კარმიდამო, სადაც საქართველოს პრეზიდენტს კალანდობაზე გურული ტრადიციებით უმასპინძლეს, უკვე წლების განმავლობაში დაკეტილია და იქ არავინ ცხოვრობს. მიხეილ სააკაშვილის სალუქვაძეების ოჯახთან შეხვედრა სინამდვილეში კამერების წინ დადგმული სპექტაკლი აღმოჩნდა.
კოლორიტული გურული კალანდობა ტელევიზიებით მთელმა საქართველომ ნახა. ტელეჟურნალისტები გუბერნიის მიერ დარიგებულ პრესრელიზებსა და საკუთარი თვალით ნანახზე დაყრდნობით იუწყებოდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს ოზურგეთის რაიონის სოფელ ცხემლისხიდში სალუქვაძეების ოჯახმა უმასპინძლა.
ოჯახის ერთ-ერთი წევრი, რომელიც არაყს ხდიდა, პრეზიდენტს დიდი მონდომებით უხსნიდა: „ჩვენთან იციან ასე, მოაწევს ახალი წელიწადი და იქინა ზოგს ჭაჭა აქვს შენახული, ზოგს ვაშლი აქვს შენახული, ჭურში რა თქმა უნდა და მერე გამოიტანებენ და გამოხდიან". იქვე იყო ყაბალახში გამოწყობილი მეორე ადგილობრივი მოსახლე, რომელმაც ჟურნალისტებს განუმარტა: "კალანდობა ჩვენში არის ზეიმი, ახალ წელს ვუძახით ჩვენ კალანდობას".
დიასახლისმა პრეზიდენტს გურული ადესა და საშობაო ღვეზელი მიართვა. ამას მოყვა ტრადიციული "მუცლის ლოცვა". ყველა ნაციონალურმა არხმა რამდენჯერმე აჩვენა კადრები, სადაც ხანშიშესული ქალბატონი მიხეილ სააკაშვილს გარშემო უვლის, თან ულოცავს: "თქვენი ყველა სატკივარი აღმა ქარს დაღმა წყალს, თქვენი ყველა სატკივარი აღმა ქარს და დაღმა წყალს".
პრეზიდენტისთვის არავის უთქვამს, რომ "დიასახლისი" ოზურგეთის დრამატული თეატრის ვეტერანი მსახიობი მარგო ავაქიანი იყო, "არყის მხდელი" - მსახიობი ომარ ურუშაძე. კაცი, რომელიც სახლის ეზოში შეშას ჭრიდა და პრეზიდენტს გურულ ტრადიციებს აცნობდა - ასევე გურიაში ცნობილი მსახიობი ნუგზარ ბარამიძე. კალანდობა და პრეზიდენტის მასპინძლობა კი მათ მიერ კარგად შესრულებული დადგმა აღმოჩნდა. საჩვენებელი კალანდობის რეჟისორი ადგილობრივი ხელისუფლება იყო.
მსახიობი მარგო ავაქიანი ოზურგეთში ცხოვრობს. ის არ მალავს, რომ 13 იანვარს პრეზიდენტს "დიასახლისის როლში" უმასპინძლა. "ჩემი მოვალეობა იყო, მიმეღო პრეზიდენტი და ღვეზელით ჩამეტარებინა ის რიტუალი, რასაც ჰქვია მუცლის სალოცავი. სამნი ვართ იქ მსახიობი, დანარჩენები იყვნენ "აგუნას" შემსრულებლები, "შვიდკაცას" მომღერლები. ძალიან ლამაზი სიტუაცია იყო სხვათა შორის. ძალიან უბრალოდ შემოვიდა პრეზიდენტი, არც ველოდი. სცენაზე გასვლისას სულ ცივი ოფლი მასხამს ხოლმე, მაგრამ იმდენად მოხიბლული დავრჩი მისი პიროვნებით, რომ არ განმიცდია არაფერი. არადა, მეფისტოლა კაცია, მეფეა ჩვენთვის, ღმერთის ტოლა კაცია. მაგრამ არ მიგრძვნია არც ღელვა, არც არაფერი - ვითომ 50 წელი მასთან ერთად ვიზრდებოდი". კითხვაზე, იცოდა თუ არა პრეზიდენტმა, რომ ნამდვილი გურული ოჯახის ნაცვლად მსახიობებს ესაუბრებოდა, მარგო ავაქიანი პასუხობს:
- არა, რა თქმა უნდა, არა!
- პრეზიდენტს რატომ არ უთხრეს, რომ ეს თეატრალიზებული დადგმა იყო?
- არ შეიძლებოდა
- რატომ?
- არ ვიცი, მაგრამ არ შეიძლებოდა.
მარგო ავაქიანი იხსენებს, რომ რადგან სალუქვაძეების ოჯახში დიდი ხანია, არავინ ცხოვრობს, საჭმელ-სასმელი იქ ღონისძიების ორგანიზატორებმა მიიტანეს. მამაკაცი კი, რომელიც პრეზიდენტს სალუქვაძეების ოჯახის მასპინძლად წარუდგინეს და გიდის როლს ასრულებდა, სოსო ნაკაიძეა, ოზურგეთის თეატრის ყოფილი ხელმძღვანელი. "სოსო ჩვენი ყოფილი დირექტორია, ხელოვნება ესმის და იმანაც კი მითხრა, ისეთი უბრალო იყავი მარგო, როგორც ნამდვილი გლეხის ქალი და არა მსახიობი, რომელიც სცენაზე თამაშობსო". წინასწარ გავარჯიშეს? - ვკითხე ქალბატონ მარგოს. "რა ვარჯიში მინდოდა, აგერ რძალმა მასწავლა ეს სალოცავი", - მიპასუხა მან.
დადგმაში მონაწილე მსახიობები ჰყვებიან, რომ მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო, ორი დღე ჰქონდათ. ადგილობრივი ჟურნალისტები იხსენებენ, რომ კალანდობის სცენა მსახიობებმა წინასწარ პრეზიდენტის წარმომადგენლის, მარიკა ვერულაშვილის მონაწილეობით გაითამაშეს.
"პირველად ეს იყო მარიკა ვერულაშვილისთვის, ანუ გზა ჭიშკრიდან სახლამდე გაიარა მარიკა ვერულაშვილმა, მეორედ მიხეილ სააკაშვილმა და პრეზიდენტის წასვლის შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა - „იმედისთვის". ეს ტელეკომპანია დოკუმენტურ ფილმს იღებს კალანდობაზე", - ამბობს გიორგი გირკელიძე, „გურია ნიუსის" ჟურნალისტი.
იმ დღეს ცხემლისხიდის მოსახლეობას მიხეილ სააკაშვილი არ უნახავს. მათ უთხრეს, რომ ღონისძიება მხოლოდ სტუმრებისთვის ტარდებოდა და სალუქვაძეების სახლთანაც მხოლოდ წინასწარ შერჩეული და სხვადასხვა სოფლიდან გამგეობის მიერ ჩამოყვანილი ხალხი დააყენეს.
"სულით და გულით მინდოდა ვყოფილიყავი ღონისძიებაზე და როცა ვიკითხე, - მანდ მარტო მიწვევით არიანო. ნატანებელი თუ მივიდა და მისი სოფლის გაჭირვებაზე ილაპარაკა, ცხემლისხიდში ერთხელ მოგვეცა ამის შესაძლებლობა და რატომ არ შეგვახვედრეს?" - კითხულობს ცხემლისხიდელი ნათელა არველაძე.
"უგზოობა, უშუქობა - გაჭირვება დიდია ძალიან. უყურადღებოდაა ჩვენი სოფელი. თუ მოგვხედავს მაი გასახარებელი, კარგი იქნება. ბევრი გააკეთა სხვაგან, ჩვენთვის ჯერ არ მოუცლია, ალბათ მოიცლის და თუ მოგვხედავს, მაგის უკეთესი რა იქნება ქვეყანაზე", - ამბობს ცხემლისხიდელი თამარ გოგიბერიძე.
კალანდობაზე პრეზიდენტის სტუმრობა გურულებისთვის მოულოდნელი იყო. რაიონის მცხოვრებთა უმეტესობამ სააკაშვილის სტუმრობის შესახებ ტელევიზიებით შეიტყო. გურულებისთვის ყველაზე მოულოდნელი კალანდობაზე მათი საყვარელი მსახიობების გამოჩენა გახდა, რომლებიც პრეზიდენტს სალუქვაძეების ნაცვლად უწევდნენ მასპინძლობას. კიდევ ერთი, რაც გურულების უმრავლესობას თვალში მოხვდა, პრეზიდენტისთვის ნაჩვენები დოვლათი იყო.
"ეტყობა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ გურიაში არ მოიძებნება ოჯახი, სადაც პრეზიდენტი შეიძლება ასტუმრო. აქ, ამ საშინელ სიდუხჭირეში ოჯახიც კი ვერ შეარჩიეს, რომ ცოცხალი, მშრომელი გლეხური გარემო მოენახათ, და იქ მიეწვიათ პრეზიდენტი. ამიტომაც დადგეს ის სპექტაკლი. აჩვენეს ადამიანებს, რომ აი, გურიაში ასე ცხოვრობს ხალხი. სინამდვილეში, მე არ მეგულება არც ჩემს სამეგობროში, არც სანათესაოში, არც საახლობლოში ოჯახი, სადაც მივალთ და ასეთი დოვლათით იქნება სავსე", - ამბობს ოზურგეთელი შოთა გოგიბერიძე, "ეროვნული ფორუმის" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე.
დადგმული იმ დღეს გურიაში მხოლოდ კალანდობის დღესასწაულის რიტუალი არ ყოფილა. ცენტრალური ტელევიზიების ცნობით, "სალუქვაძეების ოჯახიდან მიხეილ სააკაშვილმა სოფელ ცხემლისხიდში გაიარა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა". თუმცა, გურულებმა "იმედის" და "რუსთავი 2"-ის ეთერში მსახიობები და ადგილობრივი ხელისუფლების წევრები იმ ხალხშიც ამოიცნეს, ვისაც "მოსახლეობის" სახელით მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის პატივი ერგო. პატარა რეგიონში არც ის დამალულა, რომ ის მამაკაცი, რომელიც პრეზიდენტს მანდარინის სახელმწიფოსთვის სარფიანად ჩაბარებაზე ესაუბრებოდა, გამგებლის ახლო ნათესავია. "გამგებლის ცოლის მამა გახლდათ, ანუ სიმამრი. იქ ძირითადად ვინც იყვნენ, მსახიობები იყვნენ და სხვადასხვა სოფლიდან მიყვანილი ხალხი. ერთი ქალი ლანჩხუთიდანაც კი ჩამოიყვანეს. ეს მოსახლეობის შეურაცხყოფაა. ყველა ერთმანეთს ვიცნობთ", - ამბობს მარინე სუნგულია, რესპუბლიკური პარტიის რეგიონული ოფისის წევრი.
ადგილობრივი გაზეთის "გურია ნიუსის" ინფორმაციით, კალანდობის სცენარის ერთ-ერთი ავტორი იყო ოზურგეთის გამგებელი ავთანდილ მექვაბიშვილი. გაზეთთან საუბრისას მექვაბიშვილი ამბობს: "რას ნიშნავს დადგმული? ქორწილი არ არის დადგმული? ბერიკაობა არ არის სპექტაკლი? დაანებეთ თავი სისულელეების ჩხიკინს. მხოლოდ დეგენერატი თუ ლაპარაკობს ამას. იქ იყო ჩვეულებრივი დიასახლისი. მერე რა, რომ მსახიობია. მსახიობი არ შეიძლება დიასახლისი იყოს?!"
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე ამ დრომდე დევს ინფორმაცია, რომ "საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გურიაში ჩავიდა და კალანდის დღესასწაულის დადგომამდე სოფელ ცხემლისხიდში სალუქვაძეების ოჯახს ესტუმრა. მიხეილ სააკაშვილმა საჩუქრად ჩიჩილაკი მიიღო, რომლის დამზადებაში თავადაც მიიღო მონაწილეობა. ტრადიციულ გურულ ოჯახში პრეზიდენტმა გურული "ადესა" დააჭაშნიკა და მას საშობაო ღვეზელითაც გაუმასპინძლდნენ."
http://liberali.ge/node/1186-----------------------------
ფაქტობრივად კურიოზია რა.

ნეტავ ცალკე ეგზემპლარად გაზეთებსაც ხომ არ უბეჭდავენ სადაც ყველაფერი კარგადაა.