gast
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 4786
წევრი No.: 57529
რეგისტრ.: 4-April 08
|
#18412273 · 10 Mar 2010, 19:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რა მოხდა 14 წლის წინ სოფელ კოხნარში და რატომ არ ინტერესდება პოლიცია ნაპოვნი გვამით ნატო გოგელია როგორც გაზეთის გასულ ნომერში ვწერდით, 1997 წლის 27 აგვისტოს შემდეგ, 29 წლის პედაგოგი, ჩოხატაურის რაიონის სოფელ კოხნარში მცხოვრები როლანდ რამიშვილი არავის უნახავს. მანამდე კი, როგორც უშიშროების სამინისტროს მოკვლევის მასალებშია აღნიშნული, ~ჩოხატაურის რაიონულ განყოფილებაში (თანამშრომელი ელგუჯა ცინცაძე) შევიდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სოფელ კოხნარში მცხოვრებ საშუალო სკოლის სამხედრო საქმის მასწავლებელს როლანდ რომანის ძე რამიშვილს აკს_74 სისტემის ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღი ჰქონდა სახლში~. მოკვლევის მასალებით დადგინდა აგრეთვე, რომ ~1992 წლის 1 ოქტომბერს, რამიშვილი, ჩოხატაურის რაიონის კომისარიატის უწყების საფუძველზე, ე.წ რეზერვისტთა ათკაციან ჯგუფთან ერთად, გაგზავნილი იქნა აფხაზეთში. მას ავტომატური იარაღი კოპიტნარის აეროდრომზე რეგისტრაციის გარეშე, გაფრენის წინ მისცეს. საბრძოლო პოზიციაზე ყოფნა მოუწია განთიადში, სადაც დაჰყო მხოლოდ ერთი დღე. შემდეგ, თითქოს ხელმძღვანელობის ბრძანებით, ჯგუფმა ქაოსურად უკან დაიხია და რამიშვილი, ზოგიერთ თანამებრძოლთან ერთად, საერთოდ წამოვიდა სახლში. თან წამოიღო ავტომატური იარაღიც. სოფელ კოხნარში რამიშვილი ჩამოვიდა 1992 წლის 5 ოქტომბერს. იმავე ღამეს, ოჯახში ჰქონდათ წვეულება _ მეზობლებმა, მეგობრებმა მიულოცეს გადარჩენა. იგი სიამაყით უჩვენებდა მათ ავტომატურ იარაღს, რომლითაც აფხაზეთში იბრძოდა~. როლანდ რამიშვილი განყოფილებაში გამოცხადდა 1997 წლის 25 აგვისტოს, ძმასთან, რამაზ რამიშვილთან ერთად, რომელიც უშიშროების თანამშრომელთან საუბრის დროს, მას შენობის გარეთ ელოდებოდა. მოკვლევის მასალებით, ~უშიშროების თანამშრომელმა რამიშვილს ჩამოართვა ახსნა-განმარტება, რომლითაც მან დაადასტურა აფხაზეთიდან აკს-74 სისტემის ავტომატური იარაღის ჩამოტანის ფაქტი და აღნიშნა, რომ რაიონში ჩამოსვლიდან ერთი თვის შემდეგ, იგი გაატანა მეზობელს და თანამებრძოლს მელიტონ მალხაზის ძე გიორგაძეს. მისივე სიტყვებით, აღნიშნულის შესახებ იცოდა ოჯახის თითქმის ყველა წევრმა: მეუღლემ, დედამ, ძმამ. მათაც ჩამოერთვათ ახსნა-განმარტება, რომ მათ ეს ფაქტი იცოდნენ. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, გიორგაძეს იარაღი უკან არ დაუბრუნებია~, _ ეს ახსნა-განმარტება ინახება ჩოხატაურის შს რაიგანყოფილებაში აღძრულ საქმეში. რამიშვილის დედას, იამზე რამიშვილს, ხსენებული იარაღის უკან დაბრუნების თაობაზე, 1992 წელს კონფლიქტი მოუვიდა გიორგაძის მშობლებთან და დიდი ხნის განმავლობაში არ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. ~საუბრის დროს, რამიშვილმა აღნიშნა, რომ თავის დროზე, იარაღი სამართალდამცავებისთვის არ ჩაუბარებია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დადგომის შიშით, რასაც ნანობს. მან თანამშრომელს განუცხადა, რომ ნახავდა გიორგაძეს, გააცნობდა საქმის ვითარებას, მოატანინებდა და წარმოადგენდა ავტომატურ იარაღსაც. თან, ითხოვდა დახმარებას, რომ შემდგომში არ დამდგარიყო მისი პასუხისგებაში მიცემის საკითხი~. უშიშროების მოკვლევის მასალებში ასევე ვკითხულობთ: ~როგორც შემდგომ გაირკვა, რამიშვილმა განყოფილებიდან წასვლის შემდეგ, ძმასთან ერთად იმგზავრა სოფელ კოხნარის გადასახვევამდე და იქ დაშორდნენ ერთმანეთს. თვითონ წავიდა სოფელ ნოღაში, მეუღლის ოჯახში. დარჩა იქ ღამით, ხოლო მეორე დღეს, დაახლოებით 11 საათისთვის, აიღო წიგნი და ოჯახის წევრებს დაუბარა, რომ მიდიოდა სკოლაში. ამის შემდეგ იგი სახლში არ დაბრუნებულა.~ _ ბევრჯერ ვუთხარი იარაღი ჩაებარებინა, მაგრამ არ მიჯერებდა. საშინლად მეშინოდა. ერთ საწოლზე მას ეძინა, მეორეზე _ იარაღი იდო. დრო იყო ისეთი, არავინ არაფერს კითხულობდა. თანამებრძოლი მეგობარი, ჩვენივე სოფლის მკვიდრი, მელიტონ გიორგაძე ხშირად დადიოდა ჩვენთან და როლანდს რაღაცაზე ეჩურჩულებოდა. რომ დავინტერესდი, რა ხდებოდა, ჩემმა შვილმა მითხრა, იარაღს მთხოვს, დათვზე სანადიროდ უნდა წასვლაო. კატეგორიული წინააღმდეგობა გავუწიე. როგორც ცოლის, ისე იარაღის განათხოვრება არ შეიძლება,-მეთქი. არ ვიცი რა მოხდა _ მელიტონმა აიძულა თუ რა იყო, მაგრამ ჩემდა უჩუმრად იარაღი მაინც ათხოვა, ერთ კვირაში დამიბრუნებსო. ერთი კვირაც გავიდა და ხუთი წელიც. როლანდი ნერვიულობდა. ხმა გავრცელდა, იმ იარაღით ახალგაზრდა ქალი მოკლესო. მერე ჩემი შვილი უშიშროებაში დაიბარეს. არაფერი დაუმალავს და თქვა, რომ იარაღი მელიტონთან იყო. ამ ამბიდან ორ დღეში კი როლანდი გაუჩინარდა. სახლიდან წიგნით ხელში გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას, დაკარგული ახალგაზრდის დედა, იამზე რამიშვილი. 1998 წელს, სამტრედიის ტერიტორიაზე ადამიანის თავის ქალა იპოვეს. იმავე 1998 წლის 29 ოქტომბერს კი, სოფელ ბურნათიდან შეშისთვის კოხნარის ტყეში წამოსულმა ახალგაზრდებმა ნახევარი მეტრი სიმაღლიდან დაშვებული კაპრონის თოკი, მასზე გამობმული ხერხემლის მალები, იქვე მამაკაცის ფეხსაცმელი და წიგნი ნახეს. როგორც დაკარგულის დედა გვიყვება, წიგნი ხელუხლებელი იყო: _ ჩემი შვილები ტიროდნენ, ძმა მოგვიკვდაო. იქით ვაწყნარებდი, არ იქნება როლანდი-მეთქი. ეჭვს ისიც მიძლიერებდა, რომ წიგნი ხელუხლებელი იყო. როგორ შეიძლება ერთი წლის განმავლობაში ტყეში დაგდებული წიგნი არ დასველდეს, არ გაფუჭდეს?! ვფიქრობდი, შეეშინდა და მიიმალა-მეთქი, თუმცა, წლები რომ გავიდა და არავის დაუკავშირდა, მისი ცოცხლად პოვნის იმედიც გადამეწურა, _ აღნიშნავს იამზე რამიშვილი. ექსპერტიზის დასკვნით, თავის ქალა და ძვლები ეკუთვნის როლანდ რამიშვილს, მაგრამ იქვე ნათქვამია რომ: ~წვივის ძვალი შედარებით ღია ფერისაა~, _ ანუ განსხვავებულია. იმავე დასკვნაში წერია, რომ ~ეს ძვლები უნდა ეკუთვნოდეს ერთ პიროვნებას~. უნდა ეკუთვნოდეს და არა _ ეკუთვნის. გარდა ამისა, მაშინდელი ექსპერტიზის მიერ პასუხგაუცემელი დარჩა 6 შეკითხვა და ვერ დადგინდა დაზიანებათა ხანგრძლივობის ვადა. მრავალი საეჭვო გარემოებების მიუხედავად, ძირითად ვერსიად მაშინვე თვითმკვლელობა დაფიქსირდა. მოგვიანებით, სამტრედიის რაიონის პროკურატურის გამომძიებელმა, მამუკა კვერნაძემ პირველმა თქვა, რომ ეს იყო მკვლელობა. საქმეში, რომელიც ორ სქელ ტომს მოიცავს, მკვლელობის სამი ვერსიაა განხილული. არც ერთ ვერსიაში ეჭვმიტანილი არ ფიგურირებს. რამიშვილის ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ როლანდი, შესაძლოა, შურისძიების მიზნით მოიშორეს თავიდან. მათ არ სჯერათ თვითმკვლელობის ვერსიის და არც იმის, რომ 13 წლის წინ ნანახი თავის ქალა და ძვლები როლანდს ეკუთვნოდა. დაკარგულის და, რიმა რამიშვილი იხსენებს, რომ მაშინდელი პოლიციის უფროსი (დღესაც იგივეა ნ.გ.) ავთანდილ ვასაძე, პირველივე დღიდან თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობდა: _ ექსპერტიზის დასკვნა არც კი იყო ჩატარებული ისე ამბობდა ვასაძე, რომ თვითმკვლელობას ჰქონდა ადგილი. ამ საქმეში ბევრი ბურუსით მოცული დეტალია. ჩოხატაურის პოლიციამ ყველაფერი გააკეთა, რომ საქმე ნორმალურად არ გამოძიებულიყო. ვფიქრობ, რომ არ აწყობდათ, _ ამბობს რიმა რამიშვილი. სისხლის სამართლის საქმე, 1999 წლის შემდეგ, ეჭვმიტანილის არარსებობის მოტივით შეჩერებულია. ოჯახი, წლების განმავლობაში, მიმართავდა სხვადასხვა უწყებას და სიმართლის გარკვევას ითხოვდა. ითხოვდნენ იმასაც, რომ დაეკითხათ მელიტონ გიორგაძე. გიორგაძესთან დაკავშირებით, სხვადასხვა უწყების ოფიციალურ წერილებში განსხვავებული ვერსიები წერია. საქართველოს გენერალური პროკურატურა, იმერეთის საოლქო პროკურატურა 1993 წლის 15 მარტს წერს: ~მ. გიორგაძე ჩოხატაურის განყოფილებაში მიცემულ ახსნა-განმარტებაში მიუთითებს, რომ რ. რამიშვილისგან ნათხოვარი ავტომატური იარაღი ჰქონდა სახლში და დაეკარგა. 1998 წლის 2 ნოემბერს, მ. გიორგაძის სახლში გამოძიების მიერ ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც სახლის სხვენზე ნაპოვნი იქნა ~აკს~-ის სისტემის ავტომატური იარაღის 4 ცალი ვაზნა~. გაზეთი ~ახალი თაობა~, 1998 წელი, 15 ოქტომბერი: ~უშიშროების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საერთაშორისო სამსახურის უფროსი, გელა სულაძე ამბობს _ მიღებულ იქნა ზომები გიორგაძის მისამართის დასადგენად თბილისში, მაგრამ როგორც ჩვენ ვვარაუდობდით, ის მისმა ოჯახმა შეგნებულად გადამალა. იყო საუბარი იმაზეც, რომ იგი დასთან იმალებოდა. არსებობს მისი დის ხელწერილი, სადაც იგი ამბობს, რომ არ მისულა მასთან და არც უნახავს. ისინი ცდილობენ, თბილისში დამალონ. ჩვენ ასეთი მონაცემები გვაქვს. პოლიციას შეუძლია დაადასტუროს, უნდა ნუ დაადასტურებს, მაგრამ ეს ასეა და ფაქტია, რომ 1998 წლის 10 იანვარს, გიორგაძემ გაუგზავნა ე.წ. შუაკაცი რაიონის პოლიციის ძებნის ინსპექტორს, რათა ეწარმოებინა მოლაპარაკება მასთან შერიგების და პატიების თაობაზე. ესეც ცოტა უცნაურია _ რომელ შერიგებაზე და პატიებაზეა ლაპარაკი. ჩოხატაურის უშიშროების თანამშრომელმა, ელგუჯა ცინცაძემ დააყენა საკითხი, რომ გიორგაძესთან შეხვედრებს, როცა მოიყვანდნენ პოლიციაში, ისიც დაესწრებოდა, რამდენიმე საკითხი მაქვს გასარკვევიო, მაგრამ პოლიცია არ დათანხმდა. ე.ი. უშიშროების სამინისტროს თანამშრომლის შეხვედრაზე გიორგაძესთან პოლიციამ უარი თქვა. სიმართლე გითხრათ, კოლეგიალობა მოითხოვდა, რომ დაესწროთ. შეიძლება არც არაფერი მომხდარა, მაგრამ, რადგან არ დაასწრეს, ეჭვი გიჩნდება, თქვენ, მეც და ჩემს თანამშრომლებსაც, ყველას _ რატომ არ მოხდა დასწრება.~ გაზეთი ~გურია ნიუსი~, 1998 წელი, 5 ნოემბერი: ~შინაგან საქმეთა ჩოხატაურის რაიონული პოლიციის განყოფილების უფროსი, ავთო ვასაძე ამბობს _ ~მელიტონ გიორგაძე მართლაც ცენტრალური ფიგურაა ამ საქმეში. რამიშვილი მიუთითებს უშიშროებაში დაკითხვისას, რომ იარაღი მივეცი გიორგაძესო. მაგრამ გიორგაძემ ჩვენთან შეხვედრისას განაცხადა, რომ იარაღი არ წამოუღია რამიშვილიდან, მაგრამ შეუძლია დაადგინოს იმ პირთა წრე. თუმცა, ეს ოპერატიული მხარეა და ყველაფერს ვერ ვიტყვი. გიორგაძემ პირობა არ შეასრულა და ამის შემდეგ მიიმალა. ვეძებთ და ვერ ვპოულობთ~. რამდენიმე ხნის შემდეგ, გიორგაძე იპოვეს და ისე გაასამართლეს იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის, მთავარი მოწმისთვის, იამზე რამიშვილისთვის არც შეუტყობინებიათ. _ არც კი ვიცი ნამდვილად თუ გაასამართლეს. რატომღაც ყველა ძალიან ეცადა, რომ საქმე მიეჩქმალათ, გამოუვიდათ კიდეც, _ ამბობს ~გურია ნიუსთან~ საუბრისას ქალბატონი იამზე. ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიით, როლანდ რამიშვილი, ბოლოს მელიტონ გიორგაძემ თბილისში ნახა. გიორგაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მას როლანდი არც უნახავს და არც კავშირი ჰქონია: _ იარაღი ვითხოვე როგორც ასეთი. სასამართლო იყო და ყველაფერი იქ ითქვა. _ რატომ ითხოვეთ იარაღი? _ მაშინ ისეთი დრო იყო. ომი იყო, სადაც ერთად ვიყავით. მე იარაღი ვითხოვე სხვისთვის. ახლა ის კაცი დაჭერილია და ციხეშია. _ როცა როლანდმა ჩვენებაში მიუთითა, რომ იარაღი თქვენთან იყო, სამიოდე დღეში უგზო-უკვლოდ გაქრა. ამიტომაც გაჩნდა თქვენს მიმართ ეჭვები... _ გასაგებია. მე მაშინ ვიყავი თბილისში. ეჭვები იმიტომ გაჩნდა, რომ მისმა ძმამ, როცა თბილისში ჩავიდა, დარეკა ჩემს დასთან და უთხრა, როლანდ რამიშვილი ვარო. როცა როლანდის ძმას ვკითხე, რატომ დარეკა ძმის სახელით, მითხრა, მე არ მიცნობდა შენი და და იმიტომო. მაგ ამბავს მოჰყვა ხმები, რომ თითქოს როლანდი თბილისში ჩამოვიდა და მე ვნახე. _ თქვენ თუ ნახეთ როლანდი იმის შემდეგ, რაც უშიშროებაში დაკითხვაზე დაიბარეს? _ არა. მე თბილისში ვიყავი, ის აქ იყო. _ არ დაგკავშირებიათ? _ არანაირად. არ ვიცი ჩემი დის ტელეფონი საიდან გაიგო მისმა ძმამ. მერე მე გარკვეული ხანი მიმალვაში ვიყავი. _ რატომ, რისი გეშინოდათ? _ პოლიცია რომ გეძებს, თავისებურად ხდება. _ მხოლოდ იარაღის გამო იმალებოდით? _ დიახ. _ როცა როლანდი დაიკარგა, თქვენ თუ ეძებდით, თუ მიხვედით ოჯახში? _ ვეძებდი, როგორ არა. გვეგონა, რუსეთში წავიდაო.... ბევრი ვერსია იყო. რამაზ რამიშვილი ამბობს, რომ გიორგაძის დას მელიტონის ადგილსამყოფელის დასადგენად დაურეკა, თუმცა არაფერი გამოუვიდა. რამიშვილების ოჯახი ძიების განახლებას ითხოვს. ისინი ეჭვობენ, რომ კოხნარის სასაფლაოზე გასულ თვეში ნაპოვნი, ცელოფანში გახვეული გვამი, შესაძლოა როლანდს ეკუთვნოდეს: _ ორჯერ ვიყავი ავთო ვასაძესთან მას შემდეგ, რაც კოხნარში გვამი იპოვეს. პირველად რომ მივედი, არც კი იცოდნენ გვამი თუ იყო ნაპოვნი. მერე მითხრა, ვიკვლევთ, იქნებ, ვინმეს ეკუთვნოდესო. ეს გამორიცხულია, სოფელი არ დაუშვებს, რომ მიცვალებული ცელოფანში გახვიონ და ისე დამარხონ. კარგად მახსოვს, როგორ გვიმტკიცებდა 14 წლის წინ ვასაძე, რომ როლანდმა თავი მოიკლა. ექსპერტიზის დასკვნა არ კი იყო დაწერილი, ვასაძე გვეუბნებოდა, ნაპოვნი ძვლები და თავის ქალა, ნამდვილად როლანდისაა, აბა იმ სიშორეზე ვინ აიტანდა მოკლულსო (?!). ახლაც იგივე ხდება, ექსპერტიზის დასკვნა არ არსებობს, ვასაძე კი ამტკიცებს, გვამი სხვას ეკუთვნისო. ალბათ, ბედის ირონიაა, რომ მაშინაც და ახლაც პოლიციის უფროსი ერთი და იგივე პიროვნებაა. არ გვაქვს იმედი, რომ ამ საქმეს ისე გამოიძიებენ, როგორც საჭიროა. ბევრჯერ დავაყენეთ ჩოხატაურის პოლიციის აცილების საკითხი, იგივე მელიტონ გიორგაძესთან დაკავშირებით, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ვფიქრობ, გიორგაძეს არც ერთი დღე არ გაუტარებია ციხეში. თვითონ კი ამბობს, რომ 8 თვე გაატარა, მაგრამ ჩვენ არ გვჯერა. დედა, მიუხედავად იმისა რომ მთავარი მოწმე იყო საქმეში, გიორგაძის პროცესზე არც კი დაუბარებიათ, _ ამბობს რიმა რამიშვილი. სარწმუნო წყაროს ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქმე განახლდა, შესაძლოა, მელიტონ გიორგაძე ისევ აღმოჩნდეს სამართალდამცავების ყურადღების ობიექტი. ~გურია ნიუსთან~ საუბრისას გიორგაძე ამ ამბავთან ყოველგვარ კავშირს გამორიცხავს: _ ამბობენ, ახლახან აღმოჩენილი გვამი როლანდს ეკუთვნის. 14 წლის წინანდელი ექსპერტიზაც გადაჭრით არ ადასტურებს, რომ მაშინ ნაპოვნი თავის ქალა და ძვლები როლანდს ეკუთვნოდა... _ ეგ ახლა გამორიცხულია. მე როგორც მითხრეს, დამტკიცდა, რომ ისინი როლანდს ეკუთვნოდა. აბა, სხვა ვისი უნდა ყოფილიყო, სხვას მოიყვანდა ვინმე (?!) და იქ დადებდა თუ რა... _ შესაძლოა საქმის ძიება განახლდეს, რამდენად მოსალოდნელია, რომ თქვენ განსასჯელის სკამზე აღმოჩნდეთ? _ ეს გამორიცხულია. თუ იმას გულისხმობთ, რომ იარაღი მქონდა წამოღებული, ამნისტია იყო, მეპატია და ეს საქმე არ განახლდება. _ რატომ არ დააბრუნეთ იარაღი? _ ეს უკვე სხვა თემაა. პრობლემები იყო და იმიტომ არ მოხდა დაბრუნება. რომ დაბრუნებულიყო, ესე არ იქნებოდა. ჩოხატაურის პოლიციის სამმართველოს უფროსი, ავთო ვასაძე ამ ამბავთან დაკავშირებით კომენტარს იმ მიზეზით არ აკეთებს, რომ სამინისტროს შიდა ბრძანებით აკრძალულია. მისგან ვერც იმის გაგება მოვახერხეთ, როდის გააგზავნიან ახალ ნაპოვნ გვამს ექსპერტიზაზე. კოხნარელების ერთი ნაწილი ამბობს, რომ გვამი სასაფლაოზე აღარ არის და მისულ სამართალდამცავებს მხოლოდ ახალდაყრილი მიწა დახვდათ. მეორე ნაწილის ვერსიით, მიცვალებულს პატრონი უკვე გამოუჩნდა. პოლიციიდან მოპოვებული არაოფიციალური ინფორმაციით კი ირკვევა, რომ ცელოფანში გახვეული გვამი ისევ კოხნარის სასაფლაოზე ასვენია და ისევ მიმდინარეობს მოკვლევა პატრონის დასადგენად: _ უკვე იმდენი ხანი გავიდა, თითქმის ერთი თვე, პოლიციელებს ფეხით რომ შემოევლოთ მთელი კოხნარი, გაარკვევდნენ მიცვალებულს ჰყავს თუ არა პატრონი, მაგრამ, როგორც ჩანს, ვიღაცას ეს ხელს არ აძლევს, _ ამბობს რიმა რამიშვილი, რომელიც საქართველოს გენერალურ პროკურატურას ძიების განახლებას და ცელოფანში გახვეული გვამის ექსპერტიზის ჩატარებას სთხოვს. არსებობს კიდევ ერთი დეტალი; როგორც რამაზ რამიშვილმა გვითხრა, 13 წლის წინ, მან ხელი მოაწერა დოკუმენტს, სადაც აღნიშნულია, რომ ის თანახმაა, ახალი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში, ადრე ნაპოვნი თავის ქალის და ძვლების ექსგუმაცია და ხელახალი ექსპერტიზა მოხდეს. _ ჩვენ გვინდა, ერთხელ და სამუდამოდ სიმართლე გაირკვეს და ჩვენი მიცვალებული ვიტიროთ. არც კი ვიცით, ვისი ძვლები დავმარხეთ და უკვე 14 წელია, მოსვენება გვაქვს დაკარგული. დამნაშავე თუ ვერ იპოვეს, ჩემი შვილის გვამი მაინც მატირონ! _ აცხადებს დაკარგულის დედა.
IUNGER შენ ერთი და იგივე სტატია დადე
--------------------
better late than never
|