ამ ინტერვიუს წაკითხვამდე მინდა გამცნოთ რომ გუბაზა, მსუქანია, აზროვნება არ შეუძლია და სამშობლო არ უყვარს!*****************************************************
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე თვალსაზრისს გამოხატავს "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე.
- ბატონო გუბაზ, რას იტყვით "იმედის" ეთერში 13 მარტს გასულ იმიტირებულ "ქრონიკაზე"?
- მსგავსი რამ არ შეიძლებოდა ჯანმრთელი ადამიანის ტვინში "მოხარშულიყო". ეს არის საარაკო ამბავი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სააკაშვილს ქვეყანა კი არა, ასანთიც არ უნდა ჩაუგდო ხელში. მსოფლიოს წარუდგინეს საქართველოს დამოუკიდებლობის ფატალური დასასრული, ისე, რომ მტრისთვის წინააღმდეგობა არავის გაუწევია.
სააკაშვილმა, როგორც ჩანს, ამ ფორმით სცადა წარმოედგინა საზოგადოებისთვის საკუთარი სიმამაცე. რეალურად ეს არ გამოსდის, გორში ვნახეთ, როგორ მიძვრებოდა სოროში, ახლა კი გვაჩვენეს, რომ ის მტერს ან შეეწირება, ან იატაკქვეშეთიდან განაგრძობს ბრძოლას... არადა, ამ გადაცემის მიმდინარეობისას ქუთაისში, სამხედრო ნაწილში გამოცხადდა განგაში, ესაა სახელმწიფო?!
ეს ყველაფერი პრეზიდენტის ხელდასხმით მოხდა, აბა, ამას "იმედი" მის გარეშე როგორ გაბედავდა?!
- მოვლენების ამ სცენარით განვითარებაც რეალურად მიგაჩნიათ?
- ვეჭვობ, ხელისუფლებას ძალიან უნდა ასე განვითარდეს მოვლენები. სააკაშვილი ხვდება, რომ უნდა წავიდეს და როგორც ჩანს, ურჩევნია, ქართველმა ხალხმა კი არ გაუშვას, არამედ რუსის ტანკებმა განდევნონ, მერე ალექსანდრე ბატონიშვილობა და ქაქუცა ჩოლოყაშვილობა მაინც რომ დაიჩემოს. მიხვდა, რომ დავით აღმაშენებლობა აღარ გამოსდის...
- თუმცა ის დღეს პრეზიდენტია...
- სწორედ ეს არის ჩვენი ქვეყნის ტრაგედია, მაგრამ სააკაშვილი არ არის ამის მიზეზი, ის შედეგია. მიზეზი კი ვართ ჩვენ, ქართველი საზოგადოება. თუ მაღალი კულტურისა და ზნეობის საზოგადოება ხარ, არ შეიძლება ასეთი ხელისუფალი გყავდეს.
- ისტორიკოსი სვიმონ მასხარაშვილი აცხადებს, რომ მერაბიშვილების გვარი ბაგრატოვანთა ერთ-ერთი შტოდან მოდის... (ინტერვიუ სვიმონ მასხარაშვილთან იხილეთ მე-16 გვერდზე. - რედ.).
- სვიმონ მასხარაშვილს საბოლოოდ გაუფრენია... უნდა, რომ ვანო მერაბიშვილი ბაგრატოვანთა მემკვიდრე გახდეს? ისე, არ არის, რო?! ახლა გვირგვინი არ მოუხდება, ეს თვითონაც იცის და იმიტომ არ იდგამს, ალბათ... აუ, რა საინტერესო იქნება, საქართველოში მონეტა რომ მოიჭრას, რომელსაც ვანოს გამოსახულებას მიახატავენ (იცინის)... არავითარი ისტორიული საფუძველი მერაბიშვილის ბაგრატიონობას არ აქვს და სამარცხვინოა ამაზე ლაპარაკი. ყველა თავისას უბერავს ამ ქვეყანაში და მასხარაშვილი ხომ არ ჩამორჩებოდა?
- თქვენ წეღან საზოგადოების როლზე ლაპარაკობდით, რა შეუძლია დღეს საზოგადოებას?
- ის მაინც უნდა შეძლოს, რომ სიმახინჯე, რაც ქვეყანაში გამეფდა, არ აიტანოს, ჩვენ კიდევ ვითმენთ, ვიტანთ... ხან ადგილობრივი არჩევნებით ვიტყუებთ თავს, ხან - გამოგონილი ერთობით.
- როგორ შეაფასებთ ოპოზიციაში მიმდინარე მეტად გაუგებარ პროცესებს?
- გამაგებინეთ, ოპოზიციის იქით სად არ მიმდინარეობს გაუგებარი პროცესები? რით სჯობს ქართველი საზოგადოება ქართველ ოპოზიციას ან რით სჯობს ხელისუფლება ოპოზიციას? კარგი ცხოვრება და ბედნიერი ქვეყანა გვინდა, მაგრამ ამას როგორ მივაღწიოთ, ვიცით? ამისთვის ტელევიზორთან კოტრიალი და ყველას გინება კმარა? მე, გუბაზ სანიკიძეს, ქვეყნის წინაშე სხვაზე მეტი არ მევალება, შესაძლოა, პასუხისმგებლობა ვიღაცაზე მეტი მაქვს, მაგრამ სამშობლოზე ზრუნვა და ფიქრი ყველას ვალია. დიდი უწიგნურობა და უმეცრება მეფობს ჩვენს ქვეყანაში, საზოგადოების ნებისმიერ ფენაში. აქ არც ელიტა არსებობს და არც დაბალი ფენა, ყველა ერთნაირი ვართ. დამფრთხალი რომ იყო ამ 25-წუთიანი გადაცემით და გარბოდა მთელი საქართველო, სად გარბოდა?!
- ბატონო გუბაზ, მთლად ასეც არ არის საქმე, უამრავი ადამიანი ვიცი, ვინც იარაღის ხელში ასაღებად მოხალისედაც გარბოდა...
- რა თქმა უნდა. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ასეთი ადამიანები არ გვყავდეს. ხელისუფლებამ დადგა კოშმარული სპექტაკლი, სადაც ქართული ჯარი რუსეთის მხარეს გადავიდა, არსად ჩანდა არც პრეზიდენტი, არც პარლამენტი და არც მთავრობა. არავინ იცის, სად იყო და რას აკეთებდა ბაგრატიონების "ნატეხი" მერაბიშვილი. ამ სპექტაკლის მოდელშიც კი გამოჩნდა, რომ ჩვენ არ ვართ ერი, არ ვართ საზოგადოება და არ გვაქვს სახელმწიფო...
- აბა, ვინ ვართ?
- ჩვენ ვართ "საქართველოს მოსახლეობა". ეს ტერმინიც ტელევიზიებმა დაამკვიდრეს. ისე, "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტმა ერთხელ თქვა: "ქართველი მოსახლეობით დასახლებული მოსახლეობა", აი, ვინ ვართ! გული მისკდება და ისე ვლაპარაკობ ამას, ეს არ არის ცინიზმი, ეს არის საკუთარი უბედურების გლოვა.
- იქნებ, ამ უბედურებისგან თავდასაღწევი ალტერნატივაც შემოგვთავაზოთ...
- ავისა და კარგის გარჩევა უნდა ვისწავლოთ, როცა ამბობენ, ვეღარ გავიგეთ ვის გავყვეთო, რა ვერ გაიგეს, კაცო? სხვა თუ არაფერი, კახა შარტავასა და ზურაბ ნოღაიდელს შორის განსხვავებას როგორ ვერ ხედავენ?! "ეროვნულ ფორუმში" არის ორი ადამიანი: რეზო შავიშვილი და ნოდარ ჯავახიშვილი, რომლებსაც შეეძლოთ ოფიციალური მილიარდერები ყოფილიყვნენ ქვეყნის ხარჯზე. რატომ არ არიან, ამას არ აქვს თქვენთვის მნიშვნელობა?!
- რა ქნას ხალხმა, თქვენ არჩევანის საშუალებას არ აძლევთ, რადგან არ აპირებთ მომავალ არჩევნებში მონაწილეობას...
- თბილისის მერობა ვერ გადაწყვეტს ამ ქვეყნის პრობლემებს. განსაკუთრებით ამ ე.წ. მოდელირებული სიუჟეტის შემდეგ გამოჩნდა, რომ ხელისუფლება ხმამაღლა გვეუბნება, მე უნდა გავაყალბო არჩევნები და თუ ოპოზიცია მოიგებს, სისხლის ღვრაზე ვარ წამსვლელიო. ახლა ვარკვიოთ კიდევ, არჩევნებში უნდა მივიღოთ მონაწილეობა თუ არა? რა თქმა უნდა, არ უნდა მივიღოთ და სხვა გზა უნდა მოვძებნოთ. ეს გზაა ეროვნული დაუმორჩილებლობა. ჩვენ ვემზადებით ამისთვის, ეროვნულმა დაუმორჩილებლობამ უნდა უზრუნველყოს დემოკრატიული საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ამ ქვეყანაში.
- თუმცა ოპოზიციის დიდი ნაწილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს...
- ვინ უშლის მერე? უბრალოდ, ვაფრთხილებ: ჩემო ძვირფასებო, კისერს კიდევ ერთხელ წაიტეხთ...
- ლაპარაკობენ, რომ თითქოს ეროვნული ფორუმი" თბილისის მერის არჩევნებში ირაკლი ალასანიას დაუჭერს მხარს...
- ტყუილია. ჩვენ არ ვმონაწილეობთ ამ პროცესში და არც ვაპირებთ ვინმეს მხარდაჭერას. მე ვთქვი, ამ ეტაპზე ალასანია რეიტინგულია-მეთქი, სულ ეს იყო... ქართულ ოპოზიციას აქვს ერთი დიდი პრობლემა - უპრინციპობა, სხვათა შორის, ქართველ საზოგადოებასაც... ეს ხელისუფლება რით გვაშინებს, იცით? რომ ის ყველაფერზეა წამსვლელი ძალაუფლების შესანარჩუნებლად, რომ შეუძლია ამისთვის სისხლის დაღვრა, ჩვენ უნდა მოვახერხოთ და დავანახვოთ, რომ არ გვეშინია მისი და არ დავიხევთ უკან. ჩვენ ამაში აქამდე ვერ დავარწმუნეთ სააკაშვილი...
- ხომ ფაქტია, რომ რუსეთიდან საფრთხე რეალურად გვემუქრება...
- ნამდვილად, მაგრამ ამ საფრთხეს ეს ხელისუფლება უფრო ამწვავებს. ამერიკის ელჩიც "შულავერის კომიტეტის" წევრი ხომ არ არის, როცა ამბობს, რომ ამ უპასუხისმგებლო გადაცემით საქართველოს უსაფრთხოების პრობლემები გაიზარდაო... ეს მან თქვა, მე ხომ არ მითქვამს?
- ბურჯანაძეს და ნოღაიდელს თქვენც "შულავერის კომიტეტის" წევრებად მიიჩნევთ?
- არა, რა თქმა უნდა... მე მათთან სხვა პრეტენზია მაქვს. აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა საკუთარ ნამოქმედარზე და დაანებონ ამ ქვეყანას თავი. გაემიჯნო მიშას, ეს საკმარისი არ არის! მერაბიშვილი რომ გამოვარდეს და თქვას, ოპოზიციონერი ვარო, უნდა დავუჯეროთ? ან მიშა რომ წავიდეს ოპოზიციაში, უნდა მივიღოთ და ჩავიხუტოთ? ამ ქვეყნის დაქცევას ვერავის ვაპატიებთ.
- თქვენც "ჭექაქუხილისტების" ბანაკში ხართ?
- არა, ჩვენ "სეტყვისტების" ბანაკში ვართ... ჭექა-ქუხილი მინახავს, წვიმის გარეშე რომ ჩაუვლია... ჭექაქუხილისტებთან "ფორუმს" ვეღარასდროს ნახავთ. სეტყვა იშვიათად მოდის, თან ისე, რომ არავინ იცის, როდის... ჩვენ ვაპირებთ ხელისუფლებიდან სააკაშვილის გაშვებას...
- არა მგონია, ქართველი საზოგადოების გარეშე ეგ საქმე გამოგივიდეთ...
- რა თქმა უნდა, ამის მონაწილე იქნება ქართველი საზოგადოება, მაგრამ საზოგადოებაში ე.წ. ცნობად სახეებს არ ვგულისხმობ. მაგათ შეიძლება ვერც გაიგონ, რა და როგორ მოხდება... ამ "ცნობადმა" სახეებმა, მიშას არღნის ჩიტებმა დაღუპეს საქართველო! მიშას არღანზე შემოსკუპებული რამდენი ჩიტი ვნახეთ "იმედის" გადაცემაშიც... 13 მარტის საერთო-ეროვნული ფსიქოზის მოწყობის თანამონაწილენი ისინიც იყვნენ.
გავოგნდითო, ისე როგორ გაოგნდნენ, რომ ვერ წამოდგნენ და გამოვიდნენ? ნახევარკაცებისა არაფერი მწამს... ჩემი უმძიმესი შეფასებების მიუხედავად, დიდი ოპტიმისტი ვარ. უცნაური ქვეყანაა საქართველო, ამდენი ხიფათი აქვს და, ამის მიუხედავად, უზარმაზარ პერსპექტივასაც ინარჩუნებს. მაგრამ მათ განხორციელებამდე ქართველებმა ავისა და კარგის გარჩევა უნდა ვისწავლოთ. კიდევ ერთი კითხვა უნდა დავსვა: ქართველებო, ჩემო ძვირფასებო, ვანო მერაბიშვილის უფრო გეშინიათ თუ ღმერთის?!
ნათია დოლიძე
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)
http://www.ambebi.ge/politika/18001-qqarth...ghmerthisq.html