რამდენად რეალურია მოდელირებულ “ქრონიკაში” წარმოჩენილი სახელმწიფოებრივი სისუსტე და როგორ მოხდა, რომ ეს ტელეეთერში გადაიცაhttp://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/128625.html“რასაკვირველია, ბოლომდე არ ვარ საქმის კურსში, რა იყო ჩაფიქრებული, რა უნდოდათ იმიტირებული სიუჟეტით ეთქვათ. ვერსიების თაობაზე მსჯელობა, ბუნებრივია, შესაძლებელია. მთავარი ვერსია არის ის, რომ ეს იყო სიბრიყვე და არაპროფესიონალიზმი. მეორე ვერსია ის არის, რომ ვიღაცას სჭირდებოდა ხელისუფლების შიგნით ბრძოლიდან გამომდინარე, იმ ფრთის დისკრედიტაცია, რომელსაც წარმოადგენს გიორგი არველაძე და მის ზემოთ მდგომნი. მესამე ვერსიით, არ არის გამორიცხული - მოარული ხმები, რომ “იმედს” ვეღარ ინახავს ხელისუფლება, რეალური და მართალი იყოს და სჭირდებოდეთ სერიოზული მიზეზი “იმედისთვის” ლიცენზიის შესაჩერებლად ან გასაუქმებლად. მეოთხე არის ის, რასაც ჩვენ ხელისუფლება ექსპერტებს გვიკიჟინებს, ნუ თესავთ პანიკასო”, - აცხადებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “დარწმუნებული ვარ, სააკაშვილის გარეშე ეს ფილმი არ მომზადდებოდა”.
“იყო პირდაპირ ლაპარაკი, რომ ჯარი გადავა რუსეთის მხარეს, აი, ეს არის უმნიშვნელოვანესი და არა ის, ტიტრი ედო თუ არა. ვიღაცამ მოსინჯა ნიადაგი, მე ეს მაშინებს ყველაზე უფრო მეტად. აქ უფრო მეტი ჩაღრმავებაა საჭირო, სამწუხაროდ, მეტი ინფორმაცია არ გვაქვს... ალბათ, საქმის კურსში ხართ, რა რეაგირება მოჰყვა ამას სეპარატისტული რეგიონების მასმედიის საშუალებებში და მათ ხელისუფალთა მხრიდან, ანუ რა რეაგირება მოჰყვა რუსეთის მედიის მხრიდან, უბრალოდ, დაგვცინეს და მასხრად აგვიგდეს... ძალიან უარყოფითი შეფასებები იქნება საერთაშორისო ორგანიზაციებისგან და მე ზუსტად ვიცი, ვინ რომელ საელჩოში რეკავდა იმ ღამეს და კითხულობდა, როგორი რეაგირება ჰქონდა ამა თუ იმ ქვეყნის საელჩოს, იმიტომ რომ ძალიან კარგად იცოდნენ, ეს არ იყო ერთობლივი, გააზრებული ნაბიჯი. მე მაინც მგონია, რომ ეს იყო სახელისუფლებო წრეებში დაპირისპირების შედეგი”, - ამბობს მამუკა არეშიძე და დასძენს:
“რა შედეგზეც ეს ფილმი იყო ორიენტირებული, ის შედეგი ნამდვილად არ მიუღიათ. ვიღას ახსოვდა ფილმის დასრულების შემდეგ ან ნოღაიდელი და ან ბურჯანაძის სავარაუდო საქციელი... კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ რეგიონული მმართველობის ორგანოები ბრინჯივით დაბნეული აღმოჩნდნენ ამ ვითარებაში და იყო შემთხვევები, როცა პანიკაში ჩაცვივდნენ და მართვის სადავეები ხელიდან გაუშვეს. არც ისინი იყვნენ მზად სიტუაციის ასეთი განვითარებისთვის. ჩვენ ეს ერთხელ ხომ მივიღეთ, გორშიც მივიღეთ და ზუგდიდშიც. უცებ თავიდან აღდგა ეს ყველაფერი და ისევ ისე მოქცევა დააპირეს ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ, როგორც მოხდა მაშინ”.
“გასაგებია, რომ საზოგადოებაზე მოდელირებულ “ქრონიკას” შოკის მომგვრელი ეფექტი ჰქონდა. გაუგებარია პოლიტიკოსების ემოციური დამოკიდებულება. თითქმის ყველა აჟიტირებულია, თუ გამოვაკლებთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ ასეთი რაღაცების არ ეშინიათ. აღმაშფოთებელია, რაც გააკეთეს, მაგრამ ამას ასევე ემოციურად აჰყვა ჩვენი პოლიტიკური სპექტრი. რაც მთავარია, დავინახე, რომ ჩვენი ოპოზიცია, პოლიტიკური ლიდერები პავლოვის ძაღლივით არიან, ანუ გამაღიზიანებელზე მუდმივად სწრაფად, დაუყოვნებლივ და გაუაზრებლად მოქმედებენ. ჩვენი ხელისუფლებაც, ნაციონალური მოძრაობაც, მუდმივად დგამენ ექსპერიმენტებს ოპოზიციაზე... რაც გაკეთდა, ეს ექსპერიმენტი არ ყოფილა. ოპოზიციამ თავის თავში უნდა გამონახოს ძალა, რომ რეაქციები სწორხაზოვნად არ გამოხატოს და მისი მოქმედება მუდმივად პროგნოზირებადი არ იყოს. სხვა შემთხვევაში ხელისუფლება მუდამ მოგებული გამოვა”, - აცხადებს სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “იმედის” რეპორტაჟმა გვიჩვენა, როგორი უსუსური მთავრობა გვყავს / “ეს ძალიან რეალისტური სცენარი იყო”.
გამოცემის კორესპონდენტის შეკითხვას - “მოწოდებულ მასალას ჯარისკაცებსა და, საერთოდ, სამხედრო წრეებში რა რეაქცია მოჰყვა, როცა გადაცემაში ითქვა, ორი ბატალიონი რუსეთის მხარეზე გადავიდაო?” - სამხედრო ექსპერტი პასუხობს:
“მტკივნეულია, რასაც გიპასუხებთ, მაგრამ საქართველოს სამხედრო წრეები არ ჰყავს; საქართველოს არ ჰყავს ოფიცერთა ფენა; საქართველოს არ ჰყავს ადამიანები, რომლებმაც იციან, რა არის სამხედრო ღირსება. ამიტომ ჩვენ ვერ ვისაუბრებთ, რომ ისინი შეურაცხყოფილი დარჩნენ... ზოგადად, რა თქმა უნდა, ასეთი დამოკიდებულება ჯარისა და ოფიცრების მიმართ ამორალურია. არ შეიძლება მუდმივად შეურაცხყოფას აყენებდა შენს ჯარისკაცებსა და ოფიცრებს”.
შეკითხვას - “ნატოში რუსეთის ელჩმა როგოზინმა “იმედში” გასულ გადაცემას პროვოკაცია უწოდა. ასეთი გადაცემები მართლა პროვოკაციას წარმოადგენს ისეთი სახელმწიფოსთვის, როგორიც რუსეთია?” - გიორგი თავდგირიძე პასუხობს:
“საერთოდ რუსეთის არსებობაა დედამიწაზე პროვოკაცია. ეს პროვოკაცია რაც უფრო მალე დამთავრდება და რაც უფრო მალე დარჩება, დავუშვათ, სახელმწიფო მოსკალეთი, ანუ რუსეთი თავის ბუნებრივ ჩარჩოს დაუბრუნდება, მით უფრო ნაკლები პრობლემა ექნება მსოფლიოს. ეს უახლოეს პერიოდში არ იქნება? არა, რატომ? ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი, რომ რუსეთი რაც შეიძლება მალე დაიშალოს... საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობა, არის რუსეთის იმპერიის დაშლის წინაპირობა. საქართველოს ხელისუფლება დღეს ამ პროცესს ანელებს. საქართველოს, როგორც რუსეთის დაშლის ფაქტორს, ამუხრუჭებს... ომს თავის იურიდიული განმარტება აქვს. ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც აცხადებს, რუსეთ-საქართველოს ომი საქართველომ დაიწყოო, ამ ჩარჩოებს უგულებელყოფს. რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო რუსეთმა. შესაბამისად, მნიშვნელობა არ აქვს, სამხედრო მოქმედებები როდის დაიწყება... ომი რუსეთმა დაიწყო გაცილებით ადრე - აპრილში, როცა საქართველოს ტერიტორიაზე ყოველგვარი ხელშეკრულებების დარღვევით გაზარდა შეიარაღებული კონტიგენტი”.
“ისეთი სცენარი რატომ წარმოადგინეს, სადაც ყველაფერი კატასტროფულად სრულდება?.. ყველაფრის ტრაგიკულად დასრულება რა მიზანს ისახავდა? ამ სცენარის ავტორებმა კარგად იცოდნენ ხელისუფლების რეალური ძალა. იცოდნენ, როგორ მართავენ სახელმწიფოს და რეალისტური სცენარი შექმნეს... დარწმუნებული ვარ, ამ სცენარის შექმნაში სააკაშვილი არ მონაწილეობდა. შეიძლება იდეა მოიწონა, მაგრამ მასში ასე ღრმად არ ჩაიხედავდა. სააკაშვილი ასე ღრმად არ იხედება ხოლმე ცალკეულ დეტალებში... ვფიქრობ, ნანახი არ ჰქონდა, რადგან ნაციონალური მოძრაობისთვის სცენარი იმდენად წამგებიანია, შეუძლებელია, სააკაშვილს ნანახი ჰქონოდა და ტელეეთერში გაეშვათ. ვინც ეს სცენარი გააკეთა, ფარდა ახადა იმას, თუ რამდენად სუსტია ნაციონალური მოძრაობა. მათ იციან, რა მდგომარეობაშია სახელმწიფო, რა მდგომარეობაში არიან შეიარაღებული ძალები, სახელმწიფო სტრუქტურები და ასეთი სცენარი შექმნეს, სადაც რუსეთის გადაწყვეტილებამ აგრესიის შესახებ საქართველოს სახელმწიფოს კოლაფსი გამოიწვია”, - განმარტავს გიორგი თავდგირიძე.
“ახალი ომის საფრთხე საკმაოდ რეალურია, რადგან წინა ომმა საქართველოსა და რუსეთს შორის წინააღმდეგობები ვერ მოაგვარა. რუსეთმა ვერ შეძლო სამხრეთ კავკასიაში თავისი ინტერესების მიმართ ქართული მუქარის ნეიტრალიზება. რა თქმა უნდა, ომის შედეგებით არც საქართველოა კმაყოფილი”, - აცხადებს გაზეთ “ვერსიაში” გამოქვეყნებულ ინტერვიუში გახმაურებული რუსული წიგნის, “აგვისტოს ტანკების” თანაავტორი ვიაჩესლავ ცულეიკო, სტატიაში სათაურით ვიაჩესლავ ცულეიკო: “აგვისტოს ომის შედეგებით არც საქართველოა კმაყოფილი და არც რუსეთი”.
“ჩემი აზრით, საკმაოდ სახიფათო იყო 2009 წლის ზაფხული, როცა რუსეთს, შესაძლოა, ქართული საკითხის საბოლოოდ მოგვარება ეცადა. თან მაშინ, როცა ქართული არმია წინა ომის ჭრილობებს იშუშებდა. თუმცა, როგორც ჩანს, საგარეო ფაქტორებმა და რუსული არმიის რეფორმირების საეჭვო შედეგებმა, რუსეთს საქართველოში შეჭრა გადააფიქრებინა... შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქართველოში შეჭრისთვის რუსეთი აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართულებებს ერთდროულად გამოიყენებს. თითოეული მათგანის პრიორიტეტს კონკრეტულ დროში უამრავი ფაქტორი განსაზღვრავს. ახალგორის დაჯგუფება კი მხოლოდ დამხმარე როლს შეასრულებს და ისიც შეზღუდულ ფარგლებში... ქართული სამხედრო მშენებლობის პროგრესი აშკარაა. პირველ რიგში, ეს სამხედრო სფეროში უფრო რეალისტური პოლიტიკისა და რიცხობრივი და ხარისხობრივი ზრდის დამსახურებაა”, - აცხადებს ვიაჩესლავ ცულეიკო და დასძენს:
“საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების გაუქმებასთან დაკავშირებით ორი მომენტია. მოკლევადიან პერსპექტივაში, როცა საქართველოს ძირითადი მოწინააღმდეგე რუსეთია, რომელსაც ჰაერში ტოტალური უპირატესობა აქვს, ქართული ავიაცია საბრძოლო მოქმედების მიმდინარეობაზე გავლენას ვერ მოახდენს. არ ვგულისხმობ ვერტმფრენებს, რომლებიც ბევრ სახელმწიფოში სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში ისედაც შედიან. სამხედრო-საჰაერო ძალების შენახვა საკმაოდ ძვირი ჯდება. გამოთავისუფლებული თანხები, შესაძლოა, სხვა სამხედრო პროგრამების განვითარებასა და შესყიდვებს მოხმარდეს. სახმელეთო ჯარებში კი, შვეულმფრენული ავიაციისა და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის (პასიური დამიზნების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები) გაძლიერება ჯობს. საქართველოსთვის განსაკუთრებულად მიმზიდველია მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო შვეულმფრენული ქვედანაყოფის შექმნა, რომელთაც რუსულ ვერმტფრენებთან ბრძოლაც შეეძლებათ. გრძელვადიან პერსპექტივაში კი, სამხედრო-საჰაერო ძალების გაუქმება უარყოფითად აისახება ბრძოლისუნარიანი ავიაციის შექმნის სამომავლო პერსპექტივაზე”.