თინა კანდელაკი რომ რუსეთის საზოგადოებრივ პალატაში აირჩიეს, ამის შესახებ უკვე ვწერდით. ისიც ცნობილია, რომ რუსეთში მოღვაწე ქართველი ტელეწამყვანი უარყოფითად არის განწყობილი საქართველოს პრეზიდენტის მიმართ, სამაგიეროდ - საკმაოდ ახლო ურთიერთობები ჰქონია დიმიტრი მედვედევთან.
როგორც რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ერთ-ერთი საჯარო გამოსვლისას აღიარა, მას ინტერნეტით მიმოწერა აქვს თინა კანდელაკთან, თურმე "ტვიტერში" ეჩეტავება ქართველ წამყვანს. როგორც მედვედევმა აღნიშნა, თინას ბოლოს ფორუმის თემაზე ესაუბრებოდა. ზუსტად რას წერდნენ ერთმანეთს პრეზიდენტი და რუსეთში "წლის ქალად" აღიარებული ტელევარსკვლავი, ეს მედვედევს ფართო საზოგადოებისთვის არ გაუმხელია.
რუსულ პრესაში ამ დღეებში თინა კანდელაკის შესახებ კიდევ ერთი ცნობა იყო აქტუალური - მან პასუხი გასცა ლევან რამიშვილის გამონათქვამებს მისი მისამართით.
ლევან რამიშვილმა რუსეთში მოღვაწე ქართველებს - თამარ გვერდწითელსა და სოსო პავლიაშვილს მოღალატეები უწოდა, თინა კანდელაკზე კი აღნიშნა, რომ მან პროსტიტუციით მიაღწია კარიერის პიკს.
ამ სიტყვებს კანდელაკმა შემდეგი პასუხი გასცა: "ლევან რამიშვილს უთქვამს, თინა კანდელაკმა ყველაფერს პროსტიტუციით მიაღწიაო... როდესაც მამაკაცი ქალზე ასეთ რამეს იტყვის, ის ან ჰომოსექსუალისტია ან იმპოტენტი. თუ იმპოტენტია, რუსეთში კარგი წამლები იყიდება და გავუგზავნი, მაგრამ თუ არატრადიციული ორიენტაციისაა, ვერაფრით დავეხმარები... როდესაც ჩემს პირად ცხოვრებას ეხებიან, მით უმეტეს, ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის ქვაბში იხარშებიან, მეცინება. სააკაშვილის პირადი ცხოვრება ისეთი ამბებითაა სავსე, რომ მასთან შედარებით უწყინარი ვარ".
კანდელაკმა ისიც აღნიშნა, რომ კვლავაც არ ეთანხმება სააკაშვილის პოლიტიკას და ამის შესახებ მასთან რამდენჯერმე პირისპირ შეხვედრის დროსაც ულაპარაკია. ტელეწამყვანი სასტიკად აპროტესტებს რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ მდგომარეობას და იმ დამოკიდებულებას, რაც ბოლო დროს საქართველოში შეიქმნა რუსეთში მოღვაწე ქართველების მიმართ. "ახლახან რუსეთის პრეზიდენტმა მედვედევმა განაცხადა, რუსეთსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობა უნდა აღდგესო. იმედი მაქვს, რომ მალე ყველაფერი დალაგდება. საქართველო თავისი ცნობიერებიდან და კულტურიდან გამომდინარე, ყველაზე ახლოს რუსეთთან დგას. ახლახან ერთ-ერთ ქართველ ჟურნალისტს შევხვდი, რომელმაც გაოცებულმა მითხრა, მეგონა, რუს ხალხს ქართველებისადმი ცუდი დამოკიდებულება ექნებოდათ, მაგრამ მსგავსი არაფერი მიგრძნიაო. რუსები პატივს სცემენ ქართველებს, მაგრამ ამას საქართველოში რატომღაც მალავენ. ამიტომაც გათიშეს რუსული ტელეარხები საქართველოში და მხოლოდ სამ ქართულ არხს უჩვენებენ, სადაც რუსეთის ლანძღვის მეტი არაფერია. აქედან გამომდინარე, საქართველოში ობიექტურ დასკვნას ვერ გამოიტან, რადგან ცალმხრივობაა მოდური...
ისე, საინტერესოა, ამ ხელისუფლებამ რეფერენდუმი ჩაატარა და ხალხს ჰკითხა, სურდათ თუ არა რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტა? სააკაშვილმა ქართველი ერის ბედი რატომ უნდა გადაწყვიტოს? ფეოდალურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, თუ სააკაშვილი საქართველოს მეფეა?! მან ქართველ ხალხს არჩევანის უფლება წაართვა. შეიძლება თქვენ გსურთ მოსკოვში ჩამოსვლა და საახალწლო დღეების აქ გატარება, მაგრამ ამ ნაბიჯს ვერ გადადგამთ, რადგან ამის უფლება სააკაშვილმა წაგართვათ. და თუ მაინც ჩამოხვალთ მოსკოვში, სააკაშვილი და მისი გარემოცვა ერის მოღალატედ გამოგაცხადებენ", - აღნიშნა თინა კანდელაკმა.
ჟურნალი: "რეიტინგი"