ქალბატონო სოფო და "ყველა სიახლის" პატივცემულო რედაქტორ(ებ)ო (თუ, რათქმაუნდა, არსებობთ)!
ძალიან დასაფასებელია თქვენი სურვილი, რომ რამე ახალი და საინტერესო შესთავაზოთ მკითხველს.
მაგრამ
თუ ჩვენთვის წერთ, რასაც წერთ, იქნებ გამოქვეყნებამდე გადაიკითხოთ ხოლმე და დაფიქრდეთ, გავს თუ არა ეს ჟურნალისტის ნამუშევარს, შეიძლება თუ არა ამ ნაწერიდან ამბის გაგება.
მაგალითად მოვიყვან პუბლიკაციას, რომლის გამო პოლიტიკის განყოფილებაში 26-გვერდიანი გაწევ-გამოწევა მიდის, იმიტომ, რომ ხალხმა ვერაფერი გაიგო.
"მტერთან დაკავშირება ჩემი ქვეყნის პრეზიდენტმა და თავდაცვის მინისტრმა მაიძულეს"საქართველოს მოქალაქემ, ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანმა დავით დავითაშვილმა გასულ კვირას წერილით მიმართა რუსეთის პრეზიდენტს, - ის თავშესაფარს სთხოვს რუსეთის ხელისუფლებას.
45 წლის დავით დავითაშვილს გავლილი აქვს სამაშველო და სამშვიდობო სწავლებები, აგრეთვე ანტიტერორისტული სწავლების კურსი ქუვეითში. სამშვიდობო მისიით იმყოფებოდა ერაყში და არის აგვისტოს ომის მონაწილე, მაგრამ დღეს ამბობს, რომ თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ აიძულა, სამშობლოდან გაიქცეს.
დავით დავითაშვილს მეუღლესთან და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად იმ ბინიდან ასახლებენ, რომელშიც 1999 წლიდან ცხოვრობს. მუხიანში მდებარე ბინა უზენაესმა სასამართლომ დავითაშვილს 2006 წელს ჩამოართვა და თავდაცვის სამინისტროს გადასცა, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება აქამდე არ აღსრულებულა, რადგან ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანის გამოსახლება მისი სათანადო ფართობით დაკმაყოფილების გარეშე, კანონით აკრძალულია.
დავით დავითაშვილი ამბობს, რომ მისი გამოსახლება ბაჩო ახალაიას გამინისტრების შემდეგ დადგა დღის წესრიგში, ვინაიდან ქალბატონს, რომელსაც მისი ბინა უნდა გადასცენ, თავდაცვის სამინისტროს საბინაო კომისიისთვის ქრთამი აქვს მიცემული. სამინისტროს თანამშრომლები ათასგვარ უკანონობას სჩადიან, რომ ეს ამბავი არ გამჟღავნდეს.
- ბატონო დავით, რატომ სთხოვეთ რუსეთის ხელისუფლებას თავშესაფარი?
- ამის მიზეზი გახდა ის, რომ ჩვენს ე.წ. დემოკრატიულ ქვეყანაში სიმართლე ვერსად ვიპოვე, მეუღლითა და სამი მცირეწლოვანი შვილით უკანონოდ მასახლებენ ბინიდან. იმის გამო, რომ გავბედე და პრეზიდენტს მივწერე ამ უკანონობის შესახებ, სამსახურიდან გამათავისუფლეს. როგორც კი პრეზიდენტის კანცელარიიდან ჩემი განცხადება თავდაცვის სამინისტროს გადაეგზავნა, დამიბარა ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის აპარატის უფროსმა პაატა გიორგაძემ და მომთხოვა, პატაკი დამეწერა შეიარაღებული ძალებიდან წასვლაზე, რაზეც უარი განვაცხადე და ვუთხარი, სხვა სამსახურში გადასვლაზე დავწერ პატაკს-მეთქი, დამეთანხმა, მაგრამ როგორც კი წამოვედი, გათავისუფლების ბრძანება უკან მომაყოლეს.
ჩვენს მთავრობას პროფესიონალები აღარ სჭირდება. ბაჩო ახალაიამ 300-ზე მეტი ადამიანი გაათავისუფლა შეიარაღებული ძალებიდან, მათი უმრავლესობა ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანია.
- სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ არ მიგიმართავთ საქართველოს პრეზიდენტისთვის ან სასამართლოსთვის?
- ეს იგივეა, მეფეს უთხრა, შენმა შვილმა დანაშაული ჩაიდინაო, მეფე საკუთარ შვილს ხომ არ მოსჭრის თავს? ამიტომაც სხვა გზა აღარ დამრჩა და წერილით მივმართე რუსეთის პრეზიდენტს.
დამირეკეს და მითხრეს, რომ დეტალურად შეისწავლიან ჩემს საკითხს და ერთ კვირაში მაცნობებენ გადაწყვეტილებას. ოჯახით ვაპირებ წასვლას, მაგრამ რუსულ ჯარში არ ვიმსახურებ. 1991-92 წლებშიც და აგვისტოს ომშიც მათ ვეომებოდი. მტერთან დაკავშირება ჩემი ქვეყნის პრეზიდენტმა და თავდაცვის მინისტრმა მაიძულეს. შვილებს სამშობლოს ვერ დავუკარგავ. საქართველოს სამუდამოდ ვერ დავტოვებ. როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, მაშინვე დავბრუნდები.
სამშობლოსთვის სისხლი მაქვს დაღვრილი, ჩემი ძმების საფლავებიც აქ არის. აგვისტოს ომის დროს მზად ვიყავით ცხინვალში შესაბრუნებლად და მოსახლეობის დასაცავად, მაგრამ მთავრობამ ამის საშუალება არ მოგვცა. ჩვენი ხალხი საჯიჯგნად დავუტოვეთ მტერს.
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, სამშობლოსთვის თავი გავწიროთ. სამშობლოსთვის და არა მთავრობისთვის.
გალინა ოზიაშვილი, დავით დავითაშვილის მეუღლე:
- ჩემი გერმანელი ბებია საქართველოდან გასახლებას ტირანმა სტალინმა გადაარჩინა და "დემოკრატი" სააკაშვილი ქვეყნიდან მაძევებს. ჩვენ პირველები არ ვართ, ჩვენს ბედს კიდევ სამი-ოთხი ოჯახი გაიზიარებს. 300 ადამიანია გაძევებული ჯარიდან უსაფუძვლოდ, ზოგს წელიწადი ჰქონდა დარჩენილი პენსიამდე, ზოგს - სამი თვე. სამაგიეროდ, ვინც მერაბიშვილს გამოადგა, ისინი შეყარეს ჯარში, არმიას მიზანმიმართულად ანგრევენ და როგორ აპირებენ ქვეყნის დაცვას, არ ვიცი. დეზერტირი მთავრობა ვერ იტანს ნაომარ ჯარისკაცებს.
სოფო ჭიპაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)
წყარო/Source:
http://www.ambebi.ge/samkhedro/23161-qmter...l#ixzz0tPiulMwa************
სრულიად გაუგებარი დარჩა პრინციპულად მნიშვნელოვანი დეტალები. მაგალითად:
ვის საკუთრებაში იყო ბინა დავითაშვილის ოჯახის შესახლებამდე, და რა კანონიერ საფუძველზე ცხოვრობდა ეს ოჯახი ამ ბინაში. იქნებ, არ იყო ეს ბინა დავითაშვილების საკუთრება და თავიდანვე იცოდნენ, რომ დროებით სარგებლობაში აქვთ?...
ანუ, რომ დაფიქრდე, გაუგებარია, უსამართლოდ ასახლებენ ოჯახს, თუ სამართლიანად.
"ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანის გამოსახლება მისი სათანადო ფართობით დაკმაყოფილების გარეშე, კანონით აკრძალულია"
- ეს გასაგებია, მაგრამ ვინ არის ამ ტიპის საკითხებზე პასუხისმგებელი, და როგორია მისი / მათი პოზიცია?
"ქალბატონს, რომელსაც მისი ბინა უნდა გადასცენ, თავდაცვის სამინისტროს საბინაო კომისიისთვის ქრთამი აქვს მიცემული. სამინისტროს თანამშრომლები ათასგვარ უკანონობას სჩადიან, რომ ეს ამბავი არ გამჟღავნდეს"
- ამ ბრალდებაზე მეორე მხარის არგუმენტების მიღება თქვენთვის თუ არა, მკითხველისთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა. რა არგუმენტები აქვს საბინაო კომისიას? ვინ არის ამ ბინაში შესახლების სავარაუდო კანდიდატი?
თუ თავდაცვის სამინისტროში ამ საქმესთან კავშირში მყოფი ყველა რგოლი უარს ამბობს კომენტარზე, ეს მითითებული უნდა იყოს.
მაგრამ ასეთ სიტუაციაშიც არის გამოსავალი:
არსებობენ თუნდაც მეზობლები, რომელთაც შეუძლიათ გარკვეული ინფორმაციის მოცემა იმაზე, თუ რა კანონიერ საფუძველზე დასახლდნენ დავითაშვილები მათ კორპუსში 1999 წელს, და სმენიათ თუ არა იმის შესახებ, რომ ეს ბინა დროებით სარგებლობაში / პირად საკუთრებაში ჰქონდათ...
ყოველთვის შეიძლება რაღაცის მოფიქრება, რომ ამბავი დაბალანსებული და გასაგები იყოს. თუ, რათქმაუნდა, მიზანი არ იყო დავით დავითაშვილის წამებულად, ხოლო სამინისტროს - მონსტრად წარმოჩენა.
თუ დაგაინტერესებთ, შემიძლია კარგი წიგნიც გირჩიოთ, სადაც ჟურნალისტიკის საბაზო პრინციპები ძალიან კარგად არის ახსნილი.
შესაძლოა, ეს შეურაცხყოფად მიიღოთ, მაგრამ ალბათ ჯობია, ერთხელ გადააბიჯოთ საკუთარ გონორს და რამე ისწავლოთ, ვიდრე მომავალშიც ისეთი კომენტარები და შეფასებები დაიმსახუროთ, რომლებიც ამ ფორუმზე "ვორნით" და "ბანით" ისჯება.