ობამა „პირადად არის ჩართული“ რუსეთ-საქართველოს დავაში მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე
ჯოშ როგინი
თვეების განმავლობაში ობამას ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები ამტკიცებდნენ, რომ შეერთებული შტატები რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) გაწევრიანებასთან დაკავშირებულ რუსულ-ქართულ დავაში არ ერეოდა, თუმცა დღეს ცნობილი გახდა, რომ ადმინისტრაცია და პირადად ბარაკ ობამა უკვე დიდი ხანია, რაც ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართულები
რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება, ობამას „გადატვირთვის“ პოლიტიკის ერთ-ერთი საკვანძო ამოცანაა, თუმცა რუსეთის მსო-ში გაწევრიანების გზაზე დგას ამ ორგანიზაციის წევრი საქართველო, რომელსაც მის დიდ ჩრდილოელ მეზობელთან დიდი ხნის უთანხმოება აქვს, არადა ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის ყველა წევრის თანხმობაა საჭირო. ამავდროულად 2008 წლის შემდეგ რუსეთის არმიას ოკუპირებული აქვს საქართველოს სამხრეთ-ოსეთის და აფხაზეთის რეგიონები და საქართველო რუსეთის მსო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ საბაჟო და სასაზღვრო კონტროლის სფეროში დათმობებს მოითხოვს.
ამ საკითხზე მოლაპარაკებები რუსეთს და საქართველოს შორის თებერვალში შვეიცარიაში დაიწყო. მარტში უშიშროების ეროვნული საბჭოს რუსეთის განყოფილების უფროსმა დირექტორმა მაიკლ მაკფოლმა განაცხადა, რომ მართალია რუსეთი სინამდვილეში ვერ შესძლებს მსო-ში საქართველოს თანხმობის გარეშე გაწევრიანებას, თუმცა შეერთებული შტატები ამ ორ ქვეყანას შორის შუამავლის როლს არ ითამაშებს.
„ახლა [ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის] პროცესი მიმდინარეობს და მე არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო, რადგან ჩვენ მასში არ ვმონაწილეობთ“ – ხაზგასმით აღნიშნა მან – „ეს მაინც ორმხრივი პროცესია და არა სამმხრივი“.
თუმცა დავუბრუნდეთ დღევანდელ დღეს და ობამას და პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის შეხვედრას „დიდი რვიანის“ სამიტის კულუარებში საფრანგეთში. ამ შეხვედრის შემდეგ თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა ABC News-ს განუცხადა, რომ ობამა „პირადად მონაწილეობდა“ ამ პროცესში თვეების განავლობაში, იგი ფაქტობრივად შვეიცარიის მოლაპარაკებების ინიციატორი გახდა და რუსეთის და საქართველოს ლიდერები მოლაპარაკებების აუცილებლობაში დაარწმუნა.
ჩინოვნიკმა ქართველები პალესტინელებს შეადარა, საუბრობდა რა საქართველოს მისწრაფებაზე დაასრულოს რუსული ოკუპაცია, „მსო არ არის ის ველი, სადაც მსგავსი საკითხები უნდა წყდებოდეს… პალესტინელების მსგავსად, რომლებიც გაერო-ში კენჭისყრის მიღწევას ცდილობენ“.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ რუსეთის მსო-ში გაწევრიანება სასარგებლო იქნება რუსეთის ეკონომიკისთვის, ამერიკის ეკონომიკისა და მსოფლიო ეკონომიკისთვის“ – განაცხადა ობამამ – „და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამას მივაღწევთ“.
არსებობს იმის ნიშნები, რომ ადმინისტრაციის წარმომადგენლები საქართველოზე ზეწოლას ახორციელებენ, აიძულებენ რა მას კომპომისზე წასვლას. სენატის აპარატის მაღალჩინოსანმა რესპუბლიკელმა The Cable-ს განუცხადა, რომ აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელმა რონ კირკმა, სენატორებთან თათბირის დროს, რომელიც კონგრესის დელეგაციის ტურნეს წინ ჩატარდა (ეს ტურნე საქართველოში ვიზიტსაც მოიცავდა), სენატორებს საქართველოზე ზეწოლა და მისგან რუსეთის მსო-ში გაწევრიანებაზე თანხმობის მიღება სთხოვა.
„უცნაური იყო იმის მოსმენა, თუ როგორ არწმუნებდა ელჩი კირკი დახურულ კარს მიღმა სენატორების ჯგუფს, საქართველო „გონივრულ ქმედებებში“ დაერწმუნებინათ იმ დროს, როდესაც ჩვენ გვახსოვს, თუ როგორ დებდა საჯაროდ პირობას ადმინისტრაცია, რომ რუსეთ-საქართველოს დავაში არ ჩაერეოდა“ – განაცხადა წყარომ.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა The Cable-სთვის მარტში მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რუსებს იმის იმედი ჰქონდათ, რომ ობამას ადმინისტრაცია საქართველოზე ზეწოლას მოახდენდა, თუმცა ამ საკითხში სწორედ ამერიკის ობიექტური პოზიცია უწყობს ხელს მის დარეგულირებას.
„[რუსები] ამერიკელებს ეუბნებოდნენ, რომ საკმარისი იყო მათ შორის მოლაპარაკება, საქართველო კი ამ შეთანხმების ელემენტი გახდებოდა. მე ბევრჯერ მსმენია, როგორ ამბობდა ზოგიერთი რუსი, რომ საკმარისია ვიცე-პრეზიდენტ [ჯოზეფ] ბაიდენის ერთი ზარი სააკაშვილთან მის დასარწუნებლად და გასაჩუმებლად, თუმცა ეს ასე არ არის და ამერიკელებმა იციან, რომ ეს ასე არ არის“ – განაცხადა სააკაშვილმა.
ზოგიერთი რუსი აცხადებდა, რომ ისინი ხელახლა დაუშვებენ ჩვენს ღვინოს საკუთარ ბაზარზე და ამით ჩვენ პოზიციას შევიცვლით, თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ რუსებისთვის ღვინის მიყიდვას. ეს მოლაპარაკებებისთვის არგუმენტი არ არის. ჩვენ გვჭირდება გამჭვირვალობა სასაზღვრო კონტროლის და საბაჟო საკითხებში. ამ სფეროში ჩვენ და რუსებმა ურთიერთმისაღები გადაწყვეტილებები უნდა ვეძებოთ“.
ორიგინალი
http://foreignpress.ge/?p=17463#more-17463