პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პირველად გახლდით და, ამიტომ, პრეზიდენტის პრესსპიკერს ჩემთვის დიდი ყურადღება არ მოუქცევია. მანანა მანჯგალაძემ გამოაცხადა, სხდომა ორ საათში დასრულდება, რის შემდეგაც საგანგებო განცხადება გაკეთდებაო და ჟურნალისტებმა მათთვის გამოყოფილი ადგილების ათვისება დაიწყეს. მე კი გადავწყვიტე, რეზიდენცია შეძლებისდაგვარად დამეთვალიერებინა და დერეფანში გავისეირნე.
აღვნიშნავ: თუ იქაურობას კარგად არ იცნობთ, ადვილად დაიკარგებით და მეც ასე დამემართა - დავიკარგე. გასასვლელისა თუ შესასვლელის ძიებაში ერთ ნახევრად ღია კართან შევჩერდი და რას ვხედავ - მინისტრთა კაბინეტი სრულად არის შეკრებილი და პრეზიდენტის მისვლას ელოდება. მხოლოდ ორი ადამიანი იყო ისეთი, ვინც, წესით, მთავრობის სხდომას არ უნდა დასწრებოდა - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია და ტელეკომპანია "იმედის" ხელმძღვანელი გიორგი არველაძე. თავდაპირველად ვიფიქრე, კარს მოვცილდები-მეთქი, მაგრამ პრეზიდენტის ხმა შემომესმა და ცნობისმოყვარეობამ მძლია.
- გიორგი, ეკა წამალაშვილი რატომ არ მოიყვანე, რა იცი, ვის დაგვჭირდება წამალი და მკურნალობა, - ღიმილით უთხრა ოთახში შესულმა სააკაშვილმა არველაძეს, მერე კი თავის ადგილს მიაშურა, მოკალათდა და განაგრძო:
- ხომ გეუბნებოდით, ძალიან მაგარი გამოვა-მეთქი, ვერ დაინახეთ, რა დღეში ჩავარდა ხალხი?! ასეა, ეგენი სულ შიშში უნდა გყავდეს, ტყუილი კი არ არის, შიში შეიქმს სიყვარულსო. ვანო, შენც ხელ-ფეხი გაგეხსნა. ახლა, როცა მოისურვებ, მიტინგზე გაისვრი...
მერაბიშვილმა რაღაც ჩაილაპარაკა, მაგრამ ვერ გავიგე და მეეჭვება, იქ მყოფთაც გაეგოთ.
- ბატონო პრეზიდენტო, ისე, ხალხი ამბობს, რომ ეს მეტისმეტი იყოო და ჩემი აზრით... - დაიწყო ნიკა გილაურმა, მაგრამ ვინ დაასრულებინა.
- შენი აზრით, ნიკა?! და ვინ გითხრა, რომ აზრის გამოთქმის უფლება უკვე მოგეცი? ცოლი ვის არ მოუყვანია? ეს პრივილეგიას კი არ განიჭებს? - შეაწყვეტინა პრეზიდენტმა და პრემიერს წაუთაქა...
ამის შემდეგ სააკაშვილმა გოგა ხაჩიძეს გახედა და ღიმილით მიმართა: ბეთხოვენ, ახალი ხომ არაფერი დაგიწერია? გოგამ ჯერ დაიმორცხვა, ბლანჟეში ჩაიცინა და დაიწყო:
- სიმღერა არა, მაგრამ ლექსი დავწერე: "კაცად მაშინ ხარ საქები, თუ ეს წესი წესად დარგე, ყოველ დღე რომ შენს თავს ჰკითხო, აბა, მიშას, დღეს რა ვარგე"...
- ეეე, ეგ გადაკეთებულია, მე კიდევ რამე ახალი მინდა.
მერე იყო, პრეზიდენტმა წყალდიდობის შედეგად დაზარალებულები რომ მოიკითხა, კობა სუბელიანს დაავალა, წეროვანში ლტოლვილებს ძვალი გადაუგდე, ღრენა რომ შეწყვიტონო. პაპუნა დავითაიას თითი დაუქნია, ჩემზე გადაღებული ფილმი თუ არ მომეწონება, მინისტრის სავარძელს დაემშვიდობეო, გილაურს, პროფილაქტიკის მიზნით, ისევ წაუთაქა და მინისტრებს შეახსენა, სხდომის შემდეგ არ დაიშალოთ, ვირობანა უნდა ვითამაშოთო.
მერე კი მანჯგალაძეს უთხრა, ჟურნალისტები შემოიყვანეო. ჟურნალისტთა წინაშე მინისტრებმა ხალხის პრობლემებზე შთაგონებული სახეებით ისაუბრეს. ტელევიზიით ყველამ ეს კადრები ნახა და არა ის, რაც რეალურად ხდებოდა.
P.S. ეს იყო "მოდელირებული სვანის" ჩანაწერები, ან პირიქით - სვანის მოდელირებული ჩანაწერები.
არმაზ ხარძიანი
http://www.ambebi.geხომ დაგაყენეთ დილიდან კარგ ხასიათზე?
This post has been edited by kuskusa5 on 20 Mar 2010, 14:23