"ტალიავინის კომისიამაც ხომ დაასკვნა, რომ ცხინვალში ქართველები შევიდნენ"
"ნოღაიდელის მცდელობა მისასალმებელია"საქართველოს ექსპრეზიდენტს 25 იანვარს 82 წელი შეუსრულდა. ედუარდ შევარდნაძე ყოველდღიურ ფუსფუსს მოცილებული კრწანისის რეზიდენციაში ცხოვრობს. ედუარდ შევარდნაძეს დაბადების დღე მივულოცეთ და განვლილი გზისთვის თვალის გადავლება ვთხოვეთ:
- საინტერესო და მძიმე ცხოვრება მქონდა. რომ მოგიყვეთ, რა გადავიტანე, ღამის გათენება მოგვიწევს. მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდს გავიხსენებ: მნიშვნელოვნად მიმაჩნია ჩემი როლი "ცივი ომის" დამთავრებაში, გერმანიის გაერთიანებაში, საბჭოთა კავშირსა და აშშ-ს შორის ურთიერთობის ნორმალიზაციაში. რეიგანს შვიდჯერ შევხვდი და კაცი, რომელიც საბჭოთა კავშირს ბოროტების იმპერიად მიიჩნევდა, ბოლოს მაინც მოვარჯულე.
მნიშვნელოვანი იყო ავღანეთიდან ჯარების გამოყვანაც. 1985 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირის ცკ-ის გენერალურ მდივნად გორბაჩოვი აირჩიეს, ავღანეთის ხელმძღვანელები დავიბარეთ. დეკემბერი იყო. შეხვედრას ავღანეთის მაშინდელი პირველი პირი ბარაქ ქარმალი და უშიშროების ხელმძღვანელი ნაჯიბულა ესწრებოდნენ. გორბაჩოვმა უთხრა, ტყვია-წამალს, ტანკებს, საჭმელს, ხორბალსა და ჩასაცმელს მოგცემთ, ოღონთ თვითონ უნდა იომოთო. შევატყვე, ავღანეთის ლიდერებს ხასიათი გაუფუჭდათ. საბჭოთა კავშირს ავღანეთის თავისი გავლენის სფეროში მოქცევა უნდოდა. პარტიის ყრილობა ახლოვდებოდა, რომელზეც გორბაჩოვი უნდა გამოსულიყო სიტყვით. გამომიგზავნეს მისი გამოსვლის ტექსტი, სადაც ეწერა, უახლოეს მომავალში ავღანეთიდან ჯარებს გომოვიყვანთო, მაგრამ ყრილობის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გორბაჩოვის გამოსვლის ჩასწორებული ვარიანტი მივიღე, სადაც ამოეღოთ ის ფრაზა. გამთენიისას დავურეკე გორბაჩოვს, ეს ფრაზა რატომ ამოიღეთ-მეთქი. გორბაჩოვმა, ცოტა დავიცადოთო. ან ფრაზა აღდგება, ან ყრილობაზე ვიტყვი, რომ ხალხს 4 წელია ვატყუებთ-მეთქი, - ვუთხარი. გორბაჩოვი თითქოს გაბრაზდა, მაგრამ ფრაზა მაინც აღადგინა.
დაიწყო მზადება ავღანეთიდან ჯარების გამოყვანისთვის. მე, დობრინინი და კრუჩკოვი, კა-გე-ბეს ხელმძღვანელი, ჩავფრინდით ავღანეთში. შევხვდით გენერალიტეტსა და ოფიცერთა შემადგენლობას, დაახლოებით 700-800 კაცს. ვუთხარი, სასიხარულო ამბავი მაქვს თქვენთვის, მთავარობამ დადგენილება მიიღო, ავღანეთიდან ჯარები გამოგვყავს და შეგიძლიათ სამზადისი დაიწყოთ-მეთქი. სიხარულს ველოდი და არავინ განძრეულა. არ გაუხარდათ იმიტომ, რომ ომით ფულს შოულობდნენ. ნაჯიბულას ვუთხარი, სხვა გზა აღარ არის, ჯარი უნდა გავიყვანოთ-მეთქი. აქ 2 ათასამდე კავკასიელი იქნება და მხოლოდ ისინი გაიყვანეთო (იფიქრა, რომ მხოლოდ ქართველების ბედი მაღელვებდა). მე კავკასიის კი არა, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი ვარ-მეთქი და შევთავაზე, მოსკოვში გადმოდით-მეთქი. უარი თქვა თავადაც და მისმა ცოლმაც, რომელიც მეფის შთამომავალი იყო. მოგვიანებით ნაჯიბულა თალიბებმა ჩამოახრჩვეს. ქარმალივით რომ მოსკოვში წამოსულიყო, გადარჩებოდა. საბჭოთა ჯარის შეყვანა ავღანეთში ქარმალის ინიციატივა იყო. მან დაარწმუნა საბჭოთა ხელმძღვანელობა, საბჭოთა ჯარი თუ დაიძვრება ავღანეთისკენ, მოსახლეობა იარაღს დაყრისო. ასე არ მოხდა და ტყუილად დაიღვარა ამდენი სისხლი.
ასევე მნიშვნელოვანი იყო 1978 წელს საქართველოში დედაენის სტატუსის შენარჩუნება. საკავშირო ცეკას დადგენილებით საბჭოთა კავშირში ერთი სახელმწიფო ენა უნდა ყოფილიყო. როდესაც კონსტიტუციის პროექტში ვნახე, რომ ქართული სახელმწიფო ენა აღარ იქნებოდა, მაშინვე წარმოვიდგინე, რა მოჰყვებოდა ამას. ჩავფრინდი მოსკოვში და ვცადე, სუსლოვისთვის ამეხსნა, რა არის ქართველი კაცისთვის დედაენა. მოკლედ მომიჭრა, ვერაფრით დაგეხმარებიო. მერე ბრეჟნევსაც ველაპარაკე, მაგრამ შევატყვე, ბევრი ვერაფერი გაიგო. მაშინ საერთო განყოფილების უფროსი ჩერნენკო იყო, უაღრესად განათლებული კაცი და მას ვესაუბრე, ვთხოვე, აეხსნა ბრეჟნევისთვის ჩვენი გასაჭირი. უნდა ითქვას, ქართული ენის დაცვის მოძრაობას ბიძგი საქართველოს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ მისცა. სტუდენტური გამოსვლებიც ჩვენი პროვოცირებული იყო, მაგრამ საჯაროდ ხომ ვერ გამოვაცხადებდით, რომ მოსკოვის გადაწყვეტილებას არ ვემორჩილებოდით? პროფესორები და სტუდენტები ქუჩაში გამოვიდნენ. 1978 წლის 14 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს სხდომაზე გავიტანეთ ეს საკითხი და გადაწყდა, რომ ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსს შევუნარჩუნებდით. უზენაესი საბჭოს ეზოში რომ შევედი, ტანკები დამხვდა. უშიშროების უფროსმა ალექსი ინაურმა მითხრა, ეს მოსკოვის ბრძანებაა საქართველოს მთავრობის დასაცავადო. დედაენა რომ არ შეგვენარჩუნებინა, თბილისში სისხლი დაიღვრებოდა. ეს იყო საერთო გამარჯვება. ამის გამო სუსლოვთან დაგვიბარეს მე, ზურაბ პატარიძე, გენადი კოლბინი და პავლე გილაშვილი. სუსლოვს შენიშვნები გაეკეთებინა ფურცელზე, საქართველოში ნაციონალიზმი ყვავის და პარტია ამას ყურადღებას არ აქცევსო. ამ დროს ბრეჟნევმა დარეკა. სუსლოვმა უთხრა, პოლიტბიუროს სხდომაზე საქართველოს საკითხი უნდა გავიტანოთ, რადგან ცეკას დადგენილება არ შეასრულესო, მაგრამ ბრეჟნევმა არ გაატანინა.
- ავღანეთში ახლაც არიან ქართველი ჯარისკაცები. ეს სიკეთეს მოუტანს ჩვენს ქვეყანას?- ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, ავღანეთში ჯარს არ გავგზავნიდი. სკამის შენარჩუნება არ ღირს სისხლის დაღვრად. მაგრამ ჩემს გამოზრდილ "ლეკვებს" ჩავაბარე ხელისუფლება.როცა ახალგაზრდებს გადავაბარე ხელისუფლება, ყველაზე მეტად ჟვანიასი მჯეროდა, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციურად იყო განწყობილი. ზურა ძალიან გონიერი კაცი იყო. ქვეყანას, ფაქტობრივად, ჟვანია მართავდა.
ცხინვალში არ უნდა შევსულიყავით. ტალიავინის კომისიამაც ხომ დაასკვნა, რომ ცხინვალში ქართველები შევიდნენ. ეს საბედისწერო შეცდომად მიმაჩნია. კიდევ კარგი, ევროპა ჩაერია საქმეში, თორემ უარეს უბედურებაში აღმოვჩნდებოდით. მიუხედავად ამისა, ტერიტორიის 20% მაინც დავკარგეთ.
- ხელისუფლება ამბობს, რომ ეს ტერიტორიები თქვენ დროს დაიკარგა და 2008 წელს ეს ფაქტი მხოლოდ გაფორმდა.- ვინ უარყოფს, რომ აფხაზეთში ომი ჩემს დროს დაიწყო? სამაჩაბლოში კი ზვიად გამსახურდიას დროს შევიდნენ. ტერიტორიების დაკარგვა ჩემი კი არა, რუსეთის უზნეო პოლიტიკის ბრალი იყო. სოხუმიდან დამირეკა ჯაბამ, გენერალი კონდრატიევი მეუბნება, ენგურთან საზღვარზე წავალ და დევნილებს შემოვუძღვები აფხაზეთში, თუკი ხელს მოაწერთ ხელშეკრულებას (1993 წლის 27 ივლისის ხელშეკრულება), რომ აფხაზეთიდან ჯარს გაიყვანთ და შეიარაღებას გაიტანთო. ჩვენი დიდი შეცდომა იყო, რომ იარაღი გავიტანეთ სოხუმიდან. ჯაბას ვერ დავაბრალებ ამ შეცდომას, ის ვაჟკაცი და თავგანწირული კაცი იყო, რუსებმა მოგვატყუეს.
- მიხეილ სააკაშვილი როგორი პრეზიდენტია?- ჟვანია რომ არ დაღუპულიყო, სააკაშვილიც სხვანაირი იქნებოდა და ბურჯანაძეც.
- თქვენი ხელისუფლების ყოფილი ფინანსთა მინისტრი ნოღაიდელი მოსკოვში ხშირად დადის და პუტინსაც შეხვდა.- რუსეთთან ლაპარაკი აუცილებელია. ნოღაიდელის მცდელობა მისასალმებელია, მაგრამ რა გამოუვა, ძნელი სათქმელია.
- ვინც მოსკოვში ჩადის, მოღალატეებად მიიჩნევენ.- არ არის ეს სწორი და არც ნოღაიდელია მოღალატე. რაც მეტი ავტორიტეტული პირი ჩავა მოსკოვში, უკეთესია.
- ირაკლი ალასანიაზე რას იტყვით? ზოგი მას საქართველოს მომავალ პრეზიდენტად მიიჩნევს.
- ირაკლი ალასანია ძალიან კარგი, განთლებული ახალგაზრდაა. ვერ გეტყვით, პრეზიდენტად ივარგებს თუ არა, მაგრამ კარგი მერი ნამდვილად იქნებოდა.
- გული არ გწყდებათ, რომ თქვენი ხელისუფლების წევრი, უშიშროების მინისტრის მოადგილე, სააკაშვილის სასარგებლოდ მუშაობდა?- მაშინ მეც მიშას სასარგებლოდ ვმუშაობდი (იცინის).
- გრძნობთ იმის გამო პასუხისმგებლობას, რაც დღეს ხდება?- რა თქმა უნდა და ეს განცდა მთელ საქართველოს უნდა ჰქონდეს.
- ალბათ, ნახავდით, ამას წინათ გურულმა მსახიობებმა როგორ უმასპინძლეს და გამოულოცეს პრეზიდენტს.
- შეიძლება პრეზიდენტმა არც იცოდა, ისინი მსახიობები რომ იყვნენ და იფიქრა, რა მდიდარ ოჯახში მოვხვდი, აქეთ ხორცია, იქით ქათამი, ლორი და კუპატიო.
- თქვენს დროს არ ხდებოდა ასეთი დადგმები?- ჩემს დროს, განსაკუთრებით კომუნისტების ეპოქში, ყველა ოჯახში იკვლებოდა ღორი საახალწლოდ და საჩვენებლად არსაიდან მოჰქონდათ.
- სააკაშვილს ექნება საშუალება, თქვენსავით მშვიდად იცხოვროს საქართველოში?- თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილი საპრეზიდენტო ვადას ბოლომდე მიიყვანს. ოპოზიცია ძალიან სუსტია. როდესაც ქუჩაში 100 ათასი კაცი გამოვიდა, ოპოზიციას მაშინ ჰქონდა შანსი. რა უნდოდათ, სამებაში რომ წავიდნენ პატრიარქთან? სააკაშვილს ვერც პუტინის მუქარა დააკლებს რამეს.
- ბურჯანაძეზე არაერთხელ გითქვამთ, სუსტი პოლიტიკოსიაო, მაგრამ დღეს ის არის ერთ-ერთი ყველაზე შეურიგებელი.- ნინოს ჭკუა და განათლება არასოდეს აკლდა. კარგი ოჯახის პატრონია. შვილებიც კარგი ჰყავს და მეტი რა უნდა ქალს? მგონი, ცუდი პოლიტიკოსიც არ არის.
- რომ შეგეძლოთ, თქვენი ბიოგრაფიიდან თუ შეცვლიდით ან ამოშლიდით რამეს? - არაფერს არ ამოვშლიდი. არც შეცდომას, რადგან ეს ჩემი ცხოვრებაა
http://www.kvirispalitra.ge/specialurad-sa...mushaobdiq.html This post has been edited by ანუნაკი on 31 Jan 2010, 15:05
- Будут спрашивать - скажи, что я вышел. Или просто - бога нет!