"მართლმადიდებლობის" ბრძოლა საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გრძელდებაწინათქმა
ძვირფასო მკითხველო, წინამდებარე წერილი გასული წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაიწერა და მისი გამოქვეყნება დიდი ფიქრისა და განსჯის შემდეგ მხოლოდ დღეს გადაწყდა. წერილი არის კერძო მოსაზრება ადამიანებისა და არა კათოლიკური ეკლესიისა ან მისი რომელიმე ადმინისტრაციული ერთეულისა. ჩვენ გვაქვს საკუთარი ხედვა და შეფასება მიმდინარე მოვლენების, ვინაიდან ეს ყველაფერი ძალიან მჭიდროდ უკავშირდება ქრისტიანობას. სრული გულახდილობით გიზიარებთ გასაცნობად და შეფასებისათვის.
ომი შედგა. ერთმორწმუნეობის ილუზია კიდევ ერთხელ დამტკიცდა. ომმა ორ სახელმწიფოს შორის, რომელიც თავს მართლმადიდებლად განიხილავს აჩვენა, თუ რა მარწუხებშია საქართველოს სახელმწიფო. მაშინ როცა რუსეთი თავს დღესაც უმთავრეს ძალად მიიჩნევს მართლმადიდებლობაში, ქართული მართლმადიდებლობა მას თავს ვერ აღწევს. იგი საკუთარი კადრების ისე გაზრდასაც ვერ ახერხებს, რომ საკუთარ გამორჩეულობას, მოკლედ, ნაციონალურ-კლერიკალურ მესიანიზმს არ ქადაგებდეს. თანაც როგორ ჰგავს ორივე ერთმორწმუნის მიდგომა საკუთარი თავის მიმართ, რუსული მართლმადიდებლობის მხსნელური მისია მსოფლიოსადმი და ქართული მართლმადიდებლობის აპოკალიპტური მესიანიზმი. ეს მსგავსება რაღა გასაკვირია, როცა ერთი თვალის გადავლება კმარა იმაში დასარწმუნებლად, რომ სასულიერო ლიტერატურასაც კი, რომელიც საქართველოში ვრცელდება, არა უბრალოდ რუსული-მესიანისტური სული აქვს, არამედ მისი უფრო შავბნელი ფორმაა, გამოცემული ცარისტულ რუსეთში.
ეს ერთნაირობა ომის მერეც ისეთივე დარჩა, როგორიც ომამდე იყო: ქართული მართლმადიდებლობა სულიერად დღესაც რუსული საეკლესიო პოლიტიკის გავლენის ქვეშ არის მოქცეული. მას ხმა არც კი აუმაღლებია, როცა ერთმორწმუნე "ძმები" ომს აწარმოებდნენ საქართველოს წინააღმდეგ და არც ამის მერე. ამის გამართლება კი ხდება ქრისტიანობით ... უფრო სწორედ ქრისტიანობის იმ უცნაური გააგებით, რომლის მიხედვითაც თურმე ძმას პირდაპირ არ უნდა უთხრა თუ რას სჩადის და არც თავად საკუთარ მრევლს წინ არ გაუძღვე, მასთან არ დადგე გასაჭირში, არამედ "სალოცავად" წახვიდე, ვითომ ლოცვა ყველგან არ იყო აღვლინებადი. მაგრამ როგორ ეტყოდა "უმცროსი ძმა" რაიმეს "უფროსს" ?! როცა სინამდვილეში მათ საერთო მიზნები აქვთ, ქვეყანათა ერთმანეთთან დაახლოვება იქნება ეს თუ მონარქიული წყობა. და რაც მთავარია, ზიზღი დასავლური ცივილიზაციისადმი. ეს გახდა "უფროსი ძმის" ზემდგომი ორგანოების საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედი, რითაც რუსულ სახელმწიფოს უნდა დათრგუნოს ქართული, ხოლო "უმცროსი ძმა", ქცეულა რა მეხუთე კოლონად, შიგნიდან ძირს უთხრის იმავე ქართულ სახელმწიფოებრიობას. ესკალაციის მიზეზი არაერთია. უმთავრესი კი აღზრდა. განათლება, რომელიც მოზარდს ისტორიის მძევლად ზრდის უნდა გარდაიქმნას და თვით ისტორიაც, რომელიც ეპოპეის ფორმიდან ვერ გამოსულა და საღად კრიტიკული მიდგომების მაგივრად გმირობათა მოთხრობის კურსად ქცეულა. ისტორია, რომელიც დღესაც საბჭოთა ინტერპრეტაციის მარწუხებში რჩება და საქართველოს შუასაუკუნეების შემდგომ დროს როგორც ერთმორწმუნის ძიებას განიხილავს. ეს ძიება კი, როგორც ცნობილია, მთავრდება ერთმორწმუნის საბოლოო პოვნით, ტრაქტატით, "გაბრწყინებით". ეს არ არის ისტორიის შემთხვევითი სურათი. ეს არის გამიზნული ცარისტული-საბჭოთა ხედვა, რომლითაც დღესაც ხდება მოზარდთა ინდოქტრინიზაცია . ხედვა, რომელმაც არა ერთი ომი უკვე მოიტანა "ერთმორწმუნეთა" შორის. ეს ხედვაა პირველ რიგში შესაცვლელი, მაგრამ ნება და უნარი ?! და ეძებს კი საერთოდ ვინმე ამის გაცნობიერებას ?!
აგვისტო-სექტემბერი, 2008 წელი
ზუსტად ერთი წლის თავზე კი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი აკეთებს განცხადებას:
"მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში საქართველო-რუსეთის ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა".
„ერთი წლის წინ აგრესიის შედეგად, რომელიც ბოროტმა პოლიტიკურმა ნებამ გააჩაღა, უამრავმა ადამიანმა სამხრეთ ოსეთში, რუსეთში, საქართველოში შვილები დაკარგეს. დაუცველ ხალხს თავს სამხედრო ძალა დაატყდა. ცხინვალში მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ. რუსი მშვიდობისმყოფელები, რომლებიც საერთაშორისო სამართლისა და შეთანხმებები მიხედვით, საკუთარ მოვალეობას ასრულებდნენ, ამ აგრესიის მსხვერპლნი გახდნენ. ბევრი მართლმადიდებელი ქართველი ამ ძმათამკვლელი ომის მონაწილე გახდა და მათაც დადეს თავისი სიცოცხლე", - განაცხადა პატრიარქმა კირილემ პანაშვიდის წინ გამართულ ქადაგებაში. ამ ინფორმაციას „როსიისკაია გაზეტა" ავრცელებს. პატრიარქის თქმით, ის ღმერთს სთხოვს, რომ მეორედ მართლმადიდებელმა ხალხებმა ერთმანეთზე ხელი არ ასწიონ.
რუსეთის პატრიარქის განცხადებით, ის განურჩევლად ეროვნებისა, ომში დაღუპული ყველა მართლმადიდებლისთვის ილოცებს.
მინაწერი:
როგორც ჩანს, დამოკიდებულება და მიზანი უფრო ღიად განცხადდა. ომი თავისთავად უბედურებაა, მაგრამ კიდევ უფრო მეტი უბედურებაა, როდესაც მართლმადიდებელი პატრიარქი საკუთარი ქვეყნის ოკუპანტ არმიას სამშვიდობო ძალებს უწოდებს. როდემდე? რა განსხვავებაა რუს ეგზარხოსთა და დღევანდელ რუს სამღვდელოებას შორის? ნუთუ ვინმესთვის ძნელია დასკვნების გაკეთება?
10 აგვისტო 2009 წელი
"მართლმადიდებლობის" ბრძოლა საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გრძელდებაამ ბოლო წერილის გამოქვეყნების შემდეგ 5 თვე გავიდა. საბჭოთა მართლმადიდებლობის ბრძოლა საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოს წინააღმდეგ არათუ შეწყდა, არამედ დაუფარავი ფორმები მიიღო.
საქმე არა მხოლოდ იმაშია, რომ რუსეთის პატრიარქი საქართველოს პატრიარქს უნდა ეწვიოს და აქედან გამომდინარე საქართველოს სახელმწიფოსაც, არამედ პირველ ყოვლისა იმაში, რომ უკვე პირდაპირ გაისმის ის, რაც უკვე წლებია, თუ საუკუნეები არა, ნაგულისხმებია: - ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანის იდენტურობის გზა რუსეთის ისტორიაზე გადისო ..... აბა, სხვა რა იდენტურობა გაქვთო .... აგერ ნახეთ, ჩვენს მრევლთა ძმობას ვერაფერი შეარყევსო .... იქნებ მართალია კიდეც.
ანუ გასული წლის სლოგანის პარაფრაზირება რომ ვიხმაროთ: "მრევლი პლენშია". და რა უნდა ქნას მაგალითად ახალგაზრდა თავმოყვარე და ფიქრმოსურნე ახალგაზრდა ქართველმა მართლმადიდებელმა. რა, საკუთარ იერარქიას ხომ არ გაელაშქრები ?! ანდა ისტორიას ხომ არ შეცვლი .... სხვა იყო და შეთითხნილია, მაგრამ არ ესწრება, ამ თაობებისთვის მაინც არ ესწრება?! არადა შენი ვალია შეეგებო მას, ვიზეც შენ უტყუარად იცი, რომ იგი ებრძვის საქართველოს სახელმწიფოებრიობას. მოკლედ, ხარ ასე გაორებული გულის გასკდომამდე. გაორებას კი ერთი ცუდი თვისება აქვს ქრისტიანისთვის. იგი ხერგავს გზას ქრისტესკენ. ეს გზა კი თუ ჩაიხერგა, ეგეთი აღარც რელიგია გჭირდება. ანდა წაგასხან ბაბილონს და იქნებ იქ მოეგო გონს.
ჰოდა, სანამ დარჩენილი მოსახლეობაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის შემდეგ ბაბილონს არ წაასხეს, დროა დაფიქრდეს ყველა კიდევ ფიქრუნარიანი ქართული სახელმწიფოს გულშემატკივარი, თუ რა არის მისი იდენტურობა.
გიორგი ქორიძე
დავით ივერიელი
10 იანვარი, 2010 წელი
წყარო:
http://www.geocatholics.com/index.php?opti...04-21&Itemid=76 This post has been edited by Colonel Von Stauffenberg on 10 Jan 2010, 02:05