ნინო დანელია
მუქთა ფული, ანუ გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან უკანდასაბრუნებელ შედეგამდე
ორშაბათს პირველად დავესწარი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომას. თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, რასაც არ ველოდი ან ველოდი. თითქოს განსაკუთრებით ცუდიც არაფერი მომხდარა, მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტი მივიღეთ, რომლისთვისაც ხმა არ მიმიცია. სამნი ვიყავით წინააღმდეგნი -შორენა შავერდაშვილი, ლიკა ჩახუნაშვილი და მე. თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო. მაგრამ მაინც მთელი დღე რაღაც მაწუხებდა, რაღაც რაც იყო და არ უნდა ყოფილიყო. საბჭოს შემდეგ უცნაური დისკომფორტი მიჩნდებოდა, როგორიც წესით არ უნდა მქონოდა. არ უნდა მქონოდა, იმიტომ რომ საბჭოზე დავინახე, რომ იმ შემთხვევაში, თუკი კარგად დავგეგმეთ ჩვენი საქმიანობა, შეიძლება შედეგს მივაღწიოთ და მედიის ბაზარზე საზოგადოებრივი მაუწყებელი მართლაც ხარისხის მაჩვენებელი გახდეს. ამის ფიქრის საფუძველი აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად საბჭოს რამდენიმე მეურვემ მომცა. მთავარია კარგად დავგეგმოთ, მთავარია ჩავრთოთ ექსპერტები, მთავარია სწორად გამოვიყენოთ საერთაშორისო რესურსები, მთავარია მაქსიმალურად საჯარო გავხადოთ პროცესი და გამოვა - ასე ვიმეორებდი მთელი საღამო და მაინც არ მცილდებოდა დისკომფორტის უსიამოვნო შეგრძნება. ბოლოს გადავწვიტე, ჩემი დისკომფორტის არტიკულირება და მოყოლა. ასე უკეთ გავიგე რა მაწუხებდა.
სამეურვეო საბჭოს სხდომაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი მაუწყებლის ბიუჯეტი იყო. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ჯერ არ ვიცით რა პროგრამული პრიორიტეტები აქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ, მეორე და პირველ კავკასიურ არხებს და რადიოს, იმისათვის რომ განვსაზღვროთ რისთვის და რა თანხებია საჭირო. გაურკვეველია ბიუჯეტის რამდენიმე მსხვილი პუნქტი, მაგ: მაუწყებლის ტრანსპორტით უზრუნველყოფის ხარჯების მიზანშეწონილობა, საშტატო განრიგი - მიუხედავად ამისა, რამდენიმე მეურვე წუხს, რომ სხდომა დიდხანს გაგრძელდა და საბჭოს წევრები კითხვებს სვამენ. რაც არ უნდა ყოფილიყო იმ ბიუჯეტში, ისინი მაინც მზად იყვნენ მხარი დაეჭირათ მისთვის არგუმენტით, ვენდოთ მენეჯმენტს, რომელიც უდაოდ საუკეთესოს გვთავაზობს. იყვნენ მუდმივად თავდაცვით რეჟიმში მყოფი ადამიანებიც, ვისაც თავს არავინ ესხმოდა. თითქოს საოცარი არაფერი ხდებოდა, ადამიანები სხვადასხვანაირები ვართ და სწორედ ესაა ჩვენი ხიბლი. მაგრამ სწორედ აქ მივხვდი რა იყო ჩემი დისკომფორტის ერთ-ერთი მიზეზი: მთავარი ამ შეკრებაზე ის იყო, რომ ზუსტად დავინახე გადაწყვეტილების მიღების პროცესი. მთავარი იყო საკითხისათვის კენჭი გვეყარა და არ გადაგვედო. რა უშავს, რომ ბიუჯეტი არ ვარგა, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ მერე, ოდესმე შეგვიძლია უკან დავბრუნდეთ და შევასწოროთ, ახლიდან დავწეროთ, ახლიდან მოვიფიქროთ. მთავარი არგუმენტი ისაა, რომ პროცესი არ შეფერხდეს. რა უშავს მერე, თუკი ეს პროცესი არასწორადაა წარმართული, თუკი საკითხების საუკეთესო გადაწყვეტა მეტ დროს, მეტ ფიქრსა და მეტ ძალისხმევას მოითხოვს. ბიუჯეტი იმიტომ კი არ მივიღეთ, რომ კარგი იყო, არამედ იმიტომ, რომ მერე ყოველთვის შეგვიძლია უკან დავბრუნდეთ და გადავწეროთ. აი ჩემი დისკომფორტი. მე მინდა, რომ უკან აღარ დავბრუნდეთ და მოჯადოებულ წრეზე არ ვიაროთ, თუკი შეგვიძლია წინ წავიდეთ. მინდა, რომ დავხარჯოთ მეტი დრო, მაგრამ რასაც გავაკეთებთ ისე გავაკეთოთ, რომ არ გვეჩოთირებოდეს, ისე გავაკეთოთ, რომ ერთი საკითხი მაქსიმალურად ამოვწუროთ, საუკეთესოდ გადავწყვიტოთ და სხვა საკითხს მივხედოთ და თითოეულ საკითხზე იმდენი დრო დავხარჯოთ, სანამ არ ვიტყვით, კარგია და იმიტომ მივიღეთ და არა იმას, რომ მივიღეთ, იმიტომ რომ ყოველთვის შეგვიძლია უკან დავბრუნდეთ.
დათქმა: თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მიხარია, რომ უკან დაბრუნების შესაძლებლობა მაინც გვაქვს. ეგებ შევძლოთ ჩვენი თანამოქალაქეების ფულის მათთვის სასარგებლოდ და გაცილებით უფრო ყაირათიანად ხარჯვა.
მეორე საკითხი, რამაც შემაწუხა განსაკარგი ფულის მიმართ დამოკიდებულება იყო. არათუ ოცი ათასი ლარი (ჰიდრომეტსადგურისათვის განკუთვნილი), დაახლოებით ცხრაასი ათასი ლარი (სატრანსპორტო ხარჯები) არაფერს ნიშნავდა. შეგრძნება იმისა, რომ ეს ფული ჩვენია, ჩვენი თანამოქალაქეებისაა, რომლებიც უკეთეს მომსახურებას იმსახურებენ, მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ჰქონდა. იქნებ უკეთესი ყოფილიყო, რომ მენეჯმენტისათვის მოგვეთხოვა ყველა შესაძლო მომსახურების განხილვა (ახალი მანქანების ტენდერით შეძენის სავარაუდო ღირებულება, ძველი მანქანების ახლებში გაცვლის ასევე სატენდერო შესაძლებლობები, ე.წ. "ტრეიდინგი", გარე მომსახურების ხარჯები და ა.შ.), მერე კი ყველას ერთად გვეფიქრა რა არის ტელევიზიისათვის უმჯობესი ნაკლებ ფასად და ეს ფული უკეთესი პროგრამებისათვის ან ტელევიზიის თანამშრომლების სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად გამოგვეყენებინა. მაგრამ როცა ძალიან წუხარ, რომ ვიღაც კითხვას სვამს, ძალიან გინდა, რომ სხდომა მალე დასრულდეს, მაშინ რაღა დროს საკითხების გარკვევაა, მთავარია მივიღოთ, უკან დაბრუნებას კი ყოველთვის შევძლებთ.
დათქმა: თუმცა მაინც იყო კარგი გადაწყვეტილება, რომელიც საბჭომ მართლაც იმიტომ მიიღო, რომ კარგი გადაწყვეტილება იყო, რომელიც გადასინჯვას აღარ დაექვემდებარება: პირველი თებერვლიდან ინფორმაციის გამჭვირვალობის მიზნით, სხდომები მაუწყებლის ვებ-გვერდზე დაიდება. დარწმუნებული ვარ დისკუსიებისათვის კარგი მასალა იქნება, ჰოდა ჭეშმარიტებაც ეგებ დისკუსიაში დაიბადოს.
და ბოლოს, რამდენიმე საკითხი, რაც, საბჭოს გადაწყვეტილებით, თებერვლისათვის იგეგმება:
თებერვალში მარკეტინგის სამსახური მარკეტინგის, გაყიდვებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ინტეგრირებულ გეგმასწარმოადგენს;
თებერვალშივე მაუწყებლის ადმინისტრაცია მენეჯმენტის ახალი სისტემის კონცეფციას წარმოადგენს. სწორი სისტემური ცვლილებები გააადვილებს არამხოლოდ ბიუჯეტის მიბმას კონკრეტულ საჭიროებებზე, არამედ, რესურსების ბევრად უკეთ გამოყენებას;
თებერვლიდან BBC World Service Trust დაიწყებს მოამბის შინაარსობრივ მონიტორინგს და გამოცდილი ჟურნალისტებისა და პროდიუსერების ტრეინინგს; საბჭოს რამდენიმე წევრს გვინდა მათთან კონკრეტულ ისაკითხების გავლა, მაგ: მენეჯმენტის დახმარება მართვის ეფექტური სისტემის შემუშავებასა და ფინანსური რესურსის სწორ განკარგვაში, პროგრამული პრიორიტრეტების განსაზღვრაში და ა.შ.
და სულ ბოლოს, ძალიან მინდა, რომ სირთულეების მიუხედავად, წლის ბოლოს შეგვეძლოს ვთქვათ, რომ საერთო ძალისხმევით, საზოგადოებრივი მაუწყებელი სწორ გზას ადგას და საქართველოს ყველა მოქალაქეს ხარისხიანი და პროფესიულად გაკეთებული პროგრამების და საინფორმაციო გამოშვებების მიღების საშუალება აქვს, მაუწყებლის თანამშრომლები კი უფრო დაცულად გრძნობენ თავს.
http://www.azrebi.ge/index.php?m=734&newsid=65