Dzima777
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 5377
წევრი No.: 86923
რეგისტრ.: 18-March 09
|
#18216176 · 27 Feb 2010, 19:43 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სპორტის უძველესი ეროვნული სახეობა. იმართებოდა ძირითადად საქართველოს სოფლებში – საერო და საეკლესიო დღესასწაულებზე. თავდაპირველად საბრძოლო დანიშნულება ჰქონდა და სამხედრო მომზადების ერთ-ერთ საფუძვლად იყო მიჩნეული. ქართულ ჭიდაობაზე არაერთი ცნობა მოიპოვება ქართლის ცხოვრების ქრონიკებში, საინტერესო საფალავნო ამბებზე მოგვითხრობენ მოსე ხონელის “ამირანდარეჯანიანი” და იოანე შავთელის “აბდულმესიანი” (XII ს.). XIII საუკუნის დასაწყისის ისტორიულმა წყაროებმა შემოგვინახა მეფე ლაშა-გიორგის დროინდელი მოჭიდავეების – ქართლელი ხიზამბარელისა და კახელი ბებურიშვილის შერკინების ამბავი, ხოლო XV საუკუნის მემატიანეებმა – ცნობა ათაბაგ მზეჭაბუკის შეხვედრაზე თათართა ფალავან ძალანთან. ალავერდის ტაძრის შესასვლელთან შემონახულია XV საუკუნის ბარელიეფი, რომელზეც ქართული ჭიდაობის მომენტია აღბეჭდილი. გვიანდელ ცნობებში, განსაკუთრებით XVII-XIX საუკუნეების წყაროებში, აღწერილია ქართული ჭიდაობის წესები, ცალკეულ ასპარეზობათა ფრაგმენტები, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებული ჭიდაობის ნაირსახეობები (რაჭული “ღოჯური”, მეგრული “მოგორდია”, იმერული “საბეჭურით ჭიდაობა”, სვანური “ლიბრგიელ”, მთიულური “იღლიღორა”, ხევსურული “მოშ და მოშ” და სხვ.), გამოჩენილ ფალავანთა ბიოგრაფიები. XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ქართული ჭიდაობა ქალაქებშიც დამკვიდრდა. შეჯიბრებები იმართებოდა თბილისში, ბათუმში, ფოთში, ქუთაისში, გორსა და თელავში. თბილისის თითქმის ყველა უბანს თავისი საჭიდაო ჰქონდა. საჭიდაო “კრუგები” იყო მოწყობილი მთაწმინდაზე, ფიქრის გორაზე, ავლაბარში, დიდუბეში და ხუდადოვის ტყეში, სადაც საასპარეზოდ გამოდიოდნენ საქვეყნოდ ცნობილი ფალავნები: დათა ხიზამბარელი, კულა გლდანელი, ნესტორ ესებუა, კოსტა მაისურაძე, დათა ავლაბრელი, იოსებ ცერაძე, ალექსანდრე ეგნატაშვილი, ვანო ქიზიყელი (“კამბეჩუა”), ვანო მიდელაური, სანდრო კანდელაკი, ვანო აბულაშვილი, ირაკლი კახელი, შაშო და გიორგი ვერელები, კოლია ქვარიანი, გიორგი ჯიბგირი, მიხა ქურხული და სხვები. თბილისში საჭიდაოდ ჩამოდიოდნენ “გასტროლიორები” ინდოეთიდან, რუსეთიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან, ირანიდან, ფინეთიდან, იაპონიიდან (გამა ინდოსტანი, კახუტა სეიდი, გუსტავ ფრისტენსკი, ზბიშკო ციგანევიჩი, ციკლოპ ბენკოვსკი, ალექს აბერგი, სარი სულეიმანი, კარლ პოსპეშილი, იამაკატა მაკანურა, ჩემბერ ციპსი, ჯოემორა). ქართული ჭიდაობა 200-მდე ილეთსა და კონტრილეთს ითვლის. აქ კლასიფიცირებულია ექვსი ძირითადი ჯგუფი: ცერულები, სარმები, თეძოები, მოგვერდები, კაურები, კისრულები და ორი დამხმარე – ბრუნები და ღოჯურები. მათგან თითოეული უამრავ ფანდს შეიცავს. მუსიკალური აკომპანემენტი ქართული ჭიდაობის ორგანული და განუყოფელი ნაწილია, ამასთან, მოჭიდავის მოძრაობები: მკლავშემართული მისვლა, მიხრა-მოხრა, ორთაბრძოლის ტემპი ზუსტად თანხვდება მუსიკის რიტმს და ამიტომ ჭიდაობა ცეკვას ემსგავსება. წინათ სოფლად თუ ქალაქად ჭიდაობას “ჩოხების შემნახველი” პატრონობდა. სწორედ ის იყო შეჯიბრებების მომწყობი და მოთავე. მასვე ებარა საჭიდაო ჩოხებიც. “ჩოხების შემნახველი” ასწავლიდა ყმაწვილებს ქართული ჭიდაობის ფანდებს, უვლიდა და აწესრიგებდა სარბიელს. შეჯიბრება უმთავრესად უქმე დღეებში იმართებოდა. ჭიდაობას შუამავალი მსაჯი წარმართავდა. წრეში წესრიგის დასამყარებლად არჩევდნენ ახალგაზრდა, ყოჩაღ ბიჭებს, რომლებიც მოქნილი სახრეებით ხელში გარს ურბენდნენ წრეს და წინ წამოწეულ მაყურებლებს უკან ახევინებდნენ. ასპარეზობას იწყებდნენ მოზარდები, რომლებსაც ჭაბუკები ცვლიდნენ და ბოლოს უკვე გამოცდილი, კარგად დაღვინებული ფალავნები გადმოდიოდნენ. ჭიდაობდნენ წელგამართულნი, ილეთები სრულდებოდა სწრაფად, ელვისებურად. იკრძალებოდა მტკივნეული და მახრჩობელა ფანდები, ფეხებში ხელის ჩავლება, წაქცეულ ან დაჩოქილ მეტოქეზე მისვლა, მისი ძალით წამოყენება, სარბიელიდან გაქცევა. ჭიდაობის დამთავრების შემდეგ გამარჯვებულ ფალავანს სარბიელზე დავლური უნდა ჩამოევლო და დამარცხებული ცეკვაში გამოეწვია. ქართული ჭიდაობის ილეთები დამკვიდრებულია ჭიდაობის სხვა სახეობებში (ძიუდო, სამბო, ბერძნულ-რომაული და თავისუფალი). ამ ილეთების წყალობით ქართველმა ფალავნებმა შორს გაითქვეს სახელი. მათ შორის ბევრია ევროპის, მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონი.
შეჯიბრების წესები საჭიდაო სარბიელია ნახერხმოყრილი მოედანი (მინიმალური დიამეტრი – 10 მ, ნახერხის სისქე – 20-30 სმ) ან ლეიბი (10X10 მ). მოჭიდავეს აცვია უსახელო, მოკლე ჩოხა, ტრუსები, ბანდაჟი, რბილი ტყავისგან შეკერილი უძირო ფეხსაცმელი (უფლება აქვს იჭიდაოს ფეხშიშველმაც). ადრეულ საუკუნეებში ჭიდაობდნენ სიმღერის (“გარეკახური საჭიდაო”), მერე კი აღმოსავლური საკრავების – დოლისა და 2 ზურნის თანხლებით, რომელზეც მუსიკოსები “საჭიდაოს” ასრულებდნენ. შეჯიბრების მონაწილენი იყოფიან ოთხ ასაკობრივ ჯგუფად: მოზარდები (13-14 წ.); ჭაბუკები – ა) უმცროსი ასაკი (15-16 წ.), ბ) უფროსი ასაკი (17-18 წ.); კაცები (18 წელს ზევით). წონითი კატეგორიები: მოზარდები (ჭიდაობის ხანგრძლივობა – 3 წუთი) – პირველი უმჩატესი (30-33 კგ), მეორე უმჩატესი (33-36), პირველი მჩატე (36-40), მეორე მჩატე (40-44 ), ქვემსუბუქი (44-48), მსუბუქი (48-52), ქვესაშუალო (52-56), საშუალო (56-60), ქვემძიმე (60-65), მძიმე (65-70), ზემძიმე (70 კგ-ს ზევით); ჭაბუკები (უმცროსი ასაკი, ჭიდაობის ხანგრძლივობა 3 წუთი) – უმჩატესი (47-49), მჩატე (49-52), ქვემსუბუქი (52-55), მსუბუქი (55-58), ქვესაშუალო (58-61), საშუალო (61-64), ქვემძიმე (64-67), მძიმე (67-72), ზემძიმე (72 კილოგრამზე ზევით); ჭაბუკები (უფროსი ასაკი, ჭიდაობის ხანგრძლივობა – 4 წუთი) – უმჩატესი (49-52), მჩატე (52-56), ქვემსუბუქი (56-60), მსუბუქი (60-64), ქვესაშუალო (64-68), საშუალო (68-72), ქვემძიმე (72-76), მძიმე (76-80), ზემძიმე (80 კგ-ს ზევით); კაცები (ჭიდაობის ხანგრძლივობა – 5 წუთი) – უმჩატესი (52-56), მჩატე (56-60), ქვემსუბუქი (60-64), მსუბუქი (64-68), ქვესაშუალო (68-72), საშუალო (72-78), ქვემძიმე (78-84), მძიმე (84-90), ზემძიმე (90 კილოგრამს ზევით). ქართულ ჭიდაობაში ტარდება პირადი, პირად-გუნდური, საკლასიფიკაციო და აბსოლუტური პირველობა (დაიშვებიან უძლიერესი მოჭიდავეები დაწყებული საშუალო წონიდან). შეჯიბრება შემდეგი სისტემებით ტარდება: წრიული, ოლიმპიური და შერეული. ასპარეზობის ჩატარების სისტემა, ყველა ცალკეულ შემთხვევაში, დებულებით განისაზღვრება. ორთაბრძოლა იწყება და მთავრდება არბიტრის სასტვენის ხმაზე. თუ რომელიმე მოჭიდავე დაშავდა ან ტანსაცმელი აქვს მოსაწესრიგებელი, შეჭიდება შეჩერდება არაუმეტეს 5 წუთისა. აკრძალულია: დაცემულთან ჭიდაობა (მიწოლა, გადაგორება), ქამარს ქვევით ხელის ჩავლება, ზურგშექცეული მოწინააღმდეგისთვის ხელის ტაცება, ცალ თეძოსთან ორივე ხელის ტყუპად ჩავლება, მკლავით, ხელით ან ჩოხით ყელში წაჭერა, ფეხზე ფეხის მირტყმა, ხელებით თავის მოგრეხა, მოწინააღმდეგისთვის თავის დარტყმა, ცალი ხელით კისრის დაჭერა ან ხელით კისერზე დაწოლა, ხელის მუცელში მიბჯენა, მაჯის, თითებისა და მკლავის მოგრეხა, მეტოქესთან ან მსაჯებთან შელაპარაკება. აკრძალული ფანდების გამოყენებისთვის, ისევე როგორც პასიურობისთვის, მოჭიდავეს ეძლევა 1 გაფრთხილება (მის მოწინააღმდეგეს ეწერება 1 მოგებიანი ქულა), განმეორების შემთხვევაში კი იგი შეჯიბრებიდან იხსნება. წმინდა გამარჯვება (4:0) მოჭიდავეს ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ მისი მოწინააღმდეგე სარბიელს ორივე ბეჭით ერთდროულად შეეხება, ან ისე გადაგორდება, რომ სარბიელს ორივე ბეჭით ერთმანეთის მიყოლებით შეეხება. მოჭიდავეს წმინდა გამარჯვება ენიჭება მოწინააღმდეგის გამოუცხადებლობის შემთხვევაშიც. ქულებით იმარჯვებს ის მონაწილე, რომელიც ჩატარებული ილეთებით მეტ ქულას დააგროვებს. თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმას, ვისაც მეტი ტექნიკური ქულა აქვს (ორქულიანს უპირატესობა ენიჭება თითო ერთქულიანთან). ფანდის შედეგად მოპოვებულ ქულას უპირატესობა ეძლევა გაფრთხილებით მიღებულ ქულასთან. უპირატესობა ენიჭება აგრეთვე იმ სპორტსმენს, რომელიც შეხვედრის განმავლობაში უფრო აქტიურობდა. თუ აქტიურობაც თანაბარი იყო, მაშინ გამარჯვებულად ცხადდება ის, ვისაც ბოლო ქულა აქვს მოპოვებული – მნიშვნელობა არა აქვს, ტექნიკურია იგი თუ მოწინააღმდეგის გაფრთხილების შედეგად მიღებული. ერთი ქულა ეძლევა მოჭიდავეს, რომელიც მოწინააღმდეგეს ფანდით დასცემს გვერდზე, მუცელზე, ან საჯდომზე (გდება ზურგზე წაქცევისთვის უნდა იყოს გამიზნული), ხოლო 2 ქულას იღებს ის, ვინც მოწინააღმდეგეს ლეიბზე ნახევარი ზურგით, ან გულაღმა (როცა იგი ხალიჩას ორივე იდაყვით ებჯინება) დასცემს.
--------------------
,,ფეხბურთის თამაში მარტივია, მაგრამ მარტივი ფეხბურთის თამაში ურთულესია".. იოჰან კრუიფი.
|