თვის ნომინანტები (ნოემბერი-დეკემბერი)
წესითა და რიგით, წინა თვის ნომინანტები დეკემბრის დასაწყისში უნდა გამოგვევლინა;
თუმცა, რახან ნოემბერში მხოლოდ სამი მატჩი იყო, დეკემბერში კი - ორი, ამიტომაც ჩემპიონატში მონაწილე ათივე გუნდის ორი თვის მონაცემები შევაჯამეთ და საუკეთესოებიც ამ კრიტერიუმით ავარჩიეთ. ოქტომბრის მსგავსად, ფეხბურთელთა შორის, კვლავაც ორი რჩეული გვყავს, აი, მწვრთნელებში კი ერთადერთი გამარჯვებულია...
მწვრთნელი თემურ მახარაძე (ოლიმპი)
ზედიზედ მეორე თვეა, ამ ნომინაციაში თემურ მახარაძე იმარჯვებს; ოღონდ, ოქტომბერში ეს პატივი გია გეგუჩაძესთან ერთად ხვდა, ამჟამად კი კოლეგებში უკონკურენტო იყო! თავად განსაჯეთ: ნოემბერ-დეკემბერში რუსთავის ?ოლიმპმა? ასპროცენტიანი შედეგი აჩვენა და ჩემპიონატის პირველი ეტაპი ერთპიროვნული ლიდერის რანგში დაასრულა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი, რაღა თქმა უნდა, ის ფაქტორი იყო, როცა ამ პერიოდში ?ოლიმპმა? სამივე პრინციპული დაპირისპირება მოიგო. ექვსქულიანი თამაშიაო, - აი, ხშირად ასე ვუწოდებთ ხოლმე უშუალო კონკურენტების შეხვედრას; ჰოდა, თემურ მახარაძის გაწვრთნილმა ?ოლიმპმა? სწორედ ნოემბერ-დეკემბერში შეძლო ?დინამოს?, ?ვიტ ჯორჯიასა? და ?ზესტაფონის? დამარცხება. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ და ვინმეს, რაც უნდა საკამათო თამაშგარეებსა თუ პენალტებზე განსხვავებული აზრი ჰქონდეს, რუსთავის ?ოლიმპი? ჩემპიონატის საშუალედო ეტაპის გამარჯვებულია; ანუ, ?ზამთრის ჩემპიონია? და ყოველივე ეს გუნდის თითოეულ ფეხბურთელთან ერთად მთავარი მწვრთნელის უდიდესი დამსახურებაც არის. სხვათა შორის, მახარაძის გაწვრთნილ გუნდებს უკვე სამი თვეა არ წაუგიათ: ?ოლიმპში? მოსვლამდე ბოლნისის ?სიონში? ჰქონდა ჩინებული სერია. საერთო ჯამში კი მახარაძე-მწვრთნელს 14-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ამ სეზონში უკანასკნელად იმ გუნდთან დამარცხდა, ამჟამად რომ მოღვაწეობს (30 აგვისტო, ?ოლიმპი?-?სიონი? 3:0)...
...ზამთრის პაუზას მახარაძის ?ოლიმპი? სოლიდური ჰანდიკაპით ხვდება - უშუალო მეტოქის შვიდი ქულით ჩამოტოვება პატარა ამბავი ნამდვილად არ არის; ძალიან გვეეჭვება, რომ გამოცდილი სპეციალისტის გაწვრთნილმა გუნდმა (ზამთარში კიდევ რომ უნდა გაძლიერდეს) ამხელა უპირატესობა გაფლანგოს. ეს ყველაფერი კი იმის წინა პირობა უნდა იყოს, რომ თემურ მახარაძემ თავის ხანგრძლივ სამწვრთნელო კარიერაში პირველი საჩემპიონო ტიტული მოიპოვოს. კიდევ ვიმეორებთ: არავინ იცის, მეორე ეტაპზე რა და როგორ მოხდება. მაგრამ, თემურ მახარაძის რუსთავის ?ოლიმპი? ამჟამად რომ ყველაზე მეტად იმსახურებს ოქროს მედლებს, ბევრი მტკიცება არ სჭირდება. ალბათ, არც ის ფაქტი უნდა იყოს საკამათო, რომ ნოემბერ-დეკემბრის სიმბოლურ ნაკრებში ყველაზე მეტი ფეხბურთელი (6) სწორედ ?ოლიმპიდან? არის. ეგ კი არა, ნოემბერ-დეკემბრის ორ საუკეთესო ფეხბურთელთაგან ერთ-ერთი ასევე ?ოლიმპს? წარმოადგენს. თუმცა, ეს ხომ ამ ჩემპიონატის ?ტრადიციაა? და მხოლოდ ოქტომბერში დაირღვა, თორემ აგვისტოს, სექტემბრის და ნოემბერ-დეკემბრის საუკეთესო ფეხბურთელად ?ოლიმპის? წარმომადგენელს ვასახელებდით.
ფეხბურთელები დავით იმედაშვილი (ოლიმპი), გურამ კაშია (დინამო)
მეოთხე სეზონია ?თვის ნომინანტებს? ვასახელებთ და ძალიან ხშირად ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა რომელიმე ნომინაციაში ერთდროულად ორი გამარჯვებული გვყოლია. განსაკუთრებით კი, ?თვის ფეხბურთელებზე? ითქმის და რაღა შორს მივდივართ, წინა თვეები გავიხსენოთ. შეგახსენებთ, რომ აგვისტოში საუკეთესოდ ანდერსონ აკინო (?ოლიმპი?) მივიჩნიეთ. სექტემბერში - ნიკოლოზ გელაშვილი (?ზესტაფონი?) და ალექსანდრე კოშკაძე (?დინამო?), ოქტომბერში - თორნიკე აფციაური (?ზესტაფონი?) და ანდერსონ აკინო. ნოემბერ-დეკემბერშიც ორი რჩეული გვყავს - დავით იმედაშვილი (?ოლიმპი?) და გურამ კაშია (?დინამო?)! აი, მსგავსი შემთხვევა კი ამ ოთხი სეზონის განმავლობაში არასდროს მომხდარა: საუკეთესოებად... მცველები მივიჩნიეთ! ჰო, რატომღაც ყველგან ასეა დამკვიდრებული, რომ მეტისმეტად იშვიათი გამონაკლისის გარდა, მცველებს ბევრად უფრო ნაკლები აღიარება-დაფასება აქვთ, ვიდრე თავდამსხმელებსა თუ ნახევარმცველებს. ნოემბერ-დეკემბერში კი, ჩვენი სუბიექტური აზრით, ჩემპიონატში ყველაზე გამორჩეულად და სტაბილურად სწორედ დავით იმედაშვილმა და გურამ კაშიამ იასპარეზეს. ამიტომაც არ იყო შემთხვევითი, ხუთიდან ოთხ შემთხვევაში ეს ორი ფეხბურთელი ?ლელომ? ტრადიციული ?ტურის სიმბოლურ ნაკრებში? რომ შეიყვანა.
...დავით იმედაშვილი ეროვნულ ჩემპიონატს სამწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა; სამწუხაროდ, მიზეზთა გამო, ამ ნიჭიერ და უნივერსალ ფეხბურთელს საზღვარგარეთული კარიერა იდეალურად ნამდვილად ვერ აეწყო. არადა, აქედან რომ მიემგზავრებოდა, ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ (გვარიც ხომ ხელს ?უწყობდა? - გ.ტ.) მოთამაშედ მიიჩნეოდა. 17 წლის ასაკში გამოჩნდა ?ვიტ ჯორჯიას? შემადგენლობაში და ოთხი სეზონის განმავლობაში საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო მცველად ჩამოყალიბდა. იმედაშვილის უნივერსალობა შემთხვევით არ გვიხსენებია - ფიზიკურად ღონიერ და ათლეტური აღნაგობის ახალგაზრდა ბიჭს ერთნაირი წარმატებით შეეძლო დაცვის ორივე ფლანგზე და ცენტრშიც თამაში. ჯერ, საქართველოს 19-წლამდელ ნაკრებში თამაშობდა, მერე უკვე ახალგაზრდულ ნაკრებში მიიწვიეს; ამასობაში კი ?ვიტ ჯორჯიას? ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა და ეს იმის მიუხედავად, რომ იმ პერიოდში ?ვეტერინარებს? თითქმის ყოველ სეზონში ახალ-ახალი მწვრთნელი ჰყავდათ. განსაკუთრებით შთამბეჭდავად იასპარეზა ?ვიტ ჯორჯიასთვის? საჩემპიონო სეზონში (2003-04); იმავეს თქმა შეიძლება 2005/06 წლების სეზონშიც, როდესაც 22 მატჩში... 10 გოლი გაიტანა და თანაგუნდელებს შორის მხოლოდ ოთარ მარცვალაძეს ჩამორჩა. ამის შემდეგ იყო ტრანსფერი კიევის ?დინამოში?, სადაც, ისე როგორც სხვა ქართველ ფეხბურთელებს (ოთარ მარცვალაძე, კახა ალადაშვილი), ძირითად შემადგენლობაში თამაში იშვიათად უწევდა; სწორედ ამ გუნდის მოთამაშის რანგში ჰქონდა კიდეც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი: ოღონდ, კიევში ჩატარებულ შეხვედრაში (უკრაინის წინააღმდეგ) კლაუს ტოპმიოლერმა პირველ ტაიმშივე გამოცვალა...
იმედაშვილი რუსთავშია დაბადებული და გაზრდილი. და აი, უნგრეთიდან საქართველოში დაბრუნებულს, მხოლოდ ახლა, 25 წლის ასაკში მოუწია მშობლიური ქალაქის გუნდში თამაშმა. თავდაპირველად, ცოტა ?მძიმედ? გამოიყურებოდა, მერე, ნელ-ნელა ?გაიხსნა? და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ?ოლიმპის? წარმატებული ასპარეზობის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედიც არის. აქვე მწვრთნელის ფაქტორიც უნდა ვახსენოთ: თემურ მახარაძემ ეს უნივერსალური ფეხბურთელი რამდენიმე პოზიციაზე მოსინჯა, თუმცა, ამ ბოლო დროს ნახევარდაცვის ცენტრში აყენებს და იმედაშვილი აქაც ჩინებულად გამოიყურება!
იმედაშვილი თუ ამჯერად ნახევარდაცვაში თამაშობს, გურამ კაშია ამპლუით ცენტრალური მცველია და ამითაც არის დასაფასებელი მისი ნომინანტობა. ტრაფარეტული გამოთქმაა - დამწყებ ფეხბურთელს კოჭებში ეტყობა, როგორი კარიერა ექნებაო; გურამ კაშიას შემთხვევაშიც ასე იყო: 17 წლის ბიჭი ?დინამო 2?-ში რომ გამოჩნდა, მაშინვე ნათლად ჩანდა მისი შესაძლებლობები (სხვათა შორის, ?დინამო 2?-ის იმ შემადგენლობაში კაშიას გარდა თამაშობდნენ: გიორგი მერებაშვილი, ლადო დვალიშვილი, მათე ვაწაძე, გიორგი ნავალოვსკი, გულვერდ თომაშვილი, ირაკლი ჩირიკაშვილი, უჩა ლობჟანიძე, ნიკა ფირცხალავა). იმ პერიოდში ?დინამოს? დაცვის ხაზში უდიდესი კონკურენცია იყო, მით უფრო მას შემდეგ, გუნდში ორი ლეგიონერი - ნედ ზელიჩი და მილოშ კრშკო რომ ჩაირიცხნენ. ამის მიუხედავად, ?დინამოს? ჩეხი თავკაცი დუშან უჰრინი ახალგაზრდა გურამ კაშიას ნელ-ნელა აჩვევდა ძირითად შემადგენლობას. თან, ხან დაცვის მარცხენა ფლანგზე ათამაშებდა, ხან - მარჯვენაზე; ისეთი მატჩებიც გვახსოვს, უმცროს კაშიას საყრდენ ნახევარმცველადაც რომ უთამაშია. ზელიჩის გუნდიდან წასვლის შემდეგ კი დაცვის ცენტრში, მართლაც, ჩინებული ?დუეტი? შედგა - კრშკო-გურამ კაშია! ?დინამოს? ახალმა მწვრთნელმა რაინერ ცობელმაც უდიდესი ნდობა გამოუცხადა ნიჭიერ მცველს და იგივე გაგრძელდა მას მერეც, როცა გერმანელი სპეციალისტის ადგილი კახა კაჭარავამ დაიკავა. მით უფრო, რომ კაჭარავამ ჯერ კიდევ ?დინამო 2?-იდან კარგად იცოდა კაშიას შესაძლებლოები. სულ რაღაც წელიწად ნახევრის განმავლობაში გურამ კაშია ?დინამოს? შეუცვლელ ფეხბურთელადაც ჩამოყალიბდა და რაც მთავარია, საქართველოს ნაკრებშიც დაიმკვიდრა ადგილი, თუმცა, ამ სეზონში პროფესიული თვალსაზრისით კაშია უფრო ბევრად ?გაზრდილია? და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ყველაზე ტიტულოვანი გუნდის ერთ-ერთი უპირობო ლიდერიც არის. ამპლუით მცველისთვის კი ასეთი აღიარება, მართლაც იშვიათია. თანაც, უშუალო მოვალეობის პირნათლად შესრულების გარდა, გურამ კაშიას სხვა თვისებებიც უნდა გამოვარჩიოთ: მეტოქის კართან დანიშნული ?სტანდარტულების? დროს მეკარეთა რისხვად გადაიქცა! თავად განსაჯეთ: მხოლოდ ნოემბერ-დეკემბერში მეტოქეთა კარში ოთხი გოლი (სამი - ჩემპიონატში, ერთი - თასზე) გაიტანა. არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა იმ ფაქტსაც, რომ ოთხივე გოლი ეფექტურიც იყო და, რაც მთავარია, გუნდისთვის ესოდენ საჭირო და იმ კონკრეტულ მატჩში გადამწყვეტი.
http://www.opentext.org.ge/09/lelo/296/296-8.htmგაზაფხულის მოლოდინი
გია ტუხაშვილი
ოთხთვენახევრიანი ?სანახაობა? დასრულდა - ჩემპიონატის მონაწილე გუნდებმა თვრამეტი ტური ?მოილიეს? და ახლა ყველანი, მწვრთნელ-ფეხბურთელებიანად, დამსახურებულ საახალწლო არდადეგებზე გავლენ. ეგ არის, ?დინამო? და ?ვიტ ჯორჯია? ოდნავ გვიან შეუერთდებიან შვებულებაში მყოფ გუნდებს - ორ დღეში სუპერთასსაც ჩავატარებთ და საფეხბურთო 2009 წელსაც დასრულებულად გამოვაცხადებთ. აი, ამის მერე იქნება პირველი ეტაპის შეჯამება, ოღონდ, მიკერძოება-ტენდენციურობა რომ არ დაგვწამონ (მთელი პირველი ეტაპის განმავლობაში ?ლელოს? რომ არ დაჰკლებია), ?ტრიბუნას? ათივე გუნდის მთავარ მწვრთნელს დავუთმობთ. ჰო, სჯობს, თავიანთი გუნდის ავ-კარგზე თვითონ ილაპარაკონ. სამომავლო გეგმებიც გაგვანდონ და ყველას რომ აინტერესებს, სატრანსფერო სიახლეებიც გაგვიმხილონ. ამ ყველაფერს ძალიან მალე დავიწყებთ, უფრო ზუსტად, სუპერთასის შემდეგ; მანამდე კი პირველი ეტაპის უკანასკნელ ტურზეც, სატურნირო ცხრილში ცვლილება რომ არ მოუხდენია (როგორც ვივარაუდეთ), თუმცა ერთი სენსაცია მაინც ?გვაჩუქა?...
ოლიმპიური რეკორდსმენები
რა მიხვედრა უნდა, ტურის მიმოხილვა ცხრილის ერთპიროვნული ლიდერისა და ამავდროულად, ?ზამთრის ჩემპიონის? მონაწილეობით ჩატარებული მატჩით უნდა დავიწყოთ: ?ოლიმპმა? წარმატებული სერიით, თავისი ერთგული ქომაგები ისე შეაჩვია, მალე, ალბათ ყველა ჩვეულებრივ ამბად აღიქვამს ამ გუნდის სარეკორდო მაჩვენებლებს. არადა, უკვე სამი თვეა, რუსთავული გუნდის შემჩერებელი აღარავინ არის - ?ოლიმპმა? ჩემპიონატში ზედიზედ მეცხრე მატჩი მოიგო! ცალკე, ანუ, ?პერსონალურ? რეკორდზე მიდის თემურ მახარაძეც, ვისი ხელმძღვანელობითაც ?ოლიმპი? ზედიზედ შვიდი შეხვედრაა, მოედანს გამარჯვებული ტოვებს! ცხრილის ერთპიროვნულ ლიდერს ნამდვილად არ ჰქონდა იოლი მატჩი, მით უმეტეს, პირველ წრეში ?სპარტაკთან? შეხვედრაში მხოლოდ მსაჯის მიერ დამატებულ დროში შეძლეს ანგარიშის გათანაბრება (გოლი შორეული დარტყმით ანდერსონ აკინომ გაიტანა). მოკლედ, მთლად ?სარევანშო? შეხვედრა არ იყო, მაგრამ მაინც პრინციპულ დაპირისპირებას ველოდით - ამ სეზონში ?სპარტაკი? ხომ აშკარად განსხვავებული მიზნებისთვის იბრძვის.
ყველაფერ ამას თავი რომ დავანებოთ, ?ოლიმპს? ყოველი ღონე უნდა ეხმარა, რომ უახლოესი მდევრიდან არსებული სოლიდური ჰანდიკაპი კვლავაც შეენარჩუნებინა და საბოლოოდ ასეც მოხდა. ოღონდ, რუსთავული კლუბის ხელმძღვანელებს, მწვრთნელებსა თუ ფეხბურთელებს პირველი ტაიმის შემდეგ აბსოლუტურად საპირისპირო განწყობა ჰქონდათ: მასპინძლები აქტიურად თამაშობდნენ და შეხვედრის ეს მონაკვეთიც თავის სასარგებლოდ დაასრულეს. აი, მეორე ტაიმში კი მოედანზე ფაქტობრივად, მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა და ეს ?ოლიმპი? იყო. სტუმრებმა შეძლეს და აკინოს ?დუბლის? წყალობით მეტად საჭირო გამარჯვება მოიპოვეს, თანაც არცთუ ოპტიმალური შემადგენლობით ასპარეზობდნენ.
ცალკე უნდა აღვნიშნოთ აკინოს ზღაპრული შედეგიანობა - პირველი ეტაპის უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელმა 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მეტოქეთა კარში... 16 გოლი გაიტანა, ბრაზილიელმა მეორე ეტაპზეც თუ ასე გააგრძელა, არ არის გამორიცხული მერაბ მეგრელაძისა და ოთარ კორღალიძის მსგავსად, სეზონში 40-მდე გოლი გაიტანოს...
სხვადასხვა განწყობა
?ოლიმპმა? ისე დაგვაჩვია დიდი ანგარიშით მოგებებს, რომ ამ გუნდის ერთბურთიანი სხვაობით გამარჯვება ?გვიკვირს?; საერთოდაც, ამ ტურში ფავორიტებად ვისაც მივიჩნევდით, იმ გუნდებს მეტოქეებთან შედარებით, განსაკუთრებული უპირატესობა არ ჰქონიათ. ეგ კი არა, ერთ-ერთმა ლიდერმა სულაც საშინაო მატჩში ვერ შეძლო გათამაშების აუტსაიდერის დამარცხება. აი, ეს იყო კიდეც გასული ტურის ყველაზე დიდი სენსაცია: ბოლო დროს აშკარად აღმავლობით მოასპარეზე ?ვიტ ჯორჯიამ? რომ ?ლოკომოტივთან? ფრედ ითამაშა. შესაძლოა, ვინმემ ყურადღება იმაზეც გაამახვილოს, მასპინძლებს საუკეთესო მეგოლე (ვახტანგ კვარაცხელია) და ასევე, ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი (გიგა ბეჭვაია) რომ აკლდათ, მაგრამ ?ვიტ ჯორჯიაში? ამათ გარდაც არაერთი მოთამაშეა, მატჩის ბედის გადაწყვეტა რომ შეუძლიათ.
საბოლოო შედეგი (1:1) მართლაც მოულოდნელი იყო, მაგრამ არანაკლებ მოულოდნელი იყო ის ფაქტიც, რომ მასპინძლები სულაც მდევრის როლში იყვნენ და ჯაბა ლიპარტიას ზუსტი დარტყმით შეძლეს ანგარიშის გათანაბრება. აქვე, უსამართლობა იქნებოდა იმის არაღნიშვნაც, თუ რამდენი ხელსაყრელი მომენტი გაანიავეს მასპინძლებმა (განსაკუთრებით - მეორე ტაიმში): ?ვიტ ჯორჯიას? ფეხბურთელებს ხან სიზუსტე აკლდათ გადამწყვეტ მომენტში, ხან სტუმართა მეკარე თუ მცველები თამაშობდნენ თავგაწირვით.
ასეა თუ ისე, ?ვიტ ჯორჯიამ? მეტად საჭირო ორი ქულა დაკარგა და ახლა მხოლოდ მცირედითღა უსწრებს თბილისის ?დინამოს?. თავის მხრივ, ?დინამომ?, როგორც გუშინ აღვნიშნეთ, ზედიზედ სამი გამარჯვებით, ცოტა არ იყოს, სატურნირო მდგომარეობაც გაიუმჯობესა და ამ გუნდის ქომაგებს მეორე ეტაპისთვის იმედებიც ჩაუსახა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, დღევანდელი ?დინამოს? მწვრთნელ-ფეხბურთელებს, ალბათ, ნამდვილად არ სურთ კლუბის ისტორიაში უარყოფითი სტატუსით შევიდნენ: წინა ოცი ჩემპიონატის განმავლობაში არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, გუნდი მესამე ადგილზე ქვემოთ რომ გასულიყოს. კახა კაჭარავას გუნდმა ამჯერად დამსახურებულადაც გაიმარჯვა და პირველ წრეში მტკივნეული მარცხის გამო რევანშიც აიღო. რაც მთავარია, ?დინამომ? ამ გამარჯვებას უფრო კლასის ხარჯზე მიაღწია და ამისათვის... მხოლოდ პირველი ტაიმი იკმარა. ისე როგორც უკანასკნელ მატჩებში, დინამოელთა შორის ყველაზე გამორჩეულნი გურამ კაშია და გიორგი მერებაშვილი იყვნენ; უმცროსი კაშია რომ ამ სეზონში ?დინამოს? ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა, უკვე ფაქტია და არც ის არის უმნიშვნელო ამბავი, ცენტრალური მცველის კვალობაზე სისტემატურად რომ გოლები გააქვს.
მერებაშვილი კი ბოლო მატჩებში ისე ათამაშდა, როგორც მას მოეთხოვება - ახლაც, საკუთარი გუნდის ორივე გოლში დიდი წვლილი შეიტანა და სანამ შეცვლიდნენ, უაღრესად აქტიურადაც გამოიყურებოდა. ერთადერთი, გოლის გატანაღა დააკლდა, არადა, ამის შანსი მთელი მატჩის განმავლობაში არაერთხელ ჰქონდა. სამაგიეროდ, უმაღლეს ლიგაში პირველი გოლი გაიტანა 18 წლის გიორგი მამუჩაშვილმა, ვინც ?დინამოს? ძირთად ფეხბურთელად იქცა.
გაუჭირდა მოგება ?ზესტაფონსაც?, არადა, ტურის წინათქმაშიც ვწერდით, რომ გია გეგუჩაძის გუნდს უპრობლემოდ უნდა აეღო სამი ქულა ზუგდიდის ?ბაიასთან?. ამის მიზეზი კი, სტუმართა გუნდის სერიოზული საკადრო პრობლემები უნდა ყოფილიყო - დისკვალიფიკაციის გამო ?ბაიას? ძირითადი შემადგენლობის ერთდროულად ოთხი წამყვანი ფეხბურთელი (ვალტერ გუჩუა, როინ ონიანი, რევაზ ჯიქია, ჩისამბა ლუნგუ) აკლდა. თუმცა, ამის მიუხედავად, ბესიკ შეროზიას გუნდმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწია ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერს - მასპინძლებმა გამარჯვების მომტანი გოლი მატჩის ბოლოსკენ გაიტანეს.
დაბოლოს, ტურის კიდევ ერთ შეხვედრაზეც, სადაც ?სიონმა? და ?გაგრამ? ქულები გაიყვეს. ოღონდ, ვერავინ იტყოდა, ?მშვიდობიანი? თამაში იყოო; პირიქით - აქეთ-იქით დანიშნული პენალტები და ორი გაძევება იმას მოწმობს, რომ ორივე გუნდი მოედანზე მხოლოდ მოსაგებად იყო გამოსული. ოღონდ, ისიც უნდა ითქვას, რომ ამ მხრივ სტუმრები ბევრად უფრო მონდომებულნი იყვნენ და თითქმის მთელი მატჩი აქტიურადაც ჩაატარეს. თუ ფეხბურთში რაიმე ლოგიკა არსებობს, კახა კარანაძის კრებულს ჩემპიონატში პირველი ?საგარეო? მატჩი უნდა მოეგო, მაგრამ ასე რომ არ მოხდა, უპირველეს ყოვლისა, ?სიონის? გამოცდილი მეკარის მინდია ბობღიაშვილის დამსახურება იყო. 90 წუთის განმავლობაში ბობღიაშვილმა არაერთხელ იხსნა საკუთარი კარი აშკარა ხიფათისგან და მხოლოდ ერთ ეპიზოდში ვერ გადაარჩინა. ბოლნისელთა მეკარეს ამ შემთხვევაში ვერავინ უსაყვედურებდა - ?გაგრას? ლიდერმა გიორგი გაბედავამ ხომ მის კარში გოლი პენალტით გაიტანა.
სხვათა შორის, კარანაძის ხელმძღვანელობით ?გაგრამ? მეორე მატჩი ჩაატარა და წინასთან შედარებით, აშკარად უკეთესად გამოიყურებოდა. საერთოდაც, ამ ახალგაზრდულმა გუნდმა (სეზონის დასაწყისში ?ვიტ ჯორჯიასთან? შთამბეჭდავ გამარჯვებას თუ არ ჩავთვლით) ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მეორე ეტაპიდან ცხრილის ქვემოთაც ?დიდი ამბებია? მოსალოდნელი: ?ლოკომოტივს? ყველა უიმედო აუტსაიდერად მივიჩნევდით და ამ დროს კი გელა სანაიას გუნდმა ნელ-ნელა ქულების მოგროვება დაიწყო; დალხენილი ცხოვრება არც ?ბაიასა? და ?სიონს? ექნებათ და ამიტომაც გადაჭრით წინასწარ რაიმეს თქმა უადგილოდ გვეჩვენება. აღარაფერს ვამბობთ ცხრილის ზედა ნაწილზეც, ოღონდ, გასარკვევი, ალბათ, მხოლოდ ის უნდა იყოს, თუ რომელი გუნდები დაიკავებენ, მეორე და მესამე ადგილებს (კანდიდატი კი სამია - ?ზესტაფონი?, ?ვიტ ჯორჯია? და ?დინამო?); აი, ჩემპიონის ვინაობა კი, ფაქტობრივად, გარკვეულია! ვინმე რომ არ შემოგვედავოს, ვიტყვით, რომ... ?ზამთრის ჩემპიონზე? ვსაუბრობთ, სრულიად დამსახურებულად რუსთავის ?ოლიმპი? რომ გახდა. მაგრამ, ვერც იმ ფაქტს გავექცევით, რომ თემურ მახარაძის გუნდს ისეთი სოლიდური უპირატესობა აქვს უახლოეს მდევართან, ?ძალით? უნდა მოინდომოს მოვლენების სხვაგვარი განვითარება...
ბომბარდირები
აკინო (ოლიმპი) 18
გელაშვილი (ზესტაფონი) 13
კვარაცხელია (ვიტ ჯორჯია) 11
http://www.opentext.org.ge/09/lelo/295/295-2.htm