კიდევ ყოფილა საღი აზრი საქართველოში:
http://www.ambebi.ge/books/17844-khelmocar...teligencia.html11:18 / 15-03-2010
ხელმოცარული ოპოზიცია, ლაყე ხელისუფლება და ცვედანი ინტელიგენცია
"ამ ხნის კაცი ვარ და ხელისუფლებებიც საკმაოდ გამოვიცვალე, აქამდე არც ერთი ხელისუფალის თაყვანისმცემელი და მომხრე არ ვყოფილვარ, ასეთი ბუნების ვარ. არც ამ ხელისუფლებას დავუწყებ ქებას, მაგრამ არც ძაგების მომხრე ვარ, მით უფრო, როცა დაბოღმილი კაცი აძაგებს. დაბოღმილი და გაბოროტებული კაცი ობიექტური ვერასდროს იქნება. რეალობა ჩემთვის მთავარია და ამიტომაც თავი მოვალედ არ მიმაჩნია, მათ მხარი დავუჭირო, მით უმეტეს, რომ მე არ მწამს მათი... არც ხელისუფლების მწამს, მაგრამ ოპოზიცია მაინც ძალიან ამაზრზენად იქცევა", - ქართველი მწერლისგან ეს წყენითა და სიყვარულით ნათქვამი სიტყვები ბევრს მოხვდება გულზე, მაგრამ როგორც თავად რეზო ჭეიშვილი ამბობს, თავის ნაფიქრალს სხვანაირად ვერ გადმოსცემს...
- ბატონო რეზო, ვიცი, რომ დიდად არ გიყვართ ბატონობით მიმართვა... როგორ მოგმართოთ?
- როგორც გენებოთ... ბატონობა ზეაღმატებულობის ნიშანი კი არა, უმცროს-უფროსობის გამოხატულებაა. კომუნისტებმა სიტყვა ბატონო ხალხს თავიდან ამოუგდეს და ამხანაგო დაამკვიდრეს, ყველა თანატოლნი ვართო... ზოგს ამის ნოსტალგია აქვს, მე კი ისევ ბატონოს ვამჯობინებდი, ჩემებური, ქართული გაგებით... სანამ თქვენთვის საინტერესო კითხვებს დამისვამდეთ, ჩემს აზრსაც მოგახსენებთ ბეჭდვით მედიაზე, - დღევანდელი პრესისა და საზოგადოების ერთი ნაწილის საქციელი ბავშვისას ჰგავს, რომ ეკითხებიან, რა გატირებსო, გამიდის და ვტირიო - რომ პასუხობს...
- რახან ვტირით, ალბათ სატირალიც გვაქვს...
- ტირილი მაშინ არის კარგი, როცა შეგნებულად ტირი, მე ყველაზე არ ვამბობ, მაგრამ საერთო სურათი ასეთია - გაგიდით და ტირით... როცა გაგაჩერებენ, არ იტირებთ.
- ვინ უნდა გაგვაჩეროს?
- ვინმემ... საერთოდ, ქართველებზე მხდალი ერი მსოფლიოში არ არსებობს და ამის ნათელი სახეა ოპოზიცია. ეს ხელმოცარულები აქ რომ დაბოდიალობენ, თბილისის ქუჩები რომ გადაკეტეს და "მიშა წადის" რომ ყვირიან, თუ მაგრები არიან, წავიდნენ და ახალგორში იყვირონ, მაგრამ აქვთ ამის გამბედაობა? - რასაკვირველია, არა... მთელი ოპოზიცია ჩვენს ხარჯზე ცხოვრობს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებენ ფულს და უცხოეთში გრიალებენ ოჯახთან ან ვიღაც-ვიღაცებთან ერთად. აქ ჩამოსულები კი ხალხის დასანახავად წუწუნებენ, ვაიმე, ჩვენი ხალხი რა დღეშია, პენსიონერები გვეცოდებიანო... თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე არ მწამს და არ მჯერა ასეთი ხალხის ვაჟკაცობისა და პატრიოტიზმის.
- ხელისუფლებაც ჩვენს ხარჯზე ცხოვრობს...
- ხელისუფლება ჩვენს კი არა, თავის ხარჯზე ცხოვრობს და ეს აგიჟებს ოპოზიციას, ამიტომ უნდა მისი გაშვება, მაგრამ ეს რომ წავიდეს, გგონიათ უკეთესი მოვა ვინმე, ისევ ამნაირი გვეყოლება. ამის შედეგი ქვეყანაში ყალბი დემოკრატიაა და ასე იქნება, სანამ ქვეყანაში, ზოგადად საზოგადოების შეგნებაში არ მოხდება ძირეული ცვილებები.
- ფიქრობთ, რომ ცვლილებები მოხდება?
- მოხდება, თუკი პიროვნება გამოჩნდება. დემოკრატიის იმედზე არ უნდა ვიყოთ, მით უმეტეს, ქართული მენტალობის ხალხი. დემოკრატიით ამქვეყნად არც ერთი სახელმწიფო არ აშენებულა და არც აშენდება. ტყუილს ამბობენ, ამერიკა დემოკრატიით აშენდაო, - პიროვნებებმა ააშენეს, რომლებმაც პოლიტიკის კეთება იცოდნენ. დემოკრატია არ აქვს ჩინეთს, მაგრამ მთელ მსოფლიოს გაასწრეს ყველაფერში, ეკონომიკაში, კულტურაში, იმიტომ, რომ მართული ქვეყანაა, ჩვენ კი უმართავი სახელმწიფო ვართ.
დამოუკიდებლად ცხოვრება ვერ შევიშვნეთ, არ გვეყო ჭკუა სწორი გზა აგვერჩია. არ მინდა ისტორიულ წარსულში გადავიჭრა, მაგრამ ყველაფერი ისე არ ყოფილა, როგორც ისტორიის წიგნებში წერია, უბრალოდ, ხალხი იმას იჯერებს, რაც უნდა, თორემ... ახლა საქართველოში ყველა თავისი ჭკუით აპირებს ქვეყნის გადარჩენას, არადა, ჭკუა თითქმის არავის აქვს.
- დღეს აქტიური ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიდან ხედავთ ვინმეს, ვინც ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის კეთებას შეძლებს?
- არა, ასეთი არავინ მეგულება... ვფიქრობ და მწარედ მეცინება, რომ ამ ხალხს ოპოზიციის სტატუსი აქვს, რომელი ერთია ოპოზიციონერი - კუკავა, დავითაშვილი თუ ძიძიგური? კრეტინების კასტაა... ბევრი და მათ შორის, მეც იმედით შევხვდი ირაკლი ალასანიას გამოჩენას, ჭკვიანი და საქმიანი პოლიტიკოსი მეგონა, მაგრამ შევცდი - მას კვირაში ცხრა პარასკევი აქვს. ვერ გაარკვია, სად, ვის ბანაკში რა როლს თამაშობს და საერთოდ, რა უნდა...
- ბატონო რეზო, დღეს ძალიან აქტუალურია რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა და გამოსწორება, რასაც ოპოზიცია თავის თავზე იღებს. როგორ ფიქრობთ, რა გამოუვათ?
- არაფერი... პირიქით, ამ უგუნურების უგუნურ საქციელს მოჰყვა ის, რომ რუსეთს სარკოზიმ "მისტრალი" მიჰყიდა. ამას მოჰყვება ისიც, რომ ბელორუსია აღიარებს აფხაზეთსა ე.წ. სამხრეთ ოსეთს... როცა შენ თვითონ ეტენები რუსეთს, არც სხვები დაგიჭერენ მხარს. ამიტომაც შეასუსტეს მხარდაჭერა... ამ ვითომ ოპოზიციამ იმიტომ კი არ აატალახა კრემლის კარი, რომ საქართველოს გადარჩენა უნდა, - იქ ჩასულები ბოღმას ანთხევენ, თანამდებობებს ელოდებიან და რუსულ ფულს გაუგეს გემო. რუსეთთან კავშირის დამყარება თუ უნდათ, ცალ-ცალკე სირბილით საქმეს ვერ უშველიან, ერთიანი პეტიცია უნდა დაწერონ.
- როგორ ერთად, ხელისუფლებასთან შეთანხმებულად?
- არა, თვითონ ოპოზიციამ, მაგრამ სად აქვთ ერთობა... გარდა ამისა, ვისთან მიდიან საქართველოს გადასარჩენად, პუტინთან?! პუტინი არის ჩეკისტი, გაფუჭებული, "კაგებეს" აგენტი, რომელიც მთელი ცხოვრება ჯაშუშად მუშაობდა, მას რუსი ხალხის ბედი არ ადარდებს და ქართველზე მოიკლავს თავს?..
გერმანიიდან რომ გამოუშვეს, შვიდი წელი ჯაშუშობდა, შემდეგ სამუშაო ვერაფერი იშოვა და დღევანდელ პეტერბურგში "კაგებეს" მეთვალყურედ მუშაობდა. ამის შემდეგ სობჩაკმა აიყვანა თანაშემწედ და ელცინის პრეზიდენტობის პერიოდში გაიქაჩა. ის არის კაცი, რომელსაც მავზოლეუმიდან პირველი ტერორისტი ვერ მოუშორებია, ლენინს ვგულისხმობ...
ამ კაცმა საქართველო დაანაწევრა, ტერიტორიები წაგვართვა და მორალურად გატეხა ერი, ხალხმა ლამის საქართველოს გაერთიანების იმედი დაკარგა... ახლა იძახიან, სააკაშვილმა დაკარგაო, აფხაზეთი და ცხინვალი რომ დაიკარგა, სად იყო სააკაშვილი?!.. რომელმა ქართველმა ოპოზიციონერმა არ იცის პუტინის ბიოგრაფია და ამის შემდეგ, ამ კაცთმოძულესთან საქართველოს გადასარჩენად რომ ჩადიან, ამას დაიჯერებს ვინმე?
- იჯერებენ, ბატონო რეზო...
- იმიტომაც ვამბობ, ქართველი ერი ყველაზე უტვინოა-მეთქი.
- იმასაც ლაპარაკობენ, რომ სააკაშვილი რუსეთის თამაშს თამაშობს...
- სისულელეა, მაგის ჭკუა ვინ მისცა სააკაშვილს... რუსეთის კი არა, ნატოს, ევროპისა და ამერიკის დაკვეთას ასრულებს, მაგრამ საქართველოში ისეთი ქაოსია, მათ ყელში ამოუვიდათ ჩვენი უნიჭო დემოკრატობანას თამაში და ხელი ჩაიქნიეს. ყოველდღე ამ ვაი-ოპოზიციონერების დელეგაცია, რომ დელეგაციას ასწრებს უცხოეთში, ერთმანეთს აბეზღებენ იქ, თქვენ რა გგონიათ, აბა რას აკეთებენ, ამათ რამე ეტყობათ, რომ ქვეყნის გადარჩენის გეგმაზე მუშაობენ?!..
ხელისუფლების გარდა ერთმანეთსაც ლანძღავენ, სხვა რა დარჩენიათ, არაფრის მაქნისი, ტიპური უსაქმურები არიან. ამ ყველაფერს კი ლაყე ხელისუფლების ცარიელი ლაყბობა ემატება... ამ ხელისუფლების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ მათ საქციელს სხვა შესატყვისი ვერ მოვუძებნე - როგორიც ერი ვართ, ისეთი ბერი გვყავს, თუმცა პირიქითაც შეიძლება ითქვას.
- საზოგადოებაზეც მინდა გკითხოთ, რა არის ჩვენი ერის მთავარი პრობლემა, საჭიროზე მეტად დამთმობები ვართ თუ პირიქით? რამ გამოიწვია ასეთი დაბნეულობა?
- დაბნეული კი არა, დაბოღმილები არიან... სახლში რომ სიდედრი გააჯავრებთ, აქციაზე წავლენ და იქ აგინებენ სააკაშვილს. ეს უკვე ხასიათში გაუჯდათ. ახლახან ვითომ აკადემიკოსები შეიკრიბნენ და აზრები აფრქვიეს, სინამდვილეში, არაფრის მაქნისი ადამიანები არიან, რომლებმაც თვითრეალიზაცია ვერ შეძლეს.
გულზე მჯიღს იცემენ, ხელოვანი ხალხი ვართ და არ გვაფასებენო, ხელოვანები კი არა, ცვედანები არიან და ასეთი საქციელით ამბიციებს იკმაყოფილებენ. მათი გაკეთებული არავის სჭირდება და ხან რას მიედებიან, ხან რას, ათას რამეს იგონებენ თავის გასამართლებლად, - აი, ჩვენ იმიტომ არ მივდივართ ქვეყნიდან, რომ აქაურობას ვერ ველევით, თორემ იქ სადღაც ცამდე აგვიყვანდნენო.
ტყუილია - ვისაც რამის გაკეთება შეეძლო, უბრალო ადამიანი თუ ხელოვანი, წავიდა იქ, სადაც თვითრეალიზაციას შეძლებდა. დიახ, მილიონ ადამიანზე მეტია მიგრაციაში, მაგრამ ეს ტრაგედია არ არის, დღეს თუ ხვალ ისინი თავიანთ ფესვებს დაუბრუნდებიან, მიგრაცია ყველა საუკუნეში ყოფილა საქართველოში და ყოველთვის იქნება. ეს მაშინ იყო ტრაგედია, როცა უკან დაბრუნებულებს ხვრეტდნენ, მის ცოლ-შვილს კი ასახლებდნენ, რადგან იმ ქვეყნის აგენტად მიიჩნევდნენ, სადაც ცხოვრობდა... დღეს არც ემიგრაციაში მყოფი ქართველები უქნია ღმერთს. იქაც ერთმანეთს ჭამენ.
ვიღაცას დიასპორის ძლიერება დღესასწაულებზე შეკრება და ერთად ქეიფი ჰგონია და მერე გვიკვირს, რატომ არის ყველა ჩვენი წინააღმდეგიო... ქართული დიასპორისგან განსხვავებით, სომხურ დიასპორას ამერიკის სენატშიც კი გავლენა აქვს, თეთრ სახლს აღიარებინეს, რომ თურქეთმა სომხეთს გენოციდი მოუწყო... ახლა ჩვენმა ხელისუფლებამ ლარსის გზა გახსნა რუსეთთან, - სომხეთს სჭირდება ასეო. ამიტომაც ვუწოდებ მათ ლაყეს...
- ბატონო რეზო, საზოგადოების ნაწილს ისევ რუსეთთან თანაცხოვრების ნოსტალგია ტანჯავს...
- ამაზე ვრცელი პასუხი მაქვს, მაგრამ მგონი, მოკლედაც შემიძლია გიპასუხოთ: - მეორე მსოფლიო ომში ყველაზე მეტი ქართველები დაიხოცნენ, 300 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, იმაზე მეტი, ვიდრე ინგლისმა გერმანიასთან ომში დაკარგა და ამის მიუხედავად, აქ მაინც სტალინის კულტით ცხოვრობს ხალხი, მაინც იაკობს ნატრობენ. ეს ხალხი ნორმალურია? ინერციით მიმავალი ჰქვია ასეთ ხალხს...
სტალინი საქართველოს დაუძინებელი მტერი იყო, ერი გაჟუჟა და დახვრეტილების ოჯახები ყაზახეთში გადაასახლა. თავისი უახლოესი გარემოცვა არ დაინდო, რათა მოწმე არ დარჩენილიყო. თუ საქართველოს ისტორიას გულისყურით წავიკითხავთ, გაყალბებულ და ზღაპრად ქცეულზე არ მაქვს ლაპარაკი, ობიექტურ ისტორიულ წყაროებზე ვსაუბრობ, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ამ კაცს ქვეყნისთვის კარგი არაფერი გაუკეთებია...
- ისევ ახლანდელ ვითარებას დავუბრუნდეთ. ბატონო რეზო, საზოგადოებაში შიშობენ, რომ შესაძლოა, გაზაფხულზე კიდევ ერთი სამოქალაქო ომის ზღვარზე დავდგეთო. თქვენ რას ელოდებით?
- ამათგან სასიკეთოს არაფერს ველოდები, მაგრამ სამოქალაქო ომს არ ველოდები. ეს დაბოღმილი და უსაქმური ხალხი, ვინც მათ აქციებზე დაჰყავდათ, ამის გამკეთებელი არ არის.
- იქ ინტელიგენციის წარმომადგენლებიც იდგნენ, ბატონო რეზო...
- მაინც?
- თუნდაც რეზო ჩხეიძე...
- რეზო ნეიტრალური კაცია, სულ ტყუილად დააბრალეს, კარავში უნდოდა ღამის გათევაო და კინაღამ გაგიჟდა, - კარავსა და გალიაში ჯდომაღა მაკლიაო...
- ბატონი ოთარ მეღვინეთუხუცესი აქტიურად მონაწილეობდა აქციებში, მისი ემოციური გამოსვლებიც გვახსოვს...
- ამიტომაც გითხარით, იმპოტენციური ინტელიგენცია გვყავს-მეთქი. ეს ის ხალხია, რომლებმაც დიდი ვერაფერი შექმნეს, ახლა კი არავის არაფერში სჭირდება, ერთი-ორი როლი ადამიანს დიდებას არ მოუტანს, მით უმეტეს, თუ მას მეტის ამბიცია აქვს. როცა ამბიციას ვერ იკმაყოფილებს, იბოღმება და გარშემო ყველას ერჩის... ჩემი მეგობარიც დადიოდა, ხალხი სკამს დაუდგამდა და ისიც იჯდა და ქაქანებდა. ამას პირშიც ვეუბნები... ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს, მაგრამ საქმე რომ აკეთო, უნდა იცოდე. სანამ ამ შეგნებამდე არ მივა ხალხი, ასეთი ორომტრიალი იქნება ქვეყანაში.
- რაში ხედავთ გამოსავალს?
- ერთობაში, ვითომ ერთობაში კი არა, ნამდვილ, ერთობაში... ერთი ხელით ვაშენებთ ვითომ სახელმწიფოს, მეორით კი ვანგრევთ და ეს კარგს არაფერს მოგვიტანს. ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა უარესობისკენ წაგვიყვანს, თუ ვიტყვით, მეტი უარესობა რაღა გვინდაო, ამაზე პასუხს მაშინ მივიღებთ, როცა დავანგრევთ.
ლალი პაპასკირი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)