გაზეთ "24 საათის" მიხედვით
1 იანვრიდან აღსრულების ახალი სისტემა ამოქმედდა
ყველა ის მოვალე, რომელსაც სესხი ქონებრივი უზრუნველყოფის გარეშე აქვს აღებული და რომელიც სასამართლოს ან არბიტრაჟის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ ვალს კანონით დადგენილ 7–დღიან ვადაში არ გადაიხდის, ქონებას გამოემშვიდობება. ამ ვადის გასვლის შემდეგ აღმასრულებელი მოვალის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მოიძიებს და გაყიდის. როგორც იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, აღსრულების ახალი სისტემა კრედიტორთა ინტერესის დაცვისა და აღსრულების ეფექტური სისტემის დანერგვის მიზნით შემოიღეს და ის 2010 წლის პირველი იანვრიდან შევიდა ძალაში, როდესაც იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში „მოვალეთა რეესტრი“ ამოქმედდა.
რეესტრში არაკანონმორჩილი მოვალეები მოხვდებიან. რაც შეეხება კერძო საკუთრების არარსებობის შემთხვევას, ასეთი პირი „მოვალეთა რეესტრში“ მანამდე დარჩება, სანამ ვალს არ გადაიხდის. კანონი აღმასრულებელს მოვალის სახელზე ათეულობით წლის შემდეგ დარეგისტრირებული ქონების დაყადაღების და გაყიდვის უფლებასაც აძლევს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსის მოადგილის ალექსანდრე ბარნაბიშვილის თქმით, „მოვალეთა რეესტრში“ მოხვედრის შემდეგ პირს საკუთრებაში არსებული მოძრავი ან უძრავი ქონების განკარგვის უფლება ეზღუდება.
„მას შემდეგ, რაც სასამართლო ან არბიტრაჟი მოვალესა და კრედიტორს შორის არსებული დავის განხილვის შემდეგ გადაწყვეტილებას გამოიტანს და ის ძალაში შევა, იწერება სააღსრულებო ფურცელი, რომელიც მიდის აღსრულების ეროვნული ბიუროს იმ ტერიტორიულ ორგანოში, სადაც მოვალე ცხოვრობს ან მის სახელზე დარეგისტრირებული უძრავი ქონება მდებარეობს. მას შემდეგ, რაც პირს აღმასრულებლის მიერ გაეგზავნება შეტყობინება ამ გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, ვალდებულების შესასრულებლად 7–დღიანი ვადა ეძლევა, და თუ იგი ვალს ამ ვადაში არ გადაიხდის, ის „მოვალეთა რეესტრში“ მოხვდება. ამის შემდეგ აღმასრულებელი მოვალის სახელზე არსებულ ქონებას მოიძიებს, აღწერს და დააყადაღებს. ქონების მოძიებიდან 1 თვის განმავლობაში ექსპერტი მის საბაზრო ღირებულებას შეაფასებს. შეფასებიდან 1 თვის განმავლობაში კი აუქციონი ტარდება და ქონების იძულებით რეალიზაცია ხდება. ქონება პირველ აუქციონზე საბაზრო ღირებულების ნახევარი ფასით გადის. იძულებითი რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხიდან პირველ რიგში არსებული დავალიანება დაიფარება. იმ შემთხვევაში თუ ნამეტი თანხა დარჩება, ის მოვალეს დაუბრუნდება“, – აცხადებს ბარნაბიშვილი.
მისი განმარტებით, აღსრულების ხანდაზმულობის ვადა შეზღუდული არ არის, არსებობს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების წარდგენის ვადა და ის 10 წლითაა განსაზღვრული. თუ გარკვეული პერიოდის შემდე პირის სახელზე რაიმე სახის ქონება დარეგისტრირდება, მას ამ ქონების განკარგვის უფლება არ მიეცემა.
ამასთან, სააღსრულებო კანონში განსაზღვრულია იმ მატერიალური და არამატერიალური ქონების ჩამონათვალი, რაც ყადაღას არ ექვემდებარება. ასეთია პირადი მოხმარების ან საოჯახო ნივთი, რომელიც აუცილებელია მოვალისთვის თავისი პროფესიული საქმიანობის, ცხოვრებისა და საოჯახო მეურნეობისთვის. არ შეიძლება დაყადაღდეს მოვალის ოჯახისა და მასთან ერთად მცხოვრები პირებისთვის საჭირო 4 კვირის საკვები, საწვავი და სანათი საშუალებების მარაგი. ხოლო როდესაც ასეთი მარაგი არ არსებობს, მათი შეძენისთვის საჭირო თანხას ყადაღა არ ედება. ყადაღა არ დაედება წვრილფეხა საქონელსაც.
არის თუ არა ესა თუ ის იურიდიული ან ფიზიკური პირი მოვალეთა რეესტრში, ამის გაგება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ–გვერდის მეშვეობით შეიძლება. ამისთვის კი აღნიშნული პირის პირადი ნომერი ან საინდენტიფიკაციო კოდი უნდა იცოდეთ. ვალის მოცულობა ამ ეტაპზე კონფიდენციალურია.
ალექსანდრე ბარნაბიშვილის განმარტებით, დღეისთვის „მოვალეთა რეესტრში“ არცერთი პირი არ ირიცხება და მასში ის ადამიანები მოხვდებიან, რომელთა მიმართ აღსრულება 2010 წლის 1 იანვრიდან დაიწყო.
„1 იანვრის შემდეგ ბევრი უქმე დღე იყო და კანონით გათვალისწინებული ნებაყოფლობითი აღსრულების 7–დღიანი ვადა ახალი გასულია. ასე რომ, იძულებითი აღსრულების პროცესის დასაწყებად მომართვების მიღებას ახლა ველოდებით“, – აცხადებს ბარნაბიშვილი.
http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&id=14775&ct=17პ.ს. ოფიციალურად 300 000-მდე ურჩი გადამხდელია, ამას დაუმატეთ ოჯახის წევრები.... და ვიღაცას მერის არჩევნების მოგება უნდა ხო?