ქაიროს ერთ-ერთ გარეუბანში, ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძართან ათასობით ადამიანს ღვთისმშობელი გამოეცხადა. ღვთისმშობლის გამოცხადების დროს უსინათლოებს თვალისჩინი დაუბრუნდათ, ხეიბრებმა გაიარეს და სნეულები განიკურნენ.
ქართველი ტურისტები, რომლებიც დეკანოზ ამირან მოდებაძის წინამძღოლობით სინას მთაზე იმყოფებოდნენ, სიხარულითა და ემოციებით გვიყვებიან ქაიროში მომხდარი სასწაულის შესახებ.
ანზორ ერქომაიშვილი, კულტურის დამსახურებული მოღვაწე:
- ქართველმა ტურისტებმა გადავწყვიტეთ შობას სინას მთაზე შევხვედროდით და ამიტომ ჩავედით ეგვიპტეში. მართლმადიდებელი ქრისტიანების დახოცვის მეორე დღეს, 10 იანვარს გამოცხადება მოხდა, ჩვენ იმ დროს ქაიროს გარეუბანში არ ვიყავით, მაგრამ ამბავი ელვის სისწრაფით გავრცელდა. გავემგზავრეთ იმ ადგილას.
სასწაული 3-ჯერ - 12-ში, 14-სა 17-ში განმეორდა, რასაც ათასობით ადამიანი ესწრებოდა. მათ ცხადად დაინახეს, როგორ მოფრინდნენ ტაძრის გუმბათთან მტრედები, მერე, განათდა და გამოჩნდა მარიამ ღვთისმშობლის სილუეტი. თითოეული ადამიანი, ვინც მოწმე გახდა ამ სასწაულისა, ირწმუნებოდა, რომ ელაპარაკებოდა დედა ღვთისმშობელი, ანუგეშებდა, პასუხს სცემდა. როგორც ჩანს, ხალხი თავის გასაჭირსა და ავადმყოფობაზე უყვებოდა, რადგან ამ გამოცხადების დროს ძალიან ბევრი ადამიანი განიკურნა.
იმავე საღამოს ადგილობრივი ტელევიზიით ერთ-ერთი გოგონა ჰყვებოდა, რომ ღვთისმშობლის გამოცხადების დროს მხედველობა დაუბრუნდა.
დიანა ძიძიგური, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი:
- საქართველოდან ეგვიპტეში საშობაოდ მომლოცველთა ჯგუფი გავემგზავრეთ. ტაძარი, სადაც სასწაული მოხდა, ქაიროს ერთ-ერთ გარეუბანში მდებარეობს. ის მუსლიმანი შიიტებით მჭიდროდ დასახლებული უბანია, სადაც არცთუ იშვიათია ტერაქტი. წინადღეს მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებას აღასრულებდნენ.G გამოცხადება იმავე ტაძართან მოხდა, სადაც ეს ადამიანები ჩაცხრილეს. მე ეს სასწაული მობილური ტელეფონით გადაღებული ვნახე. ყველამ ლოცვა დავიწყეთ. თვალცრემლიანებმა გავბედეთ და ვიგალობეთ კიდეც.
- მოახერხეთ სინას მთაზე ასვლა და რა ადგილები მოილოცეთ?
- ავედით და ეს იყო კიდევ ერთი სასწაული. ღამით ავედით იქ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ფეხშიშველა ავიდა. მწამს, რომ არა უფლის ნება, ვერ მივაღწევდით მწვერვალამდე.
მეორე დღეს წმინდა ეკატერინეს სახელობის ტაძარში მივედით, ღვთისმსახურება დასრულებული იყო და ტაძარი დაკეტილი დაგვხვდა. შევწუხდით. უეცრად ტაძრის წინამძღვარი გამოჩნდა, კარი გაგვიხსნა დაგვლოცა, წმინდა ეკატერინეს წმინდა ნაწილები გამოაბრძანა (თავის ქალა და თითი) და პარაკლისი გადაიხადა. ვნახეთ ცნობილი ბიბლიური მაყვლის ბუჩქიც, რომელიც მოსემ იხილა. წმინდა გიორგის სახელობის ის ტაძარიც მოვილოცეთ, სადაც ის ბორბალი ინახება, რომელზეც წმინდა გიორგი გააკრეს. ყველა მხურვალედ ვლოცულობდით.
ნინო ცხვარაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი
”ყველა სიახლე”(გამოდის ხუთშაბათობით)
ოპონენტებს ვთხოვ, ასფალტისა და 24-საათიანი დენის ”არგუმენტები” არ მოიშველონ, თორემ გავბრაზდები და უარესებს ვიტყვი!
© პროვოკატორი [ჟურნალი ”გზა”]