tariaki 
        
        Crazy Member 
         
  
              
        ჯგუფი: Members 
        წერილები: 2634 
        წევრი No.: 90447 
        რეგისტრ.: 3-May 09 
          
        
         
       | 
      
        
        #17745146 · 1 Feb 2010, 17:06  ·  · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი 
        
         დიტო გელოვანი. ის რაც ხდებოდა წინა კვირაში. „ვერსია“] - ნება მიბოძეთ, მოგილოცოთ! თქვენ ფსიქოპათური გენიოსი ხართ! ურთულესი სამუშაო შეასრულეთ! ფსიქოპათურად შექმნილი სახეების ისე ცოცხლად გამოსხივება, რომ მან სხვის გონებაშიც ცხადად და ცოცხლად დაიდონ ბინა, ტელეპატიის საშუალებით, თანაც ჰალუცინაციებისადმი მგრძნობელობის შეუსუსტებლად, რასაც თქვენ ახერხებთ, თითქმის შეუძლებელია. იმ სახლში მყოფნი, ჩვეულებრივ, დაავადებულნი არიან მხოლოდ მხედველობითი ან, უკიდურეს შემთხვევაში, ერთდროულად - მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციებით. თქვენ შეგიზავებიათ მთელი ეს კომპლექსი! თქვენი სიგიჟე მშვენივრად სრულყოფილია. - ჩემი სიგიჟე! - კაპიტანს ფერი დაეკარგა. - დიახ, დიახ, მერე რა წარმტაცი და მშვენიერი... (რეი ბრედბერი, „მარსის ქრონიკა“) არა, ძმაო, ეს კოკოა თუ კონსტანტინე, ეტყობა მართლა მაგარი ვინმეა. მთელი 12 წლის განმავლობაში საქართველოს სპეცსამსახურები დასდევდნენ და ვერ დაიჭირეს, შვეიცარიაში იმალებოდა კონსპირაციულ ბინაზე. მერე, ჩამოვიდა და ვინც მას დასდევდა, ტახტიდან ჩამოაგდო. ამის შემდეგ მას ისევ დასდევდნენ, მაგრამ არ შედრკა და მიტინგებზე გამოდიოდა მგზნებარე სიტყვით. ისევ დასდევდნენ. შემდეგ, ბოლოს ვინც დასდევდა, იმას შეეკრა და კომისია ჩამოაყალიბა მამამისის ამბის გასარკვევად - რატომ დასდევდნენ და მისდიეს თუ არა ბოლომდე. ჰოდა, გასულ კვირაში მოსკოვში ჩავიდა და შეხვდა მას, რომელსაც უკვე 15 წელია დასდევენ და ვერავინ მოიხელთა.
  კოკო შეხვდა იგორს. აქედან იგორი შორია, ვარალალი-ვარალალო, ჰე! იგორმა უთხრა, მკვლელობა იყო, მა რა ჩემი ფეხები იყოო. ვარალალი-ვარალალო! იგორმა ისიც უთხრა, შევარდნაძე დასდევდა, მე ხელს ვუშლიდიო. ვარალალი-ვარალალო! იგორს ცრემლი გადმოუვარდა, ძალიან მიყვარდა ზვიადი, ნეტა მე მომხვედროდა ის ტყვიაო. ვარალალი-ვარალალო! კოკომ დაუჯერა. გამსახურდიები მიმნდობი ხალხია, მიამიტი. ზვიადა იყო - მურმან ომანიძეს ენდობოდა, კოკო იგორ გიორგაძეს ენდობა.
  ხუთშაბათს შევარდნაძეს უთხრეს, კოკო და იგორი შეიკრნენ და ხელს გადებენო. შევარდნაძემ სიცილი შეწყვიტა. არადა, ორშაბათის შემდეგ იცინოდა, როცა უთხრეს, იანუკოვიჩი შენი შვილი ყოფილაო. მაშინ ეძიკა-ძიამ თქვა, მარტო იანუკოვიჩი კი არა, ბორის ელცინიც ჩემი შვილი იყო, ბორის ძნელაძის საპატივცემულოდ დავარქვი ბორისიო. ეს თქვა, სიცილი აუტყდა და მანამ იცინა, სანამ კოკოსა და იგორის დაძმობილების ამბავი არ გაიგო.
  მოკლედ, იყო ერთი კაკანი. კოკო კაკანებდა, უფრო სწორად - კოკონებდა. იგორი ეუბნებოდა: „ძიბ, ძიბ, ძიბ“. გაყინულ ბარკლებს თუ უფრო მეტი ჭკუა არ ჰქონდეთ...
  ხომ მაგარია - კაგებეს გენერლის სიტყვა ჭეშმარიტების უკანასკნელი ინსტანციაა. მამამისის პრემიერ-მინისტრს არ ენდობა, მამამისის მინისტრებს არ ენდობა, მამამისის დაცვის წევრებს არ ენდობა და კაგებეს გენერალს ენდობა. ეს ცოტა უფრო მაღალი დონეა - მამამისი კაგებეს პუსტა-პუსტებსაც კი ენდობოდა და ვინც კაგებეშნიკი არ იყო, ყველა კაგებეშნიკად გამოაცხადა. მეც ამ უკანასკნელებს შორის ვიყავი, ლუდს ვსვამდი და წვერზე ჩამომდიოდა.
  აბსანძემ გადამაგდოო - წუწუნებდა კოო-კოო-კოკო. მე კი მგონია, რომ თვითონ არ შეხვდა - ღორის გრიპის შეეშინდა.
  ასეა თუ ისე, ორი ქართველის - კოკოსა და იგორის, კოკოიგორის ჩახუტებამ ისე მოხიბლა ალექსანდრე ებრალიძე, რომ მაშინვე სააკაშვილთან აფრინა წერილი, საქართველოს მოქალაქეობა მინდაო, თუმცა შოთა მალაშხიამ ჩვეული მრისხანებით აღნიშნა, მაგას საქართველოს მოქალაქეობა რომ მივცეთ, აფხაზეთს ვეღარ დავიბრუნებთო. კი გამიკვირდა, მეთქი რა შუაშია-მეთქი, მაგრამ მალაშხია მრავალი ათეული წელია აფხაზეთის დასაბრუნებლად იბრძვის და ჩემზე უკეთ იცის, რას აკეთებს.
  ბარემ აქვე აღვნიშნავ, რომ კოკოიგორის ამბებმა პოლონეთში მყოფ ოთხი ათას ქართველს სამშობლოში დაბრუნება გადაწყვეტინა. ამას - ნოსტალგიის მოძალების გამო სამშობლოში დაბრუნებას - დეპორტაცია ეწოდება.
  გასულ კვირაში ებრალიძის თემა ამით არ ამოწურულა. ალექსანდრე ებრალიძის პრემიის (რომელსაც მოფერებით დავით აღმაშენებლის პრემიასაც უწოდებენ) ლაურეატები გახდნენ ნოდარ წულეისკირი, რეზო ამაშუკელი და ელიზბარ ჯაველიძე. ამის შესახებ საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ნანა ჯაფარიძე-ჭყოიძემ (ცისფერი მთები ანუ ტიან-შანი) განაცხადა.
  ნიუსში ჩავიხედოთ: „მისივე განცხადებით, კონკურსის დაწყების წინ სამი პრემია დაწესდა. კონკრეტულად, საუბარი იყო პირველ პრემიაზე, მეორე და მესამეზე, რომლის შესაბამისი ფულადი პრემია გამოიხატებოდა 25-35 ათას ლარში, თუმცა საბოლოო ჯამში კომისიამ, რომლის შემადგენლობაში გურამ გოგიაშვილი, ნუნუ დალაქიშვილი და ნანა ჯაფარიძე-ჭყოიძე შედიოდნენ გადაწყვიტეს, რომ 60 ათასი ლარი ლაურეატებისთვის გაეყოთ თანაბრად“.
  მართალია, ეს არითმეტიკა ბოლომდე ვერ გავიდე, მაგრამ იმას კი მივხვდი, რომ რომელიმეს პირველობა დანარჩენებში შურს გამოიწვევდა. ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორები იტყოდნენ, ჩვენ გვეკუთვნოდა პირველი ადგილიო, მოითხოვდნენ დოპინგ-ტესტის გავლას და, დამეთანხმებით, ცოტა არ იყოს უხერხულია, დავით აღმაშენებლის პრემიის ლაურეატს კოლბაში მოაფსმევინო და შედეგები მთელ მსოფლიოს ამცნო. ბოლო-ბოლო, ვიღაც რუსი ბიატლონისტი ხომ არ არის!
  მერე რომ არ დამავიწყდეს, ბარემ აქვე გეტყვით ერთ საყოფაცხოვრებო-ზვიადისტურ ამბავსაც: სოფელი ძველი ხიბულა დახმარებას ითხოვს. გასული წლის მაისში ადიდებულმა ჭანისწყალმა სოფელი რაიონულ ცენტრს მოწყვიტა. ძველი ხიბულას მცოხვრებლებს უკვე რვა თვეა, რაიონულ ცენტრში შემოვლითი გზით უხდება სიარული. ისინი ხობის გამგეობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
  მინდა გითხრათ, რომ ხობის გამგეობა არაფერ შუაშია, კოკოს კომისიის გააქტიურების შემდეგ შევარდნაძემ ჭანისწყალი აადიდა და სოფელი გარე სამყაროს მოწყვიტა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს კოკოს სიმართლეს და იგორის მამულიშვილობას. მესამე შვილს ან პირველ შვილიშვილს, გოგო იქნება თუ ბიჭი, აუცილებლად კოკოიგორს დავარქმევ. რომ გაიზრდება, ან ზვიადისტი გამოვა და ან კაგებეშნიკი. ისე, მე დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ.
  გასულ კვირაში სამომხმარებლო ფასები თბილისში 21-17 იანვრის პერიოდში, წინა კვირასთან შედარებით, 0.07 პროცენტით შემცირდა. იგრძენით განსხვავება. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საგარეო ვალი 2009 წელს, 2008 წელთან შედარებით, 1 213 915 000 ლარით გაზრდილა. არავითარი განსხვავება და არავითარი ჯადოქრობა. მხოლოდ ხელის სისწრაფე.
  შევარდნაძის გადმონაშთები, და არა მხოლოდ ისინი, მალე იგრძნობენ გიორგი პლეხანოვსა და დავით აღმაშენებელს შორის განსხვავებას. პარასკევს რკინიგზელთა სახლის წინ სააკაშვილმა და უგულავამ ბანერები გამოფინეს. „აქ წარმოდგენილი პროექტები მეტყველებს, რომ დავით აღმაშენებლის გამზირს იერსახე დაუბრუნდება, რითაც ის ძალიან ჰგავს პარიზს“, - თქვა მიშამ. ხოლო მონპარნასზე კრიზისია და ნელ-ნელა იგი თბილისს ემსგავსება. სააკაშვილის თქმით, ამ პროექტის განხორციელებას დიდი ხანია, გეგმავდნენ, მაგრამ ფინანსური და სხვა პრობლემების გამო აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია ვერ დაიწყო.
  პარიზის მერიას ფინანსები არასოდეს აკლდა, მაგრამ გადაყვა რეზერვისტებს, პატრიოტებს და მასაჟისტებს და შედეგიც სახეზეა - მონპარნასი ნელ-ნელა მესამე მასივს ემსგავსება. მიშას განსაკუთრებით ის უხარია, რომ აღმაშენებელზე მოეწყობა სკვერები, სკვერებში დაირგვება ბუჩქები, ხოლო ბუჩქებში პირველ სიყვარულს ეზიარებიან ნორჩი პატრიოტები - ნოემბრელები. აქვე, რუსეთის მორიგი აგრესიის შემდეგ გაკეთდება მორიგი ცოცხალი ჯაჭვი და მიშა იტყვის, მსოფლიოში ყველაზე მაგარ ჯაჭვს ქართველები ვაკეთებთო, რაზეც სომხები უპასუხებენ: „ზატო უ ნას კანიაკ ხაროში“.
  ერევანში საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათშორისი კომისიის მეშვიდე სხდომა გაიმართა. ღმერთო... როგორ სწრაფად გარბის დრო! თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი და უკვე მეშვიდე სხდომა გამართულა. მხარეებმა განიხილეს ორ სახელმწიფოს შორის არსებული სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზის გაუმჯობესებისა და სრულყოფის საკითხები.
  ამბობენ, ამქვეყნად სრულყოფილი არაფერიაო, მაგრამ საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზა მალე სრულყოფილების ეტალონი იქნება. „სოკარი“ ირწმუნება, მე ვარ ეტალონიო, მაგრამ იტყუება.
  მსოფლიო ბირჟაზე ბენზინი გაძვირდა. რამდენიმე წუთში ბენზინი გაძვირდა საქართველოშიც. გაიგეს, გაძვირდაო და აქაც გააძვირეს. შემდეგ, ბირჟაზე ბენზინი გაიაფდა, მაგრამ აქ ვერ გაიგეს და არ გააიაფეს. ვანო მთვრალაშვილი კი ძველებურად უბერავს და თავისას ერეკება. მოჰყავს ციფრები, გვაჩვენებს დიაგრამებს... ერთი უმორჩილესი თხოვნა მაქვს მთვრალაშვილის მეგობრებთან, მოყვრებთან, კარგებთან და მოკეთეებთან - მაგ კაცს მეტს ნუღარ დაალევინებთ!!! „ფასების კლების ტენდენცია შეინიშნება, რომლის შენარჩუნების შემთხვევაში, ეს ჩვენს ბაზარზეც ადეკვატურად აისახება“, - განაცხადა მთვრალაშვილმა. ძალიან გთხოვთ, ნუღარ დაალევინებთ!
  ფასების მატებას და მთვრალაშვილის განცხადებებს ფხიზლად გამოეხმაურნენ ლეიბორისტები და საზოგადოებას მოუწოდეს, „გარკვეული დროის განმავლობაში მასშტაბური ბოიკოტი გამოუცხადონ აღნიშნულ კომპანიებს, ისარგებლონ შედარებით მცირე კომპანიების მომსახურებით, ამით ხელი შეუწყონ ჯანსაღი კონკურენციის პირობების შექმნას და მონოპოლისტი კომპანიები იძულებული გახდნენ, საწვავის ფასი დაწიონ“.
  ერთი, კარგად უნდა დავაკვირდე, სადღაც აუცილებლად იქნება „ლეიბ ოილი“, „ნათელ ოილი“, „შატბერ ოილი“, „ჯიბლაძე პეტროლი“... სხვათა შორის, ადრე მითხრეს, მოსკოვში სომხებს პროფილაქტიკა აქვთ და „ურარტუ მოტორსი“ ჰქვიაო.
  კიევში მდებარე „მაკდონალდსში“ ეკრანზე, მუსიკალურ კლიპებთან და რეკლამებთან ერთად აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს შესახებ ინფორმაციაც გავიდა: აფხაზეთის დედაქალაქია სოხუმი, დიდი ქალაქები – სოხუმი და გაგრა, ოფიციალური ენა - ინგლისური და ა.შ. ლეიბორისტმა ჯიბლაძემ მაშინვე პრეს-კონფერენცია მოიწვია და ხალხს მოუწოდა, თავი შეიკავონ „მაკდონალდსში“ სტუმრობისგან.
  მინდა გითხრათ, რომ ყოველგვარი კიევის გარეშე მეც იგივეს მოვუწოდებ ყველას. კიევი არაფერ შუაშია, შუაშია თემურ ჭყონია და არაორგანული ქიმია. რაც შეეხება პროტესტს, აქ უნდა გამოვიყენოთ პრინციპი „კბილი კბილისა წილ“. ანუ, „ორ ლულაში“ და „თაღლაურაში“ უნდა დავატრიალოთ კლიპები, სადაც ნაჩვენები იქნება ედუარდ შევარდნაძის მიერ ვიქტორ იანუკოვიჩის შექმნის პროცესი. თუმცა, ვერ ვიტყვი, რა რეაქცია ექნებათ ნოღაიდელს, ძიძიგურს და დავითაშვილს. სხვებსაც...
  კობა დავითაშვილი მზად არის, ეწვიოს რუსეთს იმის გასარკვევად, თუ რის ხარჯზე აპირებს საქართველოსთან ურთიერთობების დალაგებას. დიალოგი მტერთანაც აუცილებელიაო, დიალოგს მივესალმებიო, თუმცა არ ვაპირებ იმ ფასეულობების დათმობას, რომელსაც დამოუკიდებლობა, დემოკრატია და ტერიტორიული მთლიანობა ჰქვიაო.
  „ჩვენი ძირითადი მოთხოვნები იქნება, ეს ფასეულობები. რაც შეეხება ნატო-ში გაწევრიანებასა და ნეიტრალიტეტს, მზად ვარ, ეს საკითხები განვიხილო და გარკვეულ კომპრომისებზე წავიდე“, - აღნიშნა დავითაშვილმა.
  მეცინება... მაგრამ იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის. მე რომ გამეცინა, კობასთვის ეს იმის მანიშნებელია, რომ მერაბიშვილი მაფინანსებს. ვისაც გაეცინება, ყველას მერაბიშვილი აფინანსებს. ვისაც არ გაეცინება, ის ხალხის შემოწირულობით არსებობს.
  აი, ნიუსიც: „მოძრაობის სამართლიანი საქართველოსთვის“ ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი „ედინაია როსიასთან“ ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას თერბერვალში, რუსეთში მორიგი ვიზიტისას გააფორმებს. მისივე თქმით, სწორედ ამ თანამშრომლობის ფორმატის შედეგია გასულ წელს ოსური მხარის მიერ ტირძნისში დაკავებული ოთხი ქართველი მოზარდის გათავისუფლება. „ამავე ფორმატის შედეგად აღდგა საჰაერო მიმოსვლა რუსეთ-საქართველოს შორის, მართალია, მცირე ხნით, მაგრამ მაინც“, - დასძინა ნოღაიდელმა“.
  ჯიგარია ნოღაიდელი. მართალია, 7 ნოემბერს რომ დაგვარბიეს ხმა არ ამოუღია, მაგრამ მაინც... ხოლო ზვიად ძიძიგური ნატოს და ევროკავშირს აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე ცვლის. მართალია, არავინ უცვლის, მაგრამ მაინც...
  კახა კუკავა მეცოდება. ერთ ქალს 20-ლარიანი კახპა რომ უწოდა, ახლა ის ქალი ბოდიშის მოხდას და 20 ათასს თხოვს. იმ ქალის ადვოკატის თქმით, თანხა საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება, მაგრამ საინტერესოა, სად გადაირიცხება კუკავას ბოდიში? კუკავას ბოდიში აუცილებლად გადაირიცხება ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ფონდში. მე მზად ვარ დავეხმარო კუკავას ფულის შეგროვებაში, მაგრამ იმ პირობით, თუ კახა შენგელიაც გაიკრავს ჯიბეზე ხელს. კახა შენგელიას კი ჯიბეები ბევრი აქვს. ხომ გახსოვთ კახა შენგელია - ერთ-ერთი კიტრი და ცოტაოდენი მწვანილი.
  ჩანგლების მბრძანებელი, დავით ბაქრაძე ევროპარლამენტის პრეზიდენტ იეჟი ბუზეკს შეხვდა და სერიოზული გეგმა წარუდგინა. გეგმით მოხიბლულმა ბუზეკმა ასეთი რამ თქვა: „ჩვენ მივიღეთ საქართველოდან მკვეთრი სიგნალი დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობის შესახებ“. რა ჰქვია ახლა ამას? რუსულად გეგმა არის „პლან“, ხოლო გეგმით მოხიბლულს ჩვენში დაბოლილს უწოდებენ.
  ჩემმა ძმობილმა სააგენტომ ერთობ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა: „შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) თანამშრომელი დავით კობახიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, გენერალური ინსპექციის მიერ, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომელი დავით კობახიძე მიცემული იქნა დისციპლინარულ პასუხისგებლობაში და განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან“.
  მთავარი ისაა, რა მოხდა მანამდე. მანამდე კი ის მოხდა, რომ კობახიძემ დაიჭირა ერთ-ერთი მინისტრის დაბოლილი მოადგილე და გადარეკა ზევით, ზევიდან გადარეკეს კიდევ ზევით, მერე კიდევ ზევით და ა.შ. სულ ზევიდან დაიწყო რეკვა და ჩამოაღწია კობახიძემდე: „დააპანღურე და გაუშვი“. კობახიძემ მართლა დააპანღურა და გაუშვა. კადრები ტელევიზიით გავრცელდა და კობახიძე მოხსნეს - რატომ კარგი აგიგიაო.
  კობახიძეს რომ არ დაეპანღურებინა, არამედ ხელკეტი რომ დაერტყა, რეზინის ტყვია რომ ესროლა და მერე ცრემლსადენი გაზით რომ მოეწამლა, დღესაც თანამდებობაზე იქნებოდა ან, უფრო უკეთესი - ჩინეთში გაუშვებდნენ ელჩად.
  ქართული დიპლომატია ახალ მწვერვალებს იპყრობს. გასულ კვირაში ჯერ დომინიკის რესპუბლიკასთან დავამყარეთ დიპლომატიური ურთიერთობა, შემდეგ კი - კაბო ვერდეს რესპუბლიკასთან. კომუნიკეს თანახმად, „საქართველოსა და დომინიკის რესპუბლიკას შორის მეგობრობა და თანამშრომლობა განვითარდება ტერიტორიული სუვერენიტეტის პატივისცემის, ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობისა და მშვიდობიანი თანაარსებობის პრინციპების შესაბამისად“. რაც შეეხება კაბო ვერდეს, აქ „მეგობრობა და თანამშრომლობა განვითარდება საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური ნორმების - ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის, სახელმწიფო საზღვრების ურღვეობისა და ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობისა და მშვიდობიანი თანაარსებობის პრინციპების შესაბამისად“.
  ნეტა, ის ცალფეხა კაცი სად არის, გამსახურდიას დროს, უკრაინამ გვაღიარაო და, თავდაყირა რომ დახტოდა! ეს ვაშაძე კიდევ, რუსეთის მოქალაქეობას რომ ვერ თმობდა, ადგეს და მიიღოს კაბო ვერდეს მოქალაქეობა. ამაზე მეგობრული ჟესტი ბუნებაში არ არსებობს.
  კულტურა - საბვშვო თეატრის დასი პრეზიდენტს შველას თხოვს.
  მე კი გთხოვთ, ამით დავასრულოთ გასული კვირის შესახებ საუბარი. შევხვდებით მომავალ კვირაში და კიდევ ერთხელ გავიხსენოთ კოკოს კაკანი, რომელმაც უკვე თვით კოკოითის კაკანიც კი გადაფარა.
  რ.ს.მ. (რაკი სიტყვამ სიტყვამ მოიტანა) - რაკი სიტყვამ მოიტანა, იმასაც მოგახსენებთ, რომ როცა ერთდროულად ემართებათ პირველადი, თანმხლები, სმენითი, ყნოსვით და გემოთი წარმოსახული ჰალუცინაციები შეგრძნობად და მხედველობით მოჩვენებებთან ერთად, მაშინ მდგომარეობა ერთობ ცუდია. იძულებულნი ვართ მივმართოთ ეუთანასიას. (რეი ბრედბერი, „მარსის ქრონიკა“)   
        
        
       |