#18571908 · 19 Mar 2010, 14:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დღეს 19 მარტს წმინდა მღვდელმოწამე დოსითეოსის (ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსი, ერისკაცობაში დავით წერეთელი) ხსენების დღეა.
1811 წელს, ალექსანდრე პირველის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქართული ეკლესია რუსეთის სინოდს დაუმორჩილეს. კათოლიკოსი ანტონ II პეტერბურგში გაიწვიეს, კათოლიკოსის თანამდებობა გააუქმეს და საქართველოს ეკლესიას სათავეში ეგზარქოსი ჩაუყენეს. პირველ ეგზარქოსად დაინიშნა ბაგრატიონთა გვარის დაუძინებელი მტრის, ქსნის ერისთავთა სახლის წარმომადგენელი, რენეგატი და რუსოფილი ვარლაამი. მას დაევალა გაეტარებინა გარდაქმნები, რასაც ქართული ეკლესიის რუსულ წესზე მოწყობა უნდა მოჰყოლოდა შედეგად. ვარლაამი შეუდგა დავალების შესრულებას. ქართლ-კახეთში 13 ეპარქიიდან დატოვეს მხოლოდ ორი-ქართლისა და კახეთის საეპისკოპოსოები. საეკლესიო ქონება აღწერეს და მისი მართვის საქმე საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორას (შეიქმნა 1815 წ.) გადასცეს. აღარაფერს ვამბობ საკათალიკოსო სამოსელის დახევაზე და იქიდან ოქროს გამოდნობაზე. დოსითეოს წერეთელი XVIII ს-ის 80-იანი წლებიდან XIX ს-ის ათიანი წლების ჩათვლით სათავეში ედგა იმერეთის საეკლესიო ცხოვრებას. იგი არა მარტო ქუთათელი-ქუთაისის ეპისკოპოსი იყო, არამედ 1784 წლიდან 1815 წლამდე, პრაქტიკულად კი 1820 წლის მარტამდე (ე.ი. ვიდრე მას შეიპყრობდნენ და საშინელი წამებით მოკლავდნენ) დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსის მოვალეობასაც ასრულებდა. საქმე იმაშია, რომ 1784 წლიდან დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსი მაქსიმე ქუთათელი (აბაშიძე) რუსეთში იმყოფებოდა. 1795 წელს იგი კიევში გარდაიცვალა და დაკრძალულია იქვე. 1819 წლის ივნისში საქართველოს ეგზარქოსი იმერეთში ჩამოვიდა და რეფორმების გატარებას შეუდგა-დაიწყო საეკლესიო ქონების აღწერა, რასაც მთელს დასავლეთ საქართველოში, 1819-1820 წლებში, ფართო სახალხო აჯანყება მოჰყვა. იგი რუსულ ოფიციალურ ისტორიოგრაფიაში ცნობილია "საეკლესიო ბუნტის" სახელწოდებით, რაც, რასაკვირველია, საერთო სახალხო მოძრაობის ნამდვილ არსს სრულიადაც ვერ გამოხატავს. საეკლესიო რეფორმის დაწყება მხოლოდ საბაბი აღმოჩნდა, რომელმაც ეროვნულ-გამათავისუფლებელი ხასიათი მიიღო და იმერეთის დამოუკიდებელი სამეფოს აღდგენისათვის ბრძოლაში გადაიზარდა. მაშინდელმა დიდმა "ნაჩალნიკობამ" გადაწყვიტა აჯანყების ჩახშობასთან ერთად მისი მოთავეების დაპატიმრება. პუზირევსკის გეგმის მიხედვით, ჯარისკაცებს უკანასკნელ წუთამდე არ ეცოდინებოდათ, თუ სად და რა მიზნით მიჰყავდათ ისინი. ხელისუფლება შიშობდა, რომ მართლმორწმუნე ქრისტიან რუს ჯარისკაცს შეიძლება უარი ეთქვა მიტროპოლიტის დაპატიმრებაში მონაწილეობის მიღებაზე. თუმცა, როგორც მალე გამოირკვა, ეს შიში სრულიად უსაფუძვლო გამოდგა.
დაპატიმრება მოხდებოდა ერთსა და იმავე დღეს, საღამოს, მაგრამ არა კვირას ან პარასკევს, რადგან ამ დღეებში ხალხი შეყრილი იქნებოდა სავაჭროდ და სასეირნოდ და შესაძლებელი იყო, მათ პატიმართა გათავისუფლება მოენდომებინათ. დაპატიმრებულთ პუზირევსკი ღამითვე ყვირილას პოსტზე, ხოლო იქედან, გაძლიერებული დაცვით, ქართლისაკენ გაგზავნას უპირებდა. თუ გზაში იმერლები თავს დაგვესხნენ და საქმე გაჭირდა, დაპატიმრებულები ტყეში უნდა დავხოცო და მდინარეში გადავყაროო. და ბოლოს..., რათა ტყვეები-წერდა იგი,- გზაში წყნარად იყვნენ და გაქცევაზე არ იფიქრონ, რათა ერთმანეთი ვერ იცნონ და ვერც ადგილობრივმა ხალხმა იცნოს ისინი, გადაწყვეტილი მაქვს ჩამოვაცვა მათ ტილოს ტომრები, რომლებიც პირთან (ე.ი. სასუნთქ ადგილას) გაჭრილი იქნება, ხოლო კისერთან და წელზე თოკი ექნებათ ამ ტომრებზე შემოკრულიო.
დასაპატიმრებლად მისულ რუსებისათვის მიტროპოლიტ დოსითეოსს მედგარი წინააღმდეგობა გაუწევია, რის გამოც ქრისტიან რუსებს ის ხიშტებით საგულდაგულოდ დაუჩხვლეტიათ, თავზე პუზირევსკის მიერ მომზადებული ტომარა ჩამოუცვამთ და სისხლისაგან დაწრეტილი ცხენზე ძალით დაუკრავთ. მიტროპოლიტი დოსითეოსი სურამს და გორს შუა გარდაიცვალა, მაგრამ მკვდარი ცოცხლებთან ერთად ანანურამდე ატარეს და იქ დაასაფლავეს, მეორე მიტროპოლიტი-ექთვიმე გელათელი (გაენათელი) კი ნოვგოროდში გადაასახლეს, ვინნაიდან მან იმპერატორ ალექსანდრეს "ახალი ნერონი" უწოდა საქართველოს დაპყრობისა და გაძარცვისათვის.
This post has been edited by xarebadagogia on 19 Mar 2010, 15:03
--------------------
დელი სვიმონ!
რა ყველა განსწავლულია ამ ფორუმზე არადა ერთი დღით გუგლი რომ გაუთიშო რომელ კონტინეტზე ცხოვრობენ იმას ვერ გეტყვიან
© airlift7
|