დიდი მცირედთაგან იკრიბება: "ხალხის მტრის" ჩანაწერები
ალეკო ასლანიშვილი ”საქართველოს რესპუბლიკა”
http://www.gevision.tv/index.php?option=co...temid=6&lang=kaგანმარტებით უნდა დავიწყო, თორემ, როგორც ვატყობ, ბევრმა, უბრალოდ, საერთოდ არ იცის, სად ვიყავით, რატომ ვიყავით და ვისი მიპატიჟებით ვიყავით. ჩვენმა ზოგიერთმა ძალიან გულმოდგინე თანამოკალმემ, ხელისუფლებისთვის თავისი ერთგულქვეშევრდომობა და მსახურება რომ დაემტკიცებინა, ლამის კრემლში, პირდაპირ პრეზიდენტ მედვედევის პირადი სტუმრობა და იქ საქართველოსთვის ძირგამომთხრელი საქმიანობა, ანუ ხალხის მტრობა დაგვწამა.
9-10 დეკემბერს, რუსეთის საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო "ნოვოსტის" ინიციატივით, მოსკოვში გაიმართა ევროპისა და აზიის მედიის ფორუმი, რომელზეც შეიკრიბა პოსტსაბჭოთა სივრცის 15-ვე
სახელმწიფოს: აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელორუსიის, უკრაინის, საქართველოს, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის, მოლდავეთის და, რა თქმა უნდა, რუსეთის ჟურნალისტური ამქრის 150-მდე წარმომადგენელი - მასობრივი ინფორმაციის წამყვანი ბეჭდვითი და ელექტროსაშუალებების მთავარი რედაქტორები და ტოპმენეჯერები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საერთაშორისო ექსპერტები, რუსეთის სამინისტროებისა და უწყებათა ხელმძღვანელები. ამას გარდა, სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ კოლეგები ჩინეთიდან, ბულგარეთიდან, აშშ-დან, ისრაელიდან, იტალიიდან...
ნიუანსი: ფორუმში არ მონაწილეობდნენ პოსტსაბჭოთა სივრცის "ახალი დამოუკიდებელი ქვეყნების" აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები. სრულიად კანონიერად მივიჩნევთ, რომ ეს მასპინძლის - "ნოვოსტის" ლამაზი რევერანსია ჩვენი დელეგაციის მიმართ.
ფორუმის მიზანი ერთობ საპატიო იყო - პოსტსაბჭოთა სივრცეში პოზიტიური ინფორმაციული პარტნიორობის პერსპექტიული მოდელის შემუშავება.
გეპატიჟებით ფორუმზე, დისკუსიებში თქვენი მონაწილეობა, თქვენი პოზიციის გაცნობა უთუოდ შეუწყობს ხელს ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების დამაახლოებელი პროცესების განვითარებასო, მწერდნენ (გვწერდნენ) თავაზიანად.
ჩვენ, 12-მა ქართველმა ჟურნალისტმა, მოვილაპარაკეთ და შევჯერდით, რომ ფორუმში მონაწილეობა სასარგებლო იქნებოდა პროფესიული თვალსაზრისით, იმითაც, რომ შესაძლებლობა მოგვეცემოდა უცხოელი (პოსტსაბჭოელი) კოლეგებისთვის, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში რუსული მიკერძოებული მედიით იცნობენ ჩვენს დღევანდელობას, აგვისტოს ომის წინაპირობებს, მიმდინარეობასა და შედეგებს, გვეთქვა სიმართლე და საპასუხო თავაზიანობით ვაცნობეთ თანხმობა "ნოვოსტის" სათავო ოფისს.
მოლოდინმა გაგვიმართლა: ფორუმი მართლაც საინტერესოდ წარიმართა.
მთავარი ის გახლდათ, რომ ჩვენს წინაშე მისალმებით წარსდგა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი. მან განაცხადა, რუსეთი ისწრაფვის ახლო საზღვარგარეთის ქვეყნებთან ურთიერთობა წარმართოს ურთიერთგაგების, კეთილმეზობლობის საფუძველზეო და ხაზი გაუსვა, რომ დაინტერესებულია პარტნიორობა დამყარდეს პოსტსაბჭოთა სახელმწიფოთა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შორის.
ერთი სიტყვით, თქვა ის, რასაც ასეთ დროს ამბობენ ხოლმე სახელმწიფოთა ხელმძღვანელები - ზოგადად და "გულღიად". მის გამოსვლაში ამ მისალმებას, ალბათ, სულ 5 წუთამდე დაეთმო, დანარჩენი 40 წუთი - კითხვებზე პასუხს. აქედან ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებო იყო "ქართული ნაწილი", ამიტომ მასზე ვუამბობ მკითხველს.
მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" მფლობელმა და პრეზიდენტმა მალხაზ გულაშვილმა, როცა შეკითხვის დასმის უფლება მისცეს (შეკითხვები მკაცრად რეგლამენტირებული იყო - დელეგაციაზე მხოლოდ 1), მოახერხა და იმ "კანონიკურ" ერთში მთელი ოთხი "ქვეშეკითხვა" ჩატენა: პირდაპირი საჰაერო ფრენის აღდგენა, ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტის გახსნა არა მარტო სომხეთის, არამედ საქართველოს მოქალაქეებისთვისაც, ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნება, სავიზო რეჟიმის გამარტივება...
პრეზიდენტმა მედვედევმა საკმაოდ ვრცლად უპასუხა ამ პირდაპირ დასმულ კითხვებს: საქართველოსთან დაძაბული ურთიერთობა გვაქვს, რაც რუსეთის ბრალი არაა, მაგრამ ახლა არ ჩავუღრმავდები იმ სამწუხარო მოვლენებს, რომლებიც შარშან აგვისტოში მოხდა. რა უნდა გავაკეთოთ მომავალში. მე მრავალგზის განვაცხადე, რომ არ ვაპირებს კონტაქტს საქართველოს ამჟამინდელ პრეზიდენტთან და ზოგიერთ სხვა ხელმძღვანელთან, ჩვენი გზები გაიყო და მოვლენების ჩვენეული შეფასებები დიამეტრიულად განსხვავდება. მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ყველა სხვა სახის ურთიერთობები მომავლისთვის გადავდოთ. ჩვენს ხალხებს საუკუნოვანი მეგობრობა და საერთო ისტორია აკავშირებთ. ამიტომ უნდა შევინარჩუნოთ პოზიტივი ურთიერთობაში. ეს პირველი. მეორე, არ უნდა გავექცეთ ჩვეულებრივი ყოფითი საკითხების მოგვარებას. პრობლემები, რომლებიც თქვენ ახსენეთ - პირდაპირი ავიარეისების აღდგენა, ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გახსნა, სადღეისოდ განსახილველი და გადასაჭრელი სრულიად ნორმალური თემებია. მე აქ განსაკუთრებულ დაბრკოლებებს ვერ ვხედავ, რადგან, უპირველეს ყოვლისა, რიგითი მოქალაქეების ინტერესებს ეხება, რომლებიც უწინდელივით მეგობრობენ და ურთიერთობენ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის ზოგიერთ საკითხში საერთაშორისო არენაზე მკვეთრი დაპირისპირებაა, - განაცხადა ბატონმა მედვედევმა.
შემდეგ მან რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის შესვლის შესაძლებლობასა და სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხზე ილაპარაკა. საერთოდ არავითარი პრობლემა არ უნდა არსებობდეს - ლეგალურად შემოტანილი ქართული პროდუქცია ისევე უნდა მიიღებოდეს და იყიდებოდეს რუსულ ბაზარზე, როგორც ნებისმიერი სხვა წარმოების პროდუქტი. რაც შეეხება ვიზებს: ზოგიერთ პოსტსაბჭოთა ქვეყნასთან ასევე გვაქვს სავიზო რეჟიმი. ვიზები წარმოადგენს სახელმწიფოთა შორის ურთიერთობათა საერთო ტონის გამოხატულებას და ვერ შეგპირდებით, რომ უკვე ხვალ უვიზო რეჟიმზე გადავალთ, მით უმეტეს, დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის პირობებში. თუმცა საქართველოსთან ვიზის საკითხს ყურადღება ნამდვილად სჭირდებაო, - ხაზი გაუსვა რუსეთის პრეზიდენტმა.
ქართველი ჟურნალისტის მიერ დასმულ საკითხებზე ბატონი დიმიტრი მედვედევის პასუხის აუდიოჩანაწერი ასე ვრცლად იმიტომ გაგაცანით, რომ რუსეთის პრეზიდენტს მოსაზრება "ქართულ საკითხზე" ომის შემდეგ ასე ვრცლად და არსებითად სხვაგან არასდროს გამოუთქვამს.
ამიტომაც მივიწერთ ამას "პლუსად" ფორუმის ქართველი მონაწილენი.
აქ იმაში არ არის საქმე, "გვჯერა თუ არა პრეზიდენტ მედვედევის გულწრფელობა, რომ ის თავის სიტყვებს შეასრულებს", როგორც ბევრმა ნიშნის მოგებით გვკითხა თბილისში დაბრუნების შემდეგ. ის კაცი სუპერსახელმწიფოს ხელმძღვანელია, რაც თქვა, მსოფლიოს გასაგონად თქვა და თუ თავის სიტყვებს უკან წაიღებს, ეს მისი პრობლემა იქნება.
რატომ მხოლოდ "ყოფითი საკითხები" წამოჭერით და არაფერი ჰკითხეთ დეოკუპაციის შესახებო. - ასეთი "ბრალდებაც" წამოგვიყენეს, თითქოს ჟურნალისტები კი არა, პროტოკოლზე ჭიპმოჭრილი პოლიტიკოსები ვიყავით და გრიგოლ ვაშაძის გასაკეთებელი (და გაუკეთებელი) უნდა გაგვეკეთებინა, თანაც თუ ვკითხავდით, სულ წუთობრივად ჩამოგვითვლიდა, როდის გაიყვანდა ჯარებს სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან და ხელმოწერილ გრაფიკს გამოგვატანდა საქართველოში ხელისუფლებისთვის მისართმევად.
არადა, კაცმა რომ თქვას, დეოკუპაციაზეც (არა ამ სიტყვით, მაგრამ მაინც) ითქვა. როდესაც მ. გულაშვილმა თავის შეკითხვების "პაკეტს" პრეამბულად წაუმძღვარა, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა მხოლოდ იმგვარად უნდა აეწყოს, რომ უპასუხებდეს ორივე ქვეყნის ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებსო, სწორედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უნდა გაეგო გამგებს...
მაგრამ ამით არ დამთავრებულა ყველაფერი.
როგორც უკვე ვთქვი, თითო დელეგაციას მხოლოდ თითო შეკითხვის უფლება ჰქონდა. ამდენად ქართველებს "ლიმიტი" ამოგვეწურა, მაგრამ თენგიზ პაჭკორიას გაჩერება არ იქნა, გინდა თუ არა, სიტყვა მომეცითო. იმდენი იძალავა, რომ პრეზიდენტმა ფორუმის წამყვანს ანიშნა, მითხრასო.
თენგიზმა ორგანულად გადააწნა ერთმანეთს შეკითხვა, თხოვნა და... რჩევა: თქვენი პოლიტიკა საქართველოს მიმართ ისე უნდა შეცვალოთ, რომ ამ პოლიტიკაში მთავარი იყოს თაფლაკვერი და არა მათრახი. საქართველოს რუსეთის მხრიდან სჭირდება არა მხოლოდ სავიზო, საავიაციო და ჰუმანიტარული თაფლაკვერები, არამედ უფრო სერიოზულ - კონფლიქტების მოგვარების და საქართველოს გაერთიანების საკითხებშიც. თუ თქვენ პოლიტიკას ამ მიმართულებით შემოაბრუნებთ, ეს წაადგება საქართველოსაც და რუსეთსაცო.
ბატონმა მედვედევმა ნახევრად ხუმრობით უპასუხა: თქვენ შემეკითხეთ კიდეც, კითხვასაც უპასუხეთ და რჩევაც მომეცით. მიღებულია". მან, რა თქმა უნდა, მშვენივრად გაიგო შეკითხვის კონტექსტი.
გაიგეს ფორუმის სხვა მონაწილეებმაც. ჩვენთან მოვიდნენ კოლეგები ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან, ქართველმა ჟურნალისტმა ჩვენი სათქმელიც თქვაო, ანუ მათრახისა და თაფლაკვერის პოლიტიკის შეცვლის საჭიროება ბევრი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის მიმართაც ყოფილა აუცილებელი.
მანამდე კი ასეთი რამ მოხდა: მალხაზ გულაშვილმა "პრეზიდიუმში" ჯდომით ისარგებლა და პრეზიდენტს გადასცა რუსულ ენაზე ახლახან გამოცემული საკუთარი წიგნი "გზა სიმართლისკენ, მშვიდობიანი კავკასიისა და გაერთიანებული საქართველოსკენ". როდესაც გამოსვლა დაამთავრა და წასასვლელად შებრუნდა, ბატონმა მედვედევმა მაღლა ასწია წიგნი, "მალხაზ!" უთხრა მოკლედ და მიანიშნა, წავიკითხავო. ყოველ შემთხვევაში ეს ჟესტი სწორედ ასე უნდა "წაგეკითხა."
ჰოდა, იმავე საღამოს ქართველ ჟურნალისტთა დელეგაციაში იშვა უწყინარი ანეკდოტი: მეორე დღეს შეხვედრისას პრემიერი პუტინი შეშფოთებით ეკითხება პრეზიდენტ მედვედევს: - რა იყო დიმა, თვალები ჩაგწითლებია, არ გეძინა. - რა დამაძინებდა, მთელი ღამე მალხაზ გულაშვილის წიგნს ვკითხულობდი!
ფორუმის დღეები ძალიან დატვირთული გახლდათ. თავისებურად საინტერესო იყო რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრის, რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის, სკანდალურად ცნობილი ვლადიმერ ჟირინოვსკის ვრცელი გამოსვლა. რუსეთსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე მოვლენების მისეული ხედვა, როგორც ყოველთვის, გამოირჩეოდა საშიში გულახდილობითა და ცინიზმით. მისი სიტყვით, მაგალითად, მოლდავეთში კომუნისტებს იმიტომ უჭერენ მხარს, რომ ეს უღატაკესი ქვეყანააო; რუმინეთმა კარგად გამოიყენა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული პასპორტების დარიგების წარმატებული გამოცდილება და მოლდავეთში 200 ათასი პასპორტი ჩამოარიგაო; უკრაინისთვის უმჯობესია პრორუსული პრეზიდენტი, იანუკოვიჩი კარგი იქნებოდა, მაგრამ მას "არ უნდა", ტიმოშენკო კი დასავლეთისკენაც იყურება და ყველაფერზე წავა, ოღონდ უკრაინის დედოფალი, რკინის ლედი გახდესო; შეიძლება დნესტრისპირეთის აღიარებაც მოხდეს, როგორც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისო; თუ აფხაზები და ოსები მოისურვებენ ქართული დროშის ქვეშ ცხოვრებას, რუსეთი წინააღმდეგი არ იქნება, ოღონდ აფხაზები და ქართველები ვერასოდეს ვერ შერიგდებიან, ისევე როგორც ჩეჩნები და რუსებიო; სსრ კავშირის დაშლით ყველამ მოიგო, რუსეთის გარდა, ამიტომ ნურავის უკვირს, რომ რუსეთი ცდილობს დაკარგულის დაბრუნებასო და ა. შ.
იყო აშკარა ანტიქართული გამოსვლაც. უკრაინელმა ჟურნალისტმა, უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა ინა ბოგოსლოვსკაიამ "შვებით" განაცხადა, ჩვენ კინაღამ გავყევით საქართველოს გზას, როცა რუსეთისგან მტრის ხატის შექმნა და დასავლეთისკენ ორიენტაცია გადავწყვიტეთ. მადლობა ღმერთს, ეს არ გამოვიდა, ნარინჯისფერმა რევოლუციამ არ გაამართლა, საქართველოს მსგავსად რუსთა სიძულვილის პოლიტიკას არ ავყევითო.
ინა ბოგოსლოვსკაია ის ქალბატონი გახლავთ, ვინც ამ ცოტა ხნის წინათ კიევში მიხეილ სააკაშვილის ყოფნისას მოწყობილ შუსტერის ტელეშოუში აგრერიგად გამოიჩინა თავი - ბატონი მიხეილ სააკაშვილი შავ დღეში ჩააგდო. მის შხამიან გამოსვლას უფრო შეურაცხმყოფელი ტონი და მიმართულება ჰქონდა, ვიდრე უბრალოდ - კრიტიკული.
დაუღალავმა თენგიზ პაჭკორიამ არც მაშინდელი აპატია და არც აწინდელი. მიკროფონით პირდაპირ უთხრა, პროვოკატორი ბრძანდებით, რად შეგყავთ ხალხი შეცდომაში, ყველაფრის მიუხედავად სად ნახეთ საქართველოში რუსოფობიაო და ორატორს ენა ჩააგდებინა.
პლენარულ სხდომებსა და პანელურ დისკუსიებზე საგულისხმო საუბრები გაიმართა ისეთ საკითხებზე, როგორიც არის: წარმოების ახალი საშუალებანი და ინფორმაციის გავრცელება; მასობრივი ინფორმაციის საშუალებანი და კულტურათაშორის თანამშრომლობის პრობლემები; ტოლერანტობა და პროფესიული ეთიკა, ინფორმაციული პირისპირდგომის ბუნება; მასმედია გლობალური კრიზისის პირობებში და სხვა.
ჩემთვის ძალზე საგულისხმო იყო ცნობილ იტალიელ ჟურნალისტსა და საზოგადო მოღვაწესთან, ევროპარლამენტის ყოფილ წევრთან ჯულიეტო კიეზასთან საუბარი (ამ საუბარს გაზეთის მომდევნო ნომერში შევთავაზებ მკითხველს).
ფორუმის ფარგლებს გარეთ შევხვდით საქართველოს ხალხთა ასამბლეის პრეზიდენტს გოჩა ძასოხოვს, რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტს მიხეილ ხუბუტიას, მოსკოვში მცხოვრებ ქართველებს. ამ საუბრების დროს ხაზგასმით ითქვა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებით რუსეთმა ძალზე მძიმე მდგომარეობაში ჩაიყენა თავი, ეს აღიარება შეიძლება ძალზე მტკივნეულად შემოუბრუნდეს ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც უკვე არის ერთობ რთული ვითარება. აქედან გამომდინარე, საქართველომ გაწონასწორებული და გონივრული პოლიტიკა უნდა აწარმოოს რუსეთთანაც და განმდგარ ავტონომიებთანაც.
დაბოლოს, მიმაჩნია, რომ ევრაზიის მედიაფორუმში ქართველი ჟურნალისტების მონაწილეობა მცირედი გარღვევა იყო ორი ქვეყნის საინფორმაციო ომში, სადაც ყოველთვის როდი ვიგებთ ხოლმე.
დიდი კი მცირედთაგან იკრიბება.
ნურავის დაავიწყდება ეს.
”საქართველოს რესპუბლიკა"
ვიკამათოთ