ქართველ სასულიერო პირთა დიდი ნაწილი თვლის, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი- ილია მეორე "ბოლო ჟამის" პატრიარქია....
ამას ზოგი ამბიონიდან, ზოგიც საეკლესიო ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნებს და ქადაგებს...
სახარებაში ქრისტე ეუბნება მოციქულებს რომ არავინ იცის ბოლო ჟამის დრო, მამა ღმერთის გარდა.. ამასთან ერთად ბოლო ჟამის ნიშნებზეც საუბრობს, მაგრამ ქრისტე არსად ამბობს ილია მეორის ბოლო პატრიარქობაზე, როგორც მეორედ მისვლის ნიშანი...
მე ვერ ვიტყვი რომ ასეთი ქადაგებები სასულიერო პირებისგან ერესია, მაგრამ აშკარაა რომ ცდომილებასთან აქვთ საქმე
რატომ ჰგონია ამ ხალხს რომ ილია მეორე ბოლო ჟამის პატრიარქია?
რა აძლევთ ამის თქმის უფლებას? პატრიარქის ძლიერი სიყვარული თუ ცდომილება?
ამ მონაზონს რომ ბევრი ეთანხმება აშკარაა, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი მოძღვარი აუკრძალავდა მსგავს "ქადაგებას"
დედა თამარი: "ილია || ბოლო ჟამის პატრიარქია"
2010-01-09 10:17:29
დავიღალე, მოდი ჩემთან, უფალო! – შეუძლებელია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია ||–ის ეს საგალობელი ადამიანის, მართლმადიდებლის გულსა და სულს არ ჩასწვდეს და არ გაალღვოს. ერის მწყემსმთავრის ჯვარი მართლაც მძიმეა, მით უმეტეს, ჩვენი პატრიარქის, რომელმაც ქართული ეკლესია უმძიმეს პერიოდებში გამოატარა და დღესაც ურთულეს ეპოქაში მოღვაწეობს. სულ რამდენიმე დღის წინ, 4 იანვარს, იგი 77 წლის გახდა.
მის ღვაწლზე უამრავი რამ შეიძლება ითქვას და დაიწეროს. დაწერილა კიდეც. ამიტომ გადავწყვიტეთ, იმ ადამიანთან გვესაუბრა პატრიარქზე, ვინც მას ახლოს იცნობს და ჩვენზე ალბათ ცოტა მეტი იცის. ჩვენი რესპონდენტი დედა თამარი (ქევხიშვილი) გახლავთ.
– დედა თამარ, პატრიარქს პირველად როდის შეხვდით?
– უფალთან ყველა დიდი ტკივილით მიდის. ღვთის უდიდეს მსახურთან, პატრიარქთან, მეც დიდმა ტკივილმა მიმიყვანა. ჩვენი პატრიარქი ყველას ტკივილს იტევს და ჩვენს სატკივარს განიცდის. ჩემი ერთადერთი შვილის, თემო ავაზნელის გარდაცვალების შემდეგ თითქოს ამქვეყნად აღარც ვიყავი, შვილთან წასვლას ვჩქარობდი. პატრიარქს რომ შევხვდი, მითხრა, რატომ ტირით, ჩვენ ყველა წავალთ, ერთად წავალთო. ეტყობა, იმდენად მეჩქარებოდა შვილთან, რომ იქიდან იმ ფიქრით გამოვედი, ალბათ პატრიარქმა დაინახა, შვილთან რომ მალე მივალ და ეს სიტყვები ამიტომ თქვა, მას იმხელა ხედვა და წინდახედულება აქვს, რომ პირდაპირ არ მითხრა და მხოლოდ მიმანიშნა–მეთქი. მისგან დამშვიდებული წამოვედი, რომ შვილს მალე ვნახავდი... ჩვენი ურთიერთობა აქედან დაიწყო.
მინდა, ყველამ შეისმინოს პატრიარქის ნათქვამი, როცა ბრძანა, სიკვდილი არ არსებობსო. სიკვდილი სიცოცხლის გაგრძელება, სხვა ცხოვრებაში გადასვლაა. მხოლოდ ის ადამიანები კვდებიან, რომლებმაც ამ წუთისოფელში ისე იცხოვრეს, რომ სიკვდილი დაიმსახურეს. მჯერა, ჩემი შვილი სხვა ცხოვრებაშია გადასული. ამ წუთისოფელში იმდენი ვიწვალე, რომ ალბათ ჩემს შვილთან მეც მივალ... უფალმა ჩვენს ერს უდიდესი სულიერი მოძღვარი გვიწყალობა. მადლობა უფალს, რომ სწორედ მისი პატრიარქობის დროს მომიწია ცხოვრება. მასთან იმდენად ახლოს ვარ, რომ ყველაფერზე შემიძლია ვესაუბრო. ჩემთვის ყველაზე ახლობელი ადამიანია. პატრიარქი იმდენად კარგად მიცნობდა, რომ შემირჩია და გამომიგზავნა ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპისკოპოსი, მეუფე თეოდორე, რომელიც ახლა ჩემი სული და გული, ჩემი შვილია. ვერ გეტყვით, მის მიმართ როგორი სიყვარული მაქვს. ჩემი მონაზვნად აღკვეცა სწორედ მის ეპარქიაში, წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში მოხდა.
– პატრიარქი ყველაზე დიდი საყვარულით რაზე საუბრობს?
– უფალზე. მისთვის ყველაზე საყვარელი თემა კაცთმოყვარეობაა. ყველას სთხოვს, ერთმანეთისთვის ილოცონ. გაგაოცებთ, მასში იმდენად დიდი კაცთმოყვარეობაა. ყველას ეუბნება, მტრებისთვის ილოცეთო. როგორი დაღლილიც უნდა იყოს, როცა რაიმე გაწუხებს, საკუთარ ტკივილს ივიწყებს, გისმენს და განუგეშებს. მაშინ გრძნობ, რომ პატრიარქი შენთვის ყველაფერია, ამქვეყნად ყველაზე ახლობელი, შენი მამაც არის და შვილიც. მის მიმართ ასეთი დამოკიდებულება მაქვს. მინდა, იგივე ყველამ შეიგრძნოს. ალბათ არ მიწყენს და ბოდიშს მოვუხდი, ასე ყველას გასაგონად რომ ვამბობ, მაგრამ მას ბაჩუნა დავარქვი. ბავშვივით ვეფერები და ვეუბნები, ჩემი ბაჩუნა ხარ–მეთქი.
– საოცარი, გულშიჩამწვდომია მისი საგალობელი "დავიღალე, მოდი ჩემთან, უფალო!". ალბათ ჩვენც დავღალეთ, ისე ვერ ვუფრთხილდებით, როგორც იმსახურებს.
– მართლაც დავღალეთ, თან – ძალიან, მაგრამ მადლობა უფალს, რომ ბევრის ატანა, მოთმენა და დათმენა შეუძლია. როცა დაჯდა და ეს საგალობელი დაწერა, ალბათ იმ საღამოს ძალიან დაღლილი და გულნატკენი იყო. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ და ვხედავ. მისი სიტყვები ისე არ უნდა გავიგოთ, რომ პატრიარქი უფალს ევედრება, მოდი და თან წამიყვანეო. ამ სიტყვებით უწმინდესი ღმერთს თანადგომასა და ნუგეშს სთხოვს. მისი პატრიარქობის წლებს თუ გადახედავთ, ნახავთ, რომ ყველა პერიოდი მისთვის მძიმე იყო. განა ამ წუთში მძიმე პერიოდი არ არის?! დღე–დღეზე, წუთი–წუთზე და წამი–წამზე მეტი განსაცდელი გვიახლოვდება და გაცილებით მძიმე პერიოდი კიდევ წინ იქნება... ადამიანებს უფლის მეორედმოსვლის რაც უნდა ეშინოდეთ, მაინც ვიტყვი, რომ ბოლო ჟამი მოახლოებულია და თავისთავად ჩვენს უწმინდესს მხრებზე უდიდესი სიმძიმე აწევს.
– თავად პატრიარქი ბოლო ჟამის შესახებ არასდროს საუბრობს.
– მას ამ თემაზე მხოლოდ მოკრძალებული პასუხები აქვს. უბრალოდ ვიტყვი – ვისაც აქვს ყურნი, ისმინოს! ჩვენ გვყავს არაჩვეულებრივი პატრიარქი, რომელიც მთელ მსოფლიოს უყვარს. ჩვენ მთელი მართლმადიდებლური სამყარო შემოგვნატრის, ამბობენ, რა ბედნიერები ხართ, რომ ასეთი პატრიარქი გყავთო.
– ერთხელ მითხარით, უწმინდესი და უნეტარესი ილია || ბოლო პატრიარქიაო. შეგიძლიათ, მკითხველებსაც იგივე უთხრათ?
– ვინმესთვის რაც უნდა გასაკვირი, მოულოდნელი ან არასასურველი იყოს, ყველაფრის მიუხედავად ვამბობ, ჩვენი უწმინდესი ნამდვილად ბოლო ჟამის პატრიარქია. რასაც ვხედავ, იმას გეუბნებით. დღეისთვის ამის ყველა ნიშანი არსებობს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვისაც აქვს ყურნი, ისმინოს!
– ერთხელ აღნიშნეთ, ანტიქრისტეს არა სამების საკათედრო ტაძრიდან, არამედ სხვა ეკლესიიდან ამხელსო.
– სამებიდან იტყვის თუ სხვა ადგილიდან, მნიშვნელობა არ აქვს. ეს ყველას გასაგონი იქნება და, სხვათა შორის, მის სიტყვებს არამარტო საქართველოში მოისმენენ, მას მთელი მართლმადიდებლური სამყარო გაიგებს. ყველა ის ადამიანი, ვინც უფალმა გადასარჩენად გამოარჩია, პატრიარქს დაუჯერებს, მას მიენდობა, გაჰყვება და გადარჩება.
– ესე იგი ყველაზე დიდი განსაცდელი ჯერ კიდევ წინ აქვს?
– რა თქმა უნდა, წინ აქვს, მაგრამ ის ყველაფერს გაუძლებს. მას ანგელოზთა დასი დააცილებს. ამას უკვე ჩვეულებრივი ადამიანებიც ხედავენ, ანგელოზები ხილული გახდნენ. ხალხმა მობილური ტელეფონებით გადაიღო, პატრიარქის მარჯვენა მხარზე ანგელოზი რომ არის გამოსახული. ერთ შემთხვევას გეტყვით. უწმინდესი წმინდა ნინოს გზის მოსალოცად მიდიოდა. ერთ–ერთ სოფელში რომ შევიდნენ, სოფლის ძაღლებმა საშინელი ყეფა ატეხეს, ხალხი გადაირია, ვერ ხვდებოდნენ, რა ხდებოდა. სინამდვილეში ძაღლები ანგელოზთა დასს ხედავდნენ და ამიტომ ყეფდნენ. ანგელოზები ჩვენს უწმინდესს მიაცილებდნენ, მას მიჰყვებოდნენ... საქართველოდან უცხოეთში წასულები უკან უნდა დაბრუნდნენ!
– ალბათ ამაზე ჩვენი ემიგრანტები გვიპასუხებენ, გაჭირვებამ წაგვიყვანაო.
– ვისაც გადარჩენა უნდა, თითო ლუკმა ერთმანეთს უნდა გავუყოთ და აქ უნდა დავრჩეთ. ვინც წასულია, აუცილებლად უნდა დაბრუნდეს! ჯობია, ყველას ერთად გვტკიოდეს, გვშიოდეს, მაგრამ ერთმანეთი გვიყვარდეს და ერთად ვიყოთ. შიმშილს, სიცივეს, გაუტანლობასა და დამცირებას გადავიტანთ. ჩვენ ისეთი სულიერი მამა გვყავს, რომ არაფრის უნდა გვეშინოდეს. ის ბიბლიური მოსესავით სამშვიდობოს გაგვიყვანს! ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, საქართველო არ უნდა დატოვოთ!
– ვიცი, რომ პატრიარქზე ხილვა გქონდათ. შეიძლება, ამის შესახებ ჩვენს მკითხველსაც უამბოთ?
– ამის შესახებ პატრიარქმაც იცის. მალე დადგება დრო, როცა ამას ხალხიც დაინახავს და, სხვათა შორის, არამარტო საქართველოში. როცა დადგება დრო, პირობას გაძლევთ, რომ პირველად თქვენს ჟურნალს ვეტყვი.
– უწმინდესის ერთი ჩვეულებრივი დღე როგორია?
– იმ დროსაც კი, როცა ისვენებს და ეზოშია ჩაბრძანებული, რა სატკივარითაც უნდა მიხვიდე, უპასუხოდ არ დაგტოვებს. ძალიან უშუალოა. ხანდახან შეიძლება გაგიკვირდეთ კიდეც, იმდენად ალალია. შეიძლება ისეთი რამ გაუკვირდეს, რომ შენ თვითონ დარჩე გაკვირვებული და იფიქრო, ეს როგორ გაუკვირდაო. ასეთები რამდენიმე საუკუნეში ერთხელ იბადებიან და მას გაფრთხილება, მოფერება სჭირდება. პატრიარქი ყველას მიმართ საოცარ ყურადღებას იჩენს. თქმაც არ სჭირდება, შემოგხედავს თუ არა, გეტყვის, რა გიჭირს და გაწუხებს. ამას წინათ მე და მეუფე თეოდორე რაღაცის სათქმელად შევედით. რომ მივესალმეთ, პირჯვარი გადაგვსახა და პირდაპირ გაგვცა იმაზე პასუხი, რის საკითხავადაც მივედით. ჩვენი პატრიარქი არც ერთი "ბატკნის" დაკარგვას არ აპირებს, მთავარია, ხალხმა მას მოუსმინოს და გაჰყვეს. ჩვენგან კი მხოლოდ იმას ითხოვს, ერთმანეთი გვიყვარდეს და ერთმანეთისთვის ვილოცოთ. ის სავსე ჭურჭელია, რომელიც მთელი დღის განმავლობაში იხარჯება. ამიტომ მასაც სჭირდება მოფერება, სითბო და სიყვარული. უწმინდესის ლოცვით ჩვენი ქვეყანა ფეხზე დადგება, ჩვენი ერი გადარჩება. ასე მჯერა და ასეც ვხედავ.
– როგორც ვიცი, უწმინდესმა თქვენ მოგცათ კურთხევა, ილაპარაკოთ იმაზე, რასაც ხედავთ.
– უწმინდესმა მითხრა, მიეცი ადამიანებს სულიერი სიმშვიდე, შენს სიტყვებს აქვს ძალა და ფასიო. კურთხევა მომცა, რომ წიგნი დავწერო. მითხრა, ხალხს სიყვარული აუხსენი, ისეთი სიყვარული ასწავლე, როგორიც შენ იციო. მის კურთხევას ვერ ვასრულებ. ინსულტი გადავიტანე, ეს პერიოდი სულ ცუდად ვარ. ხანდახან ისე მომინდება მისი ნახვა, რომ ვერ ვძლებ და მასთან მივდივრ.
სხვათა შორის, აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ჩვენი პატრიარქი არაჩვეულებრივად გრძნობს თავს. მას არაფერი აწუხებს. რატომღაც ქართული ტელეარხები ისეთ კადრებს აჩვენებენ, თითქოს პატრიარქი ცუდად არის, ვერ დადის... არადა გაოცდებით, იმდენად კარგად არის. გულზე მკურნალობა დასჭირდა, მაგრამ ასეთი სამედიცინო პროცედურის ჩატარება ახალგაზრდებსაც უხდებათ ხოლმე. ხშირად ვრცელდება ჭორები, რომ ცუდად არის, რომ საავადმყოფოშია, მაგრამ ეს არის სიცრუე!
– რამდენიმე ხნის წინ მასმედიაში პატრიარქის შესახებ ბევრი უსიამოვნო რამ ითქვა და დაიწერა. ამ ყველაფერს როგორ შეხვდა?
– იმ ადამიანებზე ლაპარაკს არ ვაპირებ! პატრიარქს ბევრი ღირსეული მეუფე ჰყავს, საქართველოში ძლიერი ეპარქიები არსებობს და ეს მათი დამსახურებაა. უფალი ამბობს, ერთი ადამიანისგან შემიძლია სამყარო მოვაშენოო. განა ცოტაა, რომ ასეთი ეპისკოპოსების დასი ჰყავს?! მინდა, ერში მცხოვრებ ადამიანებს ვუთხრა, სასულიერო პირების ძაგებით თავს ნუ იწუხებენ. ჩვენ თუ რამეს ვაშავებთ, მეტად დავისჯებით და განვისჯებით.
პატრიარქი 77 წლის გახდა. ეს საუფლო ციფრებია. მინდა, ყველა მართლმადიდებლის გასახარად ვთქვა, რომ ის ჩვენ გვერდით დიდხანს იქნება!
ირინე მჭედლიძე
http://sana.ge/index.php?katid=6&id=5258&poz=&more
მიმაგრებული სურათი