ლაშა ტალახაძე: სხვა ქვეყნებიდან ისეთ თანხებზეა შემოთავაზება, შეიძლება მართლა დამაფიქროს
ქართველი ძალოსანი, ლაშა ტალახაძე ჯერ კიდევ სახელმწიფოს მიერ დაპირებულ სოლიდურ პრემიას ელოდება, ისევე როგორც სხვა ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები. როგორც „აიპრესისთვის“ გახდა ცნობილი, 23 წლის ოლიმპიურ ჩემპიონს, კანადა და თურქეთი ეპატიჟებიან, რომ მათი ქვეყნის სახელით მიიღოს სხვადასხვა ტურნირებსა და ოლიმპიადაზე მონაწილეობა. რა თანხაზეა საუბარი და რატომ გრძნობს ლაშა ტალახაძე ქვეყნისგან დაუფასებლობას. ოლიმპიური ჩემპიონი „აიპრესის“ კითხვებს პასუხობს.
- ჩვენი ინფორმაციით, კანადა და თურქეთი გეპატიჟებიან, რომ მათი სახელით გამოხვიდეთ სხვადასხვა შეჯიბრებებზე. რას ფიქრობთ?
- შემოთავაზებები ბევრია. ასე კონკრეტულად, შეიძლება ეს ქვეყნები არ იყოს, მაგრამ წინადადება ბევრია. ჩემი მხრიდან ჯერ პასუხი არ არის. ეს ისედაც ყველამ იცის, რომ ბევრ ქვეყანას სურს ჩემი მათთან წასვლა. საკითხი არის ასე - ითხოვენ და თანხმობას თუ იქნება, ბევრი ითხოვს, მაგრამ, ჩემი მხრიდან, ჯერ-ჯერობით, არაფერია.
- ის დაპირებული პრემია, რაც ოლიმპიური ოქროს მედლისთვის იყო დაწესებული, საუბარია მილიონ ლარზე, ჯერ არ მიგიღიათ. ეს არის მიზეზი იმის, რომ წასვლაზე ფიქრობთ?
- პრემია, რაც იყო დაწესებული 170 ათასი ლარი, ყველამ მიიღო. იყო დანამატზე საუბარი და ამას ველოდებით. ამ თვის ბოლოს არიან შეპირებულები, რომ იქნება.
- თქვენ მხოლოდ 50 ათასი ლარი მიიღეთ, ისიც ბადრი პატარკაციშვილის ფონდიდან, 950 ათას ლარს ელოდებით ახლა?
- დიახ, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა გადმოგვცა 50 ათასი ლარი საჩუქრად. მილიონმა გაიჟღერა იქ, მაგრამ ჩემი ყურით არ გამიგია. ჩვენს ბიჭებს უთხრეს, რომ ასეთი საუბარი იყო. დღეს მილიონს არავინ გვპირდება, მაგრამ რაღაც თანხას გვპირდებიან. ველოდებით და მგონი, 100%-ით იქნება.
- ოლიმპიადის დასრულებიდან უკვე კარგა ხანი გავიდა. გულს არ გტკენთ ასეთი დამოკიდებულება?
- გულდასაწყვეტია. როგორც ვიცი, ლონდონის ოლიმპიადაზე მედლის მფლობელს, ჩემპიონს მილიონი გადაეცა და წელს, მხოლოდ 170 ათასი ავიღეთ და 50 ათასი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა გადმოგვცა.
- მინდა ცალსახად დამიზუსტოთ, მიუხედავად იმისა, ჩაირიცხება თუ არა ეს დაპირებული სოლიდური პრემია, განიხილავთ თუ არ განიხილავთ სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლას?
- ჩაირიცხება თუ არ ჩაირიცხება, ყოველ შემთხვევაში, ამაზე ფიქრი ჯერ არ მინდა. სხვა ქვეყნის სახელით გამოვალ თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ისეთ თანხებზეა შემოთავაზება, შეიძლება მართლა დამაფიქროს. იმიტომ, რომ სპორტსმენი როდესაც იგებს ოლიმპიადაზე, ეს ისეთი შეჯიბრებაა, შეიძლება ერთხელ მოიგოს ადამიანმა და მომავალში აღარ გაგიმართლოს. უბრალოდ, როდესაც იგებს სპორტსმენი, უნდა დაუფასდეს. სპორტის ისეთი სახეობაა, შეიძლება ტრავმა მიიღო და შემდეგ საერთოდ ვეღარაფერი გააკეთო. გულდასაწყვეტია და ძალიან დიდი განსხვავებაა. იმაზეა საუბარი, რომ სხვაგან უფრო მეტად შეიძლება დაუფასდეთ, ვიდრე - ჩვენ. სხვა ქვეყნებიდან მილიონებზეა საუბარი, შემოთავაზება და ჯერ კიდევ მართლა არ ვიცი.
- ფიქრობთ, რომ ქვეყანამ სათანადოდ არ დაგაფასათ?
- ქვეყანაზე მეტად, ხალხმა უფრო დაგვაფასა, სიმართლე გითხრათ. ჩვენ, ყველა სპორტსმენი ამას აღვნიშნავთ, რომ ის სიხარული, რაც ჩვენმა გულშემატკივარმა განიცადა, ბევრად მეტია, ვიდრე სოლიდური პრემია, მაგრამ თანხაც აუცილებელია. სპორტსმენს ძალიან დიდი გზის გავლა უწევს შეჯიბრებამდე, მოსამზადებელი ეტაპით, ყველაფრით. ერთი მხრივ სამშობლოს და ხალხის სიყვარულია, მაგრამ ფულიც ყველა სპორტსმენს ესაჭიროება. ამიტომაც ვწვალობთ, ამის თქმა მინდა. ჩვენს უკან ოჯახებია და ჩვენზე ბევრი რამეა დამოკიდებული, რომ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რათა საყვარელი ადამიანები კარგად გვყავდეს ნებისმიერ სიტუაციაში. თანხაც თავის როლს თამაშობს.
http://www.ipress.ge/new/65602-lasha-talak...rtla-damafiqrosდანარჩენზე იმსჯელეთ
დამნაშავე ალბათ მეტწილად მთავრობაა მაგრამ ამ განცხადებასაც ვერ ვუწოდებ მთლად ლამაზს