ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ გვესაუბრება დეპუტატი, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური.
- ბატონო ნუგზარ, სერიოზული სკანდალი მოჰყვა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურზე ქართველი სადამკვირვებლო მისიის საარჩევნო უბნებზე არდაშვებას და იმ ფარულ სატელეფონო ჩანაწერებს, რომლებიდანაც ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნები უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევას გეგმავდნენ...
- ვფიქრობ, ამ თემაზე სპეციალურ განცხადებებს გააკეთებენ კომპეტენტური პირები. არაფერი ვიცი ამ ჩანაწერების ავთენტურობის შესახებ, შესაბამისად, ვერც შევაფასებ. რაც შეეხება უკრაინის არჩევნებს, ჩემი აზრით, ძალიანაც სწორი იყო, რომ უკრაინაში ქართული სადამკვირვებლო მისია ასე მრავალრიცხოვანი იყო. უკრაინა ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, ამიტომაც უმნიშვნელოვანესია, რომ უკრაინაში არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად, გამჭვირვალედ. საქართველოს ხელისუფლება აცნობიერებს, რომ ჩვენს მეზობლად თუ იქნება ისეთი ქვეყანა, რომელიც ჩვენსავით ესწრაფვის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ჩვენი პოზიციებიც საგრძნობლად გამყარდება.
- ეს არავის აძლევს უფლებას, სხვა სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩაერიოს...
- არც არავინ ჩარეულა. ჩვენი ინტერესი არის არა ერთი რომელიმე პოლიტიკური ლიდერის მხარდაჭერა, არამედ უკრაინაში დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. ამიტომაც მიმაჩნია, რომ საქართველომ მეორე ტურზეც ბევრი დამკვირვებელი უნდა გაგზავნოს.
- ხომ ფაქტია, რომ პირველმა ტურმა უკრაინაში ქართველი დამკვირვებლების გარეშე ჩაიარა, მაგრამ მის დემოკრატიულობაში ეჭვი არავის შეუტანია...
- ძალიან კარგი. რაც შეეხება ჩვენი სადამკვირვებლო მისიის მრავალრიცხოვნობას, არავის დაუდგენია, რამდენი დამკვირვებელი უნდა იყოს წარდგენილი. ჩავიდა იმდენი, რამდენსაც სურდა ამ პროცესში მონაწილეობა და ეს კანონგადაცდომა არ ყოფილა. თვითონ საარჩევნო პერიოდი ნებისმიერ ქვეყანაში გამოირჩევა დაძაბულობითა და რადიკალიზმით, ამიტომ გასაგებია, თუ რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ მიიჩნია, რომ საარჩევნო პროცესზე დაკვირვების ასეთი მაღალი ხარისხი მის შედეგს დააზარალებდა.
- საქართველო პატარა ქვეყანაა, ამიტომ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელთა შორის ბევრმა ამოიცნო ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები, ამაზე ლაპარაკობდნენ უკრაინელებიც...
- ცალკე დამკვირვებლის პროფესია არ არსებობს, შესაბამისად, ვიღაც ან ძალოვან სტრუქტურაში იმუშავებს, ან პარლამენტში, ანაც არასამთავრობო ორგანოში. სადმე წერია, რომ ექიმი არ შეიძლება აკვირდებოდეს არჩევნებს?! არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ქართველმა დამკვირვებლებმა ხელი შეუშალეს საარჩევნო პროცესს. ვინმემ საარჩევნო ყუთი დაწვა ან გაიტაცა?
- ამბობენ, რომ აპირებდნენ, მაგრამ ამის საშუალება არ მისცეს...
- ვარაუდებზე ლაპარაკი როგორ შეიძლება? ზოგიერთი სიურრეალიზმში გადაიჭრა, ლუგანსკში მომხდარ აფეთქებაში ეძებდნენ ქართველთა კვალს... ეს ყოვლად დაუსაბუთებელი ბრალდებებია. ეს არ ყოფილა ქართული დესანტი...
- თუმცა იმ ფარულ ჩანაწერში თარგამაძე სწორედ ასეთ დესანტზე ლაპარაკობდა...
- გივი თარგამაძემ გააკეთოს კომენტარი იმის შესახებ, რაც მას უკავშირდება. მე საჯარო პოლიტიკის მომხრე ვარ. მოვუსმინე პრეზიდენტ სააკაშვილს, მან განაცხადა, რომ საქართველო დაინტერესებულია უკრაინაში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებით და რომ ნებისმიერ ლიდერთან, ვინც გაიმარჯვებს, საქართველოს ხელისუფლებას ნორმალური და კეთილგანწყობილი ურთიერთობა ექნება.
- საკმაოდ მკაცრად შეაფასეთ ზურაბ ნოღაიდელის ვიზიტები რუსეთში, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად ამბობთ, რომ საჭიროა ამ ქვეყანასთან ურთიერთობის აღდგენა.
- რუსეთთან დღესაც ვლაპარაკობთ შუამავალი ქვეყნის - შვეიცარიის დახმარებით. ცუდია, რომ არ გვაქვს პირდაპირი კომუნიკაცია, მაგრამ ეს არ ხდება საქართველოს მიზეზით. ჩვენ არ შევჭრილვართ რუსეთში და არ დაგვიპყრია ტერიტორიები. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე რუსეთთან ურთიერთობა არ გაუმჯობესდება.
- თუ საკითხი ასე დგას - საქართველოს საგარეო კურსის შეცვლის ნაცვლად ტერიტორიული მთლიანობა...
- ვნახეთ, რომ ნოღაიდელი ჩავიდა მოსკოვში და ელაპარაკა რუსეთის ლამის პირველ პირებს, თუმცა ამის შემდეგ ლავროვმა თქვა, რომ ეს ურთიერთობა გაგრძელდება კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებთან და რომ ისინი აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ოღონდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე. არავის უთქვამს, რომ პოლიტიკური კურსის ცვლილების შემთხვევაში რუსეთი დაუბრუნდება ომამდელ სტატუს კვოს და თავის გადაწყვეტილებებს უკან წაიღებს. ბოლო ხანს ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში უნდა გაჩნდეს ჩრდილოური ვექტორი. კი ბატონო, ნებისმიერ თვალსაზრისს აქვს არსებობის უფლება.
უბრალოდ, ვერ ვხედავ რაციონალურ დასაბუთებას, თუ რატომ უნდა არსებობდეს საქართველოში პრორუსული პოლიტიკა და რა საფუძველი აქვს ამ ვექტორს?! თუ ნოღაიდელი და მისი მეგობრები გვეტყვიან, რა მოჰყვება სასარგებლო ჩვენთვის პრორუსულ ვექტორს, ამის შემდეგ შესაძლოა ვიმსჯელოთ ამ თემაზე, მაგრამ ასეთი ვერაფერი მოვისმინეთ. არ მესმის, მას შემდეგ, რაც რუსეთი 2008 წელს შენს ქვეყანას ბომბავდა, ხალხს ხოცავდა, არაადამაინურად იქცეოდა, კრემლში რა კეთილშობილური მიზნით უნდა ჩახვიდე და პუტინს ელაპარაკო?! დღეს ნოღაიდელისა და ძიძიგურის მოტივაცია იგივეა, რაც თავის დროზე კიტოვანსა და სიგუას ჰქონდათ.
- რას გულისხმობთ?
- მათ ისეთი მცირე საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვთ, იციან, რომ პოლიტიკურ ბრძოლაში წარმატებას ვერ მიაღწევენ, ამიტომაც მათი სწრაფვა რუსეთისკენ არის ნაზავი პატივმოყვარეობისა და ქართველ საზოგადოებაზე შურისძიების მცდელობისა. პოლიტიკურ ასპარეზზე ადგილის შესანარჩუნებლად მზად არიან, შეეკრან მტერს და მეხუთე კოლონის რიგებში ჩადგნენ, რაც მათი მარგინალიზაციის პროცესს დააჩქარებს. ერთადერთი, რასაც ეს ადამიანები შეიძლება დაეყრდნონ, არის რუსეთის მხრიდან დაუფარავი და შეიარაღებული აგრესია საქართველოს მიმართ, რაც ერთხელ უკვე გამოუვიდათ, ეს მოხდა 1991 წელს. მაქვს ფუნდამენტურად განსხვავებული თვალსაზრისი პოლიტიკურ გაერთიანებასთან "ალიანსი საქართველოსთვის", მაგრამ შეუძლებელია არ ვთქვა, რომ ამ ადამიანებს აქვთ ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერა, შესაბამისად, აქვთ წარმატების მიღწევის შანსი მომავალ არჩევნებშიც.
- ხელისუფლება ხშირად ამბობს, რომ საზოგადოების დიდი მხარდაჭერა აქვს, მაშ, რისთვის სჭირდება პრეზიდენტს ისეთი ტელესპექტაკლების დადგმა, როგორიც გურიაში კალანდობას დადგეს?
- რას მელაპარაკებით, რა კალანდობა?.. ესეც ოპოზიციის მოგონილი იქნება, ჩვენს ოპოზიციონერებს ვურჩევ, ნუ ბრაზობენ ქალაქების აშენებაზე, საქართველოში საუკეთესო მომღერლების ჩამოსვლაზე, ნუ ანერვიულებთ შავი ზღვის ახალი სასწაული - ბათუმი, არ არის საჭირო ამ ზღაპრების მოგონება...- რა ზღაპრები, ბატონო ნუგზარ, სპექტაკლი ხელისუფლებამ დადგა, როდესაც საქმე ისე წარმოაჩინა, თოთქოს პრეზიდენტს გურულმა ოჯახმა უმასპინძლა, არადა, ყველაფერს დაქირავებული მსახიობები თამაშობდნენ თურმე...
- მსახიობია თუ ფეხბურთელი, ყველა საქართველოს მოქალაქეა და ყველას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ასეთ ღონისძიებებში... ამაზე ლაპარაკი არც პოლიტიკურ რეიტინგს მატებს ოპოზიციას და არც თქვენს გაზეთს შესძენს მკითხველს, მერწმუნეთ.
ნათია დოლიძე
”ყველა სიახლე”
http://www.ambebi.ge/politika/15952-qra-ka...li-iqnebaq.htmlვეთანხმები ბატონ წუგზარს, თავიდანვე ვამბობდი რომ ეს ყველაფერი ამ ჟოპოების მოგონილი იყო. უკვე ვეღარ იკავებენ ბოღმასა და დეზლს და აღარ იციან მუხტი სად ნახონ
ჟოპოებო თქვენს ჯინზე ჩემი პრეზიდენტი გაამთლიანებს და გააბრწყინებს საქართველოს, სადაც ბათუმი მეორე ბარსელონა, ხოლო ფოთი მეორე დუბაი იქნება. მე მჯერა მისი
This post has been edited by barcafan on 28 Jan 2010, 16:47