მეიყო და არა იყო რა, იყო ერთი ბეკეკა,ის ყველა ბეკეკასავით კეთილი იყო. ალბათ ამიტომ ძალიან ტკიოდა გული, როცა ადამიანები ერთმანეთს ეჩხუბებდოდნენ, საკუთარის გატანას ცდილობდნენ და სხვისი არა ენაღვლებოდათ რა. ”ეს ხომ ბოროტების გარდა, სისულელეცააო”, ფიქრობდა, ”უფრო სწორად, ბოროტება ხომ უბრალოდ სისულელეაო და სხვა არაფერი.” ერთხელაც გადაწყვიტა თავისი ბრაზიანი მწყემსისთვის ეს ეთქვა. მივიდა და უთხრა: აი, დააკვირდი, ჩვენ, ყველა ცხვარი ვამბობთ: ”მე”, ”მე”. ადამიანებიც ასე არიან. თითოეული თავის თავს შეიგრძნობს ყველაზე მეტად. თუ შენთვის ”მე” შენ ხარ, შენი მეზობლისთვის ”მე” თვითონაა, შენ კი მისთვის ”შენ”ხარ ”და არა ”მე”. შენ რომ ღმერთს შენს მეზობლად დაებადე, ახლა ვინც ხარ, იმას ისე შეუცოდებლად დაჩაგრავდი, მხოლოდ იმიტომ რომ ის იქნებოდა ”ის” და არა ”მე”. ან ცოტათი მაინც არ მოგბეზრდა ეს შენი თავი, სულ საკუთარ თავს ხედავ, საკუთარ თავზე ზრუნავ, ხარ, ხარ, ხარ, სულ მე, მე, მე. სამყაროში კი მილიარდი ადამიანია, რომლებსაც არ იცნობ. გაიხედე ირგვლივ! შეიძლება სულ საკუთარ თავს შეიგრძნობდე და შეშლილივით უცქერდე? იმ მილიარდ ადამიანში მილიარდი განძია, რომლებსაც ვერ ხედავ, თუ რა თქმა უნდა, ისინიც შენსავით მხოლოდ საკუთარ მეს არ ეთაყვანებიან, თანაც მხოლოდ იმიტომ რომ საკუთარ თავს შეიგრძნობენ კარგად, სხვას კი ვერა. ყველა ხომ შენნაირია, როგორ ხარ ასეთი უგუნური, რომ გეჩვენება, რომ შენ ხარ მხოლოდ ”მე”, სხვები კი - არა. მილიარდი ადამიანიდან მხოლოდ შენ ფიქრობ, რომ ხარ ”მე”, სხვებისთვის კი ხარ ”ის”, ”შენ”, ”ვიღაც”, ”ვიღაც იდიოტი”, ალბათ იშვიათად ”ვიღაც საოცარი”. და ნუ იფიქრებ, რომ როცა გონიათ, რომ საოცარი ხარ, ჭეშმარიტების მწვერვალზე არიან და როცა სულელად გთვლიან, თვითონ არიან სულელები. ჩვენ, ცხვრებს კი ერთმანეთი გვიყვარს, როგორც საკუთარ თავს ისე ვუყურებთ ნებისმიერს. ვინმე ჩვენთაგანი ბოროტიც რომ იყოს, მაინც გვეყვარება, არ გავბოროტდებით და არ გავბრაზდებით. შენც გვიყვარხარ, თუმცა შენ სულაც არ ფიქრობ, რომ ჩვენც შენნაირები ვართ, მიუხედავად იმისა, რომ სულ ეს გესმის: ”მე, მე, მე”, მალე დაგვკლავ ყველას, მეც მათ შორის, მაგრამ მე მაინც მეყვარები ყოველთვის, ალბათ იმიტომ რომ ბეკეკა ვარ!
უსმენდა მწყემსი ბეკეკას, ბოლოს გაბრაზდა, აღარ შეეძლო ამის მოსმენა ”მე, მე, მე”, მან ამ სიტყვების გარდა ხომ ვერაფერი გაიგონა. ”რამ გააგიჟა ეს ოხერი, ხმა ჩაიგდე, ახლა გიჩვენებ სეირს”, იყვირა, იქვე დაგდებული ბასრი დანა აიღო და...
ცაზე თეთრი, თეთრი ღრუბელი მიფრინავდა. ”აი, დედი, ბეკეკა”, თითი გაიშვირა თეთრი, თეთრი ღრუბლისკენ პატარამ და სიხარულით გაიცინა.
გილოცავთ ახალ წელს!!!
p.s.თქვენ რა აზრის ხართ ამ ჩანახატზე? ზედმეტად გაუგებრად ხომ არ მიწერია?