"სააკაშვილის გასაშვებად ერთი გზა დარჩა - ძალა"
გოგა ხაინდრავა გაზაფხულისთვის სახიფათო პროგნოზებს აკეთებს - სააკაშვილს მარტო ერთი რამის ეშინია, ეს ძალაა და მას ეს უნდა დავანახვოთ, - აცხადებს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, რომელიც არც ყოფილი თანამოაზრეების მიმართ არის კეთილგანწყობილი.
- ქართველების გამოფხიზლებას ვცდილობ, მინდა, ჩემს ხალხს ავუხსნა, რომ ქვეყანას აბსოლუტურად მანკიერი ფიგურა მართავს - ადამიანი, რომელსაც არავითარი პრინციპები, ფასეულობები არ გააჩნია, გარყვნილებას თესავს, მისთვის საქართველო არაფერს ნიშნავს. სიმართლის სათქმელად ისე ვიბრძვი, როგორც შემიძლია, თუმცა ალბათ არაეფექტურად ვიბრძვით, არ გვესმის, რომ დათვის ტყავს ჯერ ვერ გავიყოფთ, რადგან დათვი ცოცხალია, ბოგინობს და ტორავს ქვეყანას. ოჯახი არ დატოვა, თავისი სიბილწით არ შეჭრილიყო. კარგად დააკვირდით, რას ჰგვანან, სახეზეც კი ეტყობათ, რა განცხრომაში ცხოვრობენ, არაფერზე არ დარდობენ. "პახმელიაზე", გამოსაფხიზლებლად ცოლი რომ ტაფას გლიჯავს სახეში, ისეთი სახეები აქვთ... ჩვენ კი ლამის გაგვაგიჟა პირადმა ამბიციებმა, "მე" გვაკერია პირზე და ერთმანეთს პირველობას ვეცილებით, არადა, ვერც ერთმა ვერ დავიმსახურეთ პირველობა, იმიტომ, რომ ახლა ამის დრო არ არის.
- ოპოზიცია და საზოგადოება უკვე "სხვადასხვა ენაზე" ალაპარაკდნენ, რა არის ამის მიზეზი?
- პოლიტიკური ერთობა ვერ შევინარჩუნეთ... იცით, რა არის ჩვენი საზოგადოების უბედურება? მისი აქტიური ნაწილი დღევანდელი დღით ცხოვრობს, იმაზე ფიქრში აღამებენ, რა იშოვონ, რა ჭამონ, რა ჩაიცვან, ვისთან ჩაკოტრიალდნენ... მეორე ნაწილი ილუზიებით ცხოვრობს, მიაჩნიათ, რომ ყველაფერი სხვამ უნდა გაუკეთოს. ორივე მიდგომა მანკიერია. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ საღი აზროვნების უნარი დავკარგეთ.
- ოპოზიციაზე რას იტყვით?
- ოპოზიცია ორ ნაწილადაა გაყოფილი - ერთნი გაუთავებლად ეპაექრებიან ერთმანეთს, მეორენი კი, - შეგნებულად თუ შეუგნებლად, კერპის მსახურებაში დგანან. ორივე ძალა ერთად ლანძღავს სააკაშვილს, მაგრამ მარტო ლანძღვით არაფერი გამოგვდის.
ახლა ოპოზიციას პოლიტიკური სიზარმაცის დრო უდგას, იმიტომ, რომ მეც და დანარჩენი ოპოზიციაც ამ საზოგადოების ნაწილი ვართ, - ვიღაც სწორად აზროვნებს, ვიღაც ცდება... ჩემი ყოფილი კოლეგებისგან განსხვავებით, რომლებიც დღეს ყველაფერ იმაზე, რაც გაერთიანებულ ოპოზიციაში ხდებოდა, პასუხისმგებლობას იხსნიან და ეშინიათ შეცდომების აღიარების, მე არ ვიქცევი ასე და ვამბობ: დიახ, მე ვიყავი ის პეტრე, ვინც ინაუგურაციის დღეს ხალხის დაძვრას ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ ისინი, ვინც დღეს სხვაგვარად ლაპარაკობს, სულ სხვა განწყობაზე იყვნენ მაშინ.
- მაინც?
- ნუ ჩამეძიებით, ზოგადი ფრაზიდან ყველაფერი გასაგები უნდა იყოს..
- ბატონო გოგა, თუ ასეთი მძიმე პოლიტიკური ფონია, საზოგადოება რატომ დუმს?
- იმიტომ, რომ ხალხიც დააშინეს. არ მეგონა, ასე თუ გალაჩრდებოდა საქართველო. მერაბიშვილისა და სხვა დანარჩენების ეშინიათ, თუმცა მე მერაბიშვილის ძლევამოსილება ძალიან გაზვიადებული მგონია. რა ბაგაჟი აქვს, სასამართლოზე გაირკვევა, როცა ყველა კითხვისთვის პასუხის გაცემა მოუწევს... მათი საქმე ხალხის სტრესის ქვეშ ყოფნაა, სხვა არაფერი შეუძლიათ, მაგრამ უგულავასი მიკვირს, ვიცნობ მის ოჯახს. ბოკერიასიც მიკვირს. ნუთუ ასე დაუბნელა მამონამ გონება? არ მჯერა, რომ ბოკერია მამონასაა აყოლილი. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, რელიგიურმა ექსტრემიზმმა ასე დააბრმაოს ადამიანი, მაგრამ რამიშვილის გადამკიდე, რა უნდა დაემართოს...
- ბატონო გოგა, თქვენი თანამოაზრეები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობენ, როგორ აფასებთ მათ შანსებს?
- პარტიის დანიშნულება პოლიტიკური ბრძოლაა. ალასანიას "ალიანსი" ძალიან არაპოპულარული გზით მიდის, მაგრამ ეს ერთადერთი ცივილიზებული გზაა. თუმცა, თუ დაინახა ალასანიამ, რომ არაფერი გამოდის, ისიც შეცვლის ბრძოლის ფორმას. დარწმუნებული ვარ, "ქრისტიან-დემოკრატებივით" ეშმაკს მიჰყიდის სულს. ისე, ცნობისთვის, თარგამაძე და მისი მეგობრები "ნაციონალებზე" უარესები არიან. მხოლოდ საკუთარი ინტერესები ადარდებთ.
- მაშ, რა გზა დაგრჩათ?
- დავიწყოთ იქიდან, რომ არჩევნები არ იქნება. ან ღმერთის ნებით, შიგნით მოხდება რაღაც და სააკაშვილი და მისი გუნდი "აითესება", ან სხვა გზა არ რჩება და უნდა გავაკეთოთ ის, რაც ათასჯერ მითქვამს - კომბლებით უნდა გავყაროთ ეს ვიგინდარები ქვეყნიდან. რაც შეიძლებოდა, ყველა მუხლით აღძრეს ჩემ წინააღმდეგ საქმე და ახლა ვეღარაფერს მოიგონებენ. ამიტომ ვამბობ - ერთადერთი, რაც ესმის სააკაშვილს, არის ძალა და ეს ძალა უნდა ვაჩვენოთ.
ყველაზე საშინელი ის არის, რომ ყოველ დილას შეიძლება გადატრიალებულ ქვეყანაში გავიღვიძოთ. იმედია, საზოგადოება არსებულ ვითარებას რეალურად შეაფასებს და საკუთარი ქვეყნის მომავლის შესაცვლელად მოემზადება.
წყარო:ჟურნალი "რეიტინგი" 14-12-2009
ლიცემერი: ნუგზარ შატაიძეს აქვს ასეთი ნოველა.
მოქმედება მთიან საქართველოში მიმდინარეობს.
ზამთარია, თოვს. სოფელში კინემატოგრაფისტების ჯგუფია ჩასული. ფილმს იღებენ. დილაუთენია მოთხრობის გმირი(კინემატოგრაფისტი) მდინარის პირას სეირნობას იწყებს. მოულოდნელად, ასეთი სურათის მოწმე გახდება: მდინარის გაღმა მგლები ირემს მისდევენ, სადაცაა დაეწევიან კიდეც, მაგრამ ირემი მდინარეში მოასწრებს შესვლას, გადმოცურავს მდინარეს და გამოღმა ნაპირზე გადმოდის(იქ, სადაც კინემატოგრაფისტი დგას). მგლები მდინარეში შესვლას ვერ ბედავენ.
გადარჩენილი ირემი ტანს იფერთხავს. თავდაპირველად, ვერ ამჩნევს მის წინ მდგარ ადამიანს, ყურადღება მგლებისკენ აქვს მიპყრობილი. შემდეგ თავს მოაბრუნებს და...ადამიანს დაინახავს! სუნთქვაშეკრული ირემი და კინემატოგრაფისტი რამდენიმე წამის განმავლობაში ერთმანეთს თვალებში შეჰყურებენ.
შემდეგ ირემი ელვის სისწრაფით შეტრიალდება და კვლავ მდინარისკენ გაიქცევა, შედის წყალში და მეორე ნაპირისკენ, მგლებისკენ მიცურავს. ადამიანთან შეხვედრას კვლავ მგლებთან ყოფნას, ორ საშინელებიდან მისთვის ნაკლებ საშინელებას არჩევს .
ხოდა მეც ორი საშინელებიდან ნაკლებ საშინელებას-მიშას ვარჩევ-თქვენ?
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით...
მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.