http://presa.ge/index.php?text=news&i=12086ჯაშუშობაში დადანაშაულებულ ვახტანგ მაისაიას 20 წელი მიუსაჯეს
[ნინო მიქიაშვილი]
ჯაშუშობაში დადანაშაულებულ სამხედრო ექსპერტს, ვახტანგ მაისაიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ზვიად ესებუამ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო ინფორმაციის განყოფილების, ჯე 5-ის ყოფილ უფროსს ირაკლი ბატკუაშვილს, რომელსაც ბრალად საიდუმლო ინფორმაციის გაცემა ედება, საპროცესო გარიგების საფუძველზე, 3-წლიანი პირობითი სასჯელი და 5 000-ლარიანი ჯარიმა.
იმაზე, თუ რა მტკიცებულებებს ეფუძნება ვახტანგ მაისაიასთან მიმართებაში გამოტანილი განაჩენი; რატომ არ მისცეს მას ბოლო სიტყვის წაკითხვის საშუალება და რატომ ვერ დაესწრნენ უფლებადამცველები და ევროკავშირის წარმომადგენლები განაჩენის გამოცხადებას, პრესა.გე ვახტანგ მაისაიას უფლებების დამცველ ადვოკატს, ნათია კორკოტაძეს ესაუბრა.
კონკრეტულად რის გამო ცნეს მსჯავრდებულად ვახტანგ მაისაია?
ნათია კორკოტაძე: ვახტანგ მაისაიას ბრალი ედება 314-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილში. ეს ნიშნავს ჯაშუშობას - უცხო ქვეყნებისთვის ინფორმაციის გადაცემას, რამაც სახელმწიფოს ომის პერიოდში ზიანი მიაყენა. პროკურატურამ 314-ე მუხლის პირველი ნაწილით მოითხოვა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და მეორე ნაწილით - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. ანუ, შეკრებითობის წესით 24 წელი გამოვიდა. მოსამართლემ ”კეთილი ნება” გამოავლინა, თითოეულ მუხლზე 2-2 წელი დაუკლო და დარჩა 20 წელი.
იცით, რა არის სამწუხარო?! 2009 წლის 5 მაისს, კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან ვალერი ზუმბაძემ მაისაიას დაკავებისთანავე უთხრა, რომ 20 წელს მიუსჯიდნენ, თუ გამოძიებასთან არ ითანამშრომლებდა და ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებდა. ამდენად, სასამართლო გამოძიება ტყუილად ჩატარდა, რადგან სასამართლომ პროკურატურის შეკვეთა შეასრულა.
რას დაეყრდნო სასამართლო, ანუ კონკრეტულად რაში გამოიხატა მაისაიას ჯაშოშობა?
- მის ჯაშუშობასთან დაკავშირებით ბრალდების მხარემ ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. ყველაზე მთავარს გეტყვით - 22 იანვარს, ბრალდების მხარემ, ანუ პროკურატურამ მოიტანა მაიასაიას პირადი ბინიდან ამოღებული მისი კუთვნილი პორტატული კომპიუტერი, იგივე ”ნოუთბუქი”, რომელიც დაულუქავი იყო. აღნიშნულთან დაკავშირებით, 26 იანვარს, დაუშვებელ ნივთმტკიცებად ცნობაზე და მოსამართლის აცილების თაობაზე შუამდგომლობა შევიტანე.
რატომ მოითხოვეთ მოსამართლის აცილება?
- იმიტომ, რომ როდესაც 22 იანვარს სასამართლო პროცესი ჩატარდა, დაულუქავი ნივთმტკიცება დაულუქავ მდგომარეობაში ჩადეს ჩანთაში, ანუ საქმის მდგომარეობაში. 2 საათის შემდეგ ზვიად ესებუამ სასამართლო პროცესი გააგრძელა. ანუ დამთავრებული სასამართლო პროცესი 2 საათის შემდეგ განაახლა და ამის მერე მოხდა სასამართლოს მიერ ნივთმტკიცების დალუქვა. ბრალდების მხარის მტკიცებით, მაისაია მისი პირადი კომპიტერიდან, უცხო ქვეყნების დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებს ე.წ. რაპორტებს უგზავნიდა.
წარმოადგინეს უკვე გაგზავნილი, მათი მტკიცებით ჯაშუშური ინფორმაციები?
- აღნიშნულ კომპიუტერში მაისაიას ჰქონდა თავისი პირადი არქივი, რომელშიც იყო მისი, როგორც მასალები, ისე მოხსენებები, დაწყებული 2000 წლიდან, დამთავრებული 2009 წლით, რომელთა ნაწილს აგზავნიდა, როგორც სამხედრო ექსპერტი. ბრალდების მხარემ, კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა მისი პირადი არქივი გახსნეს, აღნიშნული მტკიცებულებები, ყველაფერი გააყალბეს და სწორედ იმიტომ იყო ეს ნივთმტკიცება დაულუქავი.
სად, ვისთან აგზავნიდა თავის მოხსენებებს მაისაია?
- უკრაინის მოქალაქე ელენე იაცუსკაიასთან, რომელიც არის პოლიტოლოგი, პროფესორი და სლოვაკეთის მოქალაქესთან, დოდო დოლეჟანთან, რომელიც სლოვაკეთის მოქალაქეა. ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ იაცუსკაიაც და დოლეჟანიც ბრატისლავას უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობენ. ბრალდების მხარემ ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, რომ აღნიშნული პირები არიან ჯაშუშები.
რა თქვა მაისაიამ ბოლო სიტყვაში?
- მაისაიას 15-გვერდიანი სიტყვა ჰქონდა მომზადებული, რისი ბოლომდე წაკითხვის საშუალება სასამართლო პროცესზე არ მიეცა - 1937 წელს განვითარებულ მოვლენებთან, იმ წელს გატარებულ რეპრესიებთან აკეთებდა შედარებას და მოსამართლემ უთხრა, - ეს არაფერ კავშირში არ არის დღევანდელ მდგომარეობასთანო და სიტყვა შეაწყვეტინა. ზუსტად რომ კავშირშია - რა განუკითხაობაც 1937 წელს იყო, იგივეა 2010 წელსაც.
რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაცია ხომ არ აკვირდება მაისაიას საქმეს?
- ევროკავშირი მონიტორინგს ახორციელებს. ევროკავშირის წარმომადგენლები განაჩენის გამოცხადებას უნდა დასწრებოდნენ, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ვერ შეძლეს, რადგან დღეს, სასამართლო პროცესის დაწყებისას მოსამართლეს ვკითხე - ბატონო ზვიად, დღეს ხომ არ აპირებთ განაჩენის გამოტანას-მეთქი და მომიგო არ ვაპირებო, მაგრამ ბოლოს, სხდომა არ გადადო - განაჩენის გამოტანას ევროკავშირის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები (უფლებადამცველები, ჟურნალისტები), რომ არ დასწრებოდნენ. განაჩენის გამოტანის დროს დარბაზში მხოლოდ ვახტანგ მაისაიას მეუღლე და დედა იყვნენ.
რას აპირებთ?
- სააპელაციო საჩივრით აუცილებლად გავასაჩივრებთ განაჩენს და იმ შუამდგომლობებს, რომლებიც საქალაქო სასამართლოში არ დაგვიკმაყოფილეს. როდესაც აღნიშნულ განაჩენს ავიღებთ, ვთარგმნით ინგლისურად და გავგზავნით უკრაინაში, სლოვაკეთში, ნატო-ს წევრ ქვეყნებში, სადაც მაისაიას საქმით დაინტერესებულები არიან
----------------------------------------------------------
გადაყარეთ ნოუთბუკებიიიი!!!!!!!!