ევგენი მიქელაძე
ალექსი მაჭავარიანის მოგონებიდან
1937 წელი. საქართველოში მძვინვარებს დაჭერები. დასდევდნენ ძირითადად ინტელიგენციას, მწერლებს, პოეტებს, ხელოვნების წარმომადგენლებს.
იმ საღამოს ვიმყოფებოდი ოპერის და ბალეტის თეატრში ზ. ფალიაშვილის ”ლატავრას” გენერალურ რეპეტიციაზე, რომელსაც ახალგაზრდა შალვა აზმაიფარაშვილი დირიჟორობდა. წარმოდგენის შემდეგ, თეატრის მთავარი დირიჟორის ევგენი მიქელაძის კაბინეტში გაიმართა მსჯელობა ”ლატავრას” დადგმის ავკარგიანობაზე. კრებას ევგენი უძღვებოდა. უეცრად გაიღო კარი და საკმარისად ხმამაღლა მოახსენეს:
_ თქვენ გთხოვენ, ევგენი სიმონის ძევ.
_ მოითმინონ, – დარბაისლურად უპასუხა ევგენიმ.
ცოტა ხნის შემდეგ კარი კვლავ გაიღო, ამჯერად უკვე ჩეკას ფორმიანმა “მწვანექუდამ” შემოიხედა და წამოიძახა:
_ ევგენი სიმონის ძე, გთხოვთ გამობრძანდეთ.
მე იქვე კართან, კუთხეში ვიჯექი.
ევგენი გაფითრდა, როგორც ჩანს, მიხვდა, რისთვის ”შეაწუხეს” ღამის თორმეტ საათზე. წამოდგა ზანტად და გაემართა კარისაკენ. კრებაზე დამსწრენი გაინაბნენ, ბუზის გაფრენაც კი ისმოდა. როგორც კი დატოვა კარის ზღურბლი ევგენი მიქელაძემ, გაღებული კარის ფარდიდან მოვკარი თვალი, როგორ სწვდა ჩეკისტი `შრომის წითელი დროშის~ ორდენს და ჩამოჰგლიჯა პიჯაკის ბორტიდან.
ელვის სისწრაფით მიიხურა კარი. სიჩუმემ გასტანა რამდენიმე წამს, შეიძლება ერთ წუთსაც. მიქელაძის ადგილი დაიკავა შალვა აზმაიფარაშვილმა, რომელმაც თამამად და ყველასათვის მოულოდნელად, ხალისიანად წარმოთქვა _ ამხანაგებო, განვაგრძოთ მუშაობა, ხალხის მტერს ასე მოუხდება.
http://burusi.wordpress.com/music/evgeni-mikeladze/