ნინო ბურჯანაძეც დაიკითხება და ზურაბ ნოღაიდელიც"
სავარაუდოდ, თებერვალში ტელეკომპანია "მაესტრო" განახლებული პროექტებით წარდგება მაყურებლის წინაშე. მართალია, უცნობის გადაცემა "საკანი #5" აღარ იქნება, მაგრამ მზადდება არანაკლებ სკანდალური პროექტი "ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას". მაყურებელს მიეცემა საშუალება, პირდაპირ ეთერში "დაესწროს" სასამართლო პროცესებს გახმაურებულ და გაუხმაურებელ საქმეებზე, რომლებიც თავის დროზე არაობიექტურად და მიკერძოებულად გამოიძიეს. ჩვენი სტუმარია ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი, რომელიც ბრალმდებლის როლში მოგვევლინება.
- ბატონო გელა, გავიგე, პროფესიას იცვლით...
- დროებით. ეს იქნება ინსცენირებული სასამართლო პროცესი, სადაც ბრალდების მხარე წარმოადგენს საბრალდებო დასკვნას, მოსამართლე ბატონი მინდია უგრეხელიძე იქნება. ამ დღეებში გამოვაცხადეთ ადვოკატის შესარჩევი კონკურსი. ჯერ კიდევ გვაქვს იმედი, რომ ხელისუფლება თვითონ წარმოადგენს ადვოკატს, თუ არადა, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან შემდგარი კომისია ადვოკატს კონკურსის წესით შეარჩევს.
- ყველა საქმეზე ერთი ადვოკატი დაიცავს ხელისუფლების ინტერესებს?
- იქნება ერთი მთავარი ადვოკატი, თუმცა შეუძლია აიყვანოს დამხმარე ადვოკატიც, უფლება აქვს, სამხედრო, ეკონომიკის ან განათლების სფეროში დაიხმაროს კომპეტენტური პირები.
- ოფისი უკვე შერჩეულია?
- ოფისი იმელის შენობის უკან, თაბუკაშვილის ქუჩაზე იქნება. მაყურებელი ნახავს, როგორ მოდიან მოქალაქეები თავიანთ ადვოკატებთან ერთად, როგორ მოაქვთ საქმეები, როგორ ესაუბრებიან ჩვენს იურისტებს, რომლებიც იღებენ, ახარისხებენ და სწავლობენ საქმეებს. დაზარალებულები და მოწმეები სასამართლოზე დაიკითხებიან.
- პროექტი მხოლოდ გახმაურებული საქმეების განხილვას არ გულისხმობს?
- ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც თავს მიიჩნევს უფლებაშელახულად და უსამართლო სასამართლოს მსხვერპლად, მოვა თავისი საქმით, საიდანაც ამოვარჩევთ უფრო მნიშვნელოვანს.
- ალბათ, აუცილებელია, პროცესზე წარმოდგენილ იქნეს როგორც დაზარალებული, ასევე ბრალდებული. როგორ ფიქრობთ, ხელისუფლების მხრიდან, ვთქვათ, ვანო მერაბიშვილი მიიღებს თქვენს მიწვევას გადაცემაში?
- მოწმის სტატუსით მოვიწვევთ მინისტრებსა თუ პარლამენტარებს. ჩვენ არ გვაქვს იმედი, რომ არჩევნების გაყალბების საქმის განხილვისას მოვლენ ხათუნა გოგორიშვილი და მიხეილ მაჭავარიანი, სამხედრო საქმეზე - ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ან ქუჩაში ჩახოცვასთან და ადამიანის უფლებების შელახვასთან დაკავშირებით - ვანო მერაბიშვილი, თუმცა ვალდებული ვართ, ისინი გამოვიძახოთ. მოვლენ სხვა ადამიანები, მოწმეები, მაგ. გოგა ხაინდრავა დაიკითხება ომის წინა პერიოდთან დაკავშირებით, - თუ რა უძღოდა ამას, იყო თუ არა ომი გარდაუვალი და სხვა. დაიკითხება ასევე ქალბატონი ნინო ბურჯანაძე, რომელიც თანამდებობაზე ყოფნის დროს, ბუნებრივია, ალბათ უამრავ ინფორმაციას ფლობდა, ასევე, ზურაბ ნოღაიდელი და ყველა ის, ვისაც კონკრეტულ დანაშაულზე რამის თქმა შეუძლია.
- ზურაბ ჟვანიას მკვლელობას გამოიძიებთ?
- აუცილებლად და ეს, ალბათ, რთული საქმე იქნება. თუ სასამართლოზე სათანადო მტკიცებულებები არ იქნება წარმოდგენილი, დანაშაული იურიდიულად დადასტურებულად ვერ ჩაითვლება. ჩვენ დავკითხავთ გოგლა ჟვანიას, ვახტანგ კომახიძეს და ყველას, ვისაც კი რაიმე ინფორმაცია ექნება ამ საქმის ირგვლივ. დაიკითხება, ასევე, თემურ შაშიაშვილიც, რომელიც დაგვპირდა, რომ ჩვენს სასამართლოს გადმოსცემს იმ აუდიოჩანაწერს, რომელიც ხელში ჩაუვარდა.
- როდის გავა ეთერში ეს გადაცემა?
- თებერვალში, მაშინ, როდესაც "მაესტრო" გავა სატელიტზე, ანუ მთელ საქართველოს დაფარავს. მანამდე კი იქნება მოსამზადებელი ეტაპი.
- რა დანიშნულება ექნება გადაცემას?
- იმას, რასაც ჩვენ გავაკეთებთ, ნორმალურ ქვეყანაში ოფიციალური სასამართლო უნდა აკეთებდეს. ჩვენს ქვეყანაში სასამართლო უსამართლოა და ეს შეუძლებელია, ამიტომ ვაჩვენებთ საზოგადოებას ნამდვილ, ობიექტურ და მოუკერძოებელ სასამართლოს. ამ ხელისუფლებას რომ სიმართლის არ ეშინოდეს, თვითონვე დაინტერესდებოდა მტყუან-მართლის ობიექტურად გარჩევაში. ამ გადაცემით მათ ეძლევათ შესანიშნავი შანსი, დაანახვონ საზოგადოებას, რომ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება გარდაუვალი იყო და დაარწმუნონ თავის სიმართლეში.
მაგარი რამე იქნება

მოუთმენლად ველი