Temch
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 4387
წევრი No.: 38169
რეგისტრ.: 13-July 07
|
#28512381 · 28 Nov 2011, 15:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
როგორ ვერ ვუმკურნალე მალვინას ჩემმა ძველმა და ერთგულმა მეგობარმა ერთი ღრმად ამოიოხრა, ციებიანივით შეიცახცახა და დადგა. მალვინასგან ბევრი სიკეთე მახსოვს, მომავალშიც კიდევ ბევრს ველი და ასე იოლად ვერ შეველეოდი. მაშინვე დავურეკე ჩემს ნაცნობ მოტორისტს. უბრალო ნაცნობი კი არაა, აგერ ოც წელიწადზე მეტია, ვმეგობრობთ. ისიც მალე გამოჩნდა, თან სხვა სპეციალისტიც მოიყოლა. - კაპოტი ახადე. ავხადე. - დაქოქე. ძრავმა ორიოდჯერ საბრალოდ დაიღმუვლა. - არ იქოქება, ხომ გითხარი. - ბენზინი გიდგა? - ჰო. - მა რა ჭირი ეცა, - აღშფოთდა არამა. - სპრისკის ამბავია, რა, - საქმეში ჩემი მეგობარი ანზორაც ჩაერია. - აბა, ერთიც დაატრიალე. ამასობაში ჩვენს ირგვლივ თავისი ცნობისმოყვარეობით განთქმული ნახალოვკელები შეიკრიბნენ. ფეხბურთისა და პოლიტიკის შემდეგ ავტომობილი მესამეა, რის შესახებაც მათ, უკლებლივ ყველას, კომპეტენტური აზრი გააჩნია. - კაროჩე, სპრისკში ბენზინი მოდის, ძმაო. აი, ნახე, ზემოდან ჩავასხით და მუშაობს. მერე ქრება. ზნაჩიტ, სპრისკია გასაწმენდი, ბენზინს არ ატარებს. ჩვენ მატორისტები ვართ, ამას ელექტრიკი უნდა, ჩვენ ხელს ვერ დავადებთ. - დასვეს დიაგნოზი არამამ და ანზორამ, თავიანთი უძველესი “05” უპრობლემოდ დაქოქეს და წავიდნენ. ევაკუატორი გამოვიძახე. ცოდოს ვერ დავიდებ, ოპერატიულად მოვიდნენ, ორნი. ჩემს მრავალჭირვარამგამოვლილ „ოპელს“ ჯალამბარები ჩაუბეს და ორ წუთში ძარაზე შემოასკუპეს. ერთმა, ასე, ორმოცი წლის იქნებოდა, თვალი ძმაბიჭურად ჩამიკრა: - ტაქსაობ, ბიძაჩემო? - არა, ჟურნალისტი ვარ. - ვაა, ივანიშვილი მოიგებს? - რა უნდა მოიგოს? - არჩევნები, ბიძა, არჩევნები... - თუ ჩატარდება, იქნებ მოიგოს კიდეც. - შეიძლება არ ჩატარდეს? - იცით რა, ბიჭებო, პოლიტიკაზე სხვა დროს, - შემომელია მოთმინება, - სპრისკია გასაწმენდი, უახლოესი პროფილაქტიკა სად არის? - აქვეა, კილომეტრნახევარში, ბნელ ხიდთან. 50 ლარი დაგიჯდება. - სპრისკის გაწმენდა? - არა, ჩვენი მომსახურება. დაახლოებით სამ წუთში დანიშნულების ადგილას ვიყავით. ელექტრიკოსმა თამაზამ ჩემს მალვინას კარბურატორზე სახურავი მოხსნა, დიდი გულისყურით, ხმის ამოუღებლად დაათვალიერა და დაბეჭდა: - გაჭედილია. მოვხსნი, გავაწმინდავებ, საათივით იმუშავებს. ტაქსაობ, ბიძაჩემო? - ჯერ არა. როდის მოგაკითხო? - ჰოოო, ბევრი სამუშაოა. იჟექტორი უნდა მეიხსნას, დატჩიკები უნდა შემოწმდეს, პრავოდკები უნდა ინახოს. ბენზინი გიდგას? - კი, ასე, 8 ლიტრა. - ერთი ამდენი კიდო უნდა ჩაამატო. ა, რვალიტრიანი ბალონი. კალონკაც აქანეა, ორ ნაბიჯზე. ოც ლარად „ვისოლში“ რვა ლიტრი და 60 გრამი ბენზინი ვიყიდე, მივიტანე და ჩემი ბებერი „ოპელის“ ავზში ჩავასხი. - რამდენ ხანში გააკეთებ? თამაზამ ისე შემომხედა, საკუთარი უვიცობისა და უტაქტობის გამო სირცხვილისგან გავწითლდი. - აქანე ბევრი სამუშაოა. ა, დევიწყე უკვე და ასე, ხუთისკენ მოი. 50 ლარი ღირს, მარა მე 40-ად გაგიკეთებ. მეტი რაი ვქნა. - შევთანხმდით. საღამოს ხუთზე ხელოსანთან ვიყავი. ჩემი მალვინა ბოქსიდან გამოეგორებინათ და ჭადრის ძირას დაეყენებინათ. კაპოტი ახდილი ჰქონდა და ხელებდაკაპიწებული თამაზა შიგ რაღაცას ჩხირკედელაობდა. - საქმე როგორაა? - ა, ნახე, გავწმინდე, გავაპრიალე. იჟექტორი არ იყო ჩასმული წესიერად. ა, ნახე, რაფერ უნდა იდგეს. ამას ვინცხამ ხელი ახლო და მერე წესიერად ვერ ჩასვა. რულთან დაჯექი და დაატრიალე, უნდა დეიქოქოს. არ დაიქოქა. თამაზამ ერთხანს იფიქრა, მერე ტაოტიანი ხელი შუბლზე მოისვა და გადაწყვეტილებაც მიიღო: - ბენზანასოსის ბრალია. თუ გინდა, იამკაზე შევაგოროთ, ბენზანასოსს გავსინჯავ. 15 ლარი დაგიჯდება. 15 წუთში ახალი დიაგნოზი მზად იყო - ბენზონასოსი მუშაობს! ელექტრიკოსმა თამაზამ კიდე ცოტა ხანს იფიქრა და ახალი ვერსია წამოაყენა: - დენი იკარგება. გავყობი ნელ-ნელა და ვნახავ, საცხა მოკლეს აკეთებს. ხან ირთვება, ხან არა. 20 ლარი დაგიჯდება. მანამდე შენ წაი, სვეჩები და პრავოდკები იყიდე. სვეჩები ცალი 7 ლარი ღირს. თუთხმეტლარიანებიცაა, მარა მაგენი შენ არ დაგჭირდება. პრავოდკები 30 ლარი ღირს. ერთ საათში ბოლო მითითებები შესრულებული იყო. ამასობაში ჩემი მანქანიდან თამაზასთითქმის მთელი „აბივკა“ მოეხსნა და ახლა თავის ნამოღვაწარს ფილოსოფიური დუმილით დასცქეროდა. - გამოდის რამე? - რაი უნდა გამევიდეს, ბიძია, ამას კომპიუტერზე შემოწმება უნდა. თუ გინდა „ოპელის“ ცენტრში წეიყვანე და შეამოწმებიე. თუ არადა, პირდაპირზე შევაერთებ და მერე შეამოწმებიე. - კარგი, შეაერთე პირდაპირზე. თავისი ხოდით მაინც წავიყვან... - კაი, ახლა წეიყვანე აი მანქანა და ხვალე ჩამოი, დილაზე. უცებ გაგიკეთებ. - როგორ წავიყვანო, ბიჭო, ხო ხედავ, არ იქოქება, - აღვშფოთდი მე, - აქ რომ დავტოვო, არ შეიძლება? - რავა არ შეიძლება, მარა რამე რომ დეიკარგოს მანქანიდან, ან მანქანა რო დეიკარგოს, მე არ დამბრალდეს. - მანქანაში რამე ძვირფასეული არ მიდევს და არა მგონია, ამ ძველი ოპელის მოსაპარადაც ვინმემ თავი შეიწუხოს. - კაი, დატიე, მარა გასაღები წეიღე. - რო დაგიტოვო არ აჯობებს? - დილით ჩაკეტილ მანქანას როგორღა გააღებ? - როცა მოხვალ, მაშინ გავაღებ, მანამდე კიდო მყავს ერთი კლიენტი გასასტუმრებელი. მეორე დილით თამაზამ ისე შემათვალიერა, თითქოს პირველად მხედავდა. მერე მზერა ჩემს მალვინაზე გადაიტანა. - გააღე, შევაერთებ. ორსაათიანი ჩალიჩის შემდეგ თამაზა ჩემი მანქანიდან გამოძვრა და შუბლზე ოფლი ისევ შიშველი ტაოტიანი ხელისგულით მოიწმინდა. - შევაერთე, დაქოქე. ჩვენი მცდელობა ამჯერადაც წარუმატებლად დამთავრდა. - ბენზანასოსის ამბავია, ბიძაჩემო. ა, ნახე, არ აკაჩავებს. გამოსაცვლელია. - ხო შეამოწმე და მუშაობსო, ხო მითხარი. ახლა რა ჭირი ეცა. - მაგას, ბიძაჩემო, ამისთანა თვისება აქვს, ხან მუშაობს და ხან არ მუშაობს. მე რა ვუყო. ელიავაზე ჩადი და ახალი იყიდე. მე დაგიყენებ, მეტი რაი ვქნა. ისევ ჩემს ძველ მეგობარს დავურეკე, ანზორას. - ანზორ, ძმაო, უნდა მიშველო. არ იქოქება. სულ ასოცი ლარი დამრჩა. მოდი, ამ ფულს შენ მოგცემ და გინდა ნასოსი იყიდე, გინდა კარბურატორი და გინდა გასტროსკოპიული აპარატი, ოღონდ ეს მანქანა აამუშავე. ანზორა და მისი განუყრელი ძმაკაცი ოპერატიულად გამოცხადდნენ. ელექტრიკოს თამაზასთან ხანმოკლე თათბირის შემდეგ ჩემი მალვინა ბუქსირით ჩაიბეს და წაიყვანეს. მეორე დღეს, ნაშუადღევს ანზორამ დამირეკა და სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ პატაკი ჩამაბარა: - შენი მანქანის შესამოწმებლად სპეციალისტი მოვიყვანე. კომპიუტერი აქვს დამწვარიო, კაროჩე - ტვინი. მერე ელიავაზე ჩავედი, ახალი ბენზანასოსი, კომპიუტერი, ფიშკები და რაღაცეები ვიყიდე. ახლა ყველაფერს ამას დავაყენებ და დავქოქავ. ერთ საათში დაგირეკავ. ერთ საათში ანზორამ ისტორიული ფაქტი მომახსენა: - დავქოქეთ. ერთი თხუთმეტი წუთი იმუშაოს და მერე ამოდი, წაიყვანე. უფრო სწორად, მე თვითონ ჩამოგიყვან თამაზას ბოქსთან - რაღაც პირდაპირი ელექტროპრავოდკა რო გაიყვანა, ის მოხსნას. გულიდან ლოდი მომეხსნა და ცხოვრებასაც აზრი დაუბრუნდა. მაინც რა მაგრები არიან ჩვენი ხელოსნები. უძახე ახლა ამათ ანზორა და არამა, ან კიდე ელექტრიკოს თამაზას - სამტრედიელი. ნახევარ საათში გაცოცხლებულ მალვინასთან შესახვედრად მზად ვიყავი, რომ ანზორამ ისევ დამირეკა. - რას შვრება ჩემი მალვინა? - დავასწარი, სანამ რამეს მეტყოდა. - კიდე კაი, შენი სახელი ჰქვია, თუ არა, ჩემი რომ იყოს, ამდენ ხანს აუცილებლად დავწვავდი! - რა მოხდა, კიდე არ იქოქება? - არ იქოქება კი არა, არ ქრება ამის... - და აქ ანზორამ ისეთი გამოთქმა იხმარა, პატიოსანი კაცი ბენზონასოსდამწვარ და უკომპიუტერულტვინო „ზაპოროჟეცსაც“ რომ არ აკადრებდა. - მოდი, ისევ იმ თამაზას ჩავუყვანოთ, რა შეაერთა, რა გამოაერთა, რა ვიცი, რა იხიმანდრა... თვითონ უფრო ეცოდინება. საათნახევრიანი სექსოთერაპიის შემდეგ თამაზამ ჩემი მალვინას ძრავი ჩააქრო და ისევ დაქოქა. მერე ისევ ჩააქრო და ისევ დაქოქა. ერთი კია, ძრავი ისეთ „აბაროტებზე“ მუშაობდა, რეაქტიულსაც რომ შეშურდებოდა. - ახლა წეიყვანე აი მანქანა, ბიძაჩემო და კომპიუტერზე შეამოწმებიე. მზათაა უკვე. „ოპელის“ ცენტრში დავრეკე და მეორე დღის ორი საათისთვის კომპიუტერულ შემოწმებაზე შევუთანხმდი. მართალია, მალვინა დილით ტრადიციული მეთოდით - გასაღების გადატრიალებით - ისევ არ დაიქოქა, მაგრამ ერთკილომეტრიანი თავისუფალი გარბენის შემდეგ ძრავი მაინც ამუშავდა, გაგიკვირდებათ და, ბრუნიც ნორმალური იყო. გახარებული ისევ თამაზას მივადექი. - დიდი მადლობა, თამაზ, მუშაობს. ოღონდ, თუ არ შეწუხდები, მოხსნილი „აბივკები“ ისევ თავის ადგილას დააბრუნე. ახლა კომპიუტერულ დიაგნოსტიკაზე მიმყავს. - მატორი ჩააქრე. ჩავაქრე. ერთ საათში „აბივკები“ თავის ადგილას იყო. საჭეს მივუჯექი და გამარჯვებულის იერით გასაღები დაუდევრად გადავატრიალე. არავითარი რეაქცია. ხანმოკლე ოპერატიული თათბირის, მანქანის წინ და უკან მიწოლისა და უმისამართო ბილწსიტყვაობის შემდეგ თამაზამ ახალი, საბოლოო და უტყუარი დიაგნოზი გამოაქვეყნა: - ხო გითხარი, ბიძაჩემო, ამის ბენზონასოსია დამწვარი და ტვინია არეული. აქანე რო ბიჭები იყვენ, შენი ახლობლებია, ხო? ყველას რო გენიოსი გონია თავი, ვერ მიხვდენ, ასე რო იყო? - ბიჭო, ბენზონასოსი უკვე ორჯერ გამოვცვალეთ, ის რაღაც ტვინი და ფიშკები გამოვცვალეთ, დატჩიკები გამოვცვალეთ, ელექტროპრავოდკები და სვეჩები გამოვცვალეთ, სპრისკი გავასუფთავეთ... - ხო გითხარი, ბიძაჩემო, ამას თვისება აქ ამფერი, ხან მუშაობს და ხან არა. მე ჩემი საქმე გავაკეთე. ოცი ლარი მომეცი და მოვრჩეთ ამ ამბავს. მეც ცოდვა ვარ, დილიდან საღამომდე აქანე ვდგანვარ, სიცივეში. ბინის ქირაც მაქ გადასახდელი... ოცი ლარი და მანქანა ისევ თამაზას დავუტოვე. შინ დაბრუნებულს, მეზობელი აზო შემხვდა, ძველი შოფერია. - ვაი, ვაი, ვაი, თემო-ჯან, ეგრეა რა, ეს ბემურაზი ბენზანასოსი! როგორც ჟელუდოჩნი იაზვა, რაღა. ოცი წელიწადია, ვერ მამირჩენია. ოსტრი რამეს შავჭამ, რაღაცას დავლევ და აღარ იქოქება, ან იქოქება და აღარა ქრება, რა. ადრე ხელოსნებს წიგნები ქონდათ და იმით მიყვებოდნენ საქმესა. ეხლა კიდე, მანქანები არი, წიგნებიც არი, მაგრამ წამკითხველი აღარ არი. ერთ კაი რამეს გეტყვი, თუ არ გეწყინება - ელიავაზე ჩადი, „დაშლილებში“ და ჩააბარე შენი მანქანა. შენც დაისვენებ, ისიცა და ხელოსნებიცა... ეს ერთი თვეა, კუჭის წყლული მაწუხებს, მკაცრ დიეტაზე ვარ და ექიმის დანიშნულებასაც მკაცრად ვასრულებ, მაგრამ მაინც ვერაფერი მოვუხერხე. ალბათ, ტვინი მაქვს არეული.
|