სომხეთის ეკლესიის მეთაური ბაქოში ჩავიდაhttp://commersant.ge/index.php?pg=nt&id=16934&ct=23აზერბაიჯანის სულიერი ლიდერი: სომხეთთან კონფლიქტის გადაჭრისთვის ვმუშაობთ
რადიო "თავისუფლება" (tavisupleba.org), სალომე ასათიანი, ქვეყნდება შემოკლებით სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაური, კათალიკოსი გარეგინ მეორე პირველად ჩავიდა აზერბაიჯანში. ის მონაწილეობს ბაქოში მიმდინარე სამიტში, რომელმაც მთელი მსოფლიოდან დაახლოებით 200 რელიგიურ ლიდერს მოუყარა თავი.
გარეგინ მეორე სამიტზე აზერბაიჯანის შიიტმა სულიერმა ლიდერმა შეიხ ულ-ისლამ ალაჰშუქურ ფაშაზადემ და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა კირილემ მიიწვიეს.
სამიტის კულუარებში სამმა რელიგიურმა ლიდერმა ცალკეც გამართა შეხვედრა, რომელზეც, კირილეს თქმით, მთიანი ყარაბახის ირგვლივ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
გარეგინ მეორემ, თავის მხრივ, აზერბაიჯანის სულიერი ლიდერი სომხეთში დაპატიჟა.
თავის გამოსვლაში გარეგინ მეორემ რელიგიურ ლიდერებს მსოფლიოში არსებული კონფლიქტების გადაჭრაში დახმარებისკენ მოუწოდა და უშუალოდ მთიანი ყარაბახის კონფლიქტი ახსენა:
„უნდა გავაგრძელოთ პრობლემის მშვიდობიანი მოგვარების გზების ძიება. პრობლემები საერთაშორისო სამართალსა და ერების უფლებებთან თანხვედრით უნდა გადაიჭრას“, - თქვა სომხეთის სულიერმა ლიდერმა და დასძინა: „როგორც სომხეთის პარტიარქს, ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია გავაგრძელოთ პრობლემის გადაჭრის გზების ძიება კავკასიელი მუსულმანების მეთაურ შეიხ ულ-ისლამ ალაჰშუქურ ფაშაზადესთან ერთად. ეს ჩვენი ვალია.“
მთიანი ყარაბახის საკითხი აზერბაიჯანის სულიერმა ლიდერმაც ახსენა. „ჩვენ სომხეთთან კონფლიქტის გადაჭრისთვის ვმუშაობთ“, - თქვა ფაშაზადემ და დასძინა: „სომხეთის კათალიკოსთან რამდენიმე შეხვედრა გვქონდა. ჩემი აზრით, ის, რომ სომხეთის კათალიკოსმა მოწვევა მიიღო და სამიტზე ჩამოვიდა, მნიშვნელოვანი ფაქტორია.“
გარეგინის ვიზიტს აზერბაიჯანში მცირე მასშტაბის საპროტესტო აქციაც მოჰყვა, რომელიც „ყარაბახის გათავისუფლების ორგანიზაციად“ წოდებული რადიკალური ჯგუფის მიერ იყო ორგანიზებული.
ჯგუფის თორმეტიოდე წევრმა, რომელთა შორის, როგორც თვითონ აცხადებდნენ, ომში დაღუპულთა მშობლებიც იყვნენ, ბაქოში მოაწყო აქცია, რომელიც მოგვიანებით დაშალეს.
სამიტში მონაწილეობას დაახლოებით 30 ქვეყნის სულიერი ლიდერები იღებენ. განსახილველ საკითხებს შორის არის გლობალიზაცია, კონფლიქტების გადაწყვეტის გზები, ეკუმენიზმი და რელიგიის როლი საჯარო ცხოვრებაში. სამიტი სამშაბათს დამთავრდება.
სამიტში მონაწილეობა უნდა მიეღო საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორესაც, მაგრამ მისი ვიზიტი არ შედგა. გავრცელებული ინფორმაციით, ილია მეორე ამჟამად ჩეხეთში გადის მკურნალობის კურსს, რომლის კიდევ რამდენიმე დღით გაგრძელებაც მას ექიმებმა ურჩიეს. საქართველოს სამიტზე ეპისკოპოსი გერასიმე წარადგენს.
გავრცელებული ცნობებით, სამიტის კულუარებში გათვალისწინებულია აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის შეხვედრა გარეგინ მეორესთან. ალიევმა სამიტის მონაწილეებს გაუმხილა თავისი იმედი , რომ ერთ დღეს ბაქო „რელიგიებს შორის დიალოგის“ ცენტრად გადაიქცევა.