თქვენო აღმატებულებავ,
მოგმართავთ უკიდურესი გაჭირვების პირას მდგარი ქართველი ახალგაზრდობის სახელით.
მოგეხსენებათ, 2003 წლის "ვარდების რევოლუციამ" ახალი იმედები გააჩინა ქართულ საზოგადოებაში. ჩვენ, ამ ქვეყნის ახალგაზრდები, იმედის თვალით ვუმზერდით ქვეყნის სათავეში მოსულ ახალ ხელისუფლებას, რომელიც ახალი შემართებითა და დიდი ენერგიით შეუდგა ფაქტობრივად არშემდგარი სახელმწიფოს თავიდან შენებას. ყველასათვის ცნობილია, რომ ეს უკანასკნელი იმთავითვე გულისხმობდა საზოგადოების შემდგომი მოდერნიზაციისა და ლიბერალიზაციის გარდაუვალ პროცესს, რაც კიდევ უფრო მეტად დაგვაახლოებდა ევროპულ ცივილიზაციას.
სამწუხაროდ, ბოლო წლებში არსებული სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე დამდგარ ნორჩ მოქალაქეებში უკიდურეს შეშფოთებას იწვევს. საქართველოს მოქალაქე თინეიჯერების, ენერგიით სავსე ახალი თაობის წინაშე უმწვავეს პრობლემად რჩება კეთილშობილური, სრულიად გარდაუვალი ვნებებისა და ამქვეყნიური ხორციელი წყურვილის ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე კომფორტულად დაცხრომის ამოცანა, რაც, სახელმწიფოებრივი ხედვისა და შესაბამისი სამთავრობო პოლიტიკის არარსებობის პირობებში, გადაუჭრელ პრობლემად იქცა.
იქიდან გამომდინარე, რომ
- წარმოვადგენთ ადამიანური, სამოქალაქო, საკადრო და ნომენკლატურული რეპროდუქციისთვის უმნიშვნელოვანეს საზოგადოებრივ ჯგუფს,
- რომელთა უმრავლესობას ჯერ კიდევ არ გვაქვს გაცნობიერებული საკუთარი შეჭირვება და ვერ განგვისაზღვრავს უმთავრესი პრიორიტეტი და მეტიც, - მოვალეობა საკუთარი თავისა და საზოგადოების წინაშე, რის გამოც საეჭვოა ამ გადაუდებელი საქმისთვის შევკრიბოთ კანონპროექტის ინიცირებისთვის აუცილებელი ხელმოწერათა რაოდენობა,
მოგმართოთ თხოვნით, მოამზადოთ და განსახილველად წარუდგინოთ საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა, - შეღავათების და დახმარებების პაკეტით (მინიმუმ ორწლიანი იჯარა, - წყვილის წარმატებული თანაცხოვრების შემთხვევაში, ლიზინგის შესაძლებლობებით; ასევე "საცხოვრებელი" ფართის უფასოდ ვადიანი გადაცემა), - რომელშიც ასევე გათვალისწინებული იქნება ქვეყნის ძირითადი ქალაქების შესაბამის მიკრორაიონში კიბუცის ტიპის სქელკედლიანი საცხოვრებლების სასწრაფო გაშენება, შესაბამისი სამედიცინო და სამეურნეო ინფრასტრუქტურის განვითარების, ასევე, "გასართობი" (აუცილებელი) კომერციული, - აუდიო-ვიდეო და ჩასაცმელ-მოსარგები, - პროდუქციით მუდმივი მომარაგების გეგმა.
გავკადნიერდებით და გაცნობებთ, რომ დაპირებული ბუჩქებით გულაცრუებულ, ვაკის პარკში სრულიად უდროოდ აალებული ლამპიონებით გაწამებულ ახალგაზრდებს, უყურადღებობის და არსებული პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში, სხვა გზა არ დაგვრჩება, თუ არა მივმართოთ იგრიკა-ვარდობისთვის პერიოდისთვის უკიდურეს ზომებს.
იმედი გვაქვს, გულისხმიერებით მოეკიდებით ჩვენს მიმართვას და დააკმაყოფილებთ ჩვენს მოთხოვნ(ილებ)ებს, რაც ხელს აგვაღებინებს ასოციალური და სრულიად სველი ქმედებების განხორციელების განზრახვაზე.
პატივისცემით,
არაფორმალური საზოგადოებრივი გაერთიანების
ახალგაზრდები წევრები
This post has been edited by ისტერიკა on 28 Sep 2009, 02:35
მიმაგრებული სურათი