უმაღლესი ლიგის კლუბების ხელმძღვანელთა შეხვედრა, ამჯერად “დინამოს” დიღმის ბაზაზე შედგა და სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა. წინა დღისგან განსხვავებით, ბევრი რამ გაირკვა - გადაწყდა ფორმატი: 12 გუნდი ჯერ ორ წრედ ითამაშებს, ამ 22 ტურის შემდეგ, გუნდები ზედა და ქვედა ექვსეულებად გაიყოფიან, ანუ შედგება პლეი ოფი და პლეი აუტი, სადაც გადაჰყვებათ წინა 22 ტურში მოგროვილი ქულები, ბურთების შეფარდება და ასე შემდეგ. და პლეი ოფიც და პლეი აუტიც იქნება ორწრიანი, 10-ტურიანი. ჯამში, ყველა გუნდს 32 მატჩის ჩატარება მოუწევს.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენი გუნდი გავარდება.
გადაწყდა, რომ პროფლიგა შეიქმნება და მისი რეგისტრაცია 18 ივნისს მოხდება. ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება პროფლიგის პრეზიდენტი, თუმცა დისკუსიის დასრულების შემდეგ, კლუბების ხელმძღვანელებმა კანდიდატების ვინაობა გვითხრეს.
უმაღლეს ლიგას დაერქმევა პრემიერლიგა.
რომან ფიფია (“დინამოს” პრეზიდენტი): “18 ივნისამდე კიდევ შევიკრიბებით და კლუბებისგან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, კონსულტაციები გაგრძელდება და ყველა დეტალზე შევთანხმდებით. ჩვენი მიზანი და სურვილია, ჩემპიონატი სუფთად ჩატარდეს. კარგია, რომ პროფლიგა შეიქმნება. ჯერჯერობით, ორი კანდიდატია: გია ფირცხალავა და ვლადიმერ გუცაევი. როგორც იცით, ფირცხალავას ამ პოსტზე მუშაობის გამოცდილება აქვს. შესაძლოა, სხვა კანდიდატებიც გამოჩნდნენ”.
ვასილ ხორავა (“ტორპედოს” გენერალური დირექტორი): “ნაყოფიერი შეხვედრა გამოდგა. ჩემპიონატის სისტემაც მომწონს. რაც შეეხება ჩვენს კლუბს, “ტორპედო” ევროთასებზე გასასვლელად ემზადება და რაც მეტ ეტაპს გავივლით, მით უკეთესი. გასული სეზონი კარგი გამოდგა გუნდისთვის, რადგან მესამე ადგილზე გავედით და ევროტურნირების საგზური მოვიპოვეთ. ვეცდებით, შედეგი გავაუმჯობესოთ”.
ილია კოკაია (“ზესტაფონის” პრეზიდენტი): “დიდი სურვილი იყო, პროფლიგა ჩამოყალიბებულიყო და კარგია, რომ ასეც მოხდება. ქართულ ფეხბურთში ბევრი რამ არის მოსაგვარებელი, ამიტომაც, კონსულტაციები გაგრძელდება.
- ფიფაში სარჩელი შეიტანეთ ბუბა დაუშვილის თემაზე და ლვოვის “კარპატის” უჩივით. რაიმე რეაგირება ხომ არ მოჰყოლია?
- ეს, იურისტების საქმეა. ბოლომდე გავყვებით ამ საქმეს, რათა სიმართლე დადასტურდეს.
- როგორც შევიტყვეთ, “ზესტაფონი” ახლოსაა დავით სირაძის შეძენასთან და თითქმის გადაყვანილი გყავთ. ასეა?
- თითქმის გადმოსული - არა. ისე კი, შემადგენლობის გაძლიერებაზე სერიოზულად ვზრუნავთ.
- კონკრეტულ ფეხბურთელებზე ვერ გვეტყვით?
- ჯერ ამ საქმეებით ვართ დაკავებულნი. კონკრეტულად ვერცერთზე ვერ გეტყვით.
გია გურული (ბათუმის “დინამოს” მწვრთნელი): “ფორმატი კარგია და მომწონს. უბრალოდ, სჯობს შაბათ-კვირას ვითამაშოთ, დასვენების დღეებში უფრო მოვა გულშემატკივარი. გასულ სეზონში, ხშირად, სამუშაო დღებში გვიწევდა მატჩები.
- როგორი ფინანსური მდგომარეობაა კლუბში? სპონსორზე რა სიახლეებია?
- დაფინანსება ნორმალურია. ბიუჯეტიდან გამოგვიყოფენ თანხას და ვიცი, რომ გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე გასულ სეზონში იყო. სპონსორზე კი ჯერ ვერაფერს გეტყვით.
- შემადგენლობის გაძლიერებას აპირებთ და ვინმე ხომ არ დაგიმატებიათ?
- საკმაოდ ბევრნი არიან გასასინჯთა სიაში. ცნობილი ჯერ არავინაა. საერთოდ, ახალგაზრდულ გუნდს ვაყალიბებთ. ისე კი, გამოცდილებიც გვსურს, მაგალითად, აუცილებლად დასამატებელია თავდამსხმელი და მარცხენა მცველი.
აბა რას იტყვით?
პ.ს
https://www.facebook.com/georgian.premier.league ეს გვერდიც დაალაიქეთ