველი არ ვარ, ან როგორ უნდა დავმალო. არიან ისეთები, რომლებიც ამას ღიმილით ხვდებიან, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც არ ეპიტნავებათ, თუმცა ყველაფრის მიუხედავად, მაინც თავს იკავებენ პროტესტისაგან.
– რის გამო ჩნდება აგრესია, რა არის უმთავრესი პრობლემა?
– უფრო ხშირად, როცა კამათი მომდის და მათთან საუბარს ვაგრძელებ, ეს ის თემაა, რაც 16 წლის უკან დაიწყო და დღესაც, ჩვენდა სამწუხაროდ, გრძელდება. წინა თაობას თავისი ტკივილი აქვს, იმას ჩივის, რომ მათაც, როგორც ჩვენ, ოჯახის წევრები დაკარგეს და ეს ტკივილი ჯერაც არ მოუშუშებიათ. ვერ ვიტყვი, რომ თავის მართლება მიწევს, თუმცა იმას ნამდვილად ვეუბნები, რომ ქართველებმაც დაკარგეს შვილები და მათაც აქვთ თავიანთი ტკივილი, რომელსაც დრომ ვერ უშველა.
– როგორ ხვდება ამ ყველაფერს ახალი თაობა?
– ახალ თაობას უფრო ხშირად აგრესია უჩნდება. არიან ისეთებიც, რომლებიც არაფერს იძახიან, პირიქით ძალიან უნდათ, რომ ქართველმა და აფხაზმა ხალხმა საერთო ენა მოძებნოს და, ბოლოს და ბოლოს, 16–წლიანი განშორების შემდეგ ერთად ვიცხოვროთ, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც ამის გაგონებაც კი არ უნდათ და ქართველის ხსენებაზე "ალერგია" ემართებათ. რომ ვეკითხები, რატომ? ამაზე პასუხი არ აქვთ, უბრალოდ ჯიუტად არ უნდათ და მორჩა.
– საუბრობენ თუ არა ქართულად?
– სამწუხარო ფაქტია, ისინი ქართულად აღარ საუბრობენ. აფხაზური ენა ეს ის ენაა, რომელზეც ერთმანეთს ესაუბრებიან, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ერთმანეთს ქართულად ესაუბრებიან. აი, მე კი მათთან ქართულად ვერ ვლაპარაკობ, რადგან ახალი თაობა, თითქმის ყველა, აფხაზია და რუსულად მიწევს მათთან საუბარი.
– ჩამოდიან თუ არა დამსვენებლები?
– ზაფხულობით იმდენი დამსვენებელი ჩამოდის, რომ სოხუმის პლიაჟი გადაჭედილია. უფრო ხშირად, რა თქმა უნდა, რუსეთიდან ჩამოდიან, თუმცა ჩემსავითაც არიან ქართველები და ისეთი ქართველებიც, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ და ზაფხულის დღეებს აფხაზეთში ატარებენ.
– ლამაზდება თუ არა გადამწვარი ქუჩები?
– არის ისეთი ადგილები, რომლებიც ნელ–ნელა გააკეთეს და რესტავრაცია გაუკეთეს, თუმცა არის ქუჩები, რომლებიც ისევ ისე გადამწვარი და მოუვლელია.
– არის თუ არა ძარცვის ფაქტები?
– სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ძარცვისა და გატაცების ფაქტებზე ნამდვილად არ მსმენია. ყოველთვის, როცა ჩავდივარ, ძალიან მშვიდი სიტუაცია მხვდება. ბევრ აფხაზსაც კი აქვს იმის სურვილი, რომ ქართველი და აფხაზი ხალხი ისევ ისე ცხოვრობდეს, როგორც უწინ, ძალიან უნდათ ისევ ისეთი ურთიერთობა გვქონდეს, როგორიც წარსულში გვქონდა. როგორც ჩემი, ასევე ყველა ქართველის სურვილია, 16 წლის უკან დაწყებული კონფლიქტი ბოლოს და ბოლოს დასრულდეს.
– არსებობს თუ არა გამოსავალი?
– ყველაფერს თავისი დრო აქვს, აფხაზ და ქართველ ხალხსაც დრო სჭირდება იმისთვის, რომ საკუთარ თავში იპოვონ ის პრობლემა და დროა შევრიგდეთ და ერთად ვიცხოვროთ. ყოველთვის, როცა იქ ჩავდივარ, მათ სულ იმას ვეუბნები, რომ ქართველებს უნდათ მათთან კარგი ურთიერთობა, უყვართ აფხაზი ხალხი და აქვთ მიტევების უნარი. იმედია, ეს ცოტათი მაინც იმოქმედებს მათზე. ძალიან მინდა ჩემსავით ყველა ქართველმა იხილოს კიდევ არა ერთხელ სოხუმი და მისი ლამაზი სანაპირო.
თამარ ლაშხია
http://sana.ge/index.php?katid=12&id=4225&poz=CP1&more