უკომენტაროდ გაწვდით ამ საზარელ სტატიას , ვისაც სუსტი ნერვები აქვს გთხოვთ არ წაიკითხოთ .

ამას წინათ რედაქციაში ერთი ახალგაზრდა (ვინაობის გახმაურება არ მოისურვა) გვესტუმრა. საფუძველიც ჰქონია, - იმან, რაც ახალგაზრდამ გვიამბო, შეგვძრა. «ამ რამდენიმე თვის წინ უახლოესი მეგობარი გარდამეცვალა. ახალგაზრდა კაცის მოულოდნელი სიკვდილით სამართალდამცავი ორგანოები დაინტერესდნენ და ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად, ცხედარი ექსპერტიზის ჩასატარებლად წაიღეს. ექიმი ვარ და ექსპერტიზაზე დასწრების სურვილი გამოვთქვი. დავესწარი კიდეც. მორგში სასიამოვნო სანახაობა რომ არ დამხვდებოდა, ვიცოდი, მაგრამ ასეთ ამაზრზენ სურათს ნამდვილად არ ველოდი. მორწმუნე კაცი ვარ და მიცვალებულების ასეთმა უპატივცემულობამ შემზარა. ვგულისხმობ უპატრონო მიცვალებულებს. ზოგიერთი ისე იყო დამპალი, რომ პოლიეთილენის პარკებში ჩაედოთ. პერსონალს ვკითხე, ეს რა არის-მეთქი, მიპასუხეს, ვიდრე უპატრონო მიცვალებული არ დალპება, მისი დამარხვა არ შეიძლება, კანონია ასეთიო. ამისთანა უპატივცემულობა და რჯულის შეგინება მეტი რაღა გინდათ?! ქართველები ოდითგანვე თავს იმით ვიწონებთ, რომ მიცვალებულის, თუნდაც მტერი იყოს, პატივისცემა წესად გვაქვს და თურმე უპატრონო მიცვალებულებს მანამდე არ ვმარხავთ, სანამ არ გაიხრწნება».
უპატრონო მიცვალებულებს, სინამდვილეში, საკმაოდ ძლიერი პატრონი ჰყავს - სახელმწიფო, რომელიც მათ დასამარხავად მოზრდილ თანხას გამოყოფს. უკანასკნელ გზაზე კი დამკრძალავი ბიურო «ჰერმესი» აცილებს. ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენი რესპონდენტის ნაამბობის გადამოწმება .
«არამიანცის» მორგში (სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს პროზექტურა) ჩვენს ფოტოგრაფს ვთხოვ თანამგზავრობას. ...პროზექტურის შესასვლელთან მამაკაცი ზის, ალბათ, დარაჯია. ვცრუობთ, რომ დაკარგულ ბიძას ვეძებთ, რომელიც ორი კვირაა შინ არ მოსულა. დარაჯი შენობაში გვეპატიჟება, რამდენიმე ამოუცნობი გვამი გვყავს, აბა, ნახეთო...
ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. მართალი ყოფილა ჩვენი რესპონდენტი...
ეს მიცვალებულების პატივისცემით განთქმული ქვეყნის ცენტრალური პროზექტურაა. რა მდგომარეობაშია თავად შენობა, ამაზე აღარ შევჩერდებით. ფოტოები თავად იტყვიან სათქმელს. უცნაური გრძნობა დამეუფლა. არა, მიცვალებულების არ მეშინია, უსიამოვნო სუნით გამოწვეული ზიზღიც მოულოდნელად გაქრა... მხოლოდ აღშფოთება და სიბრალული დამრჩა. უპატრონო მიცვალებულებს არც სიკვდილში ჰქონიათ ბედი. ზეწარში გახვეული უკვე ლპობაშეპარული გვამები ერთმანეთზე აწყვია, უფრო სწორად კი, ერთმანეთზე ყრია, ზოგი - პირდაპირ იატაკზე. დარაჯი, რომელიც თანაგვიგრძნობს ბიძის დაკარგვის გამო, რიგრიგობით გვაჩვენებს უპატრონო მიცვალებულებს. გვიხსნის, ვინ როდის მოიყვანეს. ეს ბომჟია, ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს, პატრულმა მოიყვანაო...
- ეს ქალი?
- ეჰ, ამას შვილი ჰყავს. მოდი და ამის მერე ინატრე შვილი... მას შემდეგ, რაც აქ დავიწყე მუშაობა, ადამიანებზე სულ წამიხდა წარმოდგენა. ისეთი ამბები მესმის... მაგისი შვილი რომ მოვიდა, თქვა, არ მაქვს დედაჩემის დამარხვის დრო, სამხედრო მოსამსახურე ვარ და მაგის გასასვენებლად სად მცალიაო(?!). მერე მეზობლებმა შეაგროვეს ფული და მალე გაასვენებენ. ზეწარიც იმათ მოიტანეს (ჩემი თვალით რომ არ მენახა და ვინმეს მოეყოლა, არ დავიჯერებდი. - ავტ.).
- პირდაპირ პროზექტურიდან უნდა გაასვენონ?
- ჰო, პირდაპირ...
სამი მიცვალებულის ნახვის შემდეგ გამძლეობა მღალატობს და დანარჩენების ნახვაზე უარს ვამბობ. ფოტოკორესპონდენტს ვთხოვ, თავად მოძებნოს ჩვენი «დაკარგული» ბიძა. ახლა ყველაფერი მის ოსტატობაზეა დამოკიდებული. ფოტომასალა აუცილებელია, რადგან ბევრმა შეიძლება არც დაიჯეროს ჩვენი მონათხრობი. ის ხომ ძალზე სასტიკია და სრულიად შეუფერებელი ქართული ტრადიციისთვის. დარაჯი მორგის მარჯვენა კუთხეში მეპატიჟება. ყავას მთავაზობს(!). უარს არ ვეუბნები, რადგან ვიცი, ჩემს ფოტოგრაფს ბევრი და თანაც, სახიფათო საქმე აქვს. ფოტოები შეუმჩნევლად უნდა გადაიღოს.
დახვავებული ჭუჭყიანი ზეწრების შემყურეს, გული მერევა. ყავა, რომელიც ასე მიყვარს, ყელში არ გადამდის, მაგრამ მაინც ვსვამ... ვღელავ, მაგრამ დარაჯი მამშვიდებს, - ბიძათქვენს აუცილებლად ვიპოვითო.
ფრიდონი რამდენიმე ხანში ჯოჯოხეთური ექსკურსიიდან სახეშეშლილი ბრუნდება, - «ბიძა» ვერ იპოვა...
ეს რეპორტაჟი ქვეყნის ცენტრალურ პროზექტურაში მოვამზადეთ. დღეისათვის პროზექტურები ორ კატეგორიად არის დაყოფილი. უმეტესობა ჯანდაცვის სამინისტროს ექვემდებარება, ზოგიერთი კი იუსტიციის სამინისტროს ეკუთვნის.
ჩვენ პროზექტურის ახლოს მცხოვრებ მოსახლეობასაც გავესაუბრეთ. როგორც გვითხრეს, უპატრონო მიცვალებულების დასამარხავად სატვირთო მანქანა ორ-სამ თვეში ერთხელ მოდის და ამის შემდეგ რამდენიმე დღე ახლომახლო გაჩერება შეუძლებელია.
ვახტანგ კარგარეთელი, ექსპერტიზის ბიუროს სამედიცინო სამსახურის უფროსი (სტილი დაცულია): - ეტყობა, ექსპერტიზა ახალჩატარებული ჰქონდა მიცვალებულს და თქვენ ამ დროს მიხვედით. ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ ცხედარი ცალკე ოთახში გადააქვთ. თქვენ იმ ოთახში ვერაფრით ვერ მოხვდებოდით.
- ცალკე ოთახში? სად არის ცალკე ოთახი?
- ნუ(?!), ცალკე ოთახში, ნუ(?!), ეგეც არ იცით და... იქ არ აწყვია, რა... გიმეორებთ, ექსპერტიზა რომ დასრულდება, ცალკე ოთახში გადააქვთ.
- ოთახში, სადაც ვიყავით, უამრავი მიცვალებულია.
- როცა თქვენ მიხვედით, შეიძლება იმ დღეს მოხდა 6-8 შემთხვევა... ლპობაშეპარული იმ დღის შემოსული იქნებოდა. შეიძლება ვიღაც დამხრჩვალი იპოვეს ან გვიან შეიტყვეს ვინმეს გარდაცვალება... ნუ, ახლა ამდენი მაგიდა არ არის... სუყველა მიმდინარე ექსპერტიზა იყო, სად წაეღოთ? რა, შესანახ ოთახში გადაეტანათ? გარწმუნებთ, ექსპერტიზა რომ ჩაუტარდება, იქ არ აწყვია, სხვა ოთახში გადააქვთ... ეს თქვენ რატომ უნდა გცოდნოდათ?
- რამდენ ხანში გადააქვთ?
- იმ საღამოსვე... უპატრონო მიცვალებულებს ცალკე ინახავენ.
- რამდენ ხანს არ იმარხება ამოუცნობი ან უპატრონო მიცვალებული?
- ორი კვირის განმავლობაში. ველოდებით, იქნებ პატრონმა მოაკითხოს. როცა არავინ გამოჩნდება, გაიცემა გარდაცვალების მოწმობა, გატარდება მომსახურების სააგენტოში, შემდეგ «ჰერმესში». საკრებულოს ამ დამკრძალავ ბიუროსთან აქვს ხელშეკრულება დადებული. ორი კვირის შემდეგ ვიძახებთ სპეციალურ სამსახურს, მაგრამ ახლა ზაფხული მოდის და სუნი ძალიან შემაწუხებელი რომ არ იყოს, ათდღიან ვადაზე გადავედით...
მამუკა მამალაძე, ექსპერტიზის ბიუროს უფროსი: - რატომღაც კომუნისტების დროიდან საქართველოს მორგებში საშინელი სიტუაცია იყო. ვერ გეტყვით, რატომ, მაგრამ ასე კი იყო. ეს მემკვიდრეობა გვერგო ჩვენც. არანაირი მაცივარი, არანაირი პირობები, შენობა რა დღეშია, ნახავდით. ძალიან მალე ახალი პროზექტურა აშენდება და იქ კი ნამდვილად იქნება შესაფერისი პირობები. დავით აღმაშენებლის ხეივნის მეათე კილომეტრზე უკვე გადმოგვცეს შენობა, რომელსაც არემონტებენ. ერთი მსოფლიო დონის პროზექტურა მაინც გვექნება საქართველოში...
სხვათა შორის, რეგიონის პროზექტურებშიც ანალოგიური ვითარებაა:
ზღვისპირეთში, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, მხოლოდ ერთი მორგი არსებობს - ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე. მორგის საქმიანობას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აკონტროლებს, მაგრამ როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საიდუმლო მორგი ხელვაჩაურშიც არსებობს და ამის შესახებ ინფორმაცია მორგთან ახლოს მიტოვებულ შენობაში მცხოვრებმა დევნილებმა მოგვაწოდეს.
დევნილების ეზოში პატარა ბავშვიც კი გეტყვის, ღამღამობით როგორ მოდიან სასწრაფო დახმარების მანქანები და როგორ ყრიან ტომრებიდან გვამებს მორგში.
«აქ რამდენიმე წელია ვცხოვრობთ, აქვე ახლოს ფსიქიატრიული საავადმყოფოა და ნარკოლოგიურიც. ვფიქრობდით, ალბათ, ექსპერტიზას უტარებდნენ გვამებს, მაგრამ ერთხელ, როცა ძაღლმა ეზოში ადამიანის დასისხლიანებული ფეხი შემოგვითრია, შიშით სად წავსულიყავით, აღარ ვიცოდით. ასეთი ვანდალიზმი გაგონილა? ვთქვათ, მორგია, მაგრამ ამ შენობაში რომ გვამის შესანახად არავითარი პირობები არ აქვთ? ერთ-ერთ ტელევიზიას დავუკავშირდით, პოლიციელებთან ერთად მოვიდნენ და ვინ შეუშვა ჟურნალისტები შენობაში! მერე ტელეეთერში თქვეს, თითქოს მოსახლეობა ვვარაუდობთ, რომ აქ მორგია. დაახლოებით 20 დღის წინ ისევ მოვიდნენ ღამით, სავსე ტომარა შენობაში შეაგდეს და წავიდნენ. მას მერე აღარ მოსულან. მაგ მორგის შიშით ღამით ვეღარ დაგვიძინია, ბავშვებიც ვეღარ გამოდიან ეზოში სათამაშოდ», - გვიყვებიან დევნილები.
მორგისკენ მივდივარ. შენობა ჩარაზულია, ფანჯრის მინები ჩაშავებული, შენობას ირგვლივ შემოვუარე და ის ფართო ხვრელი ვიპოვე, საიდანაც ძაღლიც თავისუფლად გადაძვრება.
«ამას მორგს ვერ დაარქმევ, - ვფიქრობ უკვე შენობაში, სიმყრალით სუნთქვაშეკრული, - ეს კაცთა სასაკლაოს უფრო ჰგავს». გვამები არსადაა, კედლებზე საკაცეებია მიყუდებული, იატაკზე ,,ლედნიკები» ყრია, ფართო ქვის მაგიდას თუ კვამლით ჩაშავებულ კედლებს სისხლის ნაკვალევი ატყვია, სველი წერტილები მოშლილია. ვის რაში სჭირდება ასეთი მორგი, აქ როგორ უნდა შეინახო ცხედარი?
მორგიდან გამოვდივარ და დევნილებს ვემშვიდობები. დევნილებმა არ იციან, ვის მოაქვს გვამები, მხოლოდ იმას ამბობენ, რომ საეჭვო ჯგუფს ქერა ქალი ხელმძღვანელობს. როგორც დევნილებს ეუბნება, ცენტრალური მორგის თანამშრომელია.
სიმართლის გასარკვევად პირველად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მივდივარ. მორგის კარი აქაც დაკეტილია, მაგრამ თანამშრომლები მეუბნებიან, ხელვაჩაურის მორგთან არავითარი კავშირი არ გვაქვს, «ლეგალიზებული» მორგის ხელმძღვანელობის ნახვა კი არცთუ იოლი ყოფილა. დაცვის თანამშრომლის პასუხი უცვლელია - ექსპერტებს არ სცალიათ!
მორგის თანამშრომელთა პასუხს ბათუმის სასწრაფო დახმარების ხელმძღვანელობის პასუხი ეწინააღმდეგება. დევნილები ამბობენ, გვამები სასწრაფო დახმარების მანქანებით მოჰყავთო. ამ ინფორმაციას სამედიცინო სასწრაფო დახმარების სამსახურში არ უარყოფენ: - ხელვაჩაურშიც არის მორგი, მაგრამ იქ იშვიათად მიგვაქვს ცხედრები. ალბათ, სულ რამდენიმეჯერ გვქონდა ასეთი შემთხვევა, - მპასუხობს სამედიცინო სასწრაფო დახმარების ერთ-ერთი უფროსი, რომელიც ვინაობის დასახელების თხოვნისთანავე ტელეფონს თიშავს.
ვინაიდან ხელვაჩაურის მორგში მიტანილი გვამების ვინაობა უცნობია, ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა, არც ხელვაჩაურის რაიონის პოლიცია დაინტერესებულა, სახალხო დამცველის ბათუმის ორგანიზაციაში კი ,,საიდუმლო მორგის» შესახებ ინფორმაცია, სამწუხაროდ, ჩვენგან გაიგეს.
პ.ს. მაქსიმალურად შევეცადეთ, ეს საშინელი რეპორტაჟი შედარებით მსუბუქ ფორმებში გადმოგვეცა («არამიანცის» პროზექტურაში გადაღებული ფოტოებიც შეგნებულად უკომენტაროდ დავტოვეთ), რადგან, გვერწმუნეთ, იქ ნანახს მხოლოდ ორი სიტყვა - ენით აუწერელი მიესადაგება, მაგრამ თუ ამაზე საერთოდ არავინ ილაპარაკა, ეს «კოშმარი» არ გამოსწორდება.
ხათუნა პაიჭაძე / ჯაბა ანანიძე ©
My Webpage