- სად ხარ, დავით? - ნაზი ხმით ჰკითხა მასწავლებელმა, რადგანაც დაინახა, რომ დავითმა ხელიდან ფანქარი გააგდო და აღარ წერდა.
- მთაზე ვდგავარ.
- რას ხედავ? - ჰკითხა პასუხით გაკვირვებულმა მასწავლებელმა.
- თოვლიან მწვერვალებს, რომლებიც მზეზე ელვარებენ...
- დავით, შენ გძინავს და სიზმარს ხედავ. უნდა გაიღვიძო, ჩვენ სკოლაში ვართ!
დავითს ისეთი მდიდარი ფანტაზია აქვს, რომ ყოველთვის, როცა მასწავლებელი გეოგრაფიის გაკვეთილის ახსნას იწყებს, აღწერს მთებს, სადაც ზაფხულობით ნახირი ბალახს ძოვს და ხეობებს, რომელთა მცხოვრებნიც ყველს ამზადებენ, ბიჭუნა თავისდა უნებურად შორდება საკლასო ოთახს და ძროხების შესახვედრად მიიჩქარის ნაძვებით დაბურულ გზებზე. საძოვრებამდე მიდის და აღტაცებული შესცქერის მყინვარებსა და მიუვალ კლდეებს. ვერაფრით ახერხებს, რომ ყურადღებით უსმინოს გაკვეთილის ახსნას.
მომდევნო კვირაში, ისევ გეოგრაფიის გაკვეთილზე მასწავლებელი ხსნიდა, თუ როგორ იბადება მდინარეები პატარა ნაკადულებიდან, რომლებიც მთიდან გამოდის და თვალწარმტაც ჩანჩქერებად მოედინება, შემდეგ კი რამდენიმე ნაკადული ერთმანეთს უერთდება და დიდ მდინარედ იქცევა, რომელიც... მაგრამ დავითი აღარ უსმენს, რადგანაც ჯადოსნური სიტყვა `ჩანჩქერი~ გაიგონა და აი, უკვე ჩანჩქერთან დგას...
- სად ხარ, დავით?
- მდინარეზე ვარ: მოდი, მასწავლებელო, ნახე, რა სასიამოვნოა, მიჰყვე დინებას.
ცხადია, დავითი კიდევ ერთხელ გადაეშვა თავის წარმოსახვით სამყაროში. მასწავლებელი გვერდით მიუჯდა და ცდილობს, კლასში დააბრუნოს.
მაგრამ ეს სერიოზული შეცდომაა...
დავითს თვითონ მიჰყავს მასწავლებელი გასაბერ ნავში ჩასაჯდომად!
მას ნიჩბებს და დამცავ ჟილეტს უწვდის, რომელიც იმ შემთხვევაში გამოადგება, თუ წყალში გადავარდა. თვითონ კი გამოცდილ მენავესავით ატრიალებს საკუთარ ნავს, რათა მდინარის ბობოქარმა ტალღებმა არ გადააბრუნოს.
სწრაფი დინებით თავრეტდასხმულ მასწავლებელს დავითი აჩვენებს მდინარეებს, რომლებშიც კუები დახტიან და სადაც შვლის ნუკრები წყლის დასალევად მოდიან, ხოლო ფრინველები გალობენ და თამაშობენ.
დავითის სიტყვები და წყლის დგაფუნი სკამზე მჯდომ მასწავლებელს იავნანასავით ჩაესმის ყურში და მასაც ეძინება...