http://www.gevision.tv/index.php?option=co...temid=6&lang=ka"უექსპერტიზოდ ამ კასეტას ფასი არა აქვს"
ავტორი - "საქართველოს რესპუბლიკა"
FRIDAY, 11 DECEMBER 2009 13:23
მასმედიით გახმიანდა ინფორმაცია, რომ ზურაბ ჟვანიას მკვლელობის ამსახველი სკანდალური აუდიოჩანაწერი თბილისშია და მალე მას საზოგადოებრიობაც გაეცნობა. ამ საკითხით დავიწყეთ საუბარი სახალხო სასამართლოს ხელმძღვანელთან, ბატონ შიო არსენაშვილთან.
- რაც ყველამ იცის, ჩვენც იგივე ინფორმაციას ვფლობთ. არსებობს კასეტა, რომელიც ზოგს ჰგონია, რომ თბილისშია, ზოგი ამბობს, ევროპის ქალაქებშია გადანაწილებული და მალე ჩამოიტანენ. მეც ჯერჯერობით ეს ამბავი ჭორად გავიგე, ყოველ შემთხვევაში, კასეტა არც მე და არც სასამართლოს რომელიმე წევრს არ უნახავს.
- ამბობენ, რომ კასეტა თემურ შაშიაშვილთან ინახება...
- ძალიან საეჭვოა, ბატონ თემურს ჰქონდეს ამ მომენტში. უფრო მართებული იქნება, ვთქვათ, რომ ბატონ თემურს მოასმენინეს. ყველამ იცის, რომ მას ტყუილები არ სჩვევია და, ალბათ,
საკუთარი ყურით მოისმინა კიდეც. მაგრამ მეეჭვება, ეს მასალები მასთან იყოს, შესაძლოა, ვინმე უცნობ ადამიანს ან თუნდაც თქვენ უფრო გედოთ ჯიბეში, ვიდრე თემურ შაშიაშვილს. და ეს ბუნებრივიცაა.
- ხალხი ლაპარაკობს, რომ ჩანაწერში გია ბარამიძის ხმის გარდა, მიხეილ სააკაშვილის ხმაც ისმის... თქვენ რაიმე გსმენიათ ამის შესახებ.
- კი, მეც გავიგე ჭორად ამის თაობაზე, თითქოსდა სააკაშვილი ამბობს: გაიტანეთო... როცა ამ მასალას მოვიპოვებთ, გია ბარამიძეს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებსაც შევთავაზებთ ექსპერტიზის გავლას. ჩვენ ვაცხადებთ, უექსპერტიზოდ ამ კასეტას ფასი არა აქვს. როგორც ვიცი, ჩანაწერს უცხოეთში, გერმანიაში ჩაუტარდა ექსპერტიზა. თბილისში ჩამოტანის შემდეგ განმეორებით ექსპერტიზას მივმართავთ.
- არ არის გამორიცხული, ხელისუფლებამ ეს კასეტა ყალბად მიიჩნიოს...
- დღევანდელ პირობებში ექსპერტიზა მაღალ დონეზე ტარდება, მსოფლიოს სასამართლოებში ხმა 98-99 პროცენტით დგინდება. თუ ჩანაწერში ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის ხმა დაგვაეჭვებს, თავად მის ინტერესშია, რომ მივიდეს, ხმა ჩაწეროს და უდანაშაულობა დაამტკიცოს. როგორც კი ჩაგვივარდება ხელში კასეტა, შევეცდებით, შესაბამისი ტექსტი მასმედიაში გამოვაქვეყნოთ, რათა ხალხმა ოპერატიულად შეიტყოს ყველაფერი.
- სახალხო სასამართლო უკვე ინტენსიურად მუშაობს. რა სიახლეებია თქვენს საქმიანობაში.
- მრავალი სიახლეა. ჩვენ ვმუშაობთ და საქმეებს ვიღებთ. შემოსულია რამდენიმე მნიშვნელოვანი საქმე: მიწისა და ტერიტორიების უკანონო წართმევაზე, ანუ ქონების ჩამორთმევაზე, საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაზე შემოსულია რამდენიმე უცნობი ფაქტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე, თუ როგორ შეუზღუდეს დამოუკიდებლობა...
არის, ასე ვთქვათ, ომის საქმე. უამრავი ზარი შემოდის და გვატყობინებს, რომ არსებობს კადრები, თუ როგორ წვავენ ჩვენივე ჯარისკაცები გვამებს, რათა შემდეგ ისინი უგზოუკვლოდ დაკარგულებად გამოაცხადონ. ეს თუ მართალია, ნამდვილად საშინელებაა.
ასე რომ, ჩვენ სერიოზულად ვემზადებით სასამართლოსთვის ბატონი მინდია უგრეხელიძის ხელმძღვანელობით. დაახლოებით ერთ თვეში უკვე დავიწყებთ საქმეების განხილვას.
სიახლეა ისიც, რომ სახალხო სასამართლოსთან შეიქმნა საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია თითქმის ყველა სერიოზული პოლიტიკური პარტიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლისგან. მალე ღია წერილით მივმართავთ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს. თუ ნაციონალური მოძრაობა, როგორც თვითონ ამბობენ, დემოკრატიულია, მათ ხელს უნდა აძლევდეთ ყველანაირი დემოკრატიული პროცესი ქვეყანაში. ეს პროექტი, სწორედაც რომ, ძალიან დემოკრატიულია და მისი ამოქმედებისთანავე, დარწმუნებული ვარ, დემოკრატიულობით პირველ ადგილზე გაიყვანს საქართველოს. სახალხო სასამართლოთი მთელი მსოფლიოა დაინტერესებული, უამრავი ზარი შემოდის, ჩვენი საქმიანობა გაშუქდება სტტ-ზე სხვა ქვეყნის ტელევიზიებით. მივესალმებით "მაესტროს" ინიციატივას, სრულად გადასცეს სასამართლო პროცესები.
სამომავლოდ, ბატონ პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს, ანუ მათ, ვინც ხელისუფლების სახეები არიან და პროცესში მეორე მხარეს წარმოადგენენ, ღია წერილით მივმართავთ. მათ, ბუნებრივია, თავი უნდა დაიცვან. თუ რომელიმე იურიდიული ორგანიზაცია ამ ხელისუფლების დაცვის სურვილს გამოთქვამს, მას ამის საშუალება ექნება.
ასე რომ, ხალხი, საზოგადოებრიობა მოუთმენლად ელოდება სახალხო სასამართლოს დაწყებას. ძალზე აქტიური მუშაობა გველის წინ. იმედი გვაქვს, მრავალი სკანდალური და საინტერესო საქმე გაიხსნება.
ესაუბრა ნატა ნიბლაძე
"საქართველოს რესპუბლიკა"
მიმაგრებული სურათი