NobodysFool
დეზინფექცია

    
ჯგუფი: Members
წერილები: 4634
წევრი No.: 6133
რეგისტრ.: 26-August 04
|
#18847021 · 3 Apr 2010, 22:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
„ქართული ლიბერალიზმის“ ხიზნები
„მე ლიბერალი ვარ! ძირს პრორუსულობა“ 02.04.2010
გიორგი უძილაური
„მე ლიბერალი ვარ! ძირს პრორუსულობა“ ასეთი სახელწოდების ჯგუფი არსებობს საქართველოში დღეისათვის ყველაზე პოპულარულ, მაგრამ ყველა „არენის“ მსგავსად პოლიტიკურ არენად ქცეულ „ფეისბუკ“-ზე და მას დღეისთვის 1000-ზე მეტი წევრი ყავს, რომელთა 90%-ს ახალგაზრდობა შეადგენს. ჯგუფის ერთ–ერთი წევრია ახალი დეკლარირებულად ლიბერალური ჟურნალი „ტაბულაც“. ამ ჟურნალს მისი დამფუძნებლის, რედაქტორის და გიგა ბოკერიას მეუღლის(„გავლენიანი ქართველების მეუღლეთა“ აქტივობის ასპარეზმა მთელი „არა–პოლიტიკური“ სივრცე დაიპყრო და „გავლენის“ სეგმენტებად გადაანაწილა) _ თამარ ჩორგოლეიშვილის თანამოაზრე „ლიბერთარიანელი ბიზნესმენები“ აფინანსებენ: ლადო გურგენიძე, დავით კეზერაშვილი, კახა ბენდუქიძე, კობა ნაყოფია... ჟურნალს არაფერს ვერჩით, დემოკრატიაც და ლიბერალიზმიც იძლევა საშუალებას, რომ არსებობდნენ ამგვარი გამოცემებიც. აქ ყურადრება გამახვილდება იმ იდეოლოგიის ალტერნატიულ ხედვაზე, რომელიც ჟურნალსაც, მის დამფინანსებლებსაც, ავტორებსაც და ხელისუფლებასაც სახელმწიფო იდეოლოგიის რანგში აქვთ აყვანილი. კიდევ მივუბრუნდეთ ჯგუფის სახელს, უფრო ზუსტად „ლოზუნგს“ – „მე ლიბერალი ვარ! ძირს პრორუსულობა“ ამ „ლოზუნგის“ პირველ ფრაზას – „მე ლიბერალი ვარ!“ ანალოგიურად წარმატებით შეიძლება დაუკავშირდეს ნებისმიერი „პრო“, „პოსტ“ „ტრანს“ „ძირს“, „გაუმარჯოს“ „ანტი“ და სხვა თავსართებიანი ფრაზები, რადგან როგორც ლიბერალიზმის იდეოლოგები თავად განსაზღვრავენ, ლიბერალიზმი ყოველთვის არ ნიშნავს დემოკრატიას, „ლიბერალიზმი შეიძლება განვმარტოთ, როგორც უბრალოდ კანონის უზენაესობა, როდესაც აღიარებულია გარკვეული პიროვნული უფლებების დამოუკიდებლობა ხელისუფლების კონტროლისაგან“. ლიბერალიზმი სამოქალაქო სფეროში იბრძვის პიროვნებისა და საკუთრების სახელმწიფოსგან დამოუკიდებლობისთვის, რელიგიური რწმენის არჩევის თავისუფლებისთვის, პოლიტიკაში საზოგადოების დაუზარალებელი თავისუფლებისთვის, ეკონომიკაში კი კერძო საკუთრებისა და ბაზრის საფუძველზე დამყარებული თავისუფალი ვაჭრობისთვის. ლიბერალიზმის ამ პრინციპებს თუ გავიაზრებთ, აღმოჩნდება, რომ საქართველოში რაღაც სხვანაირი, ორიგინალური და უპრეცენდენტო ლიბერალიზმი ყვავის, აქ შექმნილია ლიბერალიზმის ახალი ნაირსახეობა – „ქართული ლიბერალიზმი“, უფრო სწორად „ექსკლუზიურად სახელისუფლებო ლიბერალიზმი“. თუმცა, არსებულ ჩინოვნიკებზე მეტად ამ ახალ მუტაციას დისკურსულად წარმოადგენს ე.წ. საზოგადოებრივ ბრძენთა ჯგუფი. „ქართული ლიბერალიზმის“ ელიტაში შედიან: ხელისუფლების იდეოლოგიურ მამებად წოდებული და მათთან დაახლოებული ისეთი „გამოჩენილი მოღვაწეები“, როგორიცაა ლევან რამიშვილი, ნოდარ ლადარია, გიგი თევზაძე, გია ნოდია.....,; ხელისუფლებასთან დაახლოებული არასამთავრობო ორგანიზაციები და ქართული ლიბერალიზმის ახალგაზრდული ნაწილი, რომელთა უმრავლესობას გავლილი აქვს საერთაშორისო დონორებისგან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივისტობა და წარმოადგენენ სახელისუფლებო ორგანოების შევსების პრიორიტეტულ რეზერვს. „ქართული ლიბერალიზმის“ ელიტა აყალიბებს ხელისუფლების ექსპერტების, მწერლების, ისტორიკოსებისა და პოლიტოლოგების სივრცეს, რომლებიც ასევე ხელისუფლების მიერ მთლიანად ან ნაწილობრივ კონტროლირებადი მასმედიის მათ შორის „კრიზისული მენეჯმენტის“, მეშვეობით ახორციელებს ჯერ არა ლიბერალური საზოგადოების ნაწილის განათლებას, გამოთაყვანებას, დაშინებას და ზომბირებას. მაგალითისათვის „მოდელირებული ომი“ და „საზოგადოების მზაობა“, მდაბიო სერიალების უწყვეტი მწკრივი მხოლოდ საინფორმაციო ჩაჭრებით და ა.შ. მერე „ღამე შორენასთან“ დაწყებამდე ან ბოლოში პოლიციის „ჰიმნოკლიპის“ თანხლებით და ა.შ. „ქართული ლიბერალზმის“ ელიტა არანაკლებ აქტიურობს ასევე სოციალურ ქსელებში, ბლოგებზე, ფორუმებში, ონლაინ კონფერენციებში და აფრქვევს „ქართული ლიბერალიზმის“ დღეისათვის არსებულ ერთადერთ მონაპოვარს – „მენტორულ–ცინიკურ ტონალობას“ . ლიბერალური იდეოლოგიის ყველა ის ხიბლი და პრინციპები, რომელთაც ეფუძნება რეალურად დემოკრატიული საზოგადოებები „ქართული ლიბერალიზმის“ ფორმაში ტრანსფორმირებული უფრო საფრთხეების შემცველია, ვიდრე განურჩევლად ყველა ადამინის ინდივიდუალური, პიროვნული თავისუფლების დამცველი. ლიბერალიზმის ზემოთხსენებულ პრინციპებს, „ქართველი ლიბერალები“ არათუ არ იცავენ, ავტორიტარიზმის სამსახურშიც კი აყენებენ. ადვილი წარმოსადგენია რამდენად შეუძლებელია ლიბერალური იდეოლოგიის ამ პრინციპებს და სახელმწიფოებრივ ინტერესებს რამენაირად შეუთავსო „ომის წარმოება“ „ქართული ლიბერალიზმის“ ერთ–ერთი მოწინავე და პრიორიტეტული ლოზუნგის – „ძირს პრორუსულობა“ განსახორციელებლად? რეალობაში აბსურდია, სამაგიეროდ ვირტუალურ რეალობაში წარმოდგენადი და განხორციელებადი, ამიტომ „ქართული ლიბერალიზმის“ მთავარი ამოცანა იმ ვირტუალური რეალობის წარმატებული მოდელირებაა, რომელშიც ჩვენ „გამარჯვებულები“, ეკონომიკურად ზე–განვითარებული და საუკეთესო შემთხვევაში „პროამერიკელები“ ან „პროევროპელები“ ვართ. ამ ვირტუალური რეალობის შემქმნელთა შორისაა ზემოთხსენებული ჟურნალი „ტაბულაც“, რომელიც გვთავაზობს „ქართველი ლიბერალების“ მიერ ჩვენთვის და ჩვენს ნაცვლად „შევსებულ დაფებს“, „ტაბულა რასა“ „სუფთა დაფაა“, სუფთა დაფა კი ადამიანის ცარიელი გონებაა, რომელსაც ისინი საჭირო იდეებით ავსებენ, ამოწმებენ „კრიზისული მენჯმენტით“ გათვალისწინებულ მზაობასა და ჩვენი ლიბერალიზმის ხარისხს. თუ რამდენად განსხვავებული და დისტანცირებულია „ქართული ლიბერალიზმი“ ლიბერალური იდეოლოგიისაგან ზოგადად ამის შესამჩნევად ორი ჟურნალის შედარებაც საკმარისია. გარდა „ტაბულისა“ საქართველოში გამოდის ლიბერალური ჟურნალი „ლიბერალი“, რომელშიც ასევე ხშირად იბეჭდება ამ იდეოლოგიის გამტარებელ „ელიტართა“ სტატიები, სხვაობა კი ის არის, რომ ლიბერალში განსხვავებული აზრიც იბეჭდება, „ტაბულა“ კი „სუფთა ქართული ლიბერალიზმია სადაც „ანტილიბერალიზმი უდრის ანტისახელმწიფოებრიობას“. მოკლედ, რამდენიმე დღის წინ ჟურნალში – „ლიბერალი“ გამოვეყნდა წერილი სათაურით: „აგვიტოს ომი საქართველომ დაიწყო“. წერილის ავტორი გიორგი ცხადაია ეყრდნობა „ტალიავინის დასკვნას“ და თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ უნდა შეცდომების აღიარება. საინტერესოა, რომ „ქართული ლიბერალიზმის“ მოწინავე ელიტისათვის უფრო მნიშვნელოვანი არა სტატიის ანალიზი, არამედ ამ წერილზე გამოწვეული რეაქცია და ამ რეაქციების გამოხატვის სიმძაფრეში ერთგვარი შეჯიბრი აღმოჩნდა. წერილის „ანტისახელმწიფოებრიობამ“ მათში ჯერ გაღიზიანება, მალევე კი კოლექტიური სიგიჟე გამოიწვია. ლიბერალური ჟურნალის რედაქტორი _ შორენა შარვერდაშვილი დაადანაშაულეს ყველაზე „საზარელ დანაშაულში“ _ ოჯახურ კავშირში ზურაბ ნოღაიდელთან. ანუ, ცხადაიას წერილი რომ არა, ქართული საზოგადოების როგორც „პროგრესული“ ასევე „ბნელი“ ნაწილი ვერ გაიგებდა, რომ ლიბერალთა რჩეულ წრეში მოღალატეები შეპარულან! ეს არ გახლავთ ორი კონკურენტი ჟურნალის კონკურენცია. ეს არის თავად ამ „ელიტარული ქართული ლიბერალიზმის“, სიმახინჯე და სირატაკე. რეალურად ეს ე.წ. ელიტა მისი ლიბერთარიანელი ბიზნესმენებით, ექსპერტებით, ისტორიკოსებით, პოლიტოლოგებით და მეცნიერებით არის ავანტიურისტთა ერთი ჯგუფი, რომელიც ცდილობს ლიბერალიზმის დროშით შეინარჩუნოს, გაიხანგრძლივოს და გააძლიეროს არსებული ხელისუფლებისა და შესაბამისად საკუთარი პრივილეგირებული, ელიტარული და კომფორტული ყოფა. ქართული ლიბერალიზმი არის „ლიბერალიზმი ხელისუფლებისათვის“. სხვა, რეალურ კონტექსტში სასაცილოდ აჟღერდებოდა მაგალითად დავით კეზერაშვილის ლიბერთარიანელობა – მთავარსარდალი, რომელიც ბრძოლით ათავისუფლებდა ცხინვალს ბანდიტებისა და ოკუპანტებისგან, მანამდე „ფინანსურ პოლიციაში“ ძალადობითა და რეპრესიების გამოყენებით ატერორებდა ბიზნესმენებს, ანუ აკეთებდა იმას, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ლიბერალური და უფრო მეტიც, _ ლიბერთარიანული იდეოლოგიის ძირითად პრინციპებს ან მაგალითად ბენდუქიძე და გურგენიძე, რომლებსაც ერთდროულად ეკავათ სახელმწიფო პოსტები და ქონდათ ბიზნესი, ერთი ხელით უხეშად ერეოდნენ ბიზნესის საქმეში და „იმავდროულად“ ეკონომიკური ლიბერალიზმის პრინციპებს „იცავდნენ“. დღეს ორივე ბიზნესმენობს, მაგრამ არც ერთი არ იღებს ხმას ქართული ბიზნესის ხელისუფლებისადმი „ნებაყოფილებითი“ მონობის წინააღმდეგ. მხოლოდ ამ მაგალითით ჩანს, რომ საქართველო დეკლარირებულად ლიბერალური, ფაქტობრივად კი ავტორიტარული სახელმწიფოა. თუ „ლიბერალურ“ საქართველოში ადამიანის თავისუფლებები უფრო მაღლა დგას სახელმწიფოს, მითუმეტეს ხელისუფლების ინტერესებზე, მაშინ რატომ გახდა დაგმობის ობიექტი „ლიბერალში“ წერილის დამწერი, თან არა ვიღაც ნაცისტებისგან, არამედ „ქართველი ლიბერალებისგან“? მას ხომ აქვს უფლება ქონდეს თავისი აზრი, თუნდაც ის ეწინააღმდეგებოდეს ხელისუფლების პოლიტიკას? კიდევ უფრო მეტი, რატომ არ შეიძლება აზრებს გამოთქვამდეს პრორუსული ორიენტაციის ადამიანი? მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ეწინააღმდეგება „ლიბერალური ელიტის“ ანუ ხელისუფლების ამჟამინდელ დეკლარირებულ პოზას? ან იგივე ზემოთხსენებული ფეისბუკის ჯგუფის სახელისა არ იყოს _ „მე ლიბერალი ვარ! ძირს პრორუსულობა“ - წინადადების პირველი ნაწილი სრულიად გამორიცხავს წინადადების მეორე ნაწილს, იმიტომ რომ ეწინააღმდეგება თავად ლიბერალურ იდეოლოგიას. ამაზე სასაცილო და ალოგიკური სენტენცია ხშირად არ შეხვდება ადამიანს, მაგრამ საქართველო ხომ სულ სხვაა, აქ ამ ნონსენსს 1000-ზე მეტი მომხრე ყავს. და ყავს იმიტომ, რომ საქართველოში ლიბერალიზმი დგას სახელმწიფო იდეოლოგიის სამსახურში. საბრალო ჯონ ლოკი, ამ ქართული მარაზმის ფონზე საფლავში ბრუნავს. რომელი ლიბერალურ იდეოლოგიასა და პრინციპების დაცვაზეა საუბარი, როცა ამ „ქართული ლიბერალური ელიტის“ თვალწინ, უფრო სწორად მონაწილეობით, 2004 წლიდან დღემდე ირღვევა ლიბერალიზმის უკლებლივ ყველა პრინციპი _ ადამიანის თავისუფლება დამოკიდებულია ხელისუფლების კეთილ ნებაზე, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის გაგება აქ უბრალოდ არ არსებობს, მასმედია ხელისუფლების გოშიაა, ხელისუფლება დახურულია ხალხისთვის, მისი ძალაუფლება აბსოლუტურია, ირღვევა პოლიტიკური და სიტყვის თავისუფლება, წახალისებულია მილიტარიზმი, რევანშიზმი, ქსენოფობია და აგრესია. რატომ არ ახსენდებათ ლიბერალიზმის პრინციპები თევზაძეს, ლადარიას ან ნოდიას, მაშინ როცა ადამიანების ძირითადი უფლებები ირღვევა? ეს არ ხდება იმიტომ, რომ ისინი ამ პრინციპებს არ იცნობენ, პირიქით, რომ იცნობენ, იმიტომ ხდება. რადგან ამ პრინციპების მუშაობა დაანგრევდა არსებულ ფსევდოლიბერალურ რეჟიმს და მის ნანგრევებში მოიყოლებდა თავად ამ ელიტასაც. სწორედ ამ ტრანსფორმირებული და პოლიტიკურ ხელისუფლებასთან სინქრონიზებული სიმახინჯის – „ქართული ლიბერალიზმის“ ბრალი იქნება რომ უახლოეს მომავალში საქართველოში არც ჭეშმარიტ ლიბერალებს, არც სოციალ-დემოკრატებს, არც კონსერვატორებს არ მიეცემათ აქტიურობის საშუალება. „ქართული ლიბერალიზმი“ სპობს არა მარტო აწმყოს, არამედ მომავლის პერსპექტივასაც, რისთვისაც მიზანმიმართულად მახინჯდება ახალგაზრდობის მსოფლმხედველობა. თურმე ლიბერალიზმი ნიშნავს პროამერიკულობას ან ნატო-ში გაწევრიანების სურვილს, ანტირუსულობას და სააკაშვილის მხარდაჭერას. არალიბერალიზმი კი შესაბამისად ერის მტრობას. თურმე კეზერაშვილი ლიბერთარიანელია, ჟურნალისტი ცხადაია კი საკუთარი აზრის გამოთქმის გამო პრორუსი და მოღალატე. შექმნილი ვირტუალური რეალობით საქართველოში ერთად თანამოქმედებს ლიბერალიზმი და რევანშიზმი, ლიბერალიზმი და სახელისუფლებო პროპაგანდა, ლიბერალიზმი და ბიზნესის ტერორი, ლიბერალიზმი და ავტორიტარიზმი...მაგრამ ასეთი სიმბიოზები შეუძლებელია, ეს არ არის ლიბერალიზმი. _ მერე რა მოხდა, იტყვის მკითხველი _ თუ მართლა დაწერა იმ ბიჭმა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, მაშინ როცა ხელისუფლება საპირისპიროს ამტკიცებს, ხოლო ნეოლიბერალები ხელისუფლებას უჭერენ მხარს, ესეიგი გასაკრიტიკებელი ყოფილა! თუ შავერდაშვილის დედა (თუ მამა) მართლა ახლობლობს ნოღაიდელთან, ესეიგი მართლა რუსეთის კვალი იძებნება და მართლები ყოფილან ლიბერალებიო! – ასეთი იქნებოდა ყველგან და ყოველთვის იდეოლოგიურად ზომბირებული საზოგადოების რეაქცია, სხვაგვარი რეაქციების მოლოდინი სამწუხაროდ დღეს არ უნდა გვქონდეს, ვიდრე არ მოხდება ტოტალური იდეოლოგიური მარწუხების რაციონალური გარღვევა
--------------------
ბავშვობაში იყავ კუტა, ახლა ღლე ხარ ჩემო ხუტა. Aurea_ mediocritas
ამ სიგნაჩურმა გაამწარა IOSKAMAN-ი, ბანი დამადო - კურტუმოში გაიყარა იასამანი.
|