ბობ მარლი (ინგლ. Bob Marley, სრული სახელი და გვარი რობერტ ნესტა მარლი ) (დ. 6 თებერვალი, 1945, იამაიკა – გ. 11 მაისი, 1981, მაიამი, ფლორიდა, აშშ) — იამაიკელი მუსიკოს-გიტარისტი და კომპოზიტორი.
მუსიკალური მიმდინარეობის რეგის ერთ-ერთი დამაარსებელი და მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. 1970-იან წლებში ჯგუფ „The Wailers“-თან ერთად გაითქვა სახელი. მისი სიმღერები ხშირად ატარებდა სოციალურ და პოლიტიკურ ხასიათს.
ბობ მარლი, მარტინ ლუთერ კინგთან და ნელსონ მანდელასთან ერთად, ითვლება ცნობილ მებრძოლად შავკანიანების დაჩაგვრის წინააღმდეგ.
ადრეული წლები
ბობ მარლის მამა ნორვალ მარლი წარმოშობით ევროპელი თეთრკანიანი იყო, რომელიც დიდი ბრიტანეთის საზღვაო სამხედრო ძალების ოფიცერი იყო, შემდეგ კი იამაიკის ერთ-ერთი პლანტაციის მმართველად მსახურობდა. აქ გაიცნო 18 წლის იამაიკელი სედელა ბუკერი, რომელთანაც მალე ბობ მარლი შეეძინა. ოჯახის ზეწოლის გამო ნორვალმა მიატოვა სედელა, მაგრამ დედა-შვილს ფინანსურ მხარდაჭერას მაინც უწევდა და ხანდახან სტუმრობდა კიდეც მათ.
1950-იანი წლების დასასრულს, ბობი და დედამისი იამაიკის დედაქალაქ კინგსტონის უღარიბეს რაიონში - თრენჩთაუნში გადაბარგდნენ. აქ მან ნევილ ლივინგსტონი, მეტსახელად "ბანი" გაიცნო, რომელთან ერთადაც მუსიკალურ კარიერაში პირველი ნაბიჯები გადადგა. სკოლის დამთავრების შემდეგ, ბობ მარლიმ შემდუღებლად დაიწყო მუშაობა. თავისუფალ დროს იგი და "ბანი" ცნობილ იამაიკელ მუსიკოს - ჯო ჰიგსთან უფასო ვოკალურ გაკვეთილებს ესწრებოდნენ.
The Wailers
16 წლის ბობ მარლის დებიუტი შედგა სიმღერით "Judge Not", რომელიც ჯო ჰიგსთან ერთად დაწერა. 1963 წელს, იმავე ჰიგსის დახმარებით, ბობ მარლიმ ჩამოაყალიბა ვოკალური ჯგუფი "The Wailers", რომელშიც შედიოდნენ პიტერ ტოში (მაკინტოში), "ბანი" ლივინგსტონი, ჯუნიორ ბრეითუერთი, ჩერი გრინი და ბევერლი კელსო. მათი პირველივე სინგლის - "Simmer Down"-ის 80 ათასი ეგზემპლიარი გაიყიდა 1964 წელს. მიუხედავად ასეთი წარმატებისა The Wailers 1965 წელს ჯერ ტრიო გახდა, შემდეგ წელს კი საერთოდ დაიშალა.
გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბობ მარლი ა.შ.შ.-ში ერთ-ერთი საავტომობილო ქარხნის დამხმარე მუშად მუშაობდა. თუმცა, მალე იგი იამაიკაში დაბრუნდა და The Wailers აღადგინა.
1971 წელს ჯგუფმა ხმის ჩამწერი სტუდია "Tuff Gong" დააარსა. 1972 წელს "The Wailers"-მა, როგორც იქნა, კონტრაქტი გააფორმა საერთაშორისო ფირმა "Island Records" და პირველი ალბომი - "Catch A Fire" გამოსცა. ჯგუფს დაეხმარა ცნობილი მუსიკოსი ერიკ კლეპტონი, რომელმაც ჯგუფის ალბომში თავისი სიმღერა "I Shot The Sheriff" შეაყვანინა, რომელიც მსოფლიო ჰიტად იქცა.
1973 წელს The Wailers-ს გასტროლები ჰქონდა ა.შ.შ.-ში; მალე კი - ტოშმა და ლივინგსტონმა სოლო კარიერა დაიწყეს.
Bob Marley & The Wailers
ბობ მარლიმ The Wailers-ის შემადგენლობაში ქალთა ტრიო გააწევრიანა და ჯგუფს "Bob Marley And The Wailers"-ი დაარქვა; შემდეგ კი აფრიკაში, ევროპისა და ორივე ამერიკის კონტინენტზე გასტროლები მოაწყო.
ბობ მარლის პოპულარობა არნახული ტემპებით იზრდებოდა. მისი სიმღერები No Woman No Cry; Exodus; Waiting In Vain; Satisfy My Soul; Jamming; Is This Love, Buffalo Soldier და Could This Be Loved - სხვადასხვა ქვეყნის ჰიტ-პარადებში ლიდერობდნენ.
იამაიკაში იგი ნამდვილ საკულტო ფიგურად იქცა. იგი ცნობილი იყო თავისი პოლიტიკური და ეთნიკური სიმღერებით. ბობ მარლი რასიზმსა და ადამიანთა ჩაგვრას თავისი სიმღერებით ეწინააღმდეგებოდა. მსმენელი კი მის აზრს სრულად იზიარებდა და ცდილობდა მარლისთვის ყველა ასპექტში მიებაძა.
1976 წელს იგი ადგილობრივ პოლიტიკაში იქნა ჩათრეული და მასზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. მძიმე ჭრილობის მიუხედავად, ბობ მარლიმ ყველა დაგეგმილი კონცერტი ბოლომდე ჩაატარა და განაცხადა, რომ ამქვეყნად ძალიან ბევრი ბოროტებაა და რომ მას არ ჰქონდა უფლება თუნდაც ერთი დღე უქმედ გაეტარებინა
სიცოცხლის უკანასკნელი წლები
1977 წელს ბობ მარლის ავთვისებიანი სიმსივნე - მელანომა აღმოაჩნდა ფეხის თითებზე (საფეხბურთო ტრავმის შედეგად). მარლიმ უარი განაცხადა ამპუტაციაზე (ნაწილობრივ რელიგიური შეხედულების გამო). ბობ მარლი შავკანიანთა სიმბოლოდ ითვლებოდა. იგი აგრძელებდა გასტროლებს ზიმბაბვეში, გერმანიაში; მაგრამ მას მოუწია ამერიკული ტურნეს შეწყვეტა. Madison Square Garden-ზე ჩატარებული კონცერტების შემდეგ, ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში სირბილისას მან გონება დაკარგა. მიუნხენში გავლილი მკურნალობის კურსი უშედეგო აღმოჩნდა. 1980 წლის 4 მაისს ბობ მარლი ეთიოპიის მართლმადიდებლურ ეკლესიაში მოინათლა და ბერჰანე სელასიე (არქაულ ენაზე - "წმიდა სამების ნათელი") დაირქვა. მარლი იამაიკის ღირსების ორდენით დაჯილდოვდა. მას სიცოცხლის უკანასკნელი დღეების გატარება მშობლიურ იამაიკაში სურდა, მაგრამ ჯანმრთელობის გაუარესების გამო ფრენა მაიამიში, ფლორიდაში შეწყვიტეს. ინტენსიური მკურნალობის მიუხედავად, 1981 წლის 11 მაისს ბობ მარლი გარდაიცვალა. მისი უკანასკნელი სიტყვები, რომელიც თავის ვაჟს უთხრა, იყო: "ფულით ცხოვრებას ვერ იყიდი" ("Money can't buy life"). იგი ეთიოპიური მართლმადიდებლური ეკლესიის წესებით, რასტაფარიანიზმის ტრადიციების მიხედვით იამაიკაში დაკრძალეს. მას თან ჩააყოლეს ელექტროგიტარა Gibson Les Paul, ფეხბურთის ბურთი, მარიხუანას გრაგნილი, ბიბლია და ბეჭედი, რომელსაც ის მუდამ თან ატარებდა (ეთიოპიის პრინცის, ჰაილ სელასიე I-ს უფროსი ვაჟის საჩუქარი).
შთამომავალი
ბობ მარლიმ ოფიციალურად 12 შვილი დატოვა, 11 საკუთარი და ერთიც ნაშვილები, მაგრამ არასანდო წყაროების მიხედვით 22 დან 46 მდე მერყეობს.
მეუღლე რიტა: დევიდ მარლი (Ziggy), კანდელა (Cedella) და სტივენ (Stephen), სტეფანი (Stephanie).
სინდი ბრეიკსპირი(Cindy Breakspeare): დემიან(Damian)
ლუსი პაუნდერი: ჯულიანი(Julian)
ჯენეტ ბოუენი: კერენი
ივეტ კრიჩტონი: მაკედა
ანიტა ბელნეივისი: კი-მანი
პატრისია უილიამსი: რობი
ჯენეტ ჰანტი: როჰენი
ნაშვილები: შერონი(რიტას ქალიშვილი)
P.S. მოდერ ძებნაში მივუთითე ბობ მარლი ინგლისურადაც და ქართულადაც მაგრამ რავი ვერ ვნახე, არა მგონია არ ყოფილიყო და მაინც გთხოვ warn არ მომცე, თუ რამეა დახურე თემა.
მიმაგრებული სურათი