მოგესალმებით, ეს ჩემი პირველი თემაა და საერტოდ მგონი პირველი პოსტია ამ განყოფილებაში..
ეს პოსტი პოლიტიკის განყოფილებაში უნდა დამედო ერთ-ერტ თემაში, მაგრამ ვერ მოვასწარი თემა დახურეს
და ვიფიქრე აქ მაინც დავდებთქო.
----------------------------
ეს ზოგ-ზოგიერთებისათვის ინფორმაციის სახით, ფრიად საყურადღებო ამონარიდებია ერთი წიგნიდან
"შავი სათვალეები ეკეთა" - ჩეკისტის ჩანაწერები.
ავტორი - ჯემალ ფოცხვერია
ჩემი არ გეგონოთ
ბოდიშს ვიხდი, მხოლოდ ნაბეჭდი ინფორმაცია მაქვს და ცოტა დიდი გამოვა ალბათ
----------------------------------
ჩემი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს (საქართველოს უშიშროების კომიტეტში – 1966-1981 წწ.) გარკვეული შეხება მქონდა იმ პროცესებთან, რომლებიც ვითარდებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიაში.…
ახლა, როცა ვუყურებ კინოდოკუმენტურ მასალებს, თუ როგორი გამომეტყველება აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც ეკლესიებს ანგრევდნენ, ხატებს წვავდნენ, მღვდელთმსახურებს ხვრეტდნენ, ისეთი აზრი მებადება, რომ ესენი ადამიანები კი არ არიან, რაღაც ზომბირებული ბრბო, მასა. --------- სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში განადგურდა თითქმის ყოველი მეორე ეკლესია. დახვრეტილ და რეპრესირებულ მღვდელთმსახურთა რაოდენობამ ათეულ ათასს გადააჭარბა. ალბათ ბრბოს ეს ქმედება არცაა გასაკვირი, რადგან ისინი ხომ მათი შთამომავლები არიან, რომლებიც, აღტაცებულნი, ყვავილებით შეხვდნენ მაცხოვარს იერუსალიმში მისი შესვლის დროს, ხოლო ერთი კვირის შემდეგ, შეჰყვიროდნენ რომის პროკურატორს და იუდეველთა მეფეს ჰეროდეს; ,,ჯვარს აცვიო, ჯვარს აცვიო!”, რომელიც არც ისე აგრესიულად იყო განწყობილი მაცხოვრის მიმართ.
რას წარმოადგენდა 70-იანი წლების შუახანებში ქართული მართლმადიდებელი ეკლესია? გადაშენების გზას ადგა, ქაღალდზე 14 ეპარქიად იყო დაყოფილი, სინამდვილეში მხოლოდ 13(?!) არსებობდა, თუ ამას არსებობა ჰქვია. ეპარქიები განიცდიდნენ როგორც ფინანსურ, ისე საკადრო კრიზისს, ვინაიდან არ იყვნენ დაკომპლექტებულნი საკმაო რაოდენობის მღვდელმსახურებით. ყოველ წელს მცხეთის სასულიერო სემინარიაში შევსება მხოლოდ 7-10 კაცს შეადგენდა, რადგან პარტიული და უშიშროების ორგანოები ყველა მათთვის ჩვეული ,,მეთოდებით” ეწინააღმდეგებოდნენ ქართულ ეკლესიაში ახალგაზრდა კადრების მოდინებას. 1912 წლიდან საქართველოში წარმოებულმა ბოლშევიკების პოლიტიკამ თანდათანობით დეგრადაციისა და გადაგვარების პირამდე მიიყვანა ქართული მართლმადიდებლური ეკლესია – ერთ დროს გამაერთიანებელი, ენისა და წეს-ჩვეულებათა ერთადერთი დამცველი ძალა, რამაც შეიძლება ითქვას, ისტორიულად გადაარჩინა ქართველი ერი, მისი ენა და ყოფადობა. ამიტომაც კომუნისტური (ბოლშევიკური) პოლიტიკა ეკლესიის მიმართ ყოველთვის იყო მიზანმიმართული, რათა დაეთრგუნათ ეროვნული სულისკვეთება და მყარი ნიადაგი შეექმნათ ე.წ. საბჭოთა კონგლომერატის, საბჭოთა ადამიანის ფორმირებისათვის. რუსული კულტურა, რუსული ენა ძირითადი წარმართველი ძალა უნდა გამხდარიყო. პროცესებს, რომელიც რუსეთის იმპერიამ (ცარიზზმა) ვერ დაამთავრა, მისი მემკვიდრეები – ბოლშევიკები ამთავრებდნენ. ამიტომაც იყო სახელმწიფოებრივი პოლიტიკა ყოველივე ეროვნულის, ენის, კულტურის დამთრგუნველი. უპირველეს ყოვლისა უნდა გაენადგურებინათ სწორედ ქართული მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც ყოველივე ეროვნულის მატარებელი, მისი გული და სული. --- რადგან მათ კარგად ესმოდათ, ქართული მართლმადიდებლობის განადგურებით გაანადგურებდნენ ქრთველობას, ენას მის თვითმყოფადობას. საუკუნეების განმავლობაში ქართველისათვის ილია წმინდანის მიერ ნაანდერძევი ფორმულა – ენა, მამული სარწმუნოება – აქტუალური იყო არა მარტო XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე, არამედ მთელი ქართული ისტორიის განმავლობაში. იგი აქტიური იყო ქართული რენესანსის დროსაც – X-XIII საუკუნეებში, შავბნელი ძნელჟამიანობის დროსაც XIV-XVIII საუკუნეებშიც, და რუსეთის იმპერიის საქართველოში ბატონობის დროსაც.
დაახლოებით ასე წარმომიდგენია ჩემი შეხედულებით და საქართველოს უშიშროების კომიტეტში თუ სხვადასხვა სახელწოდებით არსებულ უშიშროების ორგანოებში ათეული წლების განმავლობაში (1921-1991 წლები) დაგროვილი მასალებით ქართული მართლმადიდებელი ეკლესია. ეს მასალები რამდენიმე ათეულ ტომს შეადგენდა. როცა ხელი მიმიწვდებოდა, არ დამეზარა და ძირითადი ტომები გადავიკითხე. ახლა მათი გაცნობა შეუძლებლად მიმაჩნია, რადგან არ ვიცი, ავბედით სამოქალაქო ომის დროს უშიშროების კომიტეტის სარდაფებში ამოწვეს თუ 1989 წლიდან დაწყებული – სატვირთო მანქანებით – სხვა ოპერატიულ მასალებთან ერთად _ გაზიდეს გაურკვეველი მიმართულებით, არადა, მიმაჩნია, რომ უშიშროების მასალებს (ალექსანდრიის ბიბლიოთეკისა არ იყოს) არაფერი ეშველება, ე.ი. სამუდამოდ დაკარგულია. ის, რაც არსებობს, თუკი არსებობს, მაინც ჩვენი ქვეყნის ისტორიაა, მისი განადგურებული, გადასახლებული, რეპრესირებული ხალხის ისტორია, რა თქმა უნდა, ბოლშევიკური თვალთახედვით დანახული და აღწერილი, მაგრამ პროფესიონალი მკითხველი და ისტორიკოსი ბევრ საინტერესოს ამოიკითხავს მასში...
როგორც მოგახსენეთ, პირველი ეტაპი იყო მცდელობა ძირფესვიანად გაენადგურებინათ რელიგია (საქართველოში ძირითადად ქრისტიანული), მოეშალათ დიდი ვაივაგლახით 100 წლის აღდგენილი ავტოკეფალია, ფიზიკურად მოესპოთ მისი ხელმძღვანელები. მიუხედავად მრავალი დათმობისა და კომპრომისებისა, ისინი მაინც განადგურებულ იქნენ, შემდეგ გამოჩნდა ღირსეული ადამიანი, ნამდვილი წინამძღვარი ქართული ეკლესიისა კალისტრატე ცინცაძე, რომლის შორსმჭვრეტელურმა და კომპრომისეულმა საეკლესიო პოლიტიკამ გარკვეულ წილად გადაარჩინა ქრისტიანობა საქართველოში. მიუხედავად იმ პროვოკაციებისა, დევნისა და მეთვალყურეობისა კომუნისტების მხრიდან, რომლის გარემოცვაშიც მას უხდებოდა ცხოვრება და მოღვაწეობა, მან ღირსეულად შეასრულა თავისი პატრიოტული მოვალეობა, თავის განსწავლულობით და გარკვეული დიპლომატიური ნიჭით არაერთი უხეში შემოტევისაგან იხსნა ქართული ეკლესია. მარტო იმის გახსენება რად ღირს, რომ 30-იანი წლების დასაწყისიდან, თითქმის სამამულო ომის დაწყებამდე, როდესაც რეპრესიები მძინვარებდა, მან შესძლო ეკლესიის გადარჩენა. შემდეგ ეფრემ მეორესა და დავით მეხუთეს შედარებით მშვიდობიანობის დროს მოუხდათ მოღვაწეობა. ამ ღირსეულმა ხალხმა თავიანთი კომპრომისებით აღსავსე საეკლესიო პოლიტიკით შეუნარჩუნეს ხალხს რელიგია და ამით გარკვეულ წილად ეროვნული სულისკვეთება.
და აი, 1977 წელს უწმინდესი და უნეტარესი, საქართველოს სულიერი მამა დავით მეხუთე მიიცვალა და დადგა საკითხი, თუ ვინ დაიკავებდა მის ადგილს. ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, თუმცა მაშინ ამ საკითხის მთლიანობაში აღქმა შეუძლებელი იყო (ქვეყანაში კომუნიზმის რენესანსის იდეა ბატონობდა, უკვე გამოცხადებული იყო, რომ აშენდა განვითარებული სოციალიზმი და ხალხი უნდა დარაზმულიყო კომუნიზმის მშენებლობისათვის).
არავინ არ იცის, ბატონებო, რა მოხდებოდა. რამდენიც არ უნდა ვიმსჯელოთ ამის შესახებ, ყველას თავისი აზრი ექნება, ერთმანეთისაგან განსხვავებული, და იქნება მხოლოდ ვარაუდი, ვერსია და მეტი არაფერი... რა მოხდებოდა, რომ მაშინ ქართული ეკლესიის სათავეში არ მოსულიყო ან ვერ მოსულიყო სულმნათი ადამიანი, ადამიანი მისიონერის ფუნქციით, თვით ღმერთისგან მოვლენილი ქართველთათვის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II? არ იფიქროთ, რომ მისი გზა ქართული ეკლესიის სათავისკენ ია-ვარდით იყო მოფენილი. არამც და არამც! დიდი საშიშროება არსებობდა იმისა, რომ ამისათვის ხელი შეეშალათ გარკვეულ, ჩვენთვის უკვე ცნობილ ძალებს (კომპარტიიდან და უშიშროებიდან), ვინაიდან დიდ ძალისხმევას ამ პოსტის დაკავებისათვის იჩენდა მაშინ ,,მეუფე” კერატიშვილი, რომელსაც მხარს უჭერდნენ გარკვეული ძალები როგორც კომპარტიაში, ისე უშიშროების სამსახურში.
ახლა კი, მას შემდეგ, რაც საზოგადოებისათვის ცნობილია (თუ არ ახსოვთ, მაშინდელ გაზეთებში შეუძლიათ გაეცნონ) კერატიშვილის მორალური სახე, მისი ადამიანური გადაგვარების ეტაპები, - გისვამთ კითხვას: რა მოხდებოდა? რა გზით წავიდოდა ქართული ეკლესია, ეს ადამიანი რომ ,,აერჩიათ” ამ პოსტზე? დასკვნა აქ ერთია. ეს იქნებოდა დამაქცეველი, დამღუპველი არა მარტო ქართული ეკლესიისათვის, არამედ ქართული ეროვნული სულის შენარჩუნების საქმეში.
ღმერთი იყო ჩვენი მფარველი და საღმა აზროვნებამ გაიმარჯვა.... საქართველოს პატრიარქად აკურთხეს ილია II, ხოლო კერატიშვილს იქ მიუჩინეს ადგილსამყოფელი, რომელსაც მისი ბიოგრაფიული წარსული იმსახურებდა.
ისიც უნდა ითქვას, რომ ,,არჩევაში” ხელი არ შეუშალეს, მაგრამ ბოლომდე მაინც არასოდეს ენდობოდნენ კათოლიკოს-პატრიარქს. მეთვალყურეობა მასზე ყოველთვის ხორციელდებოდა... ყოველ დილას უშიშროების მესვეურებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ მისი სატელეფონო საუბრების ჩანაწერებს, მის რეზიდენციაში მიმდინარე საუბრებს და ა.შ. მოსასმენი აპარატურა არც ისე შორს იყო განლაგებული (ლესელიძის ქუჩაზე განთავსებულ საქართველოს სპორტკომიტეტის ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირის კაბინეტში, რომელიც ხალხში ღვთისმოსავი ადამიანის ავტორიტეტით სარგებლობდა).
არ ვიცი, ხვდებოდა თუ არა ამას უნეტარესი, მაგრამ ერთი კი იყო, ინფორმაციის ამ წყაროდან უშიშროებას არასოდეს რაიმე საინტერესო ინფორმაცია არ მოუპოვებია.
ერთსაც გეტყვით: არასოდეს მიფიქრია, ჩემი პერსონა თავს მომეხვია პატრიარქისათვის, და მომეხსენებია, რომ ვარ თქვენი საკურატოროს უფროსი-მეთქი. არ ვიცი, ეს ნაბიჯი მაშინაც მკრეხელობად მიმაჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ამას ძალიან გულმოდგინედ აკეთებდნენ ჩემი წინამორბედნი.