ყოველგვარ ადამიანურ წარმოდგენაზე აღმატებულ “ენერგიებით ერთობის” შესახებ წმინდანები ძალაუნებურად პარადოქსისა და სიმბოლოების ენაზე საუბრობენ. რადგან ადამიანის მეტყველბა ისეა მოწყობილი, რომ გამომსახველად მხოლოდ სივრცესა და დროში არსებულის აღწერა შეუძლია, ამიტომ ღმერთთან ენერგიებით ერთობას ამომწურავად ვერ აღწერს, ხოლო რაც შეეხება უსასრულოსა და მარადიულს, აქ ადამიანის მეტყველებას მითითების ან გადაკრულად მინიშნების მეტი არაფერი შეუძლია.
“სიბნელის” ენა, რომელიც ღმერთთან მიმართებაში გამოიყენება, სინას მთაზე მოსეს ყოფნის ბიბლიური თხრობიდან იღებს სათავეს, სადაც წერია, რომ ის შევიდა “წყუდიადში” სადაც იყო ღმერთი (გამოსვლათა 20:21). აღსანიშნავია, რომ ამ ციტატაში ის კი არ წერია, რომ ღმერთი სიბნელეა, არამედ რომ ის მყოფობს სიბნელეში ანუ სიბნელე აღნიშნავს არა ღმერთის არყოფნას ან არარეალურობას, არამედ ადამიანის გონების უუნარობას, ჩაწვდეს ღმერთის შინაგან ბუნებას. სიბნელე ჩვენშია და არა ღმერთში.
“სინათლის” ენა ემყარება წმ. იოანე ღვთისმეტყველის ფრაზას “ღმერთი ნათელ არს და ბნელი არა არს მის თანა არცა ერთი” (1 იოანე 1:5) ღმერთი-როგორც ნათელი, ყველაზე მეტად თაბორის მთაზე ქრისტეს ფერისცვალებისას ცხადდება, როდესაც “გაბრწყინდა პირი მისი, ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკი, ვითარცა ნათელი (მათე 17:2)
ადამინის სხეული მის სხეულთან ერთად განიღმრთობა (წმ. მაქსიმე აღმსარებელი). ის, ვინც საღმრთო ნათელს ხედავს, სულ უფრო მეტად იმსჭვალება მისით ისე, რომ სხეულიც კი ანთებს ამ დიდებით, რომელსაც ჭვრეტს. ადამიანი თვითონ ხდება ნათელი. ვლადიმერ ლოსკი მხოლოდ გადატანითი მნიშვნელობით არ წერდა შემდეგ სიტყვებს: “ქრისტიანები, მათ გულში სულიწმინდის მიერ ანთებული მადლის ცეცხლით ანათებენ ისე, როგორც სანთელი – უფლის წინაშე”. წმ. მაკარი დიდის ჰომილიებიც ადასტურებენ ადამიანის სხეულის ფერიცვალებას.
ზოგიერთი საეკლესიაო მწერალი სინათლისა და სიბნელის სიმბოლოებს აერთიანებს. ჰენრი ვოგანი წერს ღმერთში “თვალისმომჭრელი სიბნელის”, ხოლო წმ. დიონისე არეოპაგელი კი “საღმრთო სიბნელის ბრწყინვალების” შესახებ. წმ. დიონისე ასევე წერს: “საღმრთო სიბნელე მიუწვდომელი ნათელია, რომლის შესახებაც ნათქვამია, რომ მასში ღმერთი მყოფს. სიბნელისა და სინათლის სიმბოლოების ამგავრ გაერთიანებაში შინაგანი წინააღმდეგობა არ არის, რადგან ღმერთისათვის “სიბნელეცა და სინათლეც ერთი და იგივეა” (ვითარცა ბნელი მისი ეგრეცა ნათელი მისი) (ფს. 138:12). როგორც იაკობ ბიომე წერს: “სიბნელე სინათლის არმყოფობა კი არა, არამედ თვალისმომჭრელი სინათლის შიშია.” როდესაც ამბობენ, რომ ღმერთი სიბნელეში მყოფობს, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მასში რაიმე უკამრისობა ან მოკლებაა, არამედ, რომ ის სრული დიდება და სიყვარულია, რომელსაც ვერსაოდეს ჩავწვდებით.
http://wp.me/pQgku-w
უოტსონი: „ვარსკვლავებით მოჭედილი ცის საოცარი მექანიზმის შესწავლისას ჩვენ განცვიფრებაში მოვყავართ უსასრულო, სრულყოფილ, ყოვლისშემძლე და ცოცხალ ღმერთს.“
- დაშლა ყველა შედგენილი ნივთის თვისებაა. გულმოდგინედ იღვაწეთ საკუთარი ხსნისთვის!